კენ ლოუჩის კეთილი გმირები
ავტორი: ნინია კაკაბაძე
კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 83 წლის ბრიტანელი კინორეჟისორი კენ ლოუჩი ჩამოვიდა თავისი ახალი ფილმით Sorry we missed you. ლოუჩი კანის ფესტივალის რეკორდსმენია – მას ორი ოქროს პალმა და 3 ჟიურის სპეციალური პრიზი აქვს მიღებული სხვადასხვა წლებში.
სოციალური კინოს დიდოსტატი ფესტივალზე ისევ საავტორო თემით ჩამოდის. ოჯახის ისტორია, სადაც მამა (რიკი,) დედა (ები), უფროსი ვაჟი (სები) და პატარა გოგო (ლიზა) ცხოვრობენ. მამაც და დედაც მთელი დღის განმავლობაში თითქმის შესვენების გარეშე შრომობენ მხოლოდ იმისათვის, რომ საარსებო მინიმუმი მოიპოვონ.
ფილმი SORRY WE MISSED YOU კენ ლოუჩის ფილმების, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, თემების კომპილაციაა: სიღატაკე, დაუნდობელი სახელმწიფო თუ კერძო სექტორი, მანქანაზე და არა ადამიანზე მორგებული სამუშაო, თინეიჯერი ბიჭის პრობლემები, გაჭირვებით გამოწვეული ოჯახური კონფლიქტები და ა.შ. მაგრამ ყველა ეს თემა, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს პრობლემის სახით, ლოუჩთან თანამედროვე შტრიხებით არის წარმოდგენილი.
მაგალითად, ფილმის პირველ ეპიზოდში დამსაქმებელი, რომელიც რიკის სამსახურში აიყვანს, კარგად დაზეპირებულ ტექსტს ეუბნება მას: “შენ არ იმუშავებ ჩვენზე, შენ იმუშავებ ჩვენთან. შენ ჩვენი ბიზნესის წარმომადგენელი ხარ და არა მსახური, შენ ყოველდღე გექნება საშუალება მოიპოვო უფრო და უფრო მეტი”.
“როდესაც დენიელ ბლეიქისთვის მოკვლევას ვატარებდით, დავდიოდით ე.წ. სურსათის ბანკებში, ვხედავდით, რომ იქ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ნახევარ განაკვეთზე, ნულსაათიანი (zero hours contract) კონტრაქტებით. ეს არის ექსპლუატაციის ახალი ფორმა, როდესაც დასაქმებულს ეუბნებიან, რომ შენ ხარ თვითდასაქმებული, შენ მართავ შენს ბიზნესს, მაგრამ თუკი რამე მოულოდნელი (უბედური შემთხვევა) ხდება, ყველა რისკს მხოლოდ საკუთარ თავზე იღებ და ზარალს მხოლოდ თვითონ ანაზღაურებ”, – ამბობს კენ ლოუჩი ინტერვიუში. სწორედ ეს ახალი Gig Economy (“უშტატო სამსახურების ეკონომიკა”) გახდა ინსპირაციის წყარო ახალი ფილმისთვის. (Gig economy არის თავისუფალი ბაზრის სისტემა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები აფორმებენ მოკლევადიან კონტრაქტებს დამოუკიდებელ მუშაკებთან. სწორედ ამ ახალი ეკონომიკური სისტემის ბნელ მხარეზე აკეთებს კენ ლოუჩი აქცენტს).
მაგრამ, როგორც ტექსტის დასაწყისში მოგახსენეთ, ეს ფილმის მხოლოდ ერთი ხაზია. ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იყო ების გმირი, რომელიც ასევე სააგენტოში მუშაობს და მარტოხელა მოხუცებთან ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან დადის დასახმარებლად – მათ აბანავებს, აჭმევს, აცმევს, ესაუბრება და ა.შ. ისინი არიან ახლობლებისგან მიტოვებული ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დრო და არც ფინანსური შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ზრუნვის ქვეშ ჰყავდეთ ისინი.
ფილმში არ ჩანს ამ გულგრილობის მიზეზი, რეჟისორის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აქაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს – რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკი, დაბალი ანაზღაურება და დაღლილობა.
კენ ლოუჩის ფილმებში არ არიან ბოროტი ადამიანები, აქ მხოლოდ სისტემაა ბოროტი, რომელიც ხანდახან ადამიანს ბოროტად აქცევს. მის უკანასკნელ ფილმშიც ოჯახის ოთხივე წევრი კეთილია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვერ უგებენ ერთმანეთს, ხანდახან ჩხუბობენ… მაგრამ უყვართ ერთმანეთი და მათ კონფლიქტს ყოველთვის ერთი მიზეზი აქვს – ცხოვრების უმძიმესი პირობები.