fbpx

თანამედროვე მსოფლიოს მიტოვებული ქალაქები


გააზიარე სტატია

 

მსოფლიოს მასშტაბით მრავლადაა მოსახლეობის მიერ მიტოვებული დასახლებები, ე.წ. ქალაქი-მოჩვენებები. ზოგ შემთხვევაში ოქროს ან ნავთობის რესურსების ამოწურვა, ზოგჯერ ეპიდემიები, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფები აიძულებდა მოსახლეობას ახალი საცხოვრისი ეპოვათ, ხშირად კი ახალი მაგისტრალების გაყვანა იწვევდა ქალაქების კვდომას.

მიზეზების მიუხედავად, ამგვარი ადგილები ყოველთვის წარმოადგენდა ხელოვანების ინსპირაციის წყაროს. რენესანსის პერიოდის მხატვრები რომის იმპერიის ნანგრევებს აღბეჭდავდნენ, მე-19 საუკუნის არტისტების ინტერესს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძველეგვიპტური ქალაქების ნანგრევები წარმოადგენდა.

ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. წარმოგიდგენთ თანამედროვე ფოტოგრაფების რამდენიმე პროექტს „ქალაქ-მოჩვენებებზე“.

 

ნოელ კერნსი

ამერიკელი ნოელ კერნსი მიტოვებულ სახლებს, ეკლესიებსა და სკოლებს 2007 წლიდან იღებს. ფოტოსესიებს ღამე ატარებს, ხელოვნური განათებისა და გრძელი ექსპოზიციის (ხანგრძლივი დაყოვნება) გამოყენებით. მის ნამუშევრებში შენობები შიგნიდანაა განათებული სხვადასხვა ფერში, რაც ფანჯრებისა და კარის ღიობის შთამბეჭდავ ეფექტს იძლევა.

ფოტოგრაფის თქმით, ბევრ მნახველს ნამუშევრების ნახვისას შიშის განცდა ეუფლება და გაკვირვებული რჩებიან, როცა იგებენ, რომ სრულიად მარტო მუშაობს და არაფრის ეშინია. „გამონაკლისი მხოლოდ დეტროიტის ძველი სასტუმრო და ინდიანას შტატში მდებარე ეკლესია იყო, სადაც მქონდა განცდა, რომ ვიღაც მითვალთვალებდა“, – ამბობს ნოელ კერნსი.

  • დეტროიტი. სასტუმრო. ავტორი ნოელ კერნსი

  • დეტროიტი. სასტუმრო. ავტორი ნოელ კერნსი

  • მიტოვებული ფერმა ცენტრალურ კანზასში. ავტორი ნოელ კერნსი

  • ორლა, ტეხასი. ავტორი ნოელ კერნსი

  • მიტოვებული ეკლესია. ავტორი ნოელ კერნსი

  • სახლი ტეხასში. ავტორი ნოელ კერნსი

  • სკოლა. ტეხასი. ავტორი ნოელ კერნსი

  • ძველი ციხე. კლერმონი, ტეხასი. ავტორი ნოელ კერნსი

 

რომან ვეიონი

ფრანგი ფოტოგრაფის, რომან ვეიონის თქმით, მას სურს, რომ დამთვალიერებლები წარსულში ამოგზაუროს, გაუჩინოს სურვილი ფანტაზიისა, რათა საკუთარი ისტორიები მოიგონონ, თუ რატომ მიატოვეს ესა თუ ადგილი, როგორ გაგრძელდა ყოფილი მფლობელების ცხოვრება, რა ხდებოდა ამა თუ იმ ოთახში.  

