fbpx

ფეხბურთი ქართულ ენაზე! – “საბურთალო – შერიფი”


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ცნობილი საფეხბურთო დევიზი – „ფეხბურთი აერთიანებს“ –  ჩვენს ქვეყანაშიც პოვებს გამოძახილს. ეს კი კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, თუ რა ძლიერია ქართული საფეხბურთო გენი, რამხელა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივართა მხარდაჭერას და რაოდენ საჭიროა ფეხბურთი არაერთი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხის მოგვარების საქმეში.

თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს, თუკი „საბურთალო“ მოახერხებს სასწაულს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სწორედ ის აღმოჩნდება პირველი ქართული კლუბი.

რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ეიფორიაში ყოფნა ამჯერად არამცთუ ჩვეულებრივი ამბავი, არამედ ერთგვარად სავალდებულოც კია გულშემატკივრის მხრიდან, იმისთვის რომ საბრძოლო პათოსი საქართველოს ყოველი  მოქალაქისგან გადაეცეს  ჩვენი სახელოვანი ჩემპიონის თითოეულ ფეხბურთელს, რათა მათ საბოლოოდ ირწმუნონ  საკუთარი ძალა და ერთი წამითაც არ იფიქრონ, რომ თუნდაც „ლივერპული“ მათზე ძლიერია, რადგან იყო დრო, როდესაც დიდი ქართული ფეხბურთი „ლივერპულს“ ზუსტად ისეთივე ანგარიშით უგებდა, როგორითაც „საბურთალომ“ მოლდოვური „შერიფი“ დაამარცხა

მატჩის წინ „შერიფი“ აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, რადგან კლუბს საკმაო გამოცდილება აქვს ევროთასებზე ასპარეზობის და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც მონაწილეობდა. 

„საბურთალო“ კი სულ რაღაც 20 წლისაა და თავისი ქვეყნის ჩემპიონი ისე გახდა, რომ იქამდე საპრიზო ადგილის გემო არც კი უგემია და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, თვით საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონისა, რომ მასზე მაინცდამაინც სერიოზულად ღირდეს ყურადღების გამახვილება…

როგორც ჩანს, კენჭისყრის მომენტიდან შეხვედრის დაწყებამდე ასე ფიქრობდა მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც, მეორე მხრივ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საბურთალოს“ თამაშის შესწავლით მისი გუნდი უკვე გადაღლილია, რითაც საკუთარი გულშემატკივარი კომფორტული შედეგის მიღწევაში თითქოს დაარწმუნა კიდეც. 

სამაგიეროდ ასე არ ფიქრობდა „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, უდიდესი ფსიქოლოგიური მუშაობა ჩაატარა გუნდის ნებისმიერ ფეხბურთელთან მათი ჩათვლითაც კი, ვისაც დიდი ალბათობით მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ყოფნა, რადგან საფეხბურთო კანონით განაცხადში შესული ნებისმიერი ფეხბურთელი უკვე მატჩის მონაწილეა!

 

„საბურთალოს“ მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი და სათადარიგოთა სკამი 

 

სწორედ ამ ფსიქოლოგიური მუშაობის შედეგი იყო ის, რაც ქართველმა გულშემატკივარმა მოედანზე იხილა. როგორც ჩანს, ჩვენმა კლუბმა, სამწვრთნელო შტაბის თუ ფეხბურთელთა ჩათვლით, მეტოქესთან შედარებით გაცილებით დიდი ყურადღება დაუთმო ამ ცოტა ხნის წინათ მიმდინარე სამხრეთ ამერიკის თასის გათამაშებას, რადგან გარდა იმისა, რომ კარგი გაკვეთილი ყოველთვის სასარგებლოა, ქართული საფეხბურთო გენეტიკა, მოლდოვურთან შედარებით, ბევრად ახლოს დგას სამხრეთ ამერიკულთან.

ყურადღებით თუ დავაკვირდებით, „საბურთალოს“ „შერიფთან“ მატჩის მსგავსება კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ბრაზილიისა და პერუს ნაკრებებს შორის შეგვიძლია ვეძიოთ.

