17 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ დღეიდან საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში ნინო კირთაძე იქნება.
დღეიდან ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი იქნება. საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე დაფინანსდა 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია. ფონდის მიერ ქართული პროექტების დასაფინანსებლად გაიცა 3 092 322 ევრო.
1997 წლიდან ნინო კირთაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. რეჟისორობამდე ნინო აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში, მუშაობდა კონფლიქტის ზონებში და აშუქებდა ჩეჩნეთის, ყარაბახისა და აფხაზეთის ომების მიმდინარეობას. ნინოს სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა. დღეს იგი ევროპაში აღიარებული რეჟისორია – ხუთჯერ არის დაჯილდოებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს“ მფლობელი. ნინოს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის ოსკარი.
როგორც მსახიობი ნინო კირთაძე პირველად გამოჩნდა ნანა ჯორჯაძის ფილმში “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, სადაც ის პარტნიორობას პიერ რიშარს უწევდა. ნინო მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან – ვიტორიო გასმანი, ბენ კასარა, ჟაკ დიუტრონი და შარლოტ რემპლინგი. ამჟამად ნინო თავისი ახალი ფილმის წარმოებას ასრულებს, მუშაობს ორი მხატვრული ფილმის სცენარზე და აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან, როგორც პროფესორი. ნინო კირთაძის ხელმძღვანელობით 40-მდე ფილმია შექმნილი, რომელთაც საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად.
წყარო: http://beta.gnfc.ge/
ნახეთ კირსტენ დანსტის ახალი სერიალის, On Becoming A God In Central Florida-ს თრეილერი
შოუს პრემიერა 25 აგვისტოს არის დაგეგმილი. სცენარის მიხედვით მოქმედება 90-იანებში ხდება. ის მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მინიმალური შემოსავლით არსებობს და გადაწყვეტს, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დროა.
წყარო: https://www.youtube.com/
HBO-ს პრეზიდენტმა კეისი ბოისმა განაცხადა, რომ “დიდი პატარა ტყუილების” მესამე სეზონი არ იგეგმება
როგორც ჩანს, წელს ნიკოლ კიდმანის, ლორა დერნის, რიზ უიზერსპუნის, შეილინ ცუდლის, ზოი კრავიცისა და მერილ სტრიპის პერსონაჟებს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ, რადგან არხის გადაწყვეტილებით, BLL-ს მესამე სეზონი, სავარაუდოდ, აღარ ექნება. “მიყვარს ეს შემადგენლობა – მათ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მსახიობები არიან. თან ჩვენ ერთ-ერთ მათგანთან, ნიკოლთან, ახალი სერიალის პროექტი, The Undoing გვაქვს. ასე რომ, ეს სრულიად არარეალურია”, – ამბობს ბოისი.
წყარო: https://www.cheatsheet.com/
“ლა ლა ლენდის” რეჟისორი დემიენ შაზელი 1920-იანი წლების ჰოლივუდზე ახალ ფილმს, Babylon-ს გადაიღებს
ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლზე ემა სტოუნი განიხილება, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მას დიდი ალბათობით ბრედ პიტიც შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ბაბილონიც მიუზიკლი იყოს, თუმცა არც შაზელს და არც მის წარმომადგენლებს ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წყარო: https://deadline.com/
ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს
ელვის პრესლის ცხოვრებაზე ბიოგრაფიულ ფილმს რეჟისორი ბაზ ლურმანი გადაიღებს. მან სცენარი რეიგ პირსთან ერთად დაწერა, რომელთანაც The Great Gatsby-სა და Moulin Rouge-ზე იმუშავა. როგორც ცნობილია, ფილმში ტომ ჰენკსიც მიიღებს მონაწილეობას და ელვისის მენეჯერის, რომ პარკერის როლს მოირგებს, რომელიც მომღერლის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა.
წყარო: https://www.theguardian.com/
დავით მაჭავარიანის სოლო გამოფენა 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება
19 ივლისს, საღამოს 6 საათიდან შეგიძლიათ გამოფენაზე შეხვდეთ ავტორს და ასევე შეიძინოთ წიგნი – გრაფიკული რომანი “ვეფხისტყაოსანი” მუზეუმის მაღაზიაში, რომელზეც სურვილის შემთხვევაში ხელს მოგიწერთ თავად ავტორი – დავით მაჭავარიანი.
გრაფიკული რომანის 224 გვერდის გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დავით მაჭავარიანის ყველა ის ნამუშევარი, რომელსაც ის 10 წლის განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე ქმნიდა. მათ შორის კლასიკური გამოცემის ილუსტრაციები. 2014 წელს „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დავით მაჭავარიანმა შექმნა სამკაულების კოლექცია „ზარაფხანისთვის“, რომელიც ასევე გამოფენილი იქნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში.
წყარო: https://www.facebook.com/
ქართველი მხატვარი ნათია მხეიძე რომში გამართულ ღონისძიებაზე მიქელანჯელოს საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა
ნათია მხეიძე გერმანიაში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე და კატალოგშია განთავსებული. მიქელანჯელოს საერთაშორისო არტ-პრიზი სამხატვრო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იტალიის დედაქალაქში იმართება.
წყარო: https://1tv.ge/