ფეხბურთი მხოლოდ ინგლისურად!
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება, მალე იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატებშიც უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდება და მათ შემდეგ ფეხბურთის მოყვარულების ყურადღება ორ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ფინალზე გადაერთვება, რომელთა ტრიუმფატორებიც მხოლოდ ინგლისური კლუბები იქნებიან.
აქამდე ასეთი შედეგი ევროტურნირებზე არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია. ესპანელები ახლოს ყოფილან ფინალებში სრულ ჰეგემონიასთან, მაგრამ ფინალისტთაგან ერთი გუნდი მაინც რომელიმე სხვა ქვეყნიდან გამოერეოდა ხოლმე.
რა არის ინგლისელთა სარეკორდო საერთაშორისო წარმატების მიზეზი? ნუთუ ისე ამაღლდა თუნდაც შარშანდელთან შედარებით პრემიერლიგის სათამაშო დონე, რომ ამ ქვეყნის პირველობის გვერდზე რომელიმე სხვა ჩემპიონატის დაყენება უკვე შეუძლებელია?
ოპონენტები ამ დროს აუცილებლად გაიხსენებენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებს, როდესაც პირველი რაუნდის შემდეგ ინგლისური გუნდები თითქოს განწირულნი იყვნენ გასავარდნად, მაგრამ სწორედ ამ მატჩების მობრუნებიდან გამომდინარე არ გამოჩნდა მათი სიძლიერე?
სწორედ აქ არ უნდა ვეძიოთ პრემიერლიგაში გამობრძმედილ მეომარ სულს, ფარ-ხმალს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ არ ჰყრის „ბარსელონასგან“ განსხვავებით, რომელმაც „ენფილდზე“ უკვე 0:2-ის დროს გამოაცხადა კაპიტულაცია?
წლევანდელ პრემიერლიგას შარშანდელისგან ერთადერთი ფაქტორი განასხვავებს: თუკი შარშან „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონის ტიტული ფაქტობრივად ახალ წლამდე მოიპოვა და სეზონი 100 ქულით დაასრულა, წლეულს „ლივერპულთან“ ჭიდილმა უკანასკნელ ტურამდე გასტანა.
თუკი პრემიერლიგის საშუალო დონის ამაღლებაზე ვისაუბრებთ, მატჩების დაძაბულობის მიუხედავად, სტატისტიკური მაჩვენებელი საპირისპიროზეც კი მეტყველებს, რადგან „მანჩესტერ სიტიმ“ წლეულს 98 ქულა დააგროვა, ხოლო მეორე ადგილოსანმა „ლივერპულმა“ კი 97, რაც შარშანდელი მეორე ადგილოსნის – „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქულათა მაჩვენებელს 16-ით აღემატება.
გამოდის, რომ თუკი შარშან „დიდი ექვსეულიდან“ მხოლოდ ჩემპიონი არბევდა პრემიერლიგის დანარჩენ გუნდებს, წელს მას მეორე ადგილოსანიც შეემატა, რაც საშუალო დონის ამაღლებაზე ნამდვილად არ მეტყველებს.
„დიდი ექვსეული“ წლეულსაც არ შეცვლილა, თუმცა მე-3 და მე-4 ადგილებისთვის ბრძოლა საკმაოდ მოულოდნელად, ჩემპიონატის დასრულებამდე 3-4 ტურით ადრე შეწყდა, რაც სეზონის ბოლოს „არსენალის“ და “მანჩესტერ იუნაიტედის“ უნიათო თამაშის შედეგია.
თუკი შარშანდელმა მეექვსე ადგილოსანმა „არსენალმა“ მეშვიდე ადგილოსან „ბარნლის“ 9 ქულით გაუსწრო, წლევანდელმა მეექვსე ადგილოსანმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მეშვიდე ადგილოსანი „ვულვერჰემპტონი“ ასევე 9 ქულით ჩამოიტოვა.
