fbpx

ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სამხრეთ ამერიკის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ტურნირი უკვე დასკვნით ფაზაში შევიდა. იქამდე კი ჯგუფურმა ეტაპმა და მეოთხედფინალურმა მატჩებმა მაყურებელს არაერთი სიახლე შესთავაზა, რაც უპირველეს ყოვლისა ევროპაში გავარსკვლავებული და კონტინენტზე დარჩენილი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების ჭიდილს უკავშირდება.

დაპატიჟებულმა ყატარმა და იაპონიამ კი ტურნირი ისე დატოვეს, რომ მათ შესახებ სტატისტიკოსები თუ გაიხსენებენ ამა თუ იმ ციფრულ მონაცემს, რაც ფეხბურთის მოყვარულისთვის არც არის საინტერესო.

აი მომავალი ნახევარფინალებიდან კი ბრაზილია – არგენტინის მატჩს  ნებისმიერი გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით ელის, რადგან იტორიული დაპირისპირება ნაადრევ ფინალადაც შეგვიძლია შევრაცხოთ. 

მაგრამ რამდენად დამაკმაყოფილებელია დღესდღეობით ამ გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარსისხი? 

სამწუხაროდ, აქამდე ჩვენ ვიხილეთ მსოფლიო ფეხბურთის გრანდთა საკმაოდ უღიმღამო ასპარეზობა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომელთა ვერც სათამაშო კლასი, ვერც ტრადიციები ახლოს ვერ მივა მათთან.

კოპა ამერიკა ოდითგანვე განსხვავებული ხასიათის ტურნირია და თუკი ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგვაის დონის მეზობელ გუნდებს თავისუფლად ამარცხებს, სულაც არ ნიშნავს, რომ იგივეს სამხრეთ ამერიკის თასზეც გაიმეორებს. 

მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სწორედ ამ პარაგვაის კოლუმბიამ მეორე შემადგენლობით მოუგო და ვინ იცის ყატარსაც დაემარცხებინა, მეტი დრო რომ დარჩენოდა ანგარიშის გათანაბრების შემდეგ?

რა ვუყოთ, რომ პარაგვაიმ საუკეთესო მატჩები სწორედ ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარა და დერლის გონსალესმა ტურნირზე ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა? 

თანაც, არგენტინელებთან პენალტის გამოყენების შემთხვევაში, მას დიდი ალბათობით აღარც მოუწევდა ბრაზილიელებთან თერთმეტმეტრიანის შესრულება…

მაგრამ, იქაც დაარტყა და რომ არა მის მიერ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი, შეიძლება ბრაზილია – არგენტინის დაპირისპირება ვერც გვეხილა.

სამაგიეროდ, თუკი გაბრიელ ჟეზუსმა პერუსთან ვერ გამოიყენა პენალტი, პარაგვაისთან „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს დასკვნითი დარტყმა მიანდეს, რომელიც მან მართალია, პაუზით შეასრულა, მაგრამ რაც მთავარია გაიტანა. 

ბრაზილიის ნაკრები ნახევარფინალში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ალბათ სწორედ ასეთი დარტყმით უნდა გასულიყო. „ტორსიდა“ ბუნებრივია, რომ კმაყოფილია შედეგით, მაგრამ არა თამაშის ხარისხით, რადგან სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაკრები ისევ დამარცხებულიყო 2014 წლის ფორმაციის გერმანიასთან და შარშანდელ ბელგიასთან…

 

ბრაზილიის ნაკრები ნახევარფინალში გასვლას ზეიმობს

 

რას წარმოადგენს „პენტაკამპეონის“ მეტოქე ნახევარფინალში? „ალბისელესტეს“ გამორჩეულ ფიგურად ლაუტარო მარტინესი ქცეულა. ახალგაზრდა მწვრთნელმა კი ვენესუელასთან მეოთხედფინალურ მატჩში ის 64-ე წუთზე დი მარიათი შეცვალა. 

