fbpx

ახლადშექმნილი “ლარის ფონდი” სტუდენტებს სწავლის დაფინანსებაში დაეხმარება


გააზიარე სტატია

 

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში 48 624 სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო არც ქვეყნის განვითარებისთვის და არც პიროვნული კეთილდღეობისთვის. 

სწორედ ამ  მიზეზით შეიქმნა  საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც საკუთარი ძალებითა და ხალხის დახმარებით შეეცდება შეცვალოს  არსებული მდგომარეობა.

 

როგორია ფონდის მისია და მოქმედების სქემა?

ლარის ფონდი განათლებისთვის და ცნობიერების ამაღლებისთვის დაარსებული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი განათლების დაფინანსებაა. ფონდი სტუდენტებისგან შემოსული განაცხადების მეშვეობით არჩევს ბენეფიციარს (სტუდენტს), რომელსაც უწევს ფინანსურ დახმარებას სწავლის გასაგრძელებლად. 

მზადდება ვიდეორგოლი, რომლის მეშვეობითაც ფონდი გააცნობს მოსახლეობას კონკრეტული სტუდენტის პრობლემებს და შესთავაზებს მისი გადაჭრის გზებს. 

დახმარების  მსურველს შეუძლია ფონდის საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს სასურველი თანხა ან დარეკოს  სპეციალურ ნომერზე 0 901 901 919, რომლის ღირებულებაც 1 ლარს შეადგენს. 

გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებზე დასწრება და ბენეფიციარის ამ გზით დახმარება. მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, რომ შემოსული თანხა არა სტუდენტს, არამედ პირდაპირ სასწავლო დაწესებულებას – უნივერსიტეტს ერიცხება. 

ფონდი ახალი გახსნილია და მას ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც წარმატებით დაფინანსდა და სწავლას სექტემბრიდან გააგრძელებს. 

ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს გასაუბრებები და უახლოეს მომავალში ფონდი ახალ ბენეფიციარს დაასახელებს.

 

როგორ დგინდება დასახმარებელი ბენეფიციარების სია? 

სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ლარის ფონდის ვებგვერდზე შეუძლია შეავსოს სპეციალური განაცხადი. შედეგად ის ჯერ ფონდის ბაზაში მოხვდება, შემდეგ კი გასაუბრებას გაივლის. 

ფონდისთვის პრიორიტეტულია სტუდენტის მოტივაცია და მიზანდასახულობა. გადაწვეტილების მისაღებად – თუ ვინ, რამდენით და როდის დაფინანსდება –  საინიციატივო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტის განვლილი აქტივობა სტიპენდიის მოსაპოვებლად, ან საკუთარი შრომით სწავლის თუნდაც მცირე ნაწილის დაფინანსების მცდელობა.  


დაფუძნებიდან რამდენი ადამიანი გამოგეხმაურათ და ზოგადად, რამდენი თანხა შემოვიდა ფონდში?

ფონდი ახალი დაარსებულია, თუმცა შემოსულმა განაცხადებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.  პირველივე კვირას შემოსული ათობით განაცხადიდან აირჩა პირველი ბენეფიციარი ხატია ხიდიშელი, რომელსაც სტატუსის აღდგენისთვის 1500 ლარი სჭირდებოდა, ხოლო თანხის დაფარვის ვადა სულ რაღაც 10 დღე იყო. 

ჩვენდა სასიხარულოდ მოხერხდა არსებული თანხის შეგროვება მხოლოდ  8 დღეში და გადარიცხვა უნივერსიტეტის ანგარიშზე. ამრიგად 48 624 სტუდენტს ერთი გამოაკლდა, ხოლო ხატია სექტემბრიდან სწავლას შეუდგება.

 

არსებულ ფონდს თუ მოჰყვა გამოხმაურება სხვადასხვა ორგანიზაციიდან ან სახელმწიფო სტუქტურიდან?

ფონდს დაარსების დღიდან მხარში დაუდგა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში თეატრალურს  სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც მიჰბაძავენ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა კერძო კომპანიებთან, რაც ორმაგად სასიამოვნოა.

 

შეგიძლიათ გაგვაცნოთ ფონდის უახლოესი გეგმები?

ფონდის უახლოესი გეგმა  მეორე ბენეფიციარს უკავშირდება, რომელიც სულ მალე გამოცხადდება და დავიწყებთ აქტიურ კამპანიას მის დასახმარებლად. ლარის ფონდის მიზანია საკუთარი და მოსახლეობის ძალებით შეამციროს სტატუსშეჩერებულთა  არსებული სტატისტიკა. 

ჩვენი ამოცანაა, რომ განათლების დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მოსახლეობისთვის.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.