fbpx

სუპერთასისთვის „ ჩელსი“ და „ლივერპული“ იბრძოლებენ!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ნებისმიერი ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრები მარტივ შეკითხვას უსვამენ ხოლმე საკუთარ თავს – გაამართლა კი მატჩმა მოლოდინი? წლევანდელი ორი ევროპული ფინალის შემთხვევაში პასუხი უმარტივესია: თასები ფავორიტებმა მოიპოვეს და თანაც მაინცდამაინც დიდი ძალისხმევის გარეშე, რადგან თამაშის მიხედვით, როგორც „ჩელსი“, ისე „ტოტენჰემი“, თითქოს შეგუებულნიც კი იყვნენ თავ-თავიანთ ხვედრს უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ შეხვედრებში.  

როდესაც ათწლეულების შემდეგ საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორიის სახელმძღვანელოს გადაშლიან, შეიტყობენ, რომ ამ გათამაშების 2019 წლის ფინალში – „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის – მონაწილე 28 ფეხბურთელიდან  მხოლოდ ორი იყო ინგლისელი.

მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელებმა ისინი მაშინ შეუშვეს მინდორზე, როდესაც მატჩის ბედი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო…

ფინალში ინგლისური გუნდები რომ თამაშობენ და ზრდილობის გამო მასში ერთმა ინგლისელმა მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, ჯერ შესანიშნავ განწყობაზე მყოფ “ჩელსის“ იტალიელ თავკაც მაურიციო სარის, ხოლო 2 წუთის შემდეგ კი მის ესპანელ კოლეგა უნაი ემერის გაახსენდა.

ემერი ალბათ იმასაც ფიქრობდა, რომ ჟირუს გუნდიდან გაშვება უდიდესი სისულელე იყო! ბოლოს და ბოლოს, ეს უკანასკნელი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დე შამმა შეიყვანა შემადგენლობაში უდიდესი კონკურენციის ფონზე, სადაც ლაკაზეტს ადგილი ნამდვილად ვერ მოეპოვება…

როგორც ვნახეთ, „არსენალს“ ჟირუ  წასვლიდან პირველივე სეზონში მოუტრიალდა, ბუმერანგივით, რადგან თავდამსხმელმა გასულ ოთხშაბათს თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

„ჩელსი“ – „ არსენალის“ პირველი ნახევარი მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ ტაიმის მიწურულს სწორედ ჟირუს სახიფათო დარტყმამ გამოაფხიზლა გულშემატკივარი და მეორე ტაიმში „არსენალის“ დარბევის საყურებლად შეამზადა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი „არსენალის“ ქომაგები აუცილებლად გაიხსენებდნენ პრემიერლიგაში „ლივერპულთან“ ზუსტად 5 თვის წინ „ენფილდზე“ ანგარიშით – 1:5 წაგებულ მატჩს.

2019 წლის 29 მაისს ნაჭამი სირცხვილი მაინც განსაკუთრებული იყო, რადგან „არსენალმა“ წააგო ნეიტრალურ მოედანზე ფეხბურთის უამრავი ნეიტრალური თაყვანისმცემლის წინაშე, რომელთაგან ბევრს ახსოვს ტიერი ანრის, დენის ბერგკამპის, პატრიკ ვიეირას, ტონი ადამსის თუ სხვათა საოცარი თამაში, როდესაც „ჩელსი“ „არსენალს“ ვერასდროს ვერ ამარცხებდა!

29 მაისმა კი ცხადყო, რომ „არსენალი“ დღესდღეობით ძალიან შორსაა მაღალი მიზნების მიღწევისგან.

ჟირუმ ანგარიში საკმაოდ უხერხული პოზიციიდან, ბრძოლაში, აუღებელი თავური დარტყმით გახსნა. ის  უშუალოდ მონაწილეობდა მესამე და მეოთხე გოლებშიც.  პირველ შემთხვევაში ფრანგი ფორვარდი საჯარიმო მოედანზე მოცელეს და აზარმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, ხოლო მეორეში კი მან შესანიშნავი პასი მიაწოდა ბელგიელს და ამ უკანასკნელსაც მატჩის საბოლოო შედეგის (4:1) დაფიქსირება არ გასჭირვებია.

დიდებული იყო პედროს გოლიც. ესპანელმა ისე დაარტყა მეკარისგან შორეულ კუთხეში, რომ ბურთი ბადეში გახვევამდე მიწას ორჯერ შეეხო. ასეთი დარტყმის მოგერიება კი მეკარისთვის ურთულესია. ესპანელს პასი აზარმა მიაწოდა.