სკალონის ეტყობა სურდა, რომ ნახევარფინალის წინ მონდომებული ფორვარდისთვის დასვენების საშუალება მიეცა. თუმცა, ვენესუელამ სწორედ მისი გასვლის შემდეგ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, დი მარიას მოედანზე არაფერი გაუკეთებია, არგენტინელთა მეორე გოლი ვენესუელას მეკარის სინდისზეა, მესიმ კი მოედანზე მეტოქე მცველების მოტყუება თვითმიზნად აქცია და გუნდიც ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომ სხვა სათამაშო ფორმის შემთხვევაში, ვერვინ იცნობდა, რომ ეს არგენტინის ნაკრებია.

თუმცა, მთავარი შედეგია და აქედან გამომდინარე, „ალბისელესტეს“ სათამაშო სქემა თურმე ამართლებს! უბრალოდ საინტერესოა, რას აპირებს ასეთი დაცვითი ხაზის მქონე არგენტინის ნაკრები ტურნირის მასპინძელ ბრაზილიელთა წინააღმდეგ მატჩში?

თითქოს „სალესაოს“ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დღესდღეობით პირველი გოლის გატანაა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მაინცდამაინც არგენტინელთა წინააღმდეგ მოვიდეს ის გოლების გატანის მადაზე და ერთ გოლს სხვებიც მოაყოლოს? თუკი ასე მოხდება, ანგარიშიც შეიძლება უხერხული იყოს და „ალბისელესტესაც“ მატჩის დასრულებისთანავე ახალი მწვრთნელის მოწვევაზე ფიქრი მოუწიოს…

ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს, რადგან ბრაზილია ბოლოს და ბოლოს ტურნირის მასპინძელია და ჩემპიონი რომც ვერ გახდეს, ამ გამარჯვებით მაინც უნდა მოიოხოს გული.

რით შეიძლება უპასუხოს არგენტინამ ასეთ სერიოზულ გამოწვევას? ალბათ დი მარიას (თუკი გამოიყვანენ), მარტინესის, სერხიო აგუეროსა და სხვათა გასაოცარი ინდივიდუალური ოსტატობით.

მესიმ კი ისე უნდა ითამაშოს, როგორც არასდროს, თორემ მაღალი დონის გუნდური თამაშისგან სკალონის გუნდი ნამდვილად შორსაა.

ბრაზილია კი, არგენტინისგან განსხვავებით, შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას მაინც ტოვებს, რა მიზეზითაც გოლის გატანა მის კარში ჯერჯერობით ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. მეოთხედფინალში გავარდნის სირცხვილისგან კი „პენტაკამპეონი“ გოლკიპერმა ალისონ ბეკერმა იხსნა, რომელიც „სალესაოში“ ალბათ საუკეთესო მოთამაშეა.

ბრაზილიელთა მსგავსად, გოლი არც კოლუმბიის ნაკრებს გაუშვია, მაგრამ მისგან განსხვავებით მეოთხედფინალში ტურნირის დატოვება მოუწია.

ჩილესთან შეხვედრაში კოლუმბიის ნაკრები თითქოს ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ აბა დავაკვირდეთ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო მიმდინარე ტურნირზე მატჩის მოსაგებად.

ამის ნათელი მაგალითი მეოთხედფინალური შეხვედრებია, რომელთაგან სამი ერთნაირი ანგარიშით – 0:0 დასრულდა.

გამოდის, რომ მეოთხედფინალში მონაწილე რვა გუნდიდან მხოლოდ არგენტინის ნაკრებმა შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა! ეს კი მესისა და მისი თანაგუნდელებისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური იმპულსი უნდა იყოს ბრაზილიელებთან ნახევარფინალური მატჩის წინ.

 

მარტინესი – არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი

 

თუკი არგენტინამ ვენესუელას ორი გოლი გაუტანა, ჩილეს კოლუმბიის წინააღმდეგ მატჩში ორი გოლი არ ჩაუთვალეს.

ვიდეორეფერი საერთოდ ცალკე თემაა და კოპა ამერიკის წლევანდელ ტურნირზე მაყურებელმა სარეკორდო რაოდენობის გაუქმებული გოლები იხილა.