როდესაც უმაღლესი დონის ვარსკვლავებისგან შემდგარი ბრაზილიის ნაკრები გაცილებით სუსტი პერუს წინააღმდეგ მინდორზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩა, თავიდან საკმაოდ დაიბნა, უკან დაიხია და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრს შეუდგა.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩემპიონატი ბრაზილიაში ტარდებოდა და მასპინძლებს ზურგს უმაგრებდა სტადიონზე მისული უამრავი გულშემატკივარი. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ნაკრებმა თავიდანვე ვერ გადაუხვია დაუწერელ საფეხბურთო კანონს, რომ კაცნაკლულ მდგომარეობაში კი არ უნდა შეუტიო, არამედ უნდა ეცადო, გოლი არ გაუშვა, მით უმეტეს, როდესაც თამაშს იგებ

მაგრამ საბოლოოდ სამწვრთნელო შტაბი მიხვდა, რომ  თამაშის ჩაკეტვა მისი წაგების ტოლფასი იქნებოდა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბრაზილიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და დამაგვირგვინებელი გოლი გაიტანა კიდეც.

აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორს. თუკი ჩვენ ბრაზილიელთა კაცნაკლულობას „საბურთალოს“ გასვლაზე თამაშთან გავათანაბრებთ, მსგავსს სურათს მივიღებთ, რადგან „საბურთალო“ პირველი ტაიმის შემდეგ ზუსტად ისეთივე მინიმალური სხვაობით იგებდა, როგორც ბრაზილია პერუსთან გაბრიელ ჟეზუსის გაგდების წინ

განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ „საბურთალოს“ მეორე ტაიმში ერთი წუთითაც არ უფიქრია უკან დახევაზე! მეტიც, ჩვენმა გუნდმა პირველი გოლის გატანის შემდეგ შეტევას შეტევა მოაყოლა და ტაიმის მიწურულს მეტოქის კარის ძელს გაარტყა ბურთი. 

როდესაც ამბობენ, რომ ამა თუ იმ გუნდმა შეგნებულად მეორე ნომრად გადაწყვიტა თამაში, ხშირად ცდებიან ხოლმე, რადგან ამის გაკეთებას მას მოწინააღმდეგე გუნდი აიძულებს და რაოდენ დასაფასებელია ეს მოწინააღმდეგე, თუკი გასვლაზე თამაშობს და თანაც არა ფავორიტის რანგში! 

„საბურთალომ“ პირველი წუთებიდანვე შემტევი ტაქტიკა აირჩია, რაც გამოცდილი „შერიფისთვის“ საკმაოდ მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ გუნდი, რომელმაც პირველად შეაღო ევროპის კარი, ფსიქოლოგიურად ოდნავ შებოჭილი მაინც უნდა ყოფილიყო.

მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც ფეხბურთელები მინდორზე ზუსტად ასრულებენ მწვრთნელის მითითებებს, რადგან თუკი ეს მითითებები სწორია, შედეგი მოსალოდნელზე უკეთესი შეიძლება იყოს. 

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა კი გაცილებით უკეთესი შედეგი იხილეს. ან კი რომელმა კლუბმა აღნიშნა თავისი დებიუტი ევრო ტურნირებზე 3:0 მოგებით? შეიძლება მადრიდის „რეალმა“, „ლივერპულმა“ თუ რომელიმე სხვა გრანდმა,  ან შეიძლება – არც კი. ამის გადამოწმება ადვილია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ, რაც „საბურთალომ“ გააკეთა, ეს მომავალში სტიმული იქნება არა მარტო მისთვის, არამედ ევრო თასებზე მონაწილე ნებისმიერი სხვა ქართული კლუბისთვისაც.

გამოძახილმა არ დააყოვნა და თბილისის „დინამომ“ მეორე დღესვე „ენგონდარი“ 6:0 გაანადგურა, „ჩიხურამ“ გასვლაზე „ფოლას“ 2:1 მოუგო, ქუთაისის „ტორპედო“ კი მართალია, „ორდაბასისთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ განმეორებით მატჩში სავსებით შესაძლებელია, რომ რევანში აიღოს და შემდეგ წრეში გავიდეს.

კლუბების შემდეგ კი, უკვე სექტემბერში, „საბურთალოს“ მაგალითი ნაკრებმაც უნდა აიღოს, თორემ ვერაფერი ბედენაა ჯგუფში მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებთან მოგება და დანარჩენი მატჩების წაგება.

