ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
გასულ საუკუნეში ფოტოჟურნალისტიკასა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მამაკაცები დომინირებდნენ. სხვადასხვა გლობალურ თუ ლოკალურ მოვლენებს, ადამიანთა ისტორიებს, თემებს სწორედ მამაკაცები არჩევდნენ მათი ხედვის შესაბამისად და აშუქებდნენ ცნობილი გამოცემების ფურცლებზე.
ახალმა საუკუნემ და ახალმა გამოწვევებმა ამ მოცემულობის შეცვლის ტენდენცია გამოკვეთა. ისეთ დიდ გამოცემებში, როგორებიცაა, მაგალითად, New York Times, Time და National Geographic მოვლენების ფოტოდოკუმენტირებაზე სულ უფრო მეტი ფოტოგრაფი ქალი მუშაობს, შესაბამისად, თხრობა ამა თუ იმ პრობლემის შესახებ უფრო მრავალფეროვანი ხდება, მოვლენები განსხვავებული და საინტერესო კუთხით შუქდება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომელთაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ და რომელთა ნამუშევრებიც ორიგინალური მხატვრული სტილით და ნაკლებად რეზონანსული თემებით გამოირჩევა.
სომია ხანდელვალი, 28 წლის. ინდოეთი.
„დასავლეთში მცხოვრები ფოტოგრაფების უმეტესობისთვის ინდოეთი ეგზოტიკაა, ფერებია, მხიარულების და ბედნიერების მხარეა. ყოველთვის არსებობს იმის ცდუნება, მოექცე ინდოეთის რეგიონების ბუნების, ყვავილების, რელიგიური რიტუალების სილამაზის გავლენის ქვეშ, შესაბამისად, ამ კულტურის მნიშვნელოვანი ნიუანსები უყურადღებოდ რჩება“, – ამბობს ფოტოჟურნალისტი.
სომია ხანდელვალმა სახელი გაითქვა ფოტოპროექტით, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ შრავასტიში მოამზადა და არასრულწლოვანი გოგონების ადრეული ქორწინების პრობლემას მიუძღვნა. მისი ფოტორეპორტაჟები პერიოდულად ისეთ გამოცემებში იბეჭდება, როგორებიცაა – New York Times, Vanity და Bloomberg Businessweek.
- მუსკაანი, 14 წლის. მზადება საქორწინო ცერემონიისთვის. მამის სურვილით, მან სკოლაში სწავლა შეწყვიტა, რადგან მშობლის აზრით, ეს აღარ წარმოადგენდა პრიორიტეტს.
- სვირინგი, რომელიც გოგონათა ოჯახურ მდგომარეობაზე მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში ამგვარი სვირინგის გარეშე გოგონები ქმრის სახლში არ დაიშვებიან.
- საქორწინო ცერემონია
- მუსკაანი, 14 წლის
- ანჯანი, 16 წლის
ანასტასია ვლასოვა, 26 წლის. კიევი, უკრაინა
ანასტასიამ ფოტოგრაფირება 21 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი პროექტი უკრაინის რევოლუციის გაშუქებას მიეძღვნა, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და ომის თემატიკა. მის ნამუშევრებს არ აქვს სამხედრო, საომარი შინაარსი, ფოტოები კონფლიქტის ზონებში მცხოვრები უბრალო ადამიანების იმ სევდიან, ტრაგიკულ და ზოგჯერ მხიარულ ამბებს გადმოსცემს, რომელიც პოლიტიკურ და სამხედრო ხმაურში არავის ესმის.
2015 წელს ანასტასია ვლასოვა სააგენტო Magnum-ის სტიპენდიანტი გახდა, მუშაობს გამოცემებისთვის – Newsweek, Spiegel Online, NBC News და The Guardian. „ამბის ვიზუალური ხერხებით თხრობა გაცილებით მძლავრია და შედეგის მომტანი, ვიდრე ტექსტური ჟურნალისტიკა. გამოსახულება რჩება მეხსიერებაში, ხოლო სიტყვების მნიშვნელობა შესაძლოა დაიკარგოს თარგმანში და ინტერპრეტაციისას“, – ამბობს ფოტოდოკუმენტალისტი.
- ევაკუაცია დონბასში მდებარე ქალაქ დებელცევოდან
- კულტურის სახლის სარდაფი, რომელიც ბომბსაფარად გამოიყენება
- იულია, 18 წლის. ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში. მირონოვსკი
- ანასტასია, 17 წლის. მზადება სკოლის გამოსაშვები დღისთვის. ლუგანსკი
- სკოლა. ვერხნეტორეცკოე, დონეცკი, უკრაინა
- საბავშვო ბაღი. დებელცევო
სეფტემბერ დაუნი ბოთომსი, 27 წლის, აშშ
სეფტემბერ დაუნი ბოთომსი ახალბედა, თვითნასწავლი ფოტოგრაფია. მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევრები პრესტიჟულ სერიაში, American Photography-ში მოხვდა.