სტაჟიან გულშემატკივარს არ შეიძლება არ გაახსენდეს, თუ რა კარგი იყო პედრო „ბარსელონადან“ გაშვების წინ, როდესაც სუარესის და ნეიმარის გარემოცვაში ის ზედმეტად ჩათვალეს და „ბარსელონაში“ აღარ გააჩერეს. ნუთუ არ გამოადგებოდა პედრო დღესდღეობით კატალონიურ კლუბს?  

 

პედრო თასით ხელში

 

აზარი კი მოედანზე შეუდარებელი იყო, რადგან მის შეჩერებას „არსენალის“ ფეხბურთელები ვერანაირად ვერ ახერხებდნენ.

ორიოდე სიტყვით ევროპის ლიგის ფინალის მასპინძელ სტადიონსაც უნდა შევეხოთ. მით უმეტეს, რომ შედარებისთვის უკვე შაბათ საღამოს მადრიდის შესანიშნავი „ვანდა მეტროპოლიტანო“ ვიხილეთ.

ამისთვის წარსულში სახელგანთქმულ ინგლისელ ფეხბურთელ ჰარი ლინეკერის დახასიათებას მოვიშველიებთ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაქოს სტადიონის ტრიბუნიდან მატჩის ცქერას, ტელევიზორით ყურებას ამჯობინებდა.

აი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ კი მატჩის მეორე წუთზევე მსაჯმა ისეთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა „ტოტენჰემის“ კარის მიმართულებით, რომ ფინალი ამ  გადაწყვეტილებას ნამდვილად არ დაუმშვენებია.

„ლივერპულმა“ სადებიუტო საჩუქრით მშვენივრად ისარგებლა და დამაჯერებლობაც შემატა მატჩს, რომელშიც მეტოქისთვის ფინალის წაგება იმდენად დიდი ტრაგედია არ იქნებოდა, რამდენადაც მერსისაიდელთათვის.

„ლივერპულის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მთელი დარჩენილი მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა და ფინალისთვის დამახასიათებელი პრაგმატიზმით, ყოველგვარი ექსტრავაგანტურობის გარეშე, შედეგზე ითამაშა.

„ლივერპულის“ დაწინაურების შემდეგ, მთელი მატჩის განმავლობაში ინიციატივას „ტოტენჰემი“ ფლობდა, მაგრამ საკუთარ კარში მეორე გოლის გაშვების შიშით, წამითაც ვერ რისკავდა ხელაღებით შეტევაში გადასვლას.

უცნაურია, მაგრამ ვერც „ტოტენჰემში“ და ვერც „ლივერპულში“, ვერც ერთი ფეხბურთელის გამოყოფა ვერ ხერხდება. პასუხი მარტივია – „ლივერპულში“ ივარგა ყველამ, ხოლო „ტოტენჰემში“ კი ყველა ერთნაირად დათრგუნული ჩანდა, თუმცა რაიმე განსაკუთრებული შეცდომა, არცერთ ფეხბურთელს არ დაუშვია.

ეტყობა, „მამლები“ თავიანთ შანსს მატჩის ბოლოსკენ, ლუკას მოურას შემოყვანის შემდეგ ელოდნენ. ამ ერთადერთ დარტყმას ისე უნდა დაებნია „ლივერპულის“ ფეხბურთელები, რომ პირველ გოლს ვინ იცის, მეორეც მოჰყოლოდა…

მაგრამ ასეთი მსჯელობა მხოლოდ თეორიული ხასიათისა იყო და თანაც მხოლოდ პოჩეტინოს ფანტაზიებში, თორემ გულის სიღრმეში, ალბათ მასაც არ სჯეროდა მოვლენების ამგვარი განვითარებისა.

ან კი რისი იმედი უნდა ჰქონოდა „ტოტენჰემის“ პორტუგალიელ თავკაცს, როდესაც მისი მეორე ტაიმის სტრატეგია არამცთუ იურგენ კლოპს, არამედ ფეხბურთში ოდნავ ჩახედულ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა გაშიფრული…

მატჩის ბოლოსკენ, მოედანზე ლუკას მოურას და ლორენტეს გამოჩენის შემდეგ, „ტოტენჰემმა“ მართლაც გაამწვავა შეტევები. კარში დაარტყეს კეინმა, სონმა, მოურამ, მაგრამ შაბათ საღამოს ამ უკანასკნელსაც კი არ უმართლებდა.  

„ლივერპული“ კი ვის აპატიებს საკუთარ კართან მომენტების განიავებას? თანაც ცვლილებების განხორციელების შემდეგ, „ტოტენჰემის“ დამცავ ზღუდეებში ხვრელები გაჩნდა. მილნერის დარტყმის შემდეგ „მამლები“ გადარჩნენ, მაგრამ „ბარსელონასთან“ მატჩის გმირ ორიჯის უზუსტესი გასროლა ისეთივე აუღებელი აღმოჩნდა უგო ლორისისთვის, როგორც ევროპის ლიგის ფინალში პედროს დარტყმა პიტერ ჩეხისთვის.

