fbpx

ფეხბურთი „დინამოს“ ენაზე გრძელდება!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ევროთასებზე დარჩენილი სამი ქართული გუნდი დღესდღეობით ქომაგების ყურადღების ცენტრშია. გამორჩეული სიხარული კი მაყურებელს თბილისის „დინამომ“ მოუტანა, რომელმაც ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გასვლაზე აზერბაიჯანის „გაბალა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ ცალი ფეხით უკვე მომდევნო ეტაპზეა.

ცალი ფეხით მომდევნო ეტაპზე, ოღონდ სამწუხაროდ ისიც ევროპის ლიგაზე, ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალოც“ აღმოჩნდა, რომელმაც ვერაფერი გააწყო საკუთარ კედლებში გამოცდილი ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ და  ანალოგიური ანგარიშით – 0:2 დამარცხდა.

ივაჟკაცა საჩხერის „ჩიხურამ“ სახელოვანი „აბერდინის“ წინააღმდეგ და შინ ნათამაშები 1:1-ის შემდეგ იმერულ კლუბს ნამდვილად აქვს შანსი, რომ ევროპის ლიგის მომდევნო ეტაპზე აღმოჩნდეს, რადგან შოტლანდიური კლუბი დღესდღეობით მხოლოდ აჩრდილი თუა იმ დიდი პერიოდისა, როდესაც გასული საუკუნის 80-იან წლებში სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ერთხელაც ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

სწორედ ამ კლუბიდან წავიდა სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც ისეთი კვალი დატოვა, რომლის მსგავსიც შესაძლოა არცერთ მწვრთნელს არ დაუტოვებია თავის სახელოვან კარიერაში.

დღეს კი სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილ გუნდს საკმაოდ მაღალ დონეზე უმასპინძლა სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა კოლექტივმა და მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ქორიფაძის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით დაწინაურდა კიდეც.

მეორე ტაიმში სტუმრებმა იძალეს და გარკვეული პერიოდის მანძილზე საკმაოდ მასირებული შეტევები მოაწყვეს „ჩიხურას“ კარის მიმართულებით. სამწუხაროდ ერთ ეპიზოდში მაისაშვილს ხელზე მოხვდა ბურთი და „აბერდინის“ ფეხბურთელმა სემ კოსგროუმ, ქორიფაძის მსგავსად, ბურთი მეკარისაგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა პენალტით და ანგარიშიც გაათანაბრა.

მატჩის ბოლოსკენ ერგემლიძეს „ჩიხურას“ ფეხბურთელების დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მის მიერ ურთულეს პოზიციაში ბურთის დამუშავებას და ეფექტურ დარტყმას მეტოქის გოლკიპერის ჩინებული თამაში მოჰყვა და ანგარიში 1:1 მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

სოსო ფრუიძის გუნდი, ისევე როგორც შარშან, ღირსეულად ასპარეზობს ევროპის ლიგის გათამაშებაში და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მომდევნო ეტაპზე იმერული კლუბი და არა „აბერდინი“ გავიდეს. 

ასეთი ფიქრის საფუძველს ის გვაძლევს, რომ „ჩიხურა“ მშვენივრად არის დახელოვნებული „მეორე ნომრად“ თამაშში და თანაც, თუ დავუკვირდებით, ქართული კლუბები გასვლებზე უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე შინ, ნახევრად ცარიელი ტრიბუნების წინაშე. 

ამის ნათელი მაგალითებია „საბურთალოს“ „შერიფთან“ და „დინამოს“ „გაბალასთან“ ბრწყინვალე გამარჯვებები.

„საბურთალოს“ მარცხი ზაგრების „დინამოსთან“ ტყუპისცალივით ჰგავდა ქუთაისის „ტორპედოს“ წაგებას „ორდაბასისთან“. ორივე ქართული კლუბი მიხეილ მესხის სტადიონზე ერთსა და იმავე ანგარიშით დამარცხდა, ორივე გოლი ქართულმა კლუბებმა მატჩის მეორე ტაიმში გაუშვეს და ორივე მათგანს თეთრი, ხოლო მეტოქეებს კი ლურჯი ფორმები ეცვათ…

აი ყვითელი ბარათები კი „საბურთალოს“ სარეკორდო ჰქონდა. საქართველოს ჩემპიონი მსაჯმა ხუთჯერ გააფრთხილა. დასანანია, რომ საპასუხო შეხვედრაში ლიდერი კოხრეიძე ვერ დაეხმარება გუნდს, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება საინტერესო გადაადგილებები ვიხილოთ, რაც „საბურთალოს“ მომავალში ნებისმიერ ფრონტზე წაადგება. 

