მძიმე მეტალების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე და მისი შემცირების გზები
ავტორი: სოფია გიგიტაშვილი
მძიმე მეტალებით გამოწვეული ტოქსიკურობა დღევანდელობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ასეთი მეტალები უხვად არის საკვებში, წყალში, კოსმეტიკაში, ჰაერში, წამლებში და დიდად აზიანებს ჩვენს ორგანიზმს.
განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები: როგორც Scientific World Journal (მსოფლიო სამეცნიერო ჟურნალი) აღნიშნავს, მძიმე მეტალებს არავითარი როლი არ აკისრია ადამიანის ფიზიოლოგიაში და უამრავი ქრონიკული დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს.
რა არის მძიმე მეტალები?
მძიმე მეტალები მაღალი ატომური მასის მქონე ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ბუნებრივი სახით არსებობს დედამიწის ქერქში და ზოგიერთი მათგანი (ქრომი, რკინა, სპილენძი, თუთია და ა.შ.) გარკვეული რაოდენობით მნიშვნელოვანია ცოცხალი არსებების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობისათვის. მძიმე მეტალების მეორე კატეგორიას კი (ტყვია, ალუმინი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ა.შ.) არავითარი ფიზიოლოგიური დანიშნულება არ აქვს და პირიქით – ტოქსიკურია ადამიანის ორგანიზმისთვის.
როგორ ხვდება მძიმე მეტალები ადამიანის ორგანიზმში?
ბოლო საუკუნეში მძიმე მეტალების რაოდენობა ჩვენს გარემოში საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ფართოდ გამოიყენება აგროკულტურაშიც. უამრავი კვლევის თანახმად, ჩვენი ჰაერი, წყალი, კოსმეტიკა, ტანის, თმის და სახის დასაბანი საშუალებები, დეოდორანტები, სუნამოები, მზისგან დამცავი ლოსიონები, სიგარეტები, ელექტროსიგარეტები, ვერცხლისწყლის ბჟენები, წამლები, საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალებები (სარეცხი ფხვნილი, საპონი და ა.შ.) სავსეა მძიმე მეტალებით.
ყველაფერი, რასაც ვსუნთქავთ, მივირთმევთ და კანს ეხება, სისხლის მიმოქცევის საშუალებით ხვდება ჩვენს უჯრედებში. ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 100 ტრილიონი უჯრედისაგან შედგება. ამ უჯრედებზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და დაავადებების წარმოშობაც.
როდესაც მძიმე მეტალები უჯრედში ხვდებიან, ისინი მეტოქეობას უწევენ სხვა საჭირო მინერალებს – კალცს, თუთიას და რკინას, ზეგავლენას ახდენენ და ცვლიან უჯრედში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს და აზიანებენ დნმ-ს. მძიმე მეტალების მოსაშორებლად ორგანიზმი უამრავ ანტიოქსიდანტს, B და C ვიტამინებს იყენებს.
მძიმე მეტალები განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. ისინი ასევე გადაეცემა ბავშვს დედის და მამის საშუალებით, მოქმედებს ნაყოფის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში მოიმატებს ქრონიკული დაავადებები, რომლის განკურნებაც ჯერჯერობით მედიცინას არ ძალუძს.
როგორ გავუმკლავდეთ მძიმე მეტალებს?
მართალია, ყველაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ მაინც შეგვწევს ჩვენი არჩევანით შეძლებისდაგვარად ავირიდოთ უამრავი საფრთხე. ადამიანის ორგანიზმი უკვე ბუნებრივად აღჭურვილია დეტოქსიკაციის მექანიზმებით. თუ ადამიანი ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრებით, იკვებება ცოცხალი საკვებით, მოძრაობს, აქვს სტრესის დარეგულირების და პირადი ჰიგიენის კულტურა, ორგანიზმი ახერხებს არასათანადო ნივთიერებებისაგან გათავისუფლებას.
თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი გარემო ზედმეტად გადატვირთულია მავნე ნივთიერებებით და მათ შორის მძიმე მეტალებით, ფერხდება დეტოქსიკაციის ფუნქციაც, რადგან ასეთ ვითარებაში ორგანიზმი ვერ უმკლავდება დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერების მოშორებას.
#1. ვიზრუნოთ გარემოზე
წარმოიდგინეთ თევზი, რომელიც აკვარიუმში ცხოვრობს, მიირთმევს ყველაზე ჯანსაღ საკვებს, მაგრამ მისი წყალი გამუდმებით დაბინძურებულია. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე. ვეძებოთ საშუალებები მის გამოსასწორებლად. ვინაიდან მძიმე მეტალებით გამოწვეული დაზიანება თვალისთვის უხილავია, უმეტესობა ჩვენგანი პასიურობას ამჯობინებს. არადა ავტოიმუნური, სიმსივნური და უამრავი სხვა დაავადების მომრავლება სწორედ ჩვენს ტოქსიკურ გარემოს უკავშირდება. ამ დაავადებების რიცხვი დღითი დღე იზრდება.
აუცილებელია დაჟინებით მოვთხოვოთ კომპეტენტურ პირებს იზრუნონ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, რაც გულიხმობს ტყე-პარკების გაშენებას, საწვავის, საკვების, წყლის და კოსმეტიკური საშუალებების კონტროლს და უსაფრთხოების სტანდარტებისთვის დაქვემდებარებას. სუფთა, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ადამიანის მთავარი უფლებაა. ეს შეუძლებელი ნამდვილად არ არის, რადგან ევროპულ ქვეყნებში უკვე არსებობს ჯანსაღი გარემოს დაგეგმვისა და განვითარების პრაქტიკა.
#2. მივირთვათ ჯანსაღი საკვები.
ორგანიზმიდან მძიმე მეტალების განდევნას სჭირდება სათანადოდ გამართული დეტოქსიკაციის ფუნქცია და ნივთიერებები. ამ ფუნქციას ასევე აფერხებს რაფინირებული, შაქრითა და ხელოვნური იგრედიენტებით დატვირთული საკვები, უხარისხო ზეთები, სიგარეტი, ალკოჰოლი, ქიმიური წამლები. ხილი და ბოსტნეული, სუფთა წყალი, ჯანსაღი ცხიმები, ტრადიციულად მოყვანილი და დამზადებული საკვები კი ორგანიზმს ამარაგებს სასიცოცხლო ნივთიერებებით, რომელიც ხელს უწყობს დეტოქსიკაციის პროცესსაც.
კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი საკვები და მცენარე განსაკუთრებულად ეხმარება ორგანიზმს მძიმე მეტალების მოშორებაში. ასეთი საკვებია: ქინძი, ნიორი, კურკუმა, ლიმონი, ჯანჯაფილი, ბროკოლი, სატაცური, ჭარხალი, პამიდორი, მოცვი, ქლორელა (დანამატის სახით), სპირულინა (დანამატის სახით), მწვანე ჩაი, ბაყაყურა (დანამატის ან სამკურნალო ჩაის სახით).
ჯანსაღ კვებასთან ერთად ეცადეთ ყოველდღიურად მოიხმაროთ ეს საკვები პროდუქტები და დანამატები. თუკი არსებობს მძიმე მეტალებით მოწამვლის უფრო მძიმე სტადია, მაშინ აუცილებელია სპეციალისტის მეთვალყურეობით დეტოქსიკაციის თერაპიის ჩატარება.
#3. უარი ვთქვათ პირადი ჰიგიენისა და კოსმეტიკური საშუალებების ტოქსიკურ პროდუქტებზე.
გარემოს და საკვებთან ერთად, ასევე ყურადღება უნდა მოვაქციოთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ჩვენს კანს ეხება, რადგან, რაც ჩვენს კანს ეხება, სისხლის მიმოქცევის საშუალებით მიემართება ღვიძლში. ღვიძლი დეტოქსიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი ორგანოა. ის შლის და აშორებს ტოქსიკურ ნივთიერებებს. მას ასევე 400-ზე მეტი სხვა ფუნქციაც აკისრია.
ტოქსიკურ ნივთიერებებთან (მძიმე მეტალებთან) კონტაქტის დროს ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანს უჩნდება ხილული სიმპტომები, როგორიც არის სიწითლე, ქავილი, გამონაყარი ან შესიება, მაგრამ სხვა შემთხვევაში მათი ზეგავლენა უხილავია. ტოქსიკური კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის საშუალებები მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, რაც საფუძვლად უდევს ჰორმონალური დარღვევების, სიმსივნის, დიაბეტის და სიმსუქნის წარმოქმნის რისკს. კანი ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა, ის აწარმოებს D ვიტამინს, არეგულირებს ტემპერატურას, გვიცავს უამრავი ბაქტერიისა თუ მიკრობისგან და ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას.
თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ უსაფრთხო პირადი ჰიგიენისა და კოსმეტიკის შესახებ, ეწვიეთ: https://www.ewg.org