დიდი ფინალების მოლოდინში
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ფეხბურთის მოყვარულებს ნანატრი ჟამი დაუდგათ. სულ რამდენიმე დღეც და ცნობილი გახდება ევროპის ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საკლუბო ტურნირის გამარჯვებულების ვინაობა, და 2018/2019 წლის სეზონიც ისტორიის კუთვნილება გახდება.
იქნება მრავალი დისკუსია და საფეხბურთო ექსპერტების მიერ ამ ფინალებთან დაკავშირებული, ცხელ გულზე თუ ცივ გონებაზე გამოტანილი შთაბეჭდილებებით აღსავსე დასკვნები.
ახლა მთავარია, რომ მატჩებმა ისევე გაამართლონ, როგორც მთლიანობაში ტურნირებმა, რომელთაგან წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
რატომ? – იმიტომ რომ მან სრულიად სხვადასხვა ტიპის ქომაგი დააკმაყოფილა თვით შეთქმულების თეორიის მიმდევართა ჩათვლით, რომელთაც ფანტაზიის გამოვლენისთვის უსაზღვრო არეალი მიენიჭათ.
ტურნირის გვირგვინი კი ინგლისური ფინალია, რაც ამ ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივრების, სულ მცირე ერთი წლის მანძილზე მაინც, სხვებთან მიმართებაში ქედმაღლურ დამოკიდებულებას განაპირობებს.
გაამართლებს კი ფინალი, რომელშიც ერთიმეორის წინაშე „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ წარდგებიან? ამ გუნდების წლევანდელი დუელი პრემიერლიგაში მერსისაიდელთა დომინირებით აღინიშნა. „ლივერპულმა“ მეტოქე ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით – 2:1 დაამარცხა და ფინალსაც ფავორიტის რანგში ხვდება.
თუმცა არსებობს ფსიქოლოგიურ ფაქტორთან დაკავშირებული სამი „მაგრამ“, რამაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორთა სიას ახალი კლუბი შემატოს.
დავიწყოთ იმით, რომ „ტოტენჰემს“ წლევანდელ ტურნირში სასტიკად უმართლებს. თუკი „აიაქსთან“ ბოლო დარტყმით გატანილი გოლი ყველას კარგად ახსოვს, შეიძლება უკვე მივიწყებული იყოს „მამლების“ ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „ბარსელონამ“ გასვლაზე თავისუფლად მოუგო მაურისიო პოჩეტინოს გუნდს და დასრულდა იმავე „ბარსელონას“ კეთილი ნებით, როდესაც მან უკანასკნელ ტურში მატჩის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა ერთბურთიანი უპირატესობა საკუთარ „კამპ ნოუზე“ მეტოქესთან, რომელსაც მაშინ ვერვინ წარმოიდგენდა, 2019 წლის 1-ლ ივნისს ამ გათამაშების ფინალში რომ იხილავდა!
აღსანიშნავია, რომ „აიაქსისა“ არ იყოს, „ტოტენჰემი“ „ბარსელონასთან“ მარცხისგანაც ლუკას მოურას გოლმა იხსნა.
„ბარსელონასთან“ მატჩის გმირი ლუკას მოურა
მთავარი როლი „მამლების“ მერვედფინალში გასვლაში კი „უმოტივაციო“ „პსვ“-მ შეასრულა, რომელმაც თავი შეაკლა პარალელურ მატჩში „სან სიროზე“ მილანის „ინტერთან“ ბრძოლას და ფრედ დაასრულა ის შეხვედრა. „ინტერის“ მოგების შემთხვევაში კი „ტოტენჰემს“ ვეღარაფერი იხსნიდა ტურნირის დატოვებისგან.