მით უმეტეს, რომ სენსაციები ჩვეულებრივ ამბად იქცეა თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში და სწორედ ხორვატულ გუნდ „ჰაიდუკთან“ შინ 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ, მალტურმა ყოვლად უსახელო „გზირა იუნაიტედმა“ უკვე გასვლაზე 3:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც „ვენტსპილსთან“ პირველ მატჩში 0:4 დამარცხდა…

თუკი „საბურთალომ“ წაგებულ მატჩში მიიღო 5 ყვითელი ბარათი, ასეთივე სტატისტიკური სურათი „დინამომ“ „გაბალასთან“  მოგებულ მატჩში გვიჩვენა, რაც ერთი მხრივ, მომავალში აუცილებლად გამოსასწორებელია, რადგან ქართულმა კლუბებმა მატჩში წესების დარღვევის კულტურა და ასევე სიმულაციის და კიდევ არაერთი სხვადასხვა ტიპის არასპორტული საფეხბურთო ნიუანსის ოსტატურად გამოყენება უნდა ისწავლონ, რადგან ამის გარეშე დიდი მოგებები თანამედროვე ფეხბურთში  თითქმის შეუძლებელია.

 

„გაბალა“ – „დინამოს“ მატჩის ფრაგმენტი

 

მეორე მხრივ კი აშკარად გასათვალისწინებელია ის დაძაბულობა და წნეხი, რასაც ყველაზე სახელოვანი ქართული კლუბი ამ მატჩის წინ განიცდიდა მწვრთნელით დაწყებული, თითოეული მოთამაშით დამთავრებული და ყვითელი ბარათების რაოდენობა მსაჯის სიმკაცრის გარდა, ალბათ ამ მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული. 

თამაშის სცენარზე კი გარკვეული კეთილისმყოფელი ფსიქოლოგიური ზეგავლენა „ენგორდარის“ განადგურებამაც გამოიწვია. გარდა იმისა, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამომ“ მაყურებელს ძლევამოსილებით გაახსენა თავი  და როდესაც გუნდი 6:0-ს იგებს, რაც უნდა იყოს, გულშემატკივარი ქვეცნობიერად აღარ ითვალისწინებს მეტოქის სათამაშო ხარისხს და ოცნებებში უკვე „ლივერპულს“ და „ბარსელონასაც“ კი ამარცხებს, „დინამო“ მართლაც ვალდებული იყო, რომ აზერბაიჯანულ კლუბთან ოთხი წლის წინანდელი წაგებული მატჩის რევანში აეღო. 

„დინამოს“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის ყოველ წუთზე თითოეული ფეხბურთელი ასე ფიქრობდა და მიუხედავად იმისა, რომ ნანატრმა გოლმა დააყოვნა, „დინამოს“ გულშემატკივრებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ადრე თუ გვიან ისინი გაიტანდნენ. 

მატჩის 41-ე წუთზე კუტალიას მიერ გატანილი გოლი საოცრად ეფექტური აღმოჩნდა, რადგან იქამდე იაშვილმა ფლანგზე შესანიშნავი გარღვევა განახორციელა, პასიც ზუსტი გამოდგა, ხოლო კუტალიას თავური კი ალბათ საფეხბურთო სკოლების სახელმძღვანელოებშია შესატანი, მით უმეტეს, რომ ცოტა ხნით ადრე მის თავურ დარტყმაზე ისეთი რეაგირება მოახდინა  აზერბაიჯანული გუნდის მეკარემ, რომ ლორისის, ალისონის, კურტუას თუ სხვა ვარსკვლავთა შემთხვევაში, ასეთი „სეივი“ სამუდამოდ ჩაჯდებოდა მეკარეთა კლასიკურის თამაშების სხვადასხვა ინტერნეტკრებულებში.  