საკუთარ კარში არ ჩათვლილი გოლების რეკორდსმენი ვენესუელის ნაკრებია, რომლის ბადეშიც ბრაზილიელებს და პერუელებს შესაბამისად 3 და 2 გოლი გაუუქმეს.

სამი არ ჩათვლილი გოლით ურუგვაელებიც „დაჯილდოვდნენ“ პერუსთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში, მაგრამ ოსკარ ტაბარესისა და მისი აღზრდილების სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტისთვის.

ყველასთვის მოულოდნელად პერუელებთან მატჩის ანტიგმირად ლუის სუარესი იქცა, რომელმაც პირველი და თურმე გადამწყვეტი პენალტი ვერ გამოიყენა მოწინააღმდეგის კარში.  

 

სუარესის გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს გერერომ ზუსტი დარტყმით უპასუხა

 

ურუგვაის ნაკრები ჯობდა მეტოქეს, მაგრამ გადამწყვეტი იერიშის მიტანა მატჩის მეორე ნახევრისთვის გადადო. სწორედ ასეთი ტაქტიკით მოიგო ოსკარ ტაბარესის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩილეს ნაკრებთან, მაგრამ მაშინ ამ სტრატეგიამ იმუშავა, რადგან ჩილეს ისედაც განაღდებული ჰქონდა მეოთხედფინალში ასპარეზობა და არც კოლუმბიასთან დაპირისპირებას ერიდებოდა. ახლა კი მაყურებელს კავანისა და სუარესის ნაცვლად ნახევარფინალში გერეროსა და ფლორესის ცქერა მოუწევს.

ამით ყველაზე კმაყოფილი ჩილეს ნაკრები დარჩა. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი უკვე კბილებს ილესავს კოპა ამერიკის ზედიზედ მესამედ მოსაგებად.

პერუს ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ არის, ეს ურუგვაელებთან მათმა დაპირისპირებამაც დაგვანახვა, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრებს მშვენივრად ახსოვთ, რომ გასული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩილემ ორივე მატჩი მოუგო მას, თუმცა სანჩესი, ვიდალი და მათი თანაგუნდელები მაინც ტურნირის მიღმა დარჩნენ. 

ჩილე მომავალ მეტოქესთან შედარებით ნახევარფინალს დასვენებული ხვდება, რადგან გარდა იმისა, რომ მატჩისთვის მოსამზადებლად მას ერთი დღით მეტი აღმოაჩნდა, პერუს ნაკრების მოთამაშეები ურუგვაელებთან შეხვედრის ბოლო 20-25 წუთის მანძილზე საკმაოდ გადაღლილები ჩანდნენ და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და დროის გაყვანაზე ფიქრობდნენ.

ჩილელთა თამაშს განსაკუთრებული ყურადღებით თვალყურს არგენტინელები ადევნებდნენ, რადგან ხომ შეიძლება, რომ კოპა ამერიკის ფინალი ზედიზედ მესამედ განმეორდეს? 

ბრაზილიელები კი ჩილელებთან მიმართებაში მხნედ გამოიყურებიან, რადგან სწორედ მათი დამსახურებით ვიდალს, სანჩესს და კომპანიას გასული მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიათ…

თუმცა, ეს უკვე წარსულია. დღესდღეობით კი ფეხბურთის გულშემატკივარს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს:  ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!


რეკომენდებული სტატიები
კოპა ამერიკა ეშხში შედის

კოპა ამერიკა ეშხში შედის

კოპა ამერიკა ეშხში შედის
ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მოვლენები უაღრესად საინტერესოდ რომ ვითარდება, ამაზე შესანიშნავად მეტყველებს ჯგუფური ეტაპის მატჩების სანახაობრივი მხარე
ევროტურნირებიდან კოპა ამერიკამდე

ევროტურნირებიდან კოპა ამერიკამდე

ევროტურნირებიდან კოპა ამერიკამდე
სავსებით შესაძლებელია, რომ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს უკვე მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ - ჯგუფებში გუნდების გადანაწილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.