მეორე „მაგრამ“, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მერსისაიდული კლუბის წარმატებაზე, მის მწვრთნელ იურგენ კლოპის ევროტურნირების სამგზის ფინალისტობას უკავშირდება. ეს კი არგენტინელი სპეციალისტის, ჰექტორ რაულ კუპერის მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქრონიკულ ფინალისტობაში შეიძლება გადაიზარდოს…
მესამე „მაგრამ“ ასევე სტატისტიკის სფეროდანაა. „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ სიტი“ სეზონში ჩატარებული ოთხი მატჩიდან ერთადერთში დაამარცხა და მეტოქესთან მაინც გამარჯვებული დარჩა. რა გარანტია აქვს „ლივერპულს“, რომ სეზონის მანძილზე ზედიზედ მესამედ მოუგებს გუნდს, რომლის წინააღმდეგაც „ენფილდზე“ ბოლო მატჩში აშკარად გაუმართლა?
გარდა ამისა, უგო ლორისის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელიც თერთმეტმეტრიანების მოგერიების დიდოსტატია და საერთოდ, მსოფლიოს ჩემპიონ მეკარეს დღესდღეობით კარის ხაზზე თამაშში ბადალი შეიძლება არც ჰყავდეს.
ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კი „ლივერპული“ ფავორიტია და თუკი „ტოტენჰემი“ ჯგუფიდან დიდი გამართლების ხარჯზე გავიდა, მერსისაიდელებს პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რადგან გასვლაზე სამივე მატჩი წააგეს თვით ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ჩათვლით.
საინტერესოა, რომ ფლეი-ოფის ეტაპზე როგორც „ტოტენჰემი“, ასევე „ლივერპული“ ბოლომდე დამაჯერებელნი მხოლოდ ერთხელ იყვნენ, შესაბამისად „დორტმუნდის“ და „პორტოს“ წინააღმდეგ. ამგვარად, გუნდები ამ მხრივ ფინალს თანაბარ პოზიციაში ხვდებიან.
აი ლონდონის „არსენალის“ უნაი ემერი კი ოთხი ფინალისტის მწვრთნელთაგან ერთადერთია, ვისაც ევროტურნირი მოგებული აქვს. 2016 წელს მისმა გაწვრთნილმა „სევილიამ“ ევროპის ლიგის ფინალში იურგენ კლოპის „ლივერპულს“ სძლია, რომელიც დღევანდელის მსგავსად, მაშინაც ფავორიტად მოიაზრებოდა.
ევროპის ლიგის 2016 წლის გათამაშების ტრიუმფატორი უნაი ემერი
ფინალურ შეხვედრაში თავდაპირველად „ლივერპული“ დაწინაურდა, მაგრამ „სევილიამ“ საპასუხოდ სამი გოლი გაიტანა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა მატჩში, რომელშიც მეტოქესთან შედარებით აშკარად უკეთ გამოიყურებოდა.
„არსენალის“ გზა ფინალისკენ ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. უნაი ემერის გუნდმა ქვა ქვაზე არ დატოვა ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ სირთულეები უკვე შემდეგ დაიწყო და უპირველეს ყოვლისა ეს სასეზონო სტრატეგიას უკავშირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე კლუბს ვერ გადაეწყვიტა, პრემიერლიგაში მეოთხე ადგილის, თუ ევროპის ლიგის მოგების გზით მოეპოვებინა ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზური. ამ ორჭოფობას „არსენალი“ კინაღამ შეეწირა, რადგან წარუმატებლობები ორივე ფრონტზე გამოაშკარავდა.
„არსენალი“ აშკარად რისკავდა, როდესაც მერვედფინალში გასვლაზე საფრანგეთის „რენთან“ 1:3 მარცხდებოდა, მაგრამ სწორედ ამ წაგების შემდეგ აირჩია კლუბმა საბოლოო სტრატეგია, რომელიც ევროპის ლიგაზე დარჩენილი სამი რაუნდის წარმატებით გავლას ამჯობინებდა პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩში თავის შეკვლას, რომელთაგან უნაი ემერის გუნდმა 5 წააგო.
ამ წარუმატებლობების პარალელურად კი „რენის“ განმეორებით მატჩში 3:0 დამარცხების შემდეგ, „არსენალმა“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ოთხივე მატჩი მოიგო შესაბამისად „ნაპოლისთან“ და „ვალენსიასთან“.