 

„გაბალასთან“ შეხვედრაში ანგარიში ლევან კუტალიამ გახსნა

 

მეორე ტაიმში არფანგ დაფეს მიერ გატანილმა გოლმა კი უკვე კოხრეიძის სოლო გარღვევა და მისი გოლი გაგვახსენა „შერიფთან“ გასვლით შეხვედრაში. „დინამომ“ მოიგო სრულიად დამსახურებულად და ახლა მეორე მატჩში განსაკუთრებით მობილიზებული უნდა დახვდეს მეტოქეს, რადგან „საბურთალოს“ განმეორებითი შეხვედრა ძალიან კარგად ახსოვს ქართველ გულშემატკივარს.

აი მერე კი ძალიან საინტერესო ამბებია მოსალოდნელი, რადგან თბილისის „დინამოს“ მეტოქე სიძლიერით მესამე ჰოლანდიური კლუბი „ფეიენოორდი“ იქნება. ამ კლუბის განუმეორებელი კვალის შესახებ ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი არამარტო ძველი თაობის გულშემატკივრისთვისაა ცნობილი, რადგან სამი არჩათვლილი გოლის და ორი არდანიშნული თერთმეტმეტრიანის ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა და უკვე არაკადაა ქცეული. საბედნიეროდ მაშინ „დინამომ“ დასძლია „ფეიენოორდის“ წინააღმდეგობა. 

იმ მატჩს ავსტრიელი ფრანც ვიორერი მსაჯობდა. ეს გარეგნულად მოღიმარი და თითქოს უპრობლემო  კაცი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში კინაღამ ყველაზე დამნაშავე არბიტრად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე, ლამის ხუთი ათწლეულის მანძილზე, საბჭოთა რუსული შოვინიზმის პერიოდში, „დინამოს“ ფეხბურთელები არაერთგზის გამხდარან სასტიკი მსაჯობის  მსხვერპლნი. 

აღსანიშნავია, რომ ვიორერს ფიფამ „ფეიენოორდი“ – „დინამოს“ მატჩში სამარცხვინო მსაჯობის შემდეგ, ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნისა და პერუს შეხვედრაც ანდო, რომელიც ფრედ – 0:0 დასრულდა. 

ახლა კი ისტორია მეორდება და „დინამო“, „გაბალას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კვლავ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება. ამ ისტორიული დაპირისპირების შესახებ კი ქართული ფეხბურთის ახალგაზრდა თუ მოზარდი წარმომადგენლებისთვისაც კარგად რომ არის  ცნობილი, ამა წლის აპრილშიც გამომჟღავნდა, როდესაც თბილისის „დინამოს“ 15 წლამდელთა გუნდმა დღესდღეობით პოლონეთის „კორონაში“ მოღვაწე მწვრთნელის,  ვახტანგ იაგორაშვილის ხელმძღვანელობით, ანგარიშით 5:1 გაანადგურა „ფეიენოორდის“ თანატოლები და საბოლოოდ ფინალში „ემპოლის“ დამარცხებით მოიგო კიდეც ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი.

 

„დინამოს“ 15-წლამდელთა მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილი

 

თუნდაც ამ გამარჯვებიდან გამომდინარე ალბათ ნათელია, რომ ქართულ ფეხბურთს ყველაფერი წინ აქვს და ის უკვე თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც „დინამოს“ ენაზე იწყებს მეტყველებას…


რეკომენდებული სტატიები
ფეხბურთი ქართულ ენაზე! - "საბურთალო - შერიფი"

ფეხბურთი ქართულ ენაზე! - "საბურთალო - შერიფი"

ფეხბურთი ქართულ ენაზე! - "საბურთალო - შერიფი"
ის, რაც მაყურებელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდში “საბურთალო” - “შერიფის” მატჩისას იხილა უდიდესი ფსიქოლოგიური მუშაობის შედეგი იყო
ფეხბურთი ქართულ ენაზე - გრძელდება!

ფეხბურთი ქართულ ენაზე - გრძელდება!

ფეხბურთი ქართულ ენაზე - გრძელდება!
თანამედროვე ფეხბურთში ვინ როდის გაისვრის, ხშირად იღბალი განაპირობებს ხოლმე. საქართველოს ჩემპიონატი კი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. აბა წარმოვიდგინოთ, რომ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 10 გუნდიდან 4 ევროთასებზეა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.