რომან ვეიონის ყველაზე ცნობილი პროექტი ნამიბიის უდაბნოში მდებარე, ქვიშაში ჩაძირულ ქალაქ კოლმანსკოპს უკავშირდება. ქალაქი 1908 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც გერმანელებმა ალმასის საბადოები აღმოაჩინეს. „ოქროს ციებ-ცხელებით“ შეპყრობილებმა ააშენეს სახლები, სკოლა, საავადმყოფო, მაღაზია, საცხობები, რესტორანი, ბიბლიოთეკა და საკონცერტო დარბაზიც. რამდენიმე წელიწადში უდაბნოს ეს მონაკვეთი სრულყოფილ ქალაქად იქცა. თუმცა, როცა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის კოლონიალური ჯარები რეგიონში დამარცხდნენ, ომის სოციალურ-ეკონომიკურმა შედეგებმა ალმასის მოპოვების ტემპზეც იმოქმედა. გარდა ამისა, უდაბნოს სამხრეთში ალმასის გაცილებით დიდი საბადო იპოვეს, შესაბამისად, კოლმანსკოპი მალევე იქცა „ქალაქ-მოჩვენებად“.

ფრანგი ფოტოგრაფის, რომან ვეიონის თქმით, გადასაღებად დილის 5 საათზე მოდიოდა, რომ დაკვირვებოდა, თუ როგორ იცვლებოდა ოთახების ფერები მზის ამოსვლის პროცესში. „ატმოსფერო არარეალურია, გიჩნდება განცდა, რომ სხვა პლანეტაზე იმყოფები ან თითქოს დედამიწაა, ოღონდ ასწლეულების შემდეგ, როცა კაცობრიობამ არსებობა შეწყვიტა“, – წერს ფოტოგრაფი.  

 

სეფ ლოულესი

ამერიკელი ფოტოგრაფის, სეფ ლოულესის ობიექტივში ამერიკული „ქალაქი-მოჩვენებები“ ხვდება. ბოლო პროექტი მან ქალაქ პიჩერში (ოკლაჰომა) განახორციელა, რომელსაც ტოქსიკურ ქალაქს ეძახიან.

პიჩერის ისტორია 1914 წლიდან იწყება, როცა ლითონის საბადოები იპოვეს. პირველი მსოფლიო ომის დროს დღეში იქ 5000 ტონა მადანს მოიპოვებდნენ, რომლისგან დამზადებული საბრძოლო ვაზნებით ფრონტს ამარაგებდნენ. ქალაქის არსებობის განმავლობაში 9 მილიონი ტონა თუთია და 2 მილიონამდე ტონა ტყვია მოიპოვეს. თუმცა, სადნობი ღუმელების მუშაობის პროცესში დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნარჩენები გროვდებოდა, რამაც ჰაერისა და წყლის ტყვიით დაბინძურება გამოიწვია. შედეგად, გაუარესდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმატა სიმსივნით დაავადების შემთხვევებმა და მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო. 2009 წელს აშშ-ს მთავრობამ ქალაქი ოფიციალურად დახურა, რადგან მიწისქვეშა მაღაროები გზების ჩანგრევას იწვევდა.  

„ამერიკა ცათამბჯენებთან, ნიუ-იორკთან ასოცირდება და ვამბობთ, რომ ეს საოცრებაა. დიახ, ჩვენ დიადი ქვეყანა გვაქვს, რომელიც მიყვარს. თუმცა, მის ჩრდილში დანგრეული, მიტოვებული ქალაქებიცაა, ათასობით ადამიანის უცნობი ისტორიებით. მინდა, რომ ისინი არ დავივიწყოთ“, – ამბობს ფოტოგრაფი.


რეკომენდებული სტატიები
არქიტექტურის ფოტოგრაფია

არქიტექტურის ფოტოგრაფია

არქიტექტურის ფოტოგრაფია
წარმოგიდგენთ ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებმაც სახელი ინდივიდუალური  ხელწერით გაითქვეს და ამავე დროს, ხელი შეუწყვეს არქიტექტურის ფოტოგრაფიის, როგორც ჟანრის განვითარებას
პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში
პაუ ბუსკატო საკუთარ მეთოდს არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რომანის სახელით - „კლასობანად“ მოიხსენიებს. ფოტოგრაფია მისთვის სწორედ ამგვარი თამაშია, ქალაქი - საბავშვო მოედანი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.