fbpx

იაპონური ეროტიკის ნათლია – ტოშიო საეკი


გააზიარე სტატია


ტოშიო საეკის (1945-2019) „იაპონური ეროტიკის ნათლიას“ უწოდებენ. ევროპული სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულმა პირველი კარიერული ნაბიჯები ტოკიოში გადადგა, როცა სხვადასხვა სატირული თუ ეროტიკული მიმართულების გამოცემებისთვის დაკვეთებს ასრულებდა. 

 

  • ტოშიო საეკი

 

ტოშიო საეკიმ სახელი 70-იან წლებში გაითქვა, როცა 50 ნახატისგან შემდგარი კრებული გამოსცა, რომლის თემები ძალადობა, სიკვდილი და სექსი იყო. ამის გამო კრიტიკოსების ნაწილმა მისი ნამუშევრები  ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეაფასა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ტოშიო საეკის შემოქმედება ომის შემდგომი იაპონიის კულტურული ცვლილებებისა და ამბოხების სულისკვეთებას ასახავდა. 

 

 

1970 წელს ტოშიო საეკის პერსონალური გამოფენა პარიზში გაიმართა, რასაც მოჰყვა საინტერესო მოვლენა, რაც იშვიათად ხდებოდა იმ ეპოქის იაპონელი არტისტებისთვის. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ალბომის (Sometime in New York City) გარეკანზე მოხვდა. ნახატზე გამოსახული იყო იაპონური ტრადიციული კულტურისთვის ნაცნობი თემა, თუ როგორ მისდევს დანით შეიარაღებული ეშმაკი ახალგაზრდა გოგოს.  

ევროპასა და ამერიკაში ამ ფაქტმა ტოშიო საეკი მოდურ არტისტად აქცია, მიუხედავად ამისა, შეგნებულად თქვა უარი მეინსტრიმულ ხელოვნად ქცევის ცდუნებაზე და ანდეგრაუნდში განმარტოება არჩია. მისი თქმით, საზოგადოების ყურადღებისგან გაქცევა გადამწყვეტი იყო მისი ხელოვნებისთვის, რადგან განმარტოებამ საშუალება მისცა უფრო თამამი და თავისუფალი ყოფილიყო.

 

 

„ნახატები, რომელთაც ვქმნი, ჩემი ხილვები და ფანტაზიებია. ბევრი ფიქრობს, რომ სექს-კლუბების ხშირი სტუმარი ვარ, მაგრამ ცდებიან. ჩემი ინსპირაციის წყარო ბავშვობაში იმალება“, – წერს არტისტი. მართლაც, ტოშიო საეკი პატარაობიდან იაკუძებზე და სამურაებზე გადაღებული ისტორიული ფილმების –  jidaigeki-ის თაყვანისმცემელი იყო, სადაც ძალადობა და სისხლისღვრა ჟანრის განუყოფელი ნაწილია.  

 

 

ადამიანის ამოუცნობი შინაგანი სამყარო, ფეტიშიზმი, სექსუალობისა და ძალადობის ესთეტიზაცია, ანდეგრაუნდ და მეინსტრიმ კულტურის დიალოგი, ტრადიციისა და პროგრესის კვეთა –  ტოშიო საეკის ხელწერაა, რომელიც იაპონურ მისტიკურ ატმოსფეროზეა დაფუძნებული. 

მის ნახატებში იაპონური კულტურის დიდი ცოდნაც ჩანს: ინტერიერის ტრადიციული ელემენტები, პერსონაჟები ფოლკლორიდან, სინტოისტური სულები – არტისტის სამყარო ცოცხლების, გარდაცვლილებისა და გამოგონილი არსებების ჰიბრიდულ თანაარსებობას წარმოადგენს.  

 

 

ამჟამად ტოშიო საეკი იაპონიის მთიან სოფელში განმარტოებით ცხოვრობს და კვლავ განაგრძობს მუშაობას. მისი გამოფენები იშვიათად, თუმცა მაინც იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ბოლოს მისი ნამუშევრები 2016 წელს ART Basel: Hong Kong-ში გამოიფინა. 

კურატორ Wu Ya-hui-ს თქმით, დამთვალიერებელში საეკის ნახატებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. „ტოშიო საეკის შემოქმედება, მისი წარმოსახვის უსაზღვრო თავისუფლება და გამოხატვის ფორმები რადიკალურია ემოციურად სენსიტიური ადამიანებისთვის და არაა განკუთვნილი მხატვრობის მოყვარული ფართო აუდიტორიისთვის. 

შესაბამისად, მისი ნამუშევრების მხოლოდ მცირე ნაწილი ან გამოფენებზე, ან მცირე ტირაჟის გამოცემებშია ხელმისაწვდომი“,  – ამბობს კურატორი.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ქალაქი იაპონურად: დაიდო მორიამას ფოტოგრაფია

ქალაქი იაპონურად: დაიდო მორიამას ფოტოგრაფია

ქალაქი იაპონურად: დაიდო მორიამას ფოტოგრაფია
„ფოტოგრაფია გაქვავებული დრო და შუქია. ძალიან მოკლედ, ამგვარად ავხსნიდი მის არსს“, - ამბობს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იაპონურ ფოტოგრაფიაში
ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან
ნახეთ იაპონური დემონები - ისინი იაპონურ ლეგენდებსა თუ ზღაპრებში, თანამედროვე მანგას კომიქსებში და საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.