30 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
ლიტერატურის მოყვარულთათვის განსაკუთრებული დღეა. სწორედ დღეს იხსნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ასე რომ, როგორც კი დილის ამბებს გაეცნობით, მაშინვე აიღეთ გეზი “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებისკენ.
დღეს, 12:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება
2019 წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ (მე-3, მე-5, მე-6 და მე-11) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი ტრადიციულად უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს.
მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ფესტივალს წელს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ეყოლება. ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.
ტრადიციულად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს ფოკუს ქვეყანა და 2019 წელს ამ სტატუსით ფინეთი ისარგებლებს.
ღონისძიება 2 ივნისამდე გაგრძელდება.
წყარო: https://www.facebook.com/
თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე უკვე მეორედ ტარდება პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“
სამი დღის განმავლობაში (31 მაისი და 1-2 ივნისი) საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში თეატრისა და კინოს მსახიობები ქართველი თუ უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს წარადგენენ. ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მოზარდებიც მიიღებენ. ყოველი დღის ბოლოს კი ფესტივალის სტუმრებს მსახიობები ქართველი დრამატურგების პიესების მიხედვით მოკლე წარმოდგენებს შესთავაზებენ.
პროექტის ავტორია მსახიობი ნინო კასრაძე, რომელმაც ლიტერატურის პოპულარიზაციისა და სახელოვნებო სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციისთვის ამჯერად ორმოცამდე მსახიობი გააერთიანა.
წყარო: https://www.facebook.com/
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა. სკვერის გასაფორმებლად ქართული თემატიკა გამოიყენეს. კედლებზე ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი აივნებიანი სახლებისა და ქართული მულტიპლიკაციური გმირების გამოსახულებებია.
ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის, And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა
ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, ავსტრია, ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნები, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, ტაივანი და თურქეთი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც სულ მალე აკინის სურათს იხილავენ.
ფილმის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და გერმანიასთან.
წყარო: https://www.screendaily.com
იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრი მართავს შემოქმედებითი შეხვედრების ციკლს და ამჯერად წარმოგიდგენთ ხათუნა ცხადაძის საჯარო ლექციას.
ხათუნა ცხადაძე ისაუბრებს იტალიელი მწერლის, მხატვრისა და ჟურნალისტის, დინო ბუცატის მსოფლიოში აღიარებულ რომანზე “თათრების უდაბნო”.
წყარო: https://www.facebook.com/
1-ლ ივნისს, 13:00 საათზე, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში თანამედროვე ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება
ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს კინოაკადემია ერთობლივად მართავენ. წარმოდგენილი ფილმების უმეტესობა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი და ბევრი მათგანი უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია მსოფლიო კინოფესტივალებზე.
წყარო: https://www.facebook.com/
ელენ დეჯენერესი ამბობს, რომ ბავშვობაში მამინაცვალმა სექსუალურად შეავიწროვა
ტელეწამყვანის თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც 15-16 წლის იყო და დედამისს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ელენმა სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ 2015 წელს ისაუბრა. თუმცა მაშინ დეტალები არ დაუსახელებია. 61 წლის დეჯენერესი იხსენებს, რომ მომხდარის შესახებ დედისთვის მაშინ არაფერი მოუყოლია. მაგრამ, როდესაც მშობელს სიმართლე გაუმხილა, მან არ დაუჯერა და ქმართან კიდევ 18 წელი ცხოვრობდა.
წყარო: https://www.bbc.com/