სტრატეგიაც ამას ჰქვია! თუმცა აწი მთავარი ფინალის მოგებაა. მეტოქე კი ლონდონის „ჩელსია“, რომელსაც ევროპის ლიგის ფლეი-ოფებში „არსენალთან“ შედარებით იოლი მეტოქეები შეხვდა და თანაც აშკარად გაუმართლა ნახევარფინალში „აინტრახტის“ წინააღმდეგ შეხვედრაში, რომლის ბედიც თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ როგორც „ჩელსი“, ასევე „არსენალი“ ინგლისის ასოციაციის თასს ადრევე გამოეთიშნენ, რადგან სეზონის ბოლოს დამატებითი ძალების დახარჯვა გუნდებს აშკარად ხელს შეუშლიდა ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზურისთვის ბრძოლაში.
ეს ორივე გუნდი „,მანჩესტერ იუნაიტედმა“ იმსხვერპლა. აი ლიგის თასის მოგებასთან კი, რომლის ფინალიც 24 თებერვალს ჩატარდა, „ჩელსი“ ნამდვილად ახლოს იყო. იგი პენალტების სერიაში დამარცხდა „მანჩესტერ სიტისთან“.
„ლივერპული“ ინგლისის ორივე თასისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზევე განერიდა, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ, პრემიერლიგა თავის ისტორიაში პირველად, ამჯერადაც ვერ მოიგო.
იურგენ კლოპი უმძიმესი წნეხის ქვეშ იმყოფება თავისი კოლეგა-მეტოქე მაურისიო პოჩეტინოსგან განსხვავებით, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება.
თუმცა, „ტოტენჰემისთვის“ ფინალისტად დარჩენა გაცილებით იოლია, ვიდრე „ლივერპულისთვის“, რომელიც ვალდებულია, რომ ზედიზედ მეორე ფინალი არ წააგოს და თანაც ისეთ გუნდთან, რომელიც პრემიერლიგის ცხრილში მას 26 ქულით ჩამორჩა.
იურგენ კლოპი უკვე ვალდებულია, რომ ფინალი მოიგოს
ამ ორ ფინალს კი შეიძლება განსაკუთრებით დამაინტრიგებელი სუპერთასის მატჩიც მოჰყვეს. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩემპიონთა და ევროპის ლიგებს შესაბამისად „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ მოიგებენ, რადგან ამ კლუბების ისტორიული მტრობა არაფრით ჩამორჩება (თუ არ აღემატება) „რეალი“ – „ბარსელონას“, „სელტიკი“ – „რეინჯერსისა“ თუ „ბეტისი“ – „სევილიისას“.
ნეიტრალური გულშემატკივარი კი, თუკი „ლივერპული“ – „ტოტენჰემის“ შემთხვევაში უხვგოლიანი სასეირო მატჩის ნახვის სურვილით უნდა იყოს განმსჭვალული – დამატებითი დროით და თუნდაც პენალტების სერიით, „არსენალი“ – „ჩელსის“ დაპირისპირებაში, ალბათ მაინც „არსენალს“ უნდა ემხრობოდეს, რადგან უნაი ემერის გუნდის მოგების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ტურნირს მომავალ სეზონში „მეთოფეთა“ სახით კიდევ ერთი ძლიერი გუნდი შეემატება.
ფავორიტად კი ამ წყვილში „ჩელსი“ მოიაზრება და მაურისიო სარი და მისი ბიჭები სულაც არ აპირებენ სეზონის განმავლობაში მეორე ფინალის წაგებას, თანაც “მანჩესტერ სიტისთან“ შედარებით სუსტ გუნდთან.
მაგრამ ვინ იცის?! „ჩელსიმ“ და „არსენალმა“ პრემიერლიგის გათამაშებაში თითოჯერ მოუგეს ერთმანეთს. მათ შორის უძლიერესის ვინაობას კი სწორედ რომ მომავალი ფინალი გამოავლენს.