fbpx

Copa América: ბრაზილია უძლიერესია!


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთის ნებისმიერ ეპოქას თავისი განსაკუთრებული მოთამაშეები ჰყავს, მათი დიდ ფეხბურთთან დამშვიდობება კი ყოველთვის იწვევს ქომაგების გულისტკივილს, იმის გამო, რომ სიცარიელე რჩება. შევსებას დრო სჭირდება, დრო კი არ ითმენს…

როცა ლიონელ მესი დიდ ფეხბურთში მოდიოდა, მისი გამოისობით რონალდინიოს, ზიდანის თუ სხვათა წასვლა ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდა,

ახლა კი ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე წინასწარ ფიქრობს – ვინ უნდა შეცვალოს მესი, რა თქმა უნდა, თუკი თავის თავს არ ეჯიუტება და მესის დონის ფეხბურთელებს დღეს უკვე აქა-იქ არ „ამჩნევს“…

მესი, როგორც ზეაღმატებული, ზოგჯერ ნაკრებშიც არ უყვართ, სადაც ის სრულიად მარტოა

მიტოვებული როგორც მწვრთნელისგან, ისე აგუეროებისგან, დი მარიებისგან, თუ ლაუტაროებისგან, როგორც ეს ბრაზილიის ნაკრებთან თამაშმა საბოლოოდ ცხადყო.

ჩილესთან შეხვედრის დროს კი არგენტინელი 10 ნომერი უკვე მთავარმა მსაჯმაც მოიძულა და ტურნირის უკანასკნელ მატჩში მოედანი იმ ფეხბურთელს დაატოვებინა, რომლის მონაწილეობის გამო შესაძლოა, ამ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ნახევარზე მეტი გაიყიდა… 

 

მატჩის არბიტრმა ჩილეს ნაკრებთან შეხვედრაში მესი მოედნიდან გააძევა

 

ან კი ვის დააინტერესებდა მესამე ადგილისთვის არაფრის მთქმელი მატჩი, რომ არა მესის გამოჩენა? ალბათ ჩაატარებენ მონიტორინგს და გამოიკვლევენ, დაახლოებით რამდენი ტელევიზორის ეკრანი გამოირთო მეორე ტაიმის დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ნაადრევი ფინალი კი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან როგორც  უნდა იხრებოდეს ესა თუ ის გულშემატკივარი ევროპული ფეხბურთის მხარეზე, დღესდღეობით ბრაზილიის და არგენტინის დაპირისპირება მაინც უმნიშვნელოვანესია სანაკრებო ფეხბურთში და მესი სანამ ითამაშებს, ეს ნამდვილად ასე იქნება.

ამ მატჩში ტურნირის მასპინძლებმა პირველად გაიტანეს ჭეშმარიტად ბრაზილიური გოლი, რომლის სულისჩამდგმელიც დანი ალვეში იყო. ამისთვის მასპინძელთა მე-13 ნომერს უბრალოდ წამიერად ბურთის და მზერის სხვადასხვა მიმართულებით გაშვება დასჭირდა, რასაც კიდევ ერთი პასი და არგენტინელთა კარში ბავშვური გოლი მოჰყვა.   

ამის შემდეგ არგენტინა წვალობდა, აშკარა მომენტებს ჰქმნიდა, აგუერომ ბურთი ერთ ეპიზოდში ხარიხას გაარტყა, მეორეში კი სანტიმეტრები დააკლდა ტურნირზე ალისონის კარის პირველად ასაღებად. ეს ყველაფერი მესის დამსახურებით, მისი გარღვევებისა თუ შესანიშნავი პასების შედეგად ხდებოდა. 

მაგრამ რასაც არგენტინა წვალებით აკეთებდა, ბრაზილია ლაღად, მედიდურად და რაც მთავარია 100%-ით ასრულებდა.

შედეგად, მეორე გოლიც ჭეშმარიტად ბრაზილიური მახვილგონივრულობით გამორჩეული გამოდგა, ოღონდ ამჯერად კონტრშეტევით.  რაზე ფიქრობდნენ არგენტინელები 0:2 მარცხის შემდეგ? ალბათ იმაზე, რომ დიდი ხანია, რაც ბრაზილიის ნაკრებთან გოლი ვერ გააქვთ, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ბრაზილიასთან ოფიციალური მატჩი არ მოუგიათ, რომ მწვრთნელი კვლავ ვერ ეღირსათ და კიდევ… ნეიმარი რომ ყოფილიყო, რა ანგარიშით წააგებდნენ ნახევარფინალურ მატჩს.