ფოტოდოკუმენტალისტმა ყურადღება დაიმსახურა პროექტით დედასა და დაზე, რომელთაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ.
- კეტი, 16 წლის. ჰელოუინის ღამე. „მან ტელეფონში ჩაიხედა და ტირილი დაიწყო, თუმცა, მიზეზი არ განუმარტავს. მისი დამშვიდება მოვახერხე. შემდეგ ფოტოს გადაღების უფლება ვთხოვე, დამთანხმდა და თვალებში შემომხედა. ურთიერთობაში იშვიათად შემოდის“. (ფოტო პროექტიდან დედისა და დის შესახებ. ფოტოგრაფის დას აუტიზმის სპექტრის აშლილობა და პროდრომული შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს.)
„ვერასოდეს ბოლომდე ვერ გავუგებ სხვა ადამიანს, ვერ ჩავწვდები მის განცდებს – ასეთია რეალობა. მაგრამ მნიშვნელოვანია მოჰყვე ამბავი არა თანაგრძნობის პოზიციიდან, არამედ თანასწორობის, მეგობრობის გრძნობით სავსემ“, – წერს ფოტოდოკუმენტალისტი.
სარა ბლესნერი, 27 წლის. ნიუ-იორკი, აშშ
ციფრულ ეპოქაში, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში მოვლენები წამიერად ძველდება, შესაბამისად, რთულია რომელიმე მათგანზე კონცენტრირება, არსის შეცნობა და კრიტიკული ანალიზი. სარა ბლესნერი თავის საქმიანობას „შენელებულ ჟურნალისტიკად“ მოიხსენიებს, რომელიც ახალი ამბის გაფილტვრაზე, მის სიღრმისეულ შესწავლასა და დასკვნების გაზიარებაზეა ორიენტირებული.
- ნიკა, 24 წლის, უკრაინის არმიის სნაიპერი. 2016 წლის სექტემბერი
სარა ბლესნერი ომის, განათლებისა და სოციალური ხასიათის თემებს აშუქებს გამოცემებში – Newsweek-ში, Time-სა და New York Times-ში. მისი ყველაზე ცნობილი პროექტია „სამხედრო-პატრიოტული აღზრდა და განათლება აშშ-სა და რუსეთში“. „ისტორიულად დაპირისპირებულ ორ კულტურას – დემოკრატიულ შტატებსა და ავტორიტარულ რუსეთს – ბევრი საერთო აქვს: მოზარდებისა და ბავშვების ცნობიერების მილიტარიზაცია, გასამხედროებისა და დეჰუმანიზაციის ნიშნები. ეს უხილავი შრეები მხოლოდ „შენელებული ჟურნალისტიკის“ გზითაა ხილული“, – წერს სარა ბლესნერი.
- მოსკოვის გარეუბანი, დმიტროვი. 2015 წელს რუსეთის მთავრობის განკარგულებით ამოქმედდა საგანმანათლებლო პროგრამა „მოქალაქეთა პატრიოტული აღზრდა 2016-2020 წლებში“, რომლის მიზანი იყო პატრიოტული გრძნობის გაღვივება ახალგაზრდებში და ახალწვეულთა რაოდენობის გაზრდა 10%-ით. ამჟამად 200 ათასზე მეტი რუსი მოზარდი პატრიოტული კლუბების წევრია.
„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და „ამერიკანიზმი“ – ეს გამოთქმები თანამედროვე ამერიკის არა მარტო პოლიტიკურ პროცესებში ისმის, არამედ შტატების ახალგაზრდულ ბანაკებსა და კლუბებში. ამ მიკროკოსმოსში მოზარდების მყიფე, ფორმირებადი ცნობიერება ინდივიდუალიზმის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. ყოველ წელს 400 ათასამდე ამერიკელ მოზარდს ასწავლიან, თუ რას ნიშნავს იყო ამერიკელი, ამ პროცესს კი მილიტარისტული ქვეტექსტები აქვს. ფოტოპროექტი Beckon Us From Home აშშ-ის 12 შტატშია გადაღებული და წარმოადგენს ვიზუალურ დაკვირვებას იმაზე, თუ როგორ უნერგავენ ახალ თაობას პატრიოტიზმის განცდას.