fbpx

“აჭარა ჯგუფის” სუფრა პარიზში


გააზიარე სტატია

ქართული კულტურის საზღვარგარეთ წარსადგენად “აჭარა ჯგუფმა” 2016 წელს შუაგულ ბერლინში უხვი ქართული სუფრა გაშალა.

ის ქვეყნის სწორედ იმ კულინარიულ ტრადიციებსა და უპირობო ქართულ სტუმარმასპინძლობას აღნიშნავდა, რომელიც უცხოელ სტუმრებს ასე იზიდავს.

სუფრა კროიცბერგში (ბერლინური შემოქმედებითი ჯგუფის ციფრულ პლატფორმა @FVF-თან თანამშრომლობით) გამორჩეული გამოცდილება იყო, მდიდარი ტრადიციული სამზარეულოთი, განთქმული ადგილობრივი ღვინითა და მაგარი ჭაჭით. ეს განსაკუთრებული საღამო ერთმანეთს ძველმა და ახლად შეძენილმა მეგობრებმა გაუზიარეს და საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას – ქართულ სუფრას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 

2018 წელს სასტუმრო “სტამბამ” თბილისში მეორე სუფრას უმასპინძლა, რომელმაც მეგობრებს თავი მთელი მსოფლიოდან მოუყარა.

წვეულება ვაშინგტონის Compass Rose-ისა და Maydan-ის რესტორნების მფლობელთან და დამფუძნებელთან, როუზ პრევიტთან თანამშრომლობით მომზადდა. როუზმა ახლოაღმოსავლური გემოები განაახლა, ამავდროულად კი “აჭარა ჯგუფის”  აღმასრულებელმა შეფ-მზარეულმა ირაკლი ასათიანმა ქართულ საგანგებო კერძებს თანამედროვე დეტალები შემატა. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი ჭეშმარიტად დახვეწილი გამოვიდა. 

სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, 2019 წლის 27 ივნისს, სუფრა პარიზს გაეშურა.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნავად კომპანია “აჭარა ჯგუფმა”  პარიზში ტრადიციული ქართული სუფრა გამართა. ფრანგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ხელოვნებასა და მუსიკას. 

სენ ჟერმენის დე პრეს ისტორიული უბნის შუაგულში, ულამაზეს პარიზულ სახლში,  პიონებითა და შანდლებით მორთული ორი მაგიდა გაეწყო 60 საგანგებო სტუმრისთვის, რომლებიც თავ-თავიანთ სფეროში პიონერები არიან – ხელოვნების, მედიის, ჰოსპიტალიტის, უძრავი ქონების, ლაიფსტაილის განვითარების, გასტრონომიის, კინოსა და ფოტოგრაფიის პარიზელ წარმომადგენლებს ქართული კულტურა და ტრადიციები გააცნეს. 

 

 

ასი წლის წინ საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და თავშესაფარი შესთავაზა ქართველ პოლიტიკოსებს, ინტელექტუალებსა და არტისტებს რუსული რევოლუციის შემდეგ.

ამასთან ერთად, საქართველო იყო მიმზიდველი ადგილი ბევრი ფრანგი მწერლისთვის, მოგზაურისა და მეწარმისთვის. სუფრამ პარიზში პატივი მიაგო საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრობის ხანგრძლივ ტრადიციას. 

“თიბისი ბანკისა” და “ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის” (AC/VP) დახმარებით შესაძლებელი გახდა ღონისძიებაზე ქართული და ფრანგული ვიზუალური ხელოვნების საკულტო ფიგურის – ვერა ფაღავას მემკვიდრეობის გამოფენა.

ვერა ფაღავა თბილისიდან პარიზში 1920-იან წლებში გადავიდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “ფიგურატივიზმის” ევოლუციაში. დღეს ის ქართული წარმომავლობის პირველ  აბსტრაქციონისტ მხატვარ ქალადაა მიჩნეული. 

ამავდროულად, ნახევარი საუკუნის წინ საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ქართული მინერალური წყლის – “ბორჯომის”  იმპორტი, რომელიც იქიდან მოყოლებული გულს უხარებს უამრავ პარიზელს. “ბორჯომი” ნებისმიერი სუფრის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მთელი საღამოს განმავლობაში. 

პარიზის სუფრის თანამდევი იყო ღვინო “შატო მუხრანი” – ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ღვინო 1878 წლიდან. ივანე ბაგრატიონმა – ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალმა – ბორდოსა და შამპანის მონახულების შემდეგ – სადაც ის ღვინის წარმოების ხელოვნებას ეუფლებოდა, საქართველოში “შატოს” კონცეფციის შემოტანა გადაწყვიტა. ადგილობრივი ტრადიციებისა და ახალი ტექნოლოგიების კომბინაციამ ქართული ღვინის ხარისხში რევოლუცია გამოიწვია. 

“აჭარა ჯგუფის” სუფრისთვის პარიზში თბილისიდან თავისი გუნდით ჩამოფრინდა აღმასრულებელი შეფ-მზარეული, ირაკლი ასათიანი. მათ თან ჩამოიტანეს  ადგილობრივი ინგრედიენტები და სანელებლები, რათა ბოლომდე ერთგული დარჩენილიყვნენ ტრადიციული სამზარეულოსი და მოწვეულ სტუმრებს ნამდვილი ქართული გემო შეეგრძნოთ. 

პარიზში გამართული სუფრა დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო, რომელიც გაამყარებს ძველ ურთიერთობებს და ახალ ნაცნობებს მეგობრებად გადააქცევს.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.