თბილისის ბარები, სადაც ცოცხალ მუსიკას მოუსმენთ
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
თბილისში გართობისათვის ბევრი ალტერნატიული სივრცეა. განსაკუთრებით პოპულარულია ბარები, რომელთა უმეტესობა კვირის უქმე დღეებში ყოველთვის სავსეა. მიუხედავად ამისა, მაინც რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც მხოლოდ სასმლით და სოციალური ურთიერთობებით არ შემოვიფარგლებით.
თუ გართობის საუკეთესო ფორმა თქვენთვის ცოცხალი მუსიკაა, მაშინ ამ ბარებს უნდა ესტუმროთ. მათ სივრცეში ქართველი არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების მოსმენას შეძლებთ.
ბარი-ბარში • Bari-Barshi
თუ როკ-მუსიკა გიყვართ, მაშინ ეს ბარი დაგაინტერესებთ. “ბარი-ბარში” ქიქოძის ქუჩაზე, 9 ნომერში მდებარეობს. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ცოცხალი მუსიკის საღამოებზე გიწვევთ. 2019 წლის სეზონი 15 ივნისს დაიხურა, სექტემბრიდან კი ამ სივრცეში კვლავ შეძლებთ მოუსმინოთ ქართველ მუსიკოსებს.
Backstage76
ვაკის პარკში მდებარე ამ ბარში მუსიკისათვის გამოყოფილია ორი სცენა, სადაც არტისტებს ჟანრობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ მსმენელისათვის მუსიკალური პერფორმანსები გამართონ. Backstage76 არის სივრცე არამხოლოდ უკვე კარგად ნაცნობი, არამედ დამწყები მუსიკოსებისთვისაც, სწორედ ამიტომ შესაძლოა აქ თქვენთვის აქამდე უცნობი მუსიკა და შემსრულებლები აღმოაჩინოთ. ბარი იხსნება 5 საათიდან, მხოლოდ დაგეგმილი ღონისძიებების დღეებში.
Jazz Cafe Singer
სივრცე, რომლის სახელის გაგონებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ აქ ჯაზის მოყვარულებისათვის საინტერესო გარემოა. ქალაქის ძველ უბანში, სიონის 8 ნომერში მდებარე Jazz Cafe Singer-ში თითქმის ყოველდღე იმართება მუსიკალური საღამოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯაზ-შემსრულებლების მოსმენას ცოცხლად შეძლებთ.
Canudos Ethnic Bar
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი ბარი, რომელიც ტურისტებშიც საკმაოდ პოპულარულია. ბარი ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამაიას ბაღში მდებარეობს. Canudos Ethnic Bar ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა, ეს განსაკუთრებით იგრძნობა გაზაფხულის და ზაფხულის სეზონზე და ცოცხალი მუსიკის საღამოებზე, როდესაც სამაიას ბაღი ბარის სტუმრებით არის სავსე.
Politika
“პოლიტიკა” აღმაშენებლის გამზირზე, თუმანიშვილის თეატრის გვერდით მდებარეობს. ამ სივრცეში ელექტრონული მუსიკის სესიებთან ერთად, ქართული ბენდებისა და სოლო არტისტების სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობა გაქვთ.
Creator Bar
კიდევ ერთი სივრცე თბილისში, სადაც თითქმის ყოველდღე ცოცხალ მუსიკას უკრავენ. თუ ადგილობრივი როკ-ჯგუფების მუსიკალურ საღამოებზე დასწრება გიყვართ, მაჩაბლის ქუჩაზე, 10/14 ნომერში მდებარე Creator Bar-ს უნდა ესტუმროთ.
საელჩო • Saelcho
დანიელ ჭონქაძის 29 ნომერში აღმოაჩენთ ბარს მყუდრო ინტერიერით და გარე სივრცით. ეს არის ბარი, სადაც თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა კონცეფციის ღონისძიება იმართება, მათ შორის – ცოცხალი მუსიკის საღამოები.
Old School Bar
თბილისის კიდევ ერთი ახალი გასართობი და კულტურული სივრცე, რომელიც პეტრიაშვილზე, ისტორიულ შენობაში, ნომერ 1-ლ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაწესებულება ვინტაჟურ მაღაზიას და ბარს აერთიანებს. სტუმრების განკარგულებაშია ტერასა და დახურული სივრცე ყოფილი მარნების შენობაში. ამ ყველაფერთან ერთად, Old School Bar-ში პერიოდულად იმართება მუსიკალური საღამოები, სადაც ჟანრობრივად განსხვავებულ მუსიკას 60-იანი წლების ესთეტიკით შთაგონებულ გარემოში მოუსმენთ.
Hard Rock Cafe Tbilisi
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი ისტორიის ბრენდი, რომელიც 2016 წელს საქართველოში, პეტრიაშვილის 1-ლ ნომერში გაიხსნა. Hard Rock Cafe თავისი კონცეფციით სწორედ ნამდვილ, ცოცხალ მუსიკასთან ასოცირდება. აქ ცოცხალ მუსიკას როკ-ენ-როლის შთაგონებით შექმნილ თემატურ გარემოში მოუსმენთ.