 

ორიჯის გოლმა „ტოტენჰემთან“ მატჩში „ბარსელონასთან“ შეხვედრის მსგავსად, საბოლოო შედეგი განაპირობა

 

გარდა იმისა, რომ ეს ორი დარტმა ვიზუალურად საკმაოდ ჰგავდა ერთიმეორეს, ისინი ქრონოლოგიურადაც მეორე და თანაც გადამწყვეტი გოლები აღმოჩნდნენ წლევანდელი ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრეს მატჩებში.

დაძაბული ფინალების მოლოდინში მყოფ ფეხბურთის ქომაგებს კი 2018/2019 წლების სეზონის დასკვნითმა შეხვედრებმა საჩუქრად ლამაზი გოლები თუ დაუტოვეს, თორემ ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ფინალებს შესაბამისად 2017 და 2016 წლებიდან მოყოლებული, გამარჯვებული გუნდები 2 ან 3-ბურთიანი უპირატესობით იგებენ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი კი ერთმა „ტოტენჰემელმა“ განსაკუთრებით რომ განიცადა, ეს მის მიერ მატჩის დასრულების შემდეგ გადმოღვრილმა ცრემლებმაც დაადასტურა.

დიახ, ლუკას მოურას ცრემლები არ ყოფილა მხოლოდ სამხრეთული მელანქოლიური ემოციებით გაჯერებული. უბრალოდ, ეს ფეხბურთელი ტურნირში ექვსი გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ, ალბათ არ იმსახურებდა მაურიციო პოჩეტინოს მხრიდან მისი კვლავ მეორეხარისხოვანი მოთამაშის რანგში დაყენებას.

მოურას არც ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე ენდო, რომელმაც მას ფირმინო და გაბრიელ ჟეზუსი ამჯობინა და ამიტომ კოპა ამერიკის ტურნირზე არ გამოიძახა…

უცნაურია, მაგრამ მწვრთნელები ზოგჯერ ძალზედ უმადურნი არიან თავიანთი საუკეთესო მოთამაშეების, გნებავთ, მხსნელთა მიმართ და მიჰყვებიან ტრადიციულ სქემებს, რომლებითაც იურგენ კლოპის რანგის მოწინაღმდეგე აუცილებლად ისარგებლებს. დაეყენებინა თავიდან პოჩეტინოს მოურა ძირითად შემადგენლობაში და სონის თამაშიც მასთან წყვილში შეიძლება გაცილებით ხალისიანი ყოფილიყო.

ფორმიდან ამოვარდნილი კეინი კი პირიქით, „შავი დღისთვის“ შემოენახა და გაჭირვების შემთხვევაში შესანიშნავ ფორმაში მყოფი მოურას გვერდით შეეშვა მინდორზე.

ბოლოს კი მოდით, ფინალური მატჩის გამორჩეული ეპიზოდი ვახსენოთ.

 

ქალბატონი ვოლანსკი

 

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყველაზე ლამაზი გმირი უდავოდ მოდელი, ქალბატონი კინსეი ვოლანსკია, რომელიც მატჩის დებიუტში იმაზე ბევრად თამამად შეიჭრა მინდორზე, ვიდრე „ტოტენჰემის“ ნებისმიერი ფეხბურთელი…

სუპერთასისთვის კი 14 აგვისტოს „ჩელსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საინტერესოა, ამ მატჩშიც ხომ არ ვიხილავთ მოედანზე ლამაზმანს?!


რეკომენდებული სტატიები
ფეხბურთი მხოლოდ ინგლისურად!

ფეხბურთი მხოლოდ ინგლისურად!

ფეხბურთი მხოლოდ ინგლისურად!
რა არის ინგლისელთა სარეკორდო საერთაშორისო წარმატების მიზეზი? ნუთუ ისე ამაღლდა თუნდაც შარშანდელთან შედარებით პრემიერლიგის სათამაშო დონე, რომ ამ ქვეყნის პირველობის გვერდზე რომელიმე სხვა ჩემპიონატის დაყენება უკვე შეუძლებელია?
ფეხბურთი საოცრებათა ქვეყნიდან

ფეხბურთი საოცრებათა ქვეყნიდან

ფეხბურთი საოცრებათა ქვეყნიდან
ის, რაც ფეხბურთის მოყვარულებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში იხილეს, იმდენად სასეირო აღმოჩნდა, რომ გულშემატკივრობამ უკანა პლანზე გადაიწია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.