შეშლილი კერამიკოსი – ჯორჯ ედგარ ორი
„ყოველ ნამუშევარზე ისეთივე სინაზით ვფიქრობ, როგორც ორსული დედა მომავალ შვილზე“, – ამბობდა ამერიკელი მხატვარ-კერამიკოსი ჯორჯ ედგარ ორი.
- ჯორჯ ედგარ ორი. ბილოქსი. მისისიპი
ჯორჯ ედგარ ორი 1857 წელს მისისიპის შტატში, ქალაქ ბილოქსიში დაიბადა. მეთუნეობის ხელოვნებას ბავშვობიდანვე ეუფლებოდა. 22 წლის ასაკში კი, საკუთარი სახელოსნო გახსნა. თავდაპირველად, უბრალო, საყოფაცხოვრებო ნივთებს: დოქებს, ჯამებს და ბოთლებს ამზადებდა, შემდეგ კი ექსპერიმენტები დაიწყო.
- ლარნაკი. 1897-1900
მისი ლარნაკების გრეხილი ფორმები იმ ეპოქისათვის ინოვაციური და უცხო იყო. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსტატს თანამედროვეები, განსაკუთრებით კოლეგები ვერ უგებდნენ, მწარედ აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ კიდეც. მიუხედავად ამისა, ჯორჯ ორი ჯიუტად განაგრძობდა თავის თამამ ექსპერიმენტებს.
საინტერესოა ისიც, რომ ოსტატი დაინტერესებულ ადამიანებს მუშაობის პროცესს აყურებინებდა და ერთგვარ საცირკო კარნავალად აქცევდა. მეტი ეფექტისათვის კი, გრძელ წვერ-ულვაშს ყურებზე ივარცხნიდა ხოლმე. ამგვარი ქცევის გამო, მას „შეშლილი მეთუნე“ შეარქვეს. კერამიკოსის ჩანაფიქრმა გაამართლა, ადამიანები სხვადასხვა შტატებიდანაც ჩამოდიოდნენ ამ უცნაური კაცის სანახავად, თუმცა მისი ნაკეთობები ეუცნაურებოდათ და არ ყიდულობდნენ.
- ჯორჯ ედგარ ორის სახელოსნო
- ჯორჯ ედგარ ორი
- ჭრელი ჩაიდანი. 1895-1900
- ჩაიდანი. 1897-1900
მართლაც, მისი ნამუშევრების ფორმები ნამდვილად ეგზოტიკური იყო, ზოგჯერ არაპრაქტიკულიც. „მე ვქმნი კერამიკას ხელოვნებისთვის, ღმერთისთვის, მომავალი თაობებისა და საკუთარი სიამოვნებისათვის, მათ მხოლოდ ჩემი სიკვდილის მერე აღიარებენ და პატივს სცემენ“, – ამბობდა ედგარ ორი.
- ლარნაკი. 1895-1900
მხატვარ-კერამიკოსის წინასწარმეტყველება ახდა. „მან ეპოქას 50 წლით გაუსწრო და ყველაზე გასაოცარი ამაში ის იყო, რომ თავადვე იცოდა ეს“, – წერს ხელოვნებათმცოდნე გარტ კლარკი.
დღეს „შეშლილი მეთუნე“ უდიდეს ფიგურად ითვლება ამერიკული კერამიკული ხელოვნების ისტორიაში. მისი ნამუშევრები მეტროპოლიტენის მუზეუმსა და სმიტსონის ინსტიტუტში, ასევე კერძო კოლექციებში ინახება, რომელთა ფასი რამდენიმე ათეული ათასი დოლარია.