გოლები „საბურთალოს“ შესანიშნავი, ხოლო საგოლე მომენტები კი ამაზე მეტი გამოუვიდა. ალბათ სიმბოლურია, რომ საკუთარი ნახევრის მარჯვენა ფლანგზე დაწყებული მრავალსვლიანი კომბინაცია, რომელსაც „საბურთალოს“ პირველი ევროპული გოლი მოჰყვა, 11 გადაცემისგან შედგებოდა. 

მარჯვენა ფლანგიდან ბოლოსწინა გადაცემის წინ კი ვაგნერ გონსალესის მანევრი საოცრად მოგვაგონებდა 1979 წელს დავით ყიფიანის მანევრს „ლივერპულის“ წინააღმდეგ, რომელსაც გუცაევის მისამართით გაკეთებული პასი და მისივე შესანიშნავი გოლი მოჰყვა ევროპის მაშინდელი უძლიერესი გუნდის კარში! 

ამ შემთხვევაში ვაგნერ გონსალესის მანევრს ეფექტი მყისვე არ მოჰყოლია, მაგრამ მან მალის გაუგორა ბურთი. გოლი კი სწორედ ამ უკანასკნელის გადაცემას მოჰყვა როლოვიჩის მისამართით.

მეორე გოლამდე „საბურთალოს“ სულ მცირე ამდენივე უნდა გაეტანა, საბოლოოდ კი ინდივიდუალურ ოსტატობასთან ერთად ვარჯიშებზე შორეული დისტანციებიდან წინასწარ დამუშავებულმა დარტყმებმა შედეგი გამოიღო და მატჩის 67-ე წუთზე თავი გიორგი კოხრეიძემ ისახელა.

 

წამიც და გიორგი კოხრეიძის დარტყმას მეორე გოლი მოჰყვება „შერიფის“ კარში

 

დამაგვირგვინებელი გოლი კი უკვე თავური პასის და თავური დარტყმის შედეგი იყო. კუთხური „საბურთალოს“ სამსვლიანი, ეპიზოდი კი იმდენად მყისიერი გამოუვიდა, რომ „შერიფის“ მცველთაგან ზოგიერთმა თვალის მიდევნებაც კი ვერ მოასწრო საკუთარ კარში გაშვებული გოლისთვის.  

მესამე ბურთი ლევან კაკუბავას ანგარიშზეა, რომელსაც, არაერთ მის თანაგუნდელთან ერთად, ალბათ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ ფეხბურთი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველდღიურად იცვლება და ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და ლიდერის ფსიქოლოგია, მისგან ყოველთვის მოსალოდნელია ის შედეგი, რაც საქართველოს ჩემპიონმა თავის ოფიციალურ სადებიუტო ევროპულ მატჩში დააფიქსირა.

„საბურთალომ“ მოლდოვის ჩემპიონი ჰანდიკაპით ყვითელ ბარათებშიც დაამარცხა. ცოტა უცნაური სტატისტიკა ხომ არაა გუნდისთვის, რომელიც მატჩს დიდი ანგარიშით იგებს? 

მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია. ხარვეზებიც აღმოიფხვრება და „საბურთალო“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას და თავის ისტორიაში პირველად საქართველოს თასის მოპოვებასაც ეცდება.

 

გამარჯვების სიხარული

 

ამ ყველაფერს უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ახლა კი საქართველოს ჩემპიონმა მთელი ყურადღება საპასუხო მატჩისკენ უნდა მიმართოს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ყველას, რომ ფეხბურთს ქართულ ენაზე დღესაც უკრავენ!


რეკომენდებული სტატიები
Copa América: ბრაზილია უძლიერესია!

Copa América: ბრაზილია უძლიერესია!

Copa América: ბრაზილია უძლიერესია!
დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები კი ალბათ იმ მხრივაც გამოირჩევა, რომ ერთგვარი ფეთქებადობის გამო ფეხბურთის გულშემატკივარს მის მიმართ წამდაუწუმ ფიქრის და ფანტაზიის საშუალებას აძლევს
ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!

ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!

ვინ მოიგებს კოპა ამერიკას?!
სამხრეთ ამერიკის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ტურნირი უკვე დასკვნით ფაზაში შევიდა. მომავალი ნახევარფინალებიდან კი ბრაზილია - არგენტინის მატჩს ნებისმიერი გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით ელის, რადგან იტორიული დაპირისპირება ნაადრევ ფინალადაც შეგვიძლია შევრაცხოთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.