ამგვარად, ექვსეულის უზენაესობა დაცულია. საინტერესო კი ამ „შიდა ჩემპიონატში“ მონაწილე გუნდების ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგებია. „მანჩესტერ სიტი“ რომ პრემიერლიგის დამსახურებული გამარჯვებულია, ყველაზე უკეთ სწორედ რომ ეს მინი ჩემპიონატი მოწმობს.
პეპ გვარდიოლას გუნდმა 10 მატჩიდან 8 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთში – ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა, რომელიც აღსანიშნავია, რომ მეორე წრეში შინ 6:0 გაანადგურა.
„ლივერპული“ ცხრილში მეორე ადგილზეა, მაგრამ 6 ქულით ჩამორჩება „მანჩესტერ სიტის“, რომელთანაც პირად შეხვედრებში ერთი ფრედ – 0:0 დაასრულა, მეორეში კი დამარცხდა – 1:2.
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები „ლივერპულთან“ გატანილ გოლს ზეიმობენ
სწორედ ამ გამარჯვებით მოუგო „მანჩესტერ სიტიმ“ საჩემპიონო რბოლა „ლივერპულს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემთან“ მარცხის შემთხვევაში, კვლავ ტიტულის გარეშე დარჩება.
ექვსეულში მესამე-მეოთხე ადგილებს 12-12 ქულით „ჩელსი“ და „არსენალი“ იყოფენ. თუმცა „არსენალის“ ქომაგებს მწარედ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი გუნდი პრემიერლიგის საწყის ორ ტურში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა შესაბამისად „მანჩესტერ სიტისთან“ და „ჩელსისთან“.
„მეთოფეების“ ახალ მწვრთნელ უნაი ემერის ასეთ შედეგს გაგებით მოეკიდნენ როგორც კლუბის მესვეურები, ისე გულშემატკივართა უმრავლესობა, რადგან ახალი მწვრთნელისთვის ადვილი ნამდვილად ვერ იქნებოდა არსენ ვენგერის ბოლო წლების საკმაოდ უღიმღამო დანატოვარის ერთბაშად გადახალისება და თავიდანვე ოპტიმალური შედეგის მიღწევა.
„არსენალმა“ გამოცდა წარმატებით უკვე მომდევნო ტურებში ჩააბარა, მოიგო რა ზედიზედ რამდენიმე მატჩი პრემიერლიგის საშუალო და ქვედა ფენების გუნდებთან. ექვსეულის მომდევნო ორი მატჩიდან კი მან ერთი შინ ფრედ – 1:1 დაასრულა „ლივერპულთან“, ხოლო მეორეში 4:2 გაიმარჯვა დაუძინებელ მტერ „ტოტენჰემთან“.
„არსენალისთვის“ უმნიშვნელოვანესი იყო „ტოტენჰემთან“ გამარჯვება
ექვსეულში ბოლო ორი ადგილი „ტოტენჰემმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაინაწილეს. საკვირველია „მანჩესტერ იუნაიტედის“ სრული ფიასკო ექვსეულის დანარჩენ წარმომადგენლებთან დაპირისპირებებში. თუკი „მამლებმა“ ორი მატჩის მოგება მაინც მოახერხეს ძირითად კონკურენტებთან, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მხოლოდ ზემოთ ხსენებულ „ტოტენჰემს“ სძლია ანგარიშით 1:0 და ისიც მეკარე დე ხეას საოცარი თამაშის წყალობით.
ოლე გუნარ სულშერის ბიჭებს სეზონის ბოლოს გულშემატკივართა წინაშე რეაბილიტაციის საშუალება მიეცათ, რადგან „მანჩესტერ სიტისთვის“ ქულების ართმევის შემთხვევაში, „იუნაიტედს“ შეიძლებოდა ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა შეეცვალა, მაგრამ მასპინძლები მშრალი მარცხისგან ამ შეხვედრაში საკუთარმა „ოლდ ტრაფორდმაც“ ვერ იხსნა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად იქცა, რადგან ისე არავის შეუყვანია შეცდომაში როგორც ქომაგები, ისე მოწინააღმდეგეები, როგორც სეზონის დასაწყისში ჟოზე მოურინიოს, შემდეგ კი უკვე სულშერის გუნდს.
ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მუშაობის შედეგად გუნდმა პრემიერლიგაში მოურინიოს პერიოდის შედეგი გააუმჯობესა, სხვა მხრივ კი ნორვეგიელი სპეციალისტისთვის სამწუხაროდ, დეკემბრის მეორე ნახევრის და იანვრის მოგებათა შესანიშნავი სერიის მიუხედავად, საბოლოოდ გუნდმა ერთხანს მიღწეული მეოთხე ადგილიც დათმო და პრემიერლიგის უკანასკნელი მატჩი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვით ადრე „ვესტ ჰემთან“ მსაჯების დახმარებით მოიგო.
ალბათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო თვეების ფიასკო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას არ უნდა მივაწეროთ, რადგან გარდა იმისა, რომ მეოთხედფინალში „ბარსელონასთან“ გამოვარდნამდე გუნდმა სასწაულებრივ გადალახა „პარი სენ ჟერმენის“ ბარიერი, ინგლისის პრემიერლიგის სხვა გუნდების მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორ ფრონტზე ბრძოლით გამოწვეული გადაღლის გამო პრემიერლიგაში ჩავარდნა არც „მანჩესტერ სიტის“ და არც „ლივერპულს“ დაწყებია.
არათანაბარი სეზონი გამოუვიდა „ჩელსის“, რომელმაც ხანგრძლივი ჩავარდნის მიუხედავად, სეზონის ბოლოს გადამწყვეტ მატჩებში ქულების დაგროვება შეძლო და ამაში საკმაო დამსახურება ზემოთ ხსენებულ დე ხეასაც მიუძღვის, რადგან სწორედ მისი შეცდომის გამო „ჩელსიმ“ სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაუთანაბრა ანგარიში „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა შეწყვიტა მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა.
„ჩელსიმ“ საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა და ეს გარკვეულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ პენალტების სერიაში წაგებას თუკი 29 მაისს ევროპის ლიგის ფინალში „არსენალთან“ მარცხიც დაერთვება, „ჩელსის“ ქომაგებისთვის ეს ნამდვილად ვერ იქნება სასიამოვნო ამბავი.
„მანჩესტერ სიტიმ“ კი ინგლისის ლიგის თასს განვლილ შაბათს ასოციაციის თასიც დაურთო და საბოლოოდ სეზონი სამი ტიტულით დაასრულა.
პრემიერლიგის გუნდების სათამაშო კლასის გათანაბრების ტენდენციის საწინააღმდეგოდ „უოტფორდთან“ ჩატარებული ფინალიც მეტყველებს, რომელშიც პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ანგარიშით 6:0 მიწასთან გაასწორეს საშუალო ფენის საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით სწორედ რომ ამ მატჩისთვის ემზადებოდა, რადგან პრემიერლიგის გათამაშებაში მას სტაბილური პოზიცია უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული ჰქონდა და გავარდნაც არ ემუქრებოდა.
წარმოვიდგინოთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადაელახა „ტოტენჰემის“ ბარიერი. რა იქნებოდა მაშინ – ნუთუ მეოთხე ტიტული?
პეპ გვარდიოლამ წლეულს ყველა ტურნირი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა
ამ კითხვაზე პასუხს ვერასოდეს მივიღებთ. აი „ტოტენჰემი“ კი, რომელმაც პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ოთხი მატჩიდან ერთადერთი მოუგო „მანჩესტერ სიტის“, ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და 1 ივნისს აუცილებლად გაგვცემს პასუხს კითხვაზე – წააგებს თუ არა იურგენ კლოპი თავის კარიერაში მეოთხე ევროპულ ფინალს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური გუნდები წარმოადგენენ, ინგლისელი მოთამაშეების სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის…