fbpx

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც ტატუს გაკეთებას გეგმავს


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ტატუს გაკეთება საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა.  მიუხედავად სხვადასხვა ასპექტისა, ტატუ დროსთან ერთად აქტუალობას არ კარგავს და უფრო მეტად ტრენდული ხდება.

 

თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ტატუს გაკეთებას პირველად გეგმავს, მაშინ გირჩევთ, ამ სტატიას ყურადღებით გაეცნოთ.

 

  • იმისათვის, რომ არ ინანოთ, ტატუარტისტთან ვიზიტამდე კარგად უნდა მოიფიქროთ ტატუს ვიზუალი, ზომა, მისი ადგილი და სრულად გაიაზროთ ის, რომ ტატუს სახით ერთგვარ მუდმივ თანამგზავრს იჩენთ. თუ მას ვერ შეითავსებთ, ყოველი შეხედვისას უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ.
  • ტატუს გაკეთება უსიამოვნო პროცესია, რადგან ის მტკივნეულია. თუ თქვენთვის ტატუ სილამაზესთან ასოცირდება, მაშინ ეს ის შემთხვევაა, როცა სილამაზე ნამდვილად მოითხოვს მსხვერპლს.
  • არასდროს  მიხვიდეთ ტატუს გასაკეთებლად  ჩამოუყალიბებელი, აბსტრაქტული სურვილებით. რაც  უნდა გამოცდილი და გემოვნებიანი იყოს თქვენი ტატუარტისტი, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, რომ ტატუ ეს არის მუდმივი დეტალი თქვენს სხეულზე და ის პირველ რიგში თქვენვე  უნდა მოგწონდეთ. თუ დამოუკიდებლად მაინც ვერ აკეთებთ არჩევანს, ჯობს ტატუარტისტთან წინასწარ შეთანხმდეთ და მასთან მისვლამდე მიიღოთ თუნდაც ერთობლივი გადაწყვეტილება.
  • ტატუს გაკეთება საკმაოდ ძვირია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევანი დაბალი ფასის მიხედვით არასდროს უნდა გააკეთოთ.
  • ფულთან ერთად ნუ დაზოგავთ დროს ტატუს არტისტის შერჩევისას, ჰკითხეთ თქვენს ნაცნობებს, რეკომენდაციისათვის მიმართეთ  სოციალური ქსელის ჯგუფებს და ყურადღებით გაეცანით შერჩეული პროფესიონალის ნამუშევრებს.
  • ტატუს გაკეთებისას  გამოსახულების სიმბოლიკასაც გაეცანით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენთვის მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ჰქონდეს მნიშვნელობა, გახსოვდეთ, რომ სხეულის მოხატვის ხელოვნებას  შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს.
  • შეეცადეთ ტატუარტისტს სასურველი გამოსახულების/სიმბოლოს  ესკიზი აჩვენოთ. ასე ის სხეულზე დახატვას უფრო ზუსტად შეძლებს და  თქვენი მოლოდინიც მეტად გამართლდება.
  • შეეცადეთ არ გაიკეთოთ ისეთი ტატუ, რომელშიც  დეტალები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, რადგან დროთა განმავლობაში პიგმენტი კანში იწოვება და ხაზები ოდნავ დიდდება.
  • აუცილებლად ზუსტად დაიცავით ტატუარტისტის მითითებები: პროცედურიდან  რამდენიმე საათი ტატუირებული ადგილი სტერილურად შეიხვიეთ, წაისვით ბეპანთენის ან იდენტური მოქმედების  მალამო და მაქსიმალურად ფრთხილად დაიბანეთ ტატუს მონაკვეთი.
  • ტატუს გაკეთებიდან დაახლოებით 2 კვირა ჭრილობა შუშდება, ამიტომ თავი შეიკავეთ რუჯის მიღებისგან როგორც მზის ბუნებრივი სხივებით, ასევე სოლარიუმში.
  • ასევე  ნუ გაიკეთებთ ლაზერულ ეპილაციას, სხივებმა შესაძლოა ახალი პიგმენტი დაწვას. სამომავლოდაც, აუცილებლად გააფრთხილეთ სპეციალისტი ტატუს შესახებ,  რათა იმპულსები სწორად შეარჩიოს და შემთხვევით ტატუ არ დაზიანდეს.
  • თუ ფიქრობთ, რომ წარუმატებელი ტატუს შემთხვევაში კოსმეტოლოგიის თანამედროვე მიღწევები გიშველით და  ლაზერით მოიშორებთ, იცოდეთ, რომ ეს პროცედურები მრავალჯერადი და გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ტატუს გაკეთება. მისი  უკვალოდ გაქრობა კი ხშირ შემთხვევაში შუძლებელია, ამიტომ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ჩვენი რჩევების პირველი პუნქტი.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.