fbpx

რეკომენდაციები თბილისის წიგნის ფესტივალისთვის


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ, თბილისის წიგნის რიგით XXI საერთაშორისო ფესტივალზე.

No photo description available.

წიგნის ფესტივალი ერთგვარი საჩუქარია მკითხველისთვის, რადგან სწორედ ამ ოთხი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში სხვადასხვა გამომცემლობა იყრის თავს, თავისი ახალი და ძველი გამოცემებით, თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წიგნებზე მოქმედებს ფასდაკლება.

შევასრულებთ ერთგვარი ლიტერატურული მეგზურის როლს და წარმოგიდგენთ  ფესტივალზე შესაძენი რამდენიმე საინტერესო წიგნის რეკომენდაციას.

 

ოლდოს ჰაქსლი – კუნძული

ჰაქსლი უცნაური ავტორია, რადგან მისი წიგნები ძირითადად ორ უკიდურესობაშია – ან შედევრია, ან კიდე საერთოდ – მაკულატურა, არაფრად არ ვარგა. სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული რომანი კუნძული კი საბედნიეროდ პირველ კატეგორიას ეკუთვნის, და ის ახალი საოცარი სამყაროს გვერდით, უმაღლესი ლიტერატურის ეშელონებში იდებს ბინას.

 

აიზეკ აზიმოვი – მარადისობის აღსასრული

საქმე გვაქვს სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკასთან – აიზეკ აზიმოვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანთან, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა და ჯერ კიდევ არ არის შესული წიგნის მაღაზიებში. რასაკვირველია მისი ყიდვა წიგნის ფესტივალზე შესაძლებელია.

 

ბესიკ ხარანაული – დიდი სმა

„მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – ამბობს დიდი პოეტი თავის ახალ წიგნზე, რომელიც დღის სინათლეს სწორედ წიგნის ფესტივალზე იხილავს. ვისაც უყვარს პოეზია და ხარანაული ეს წიგნი არაფრით არ უნდა გამოტოვოს, რადგან როგორც ირკვევა ხარანაული წიგნში თავის რიტუალების საიდუმლოზე გველაპარაკება.

 

ნინო ხარატიშვილი – მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის

ნათქვამია, რა ენაზეც წერ, სწორედ იქაური ავტორი ხარო, შესაბამისად შეიძლება ასეც ითქვას: ქართული წარმოშობის გერმანულ ენოვანი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნი, რაც თავისთავად არ არის გასატარებელი ამბავი, რადგან ხარატიშვილი ლიტერატურის უმაღლეს ვარსკვლავებს ეთამაშება, თანაც, მოცემული ტექსტი უკვე ვიხილეთ თეატრში, ნინო ხარატიშვილის დადგმაში, და ძალიანაც მოგვეწონა.

 

სადეყ ჰედაიათი – ბრმა ბუ

ამბავი საკალმეების მხატვარზეა, მის გაორებულ გრძნობებზე. წიგნში დრო, სივრცე და სხვა დანარჩენი ერთმანეთში ირევა და ავტორი გვთავაზობს საოცარ მოგზაურობას ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ლაბირინთებში, ერთი სიტყვით ეს წიგნი არის დიდი მოვლენა, და ამას მისი ისტორია – მუდმივი დევნა/ ცენზურა მოწმობს.

 

ზურა ჯიშკარიანი – საღეჭი განთიადები – უშაქროდ

სალამ ჩუჟოის – ეს არის ბოლო პერიოდის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხმა, ენობრივი რესტარტი და ფაქტებით სავსე სამყარო, ამიტომ თუ ჯერ არ წაგიკითხავთ აუცილებლად გააყოლეთ ხელს, და იმოგზაურეთ მარადიულ უწესრიგობაში.

 

ვიქტორ პელევინი – GENERATION „პ“

ყველასთვის კარგად ცნობილი, თანამედროვე რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის მაგნუს ოპუსად, შეიძლება სწორედ მოცემული რომანი დავასახელოთ, აქ პელევინი ჩვეული ირონიითა და სარკაზმით აღწერს ჩიხში შესულ საბჭოთა თაობას.

 

ზურაბ ქარუმიძე – Untergang მოგზაურობა ევროპაში

ქარუმიძე ცოცხალი ქართველი კლასიკოსია, მისი წიგნები კი ყოველთვის საკმაოდ საინტერესოა, ძირითადად ამის მიზეზი ქარუმიძის ეკლექტიკური ენა და შიგ მოთხრობილი დინამიური ამბებია, ძირითადად რიტუალების და კლასიკური ტექსტების ინტერპრეტაციები.

 

ვენედიქტ ეროფეევი – მოსკოვი-პეტუშკი

პოსტმოდერნისტული შედევრი – ასეც კი უწოდებენ მოცემულ პოემა რომანს ლიტერატორები. ეს ეროფეევის ერთადერთი გასროლაა, სადაც ყველაფერია, რაც პატიოსან რუს ავტორს უნდა ჰქონდეს – დაწყებული რუსული პოლიტიკის კრიტიკა (რის გამოც წიგნი იკრძალებოდა კიდეც) და დამთავრებული ენობრივი მოქნილობით – ეროფეევი აღწერს ადამიანის მდგომარეობას ალკოჰოლის ზემოქმედების დროს და მას შემდეგ – ნაბახუსევზე. დიდი ხანი მეგონა, რომ ამ წიგნის თარგმნა სხვა ენაზე შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს წარმოდგენა დავით ცინცაძემ გამიქრო.

 

ფრენკ ერბერტი – დიუნის მესია

ტახტზე არა მეფე, არამედ ღმერთი ავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ იწყება დრამა. „დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი.


რეკომენდებული სტატიები
30 მაისი დილიდან 
Play Video

30 მაისი დილიდან 

30 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! ლიტერატურის მოყვარულთათვის განსაკუთრებული დღეა. სწორედ დღეს იხსნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ასე რომ, როგორც კი დილის ამბებს გაეცნობით, მაშინვე აიღეთ გეზი “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებისკენ
ჰოჲ - მოძრაობის თეატრში ახალი ქართული ქორეოდრამის პრემიერა გაიმართება

ჰოჲ - მოძრაობის თეატრში ახალი ქართული ქორეოდრამის პრემიერა გაიმართება

ჰოჲ - მოძრაობის თეატრში ახალი ქართული ქორეოდრამის პრემიერა გაიმართება
28 და 29 მაისს მოძრაობის თეატრის სცენაზე ახალი ქართული ქორეოდრამის - “ჰოჲ”-ს პრემიერა გაიმართება. ქორეოდრამას საფუძვლად ქართული სარიტუალო წარმოდგენები უდევს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.