იგივე შეკითხვა ალბათ პერუს ნაკრებსაც უნდა დაესვა საკუთარი თავისთვის ფინალური მატჩის შემდეგ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის მაქსიმალურად ეცადა, რომ 0:5 არ განმეორებულიყო.  საბოლოოდ დაფიქსირდა შედეგი, როგორითაც პირველი მატჩი შეიძლებოდა დასრულებულიყო, რომ არა პერუელთა გოლკიპერ გალიესეს შეცდომები.

პერუმ იომა ბოლომდე და წლევანდელი კოპა ამერიკის აღმოჩენა სწორედ ეს გუნდი გახდა.

აბა მარტივი საქმეა ზედიზედ ურუგვაის და ჩილეს ნაკრებების გამოთიშვა ტურნირიდან? ჩილე იგებდა მაშინ, როდესაც ფავორიტის რანგში არ ყოფილა, ხოლო ნახევარფინალში კი 0:3 დამარცხდა პერუს ნაკრებთან, რომელთანაც გასული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორივე მატჩი მოიგო.

პერუს ნაკრების მწვრთნელი – რიკარდო კარეკა კი გარდა იმისა, რომ სავარაუდოდ, წლევანდელი კოპა ამერიკის ტურნირზე საუკეთესო იყო კოლეგებს შორის, წარმოშობით არგენტინელია…

 

პერუს ნაკრების ფეხბურთელები ფინალში გასვლას ზეიმობენ

 

როდესაც თვალს გადავავლებთ იმ კლუბებს, რომლებშიც პერუს ნაკრების ფეხბურთელები ასპარეზობენ და შევადარებთ ბრაზილიის ნაკრების თანავარსკვლავედს, საიდანაც მხოლოდ ევერტონია დარჩენილი სამშობლოში, ერთი წუთით კიდევ ერთხელ დავფიქრდებით, რომ განსაკუთრებით მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, წარმატების მიღწევა ყოველთვის შეიძლება თანამედროვე ფეხბურთში.

პერუს ნაკრებმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მან მედგარი წინააღმდეგობა გაუწია გუნდს, რომელიც მასზე ბევრად ძლიერია და თანაც შინ ეთამაშებოდა უამრავი გულშემატკივრის მხარდაჭერით.

მიუხედავად ამისა, პერუმ მოახერხა ბრაზილიის ნაკრებისთვის ანგარიშის გათანაბრება და მატჩის ფინალური ნაწილის მასპინძლებისთვის საკმაოდ არასასურველ კალაპოტში გადატანა.

მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ, „სალესაოს“ უკვე სრული კონცენტრირება მოუწია მოედნის თითოეულ წერტილში და გამოავლინა ის, რითაც ნებისმიერი მეტოქის ძლევა შეუძლია, თუკი ამგვარ კონცენტრირებას შეინარჩუნებს.

რაში გამოიხატება ეს კონცენტრირება? – აუცილებლად ბურთის ფლობის განსაკუთრებულ ტექნიკაში, როდესაც მეტოქე მას უბრალოდ ვეღარ ეუფლება და ადრე თუ გვიან, საქმე გოლამდე მიდის მის კარში. 

ასე მოხდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, როდესაც მეორე ტაიმში ბრაზილიის ნაკრები მოედანზე 10 კაცით იმყოფებოდა, მაგრამ ბურთი სულ მას ჰქონდა.

იგივე განმეორდა პერუსთან ფინალურ შეხვედრაში გაბრიელ ჟეზუსის გაძევების შემდეგაც. ოღონდ გარკვეული დროის მერე. მაგრამ თავიდან კაცნაკლული ბრაზილიის ნაკრები რატომღაც ჩვეულებრივ (!) გუნდს დაემსგავსა, რომელიც შეშინდა რა მეტოქის რიცხობრივი უპირატესობით, უკან დაიხია და მხოლოდ შედეგის შენარჩუნებაზე შეუდგა ფიქრს.

ცოტა ხანში კი, გარკვეული ცვლილებების  შემდეგ, ტურნირის მასპინძელი გონს მოეგო და პერუს ბურთი დაუმალა. ბუნებრივია, რომ მეტოქის მხრიდან ამას წესის დარღვევებიც მოჰყვა, რაც ბრაზილიელებს საალაფო წუთების გაყვანის შესაძლებლობას აძლევდა. 

მალე კი ბრაზილიელთა ინდივიდუალურ ქმედებებს პერუელთა მხრიდან წესის დარღვევა უკვე საჯარიმო მოედანზე მოჰყვა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ბურთის მიუღებლობიდან გამომდინარე, მწყობრიდან გამოსულმა პერუელმა ფეხბურთელმა ვეღარც გაარკვია, თუ სად არღვევდა თამაშის წესს, საჯარიმო მოედნის შიგნით თუ მის გარეთ.

საინტერესო კი ისაა, რომ მეტოქის ამგვარი გამწარების სუფთა სათამაშო დრო, წესის დარღვევების შედეგად მინდორზე გორაობის საალაფო წუთების გამოკლებით, სადღაც 2-3 წუთი თუ იქნებოდა. დროის სწორედ ამ მცირე მონაკვეთში გადაწყდა საბოლოოდ მატჩის ბედი, რომლის შედეგშიც ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა.

პერუს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უდიდესი ძალისხმევის გამო მან მატჩს ბოლომდე შეუნარჩუნა ინტრიგა.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ერთადერთი გოლის გატანა კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების კარში სწორედ მან მოახერხა. 

ბრაზილიელთა მეორე ტაიმის ანტიგმირმა გაბრიელ ჟეზუსმა კი პირველ ნახევარში თავისი საოცარი ფინტები გაიხსენა და ყველას გაახსენა, რომ ბრაზილიელია და ვერანაირი პრემიერლიგა ვერ აქცევს მას ევროპელ ფეხბურთელად. 

პირველი გოლის დროს მან ფინტების კასკადს შესანიშნავი გადაცემა მოაყოლა, რომელიც ევერტონმა გოლად აქცია, ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი უკვე თავად იყოჩაღა და მეტოქისთვის ყველაზე უხერხულ დროს დააწინაურა თავისი გუნდი.

და მაინც, რამდენად ღირსეულად მოიგო ბრაზილიამ საკუთარ მოედანზე ტურნირი?

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მას ძლიერი მეტოქე არც შეხვედრია და თანაც მეოთხედფინალში კინაღამ პარაგვაისთან გავარდა თერთმეტმეტრიანების სერიაშიო. მაგრამ მოდი, ნუ დავივიწყებთ, რომ ფეხბურთში წინასწარ ყველაფერი ისე არ არის გაწერილი, როგორც გვგონია ხოლმე გულშემატკივრებს. თუკი ყველაფერი გვეცოდინებოდა, მაშინ რაღა აზრი ექნებოდა ამა თუ იმ ტურნირის ჩატარებას?

დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები კი ალბათ იმ მხრივაც გამოირჩევა, რომ ერთგვარი ფეთქებადობის გამო ფეხბურთის გულშემატკივარს მის მიმართ წამდაუწუმ ფიქრის და ფანტაზიის საშუალებას აძლევს.

აშკარაა, რომ კოპა ამერიკაზე გუნდის თამაში მატჩიდან მატჩამდე უფრო მახვილგონივრული ხდებოდა, რასაც უკვე ნამდვილი ბრაზილიური გოლები მოჰყვა ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებში.

 

გაბრიელ ჟეზუსმა ტაიმის მიწურულს დააწინაურა ბრაზილიის ნაკრები

 

ამგვარად, ტურნირი მასპინძელმა სრულიად დამსახურებულად მოიგო და დღესდღეობით ეს გუნდი სამხრეთ ამერიკაში ნამდვილად უძლიერესია.

შეინარჩუნებს კი ტიტულს „სალესაო“ შარშანდელი ჩილეს ნაკრების მსგავსად? ამას სულ მალე, უკვე მომავალი წლის კოპა ამერიკა გვიჩვენებს.


რეკომენდებული სტატიები
კოპა ამერიკა ეშხში შედის

კოპა ამერიკა ეშხში შედის

კოპა ამერიკა ეშხში შედის
ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მოვლენები უაღრესად საინტერესოდ რომ ვითარდება, ამაზე შესანიშნავად მეტყველებს ჯგუფური ეტაპის მატჩების სანახაობრივი მხარე
ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!

ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!

ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!
სამხრეთ ამერიკის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ტურნირი უკვე დასკვნით ფაზაში შევიდა. მომავალი ნახევარფინალებიდან კი ბრაზილია - არგენტინის მატჩს ნებისმიერი გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით ელის, რადგან იტორიული დაპირისპირება ნაადრევ ფინალადაც შეგვიძლია შევრაცხოთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.