fbpx

მივირთვათ თუ არა ყავა? – ყავის სასარგებლო და საზიანო თვისებები


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

ადამიანები დღეში დაახლოებით 2.25 მილიარდ ჭიქა ყავას მიირთმევენ. დილა ყოველთვის უკეთესად იწყება ყავის  საამო სურნელით. ამ გემრიელი სასმელის შესახებ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. ყველაზე მეტად კრიტიკას ყავაში  შემავალი ალკალოიდი – კოფეინი იწვევს, თუმცა იგი სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა.

სიტყვა ყავა (qahwah) არაბულიდან მოდის. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, დაახლოებით მე-9 საუკუნეში, ეთიოპიელები პირველები იყვნენ, რომლებმაც  ყავის სასარგებლო თვისებები ამოიცნეს. სუფი მასტერებმა ეთიოპიაში მოგზაურობისას შენიშნეს, რომ ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ყავის ბუჩქის მარცვლებს მიირთმევდნენ,  ენერგიითა და სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. ვინაიდან ყავის მარცვლები მეტად მწარე იყო, ადამიანმა იპოვა ყავის დამზადების სხვადასხვა მეთოდი. სწორედ ასე დაიბადა პირველი ჭიქა ყავაც. ევროპაში ყავა მე-17 საუკუნეში შემოვიდა. 

ნებისმიერი  საკვების მსგავსად, ყავაც ასევე ათასობით ნივთიერებისაგან შედგება. მათ შორის არის ცილები, ცხიმები, მინერალები, B ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, დიტერპენები და კოფეინი. თუ ყავას სათანადოდ მივირთმევთ,  იგი შესაძლებელია მსოფლიოში ერთ-ერთი ჯანსაღი საკვებიც კი გახდეს. ყავის ხარისხი მომზადების წესი და რაოდენობა განსაზღვრავს მისგან მიღებულ სასარგებლო და მავნე შედეგებს.  

ყავის სასარგებლო თვისებები

  • ალცჰაიმერის დაავადება – კვლევების თანახმად, თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, ალცჰაიმერის დაავადების წარმოქმნის რისკი 65%-ით იკლებს. ყავაში შემავალი კოფეინი უზრუნველყოფს სპეციფიკური ფერმენტის (NMNAT2) გამოყოფას, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას  და აჩერებს ტვინის უჯრედების დეგენერაციას. ყავა ასევე ამცირებს პარკინსონის დაავადების წარმოქმნის რისკსაც. 
  • II ტიპის დიაბეტი – მკვლევრების მიხედვით, თუ დღეში ორ ჭიქა ყავას მიირთმევთ, II ტიპის დიაბეტის წარმოქმნის რისკი 23-50%-ით იკლებს. ამაზე პასუხისმგებელი ყავაში შემავალი კოფეინის მჟავა, პოლიფენოლები, თუთია და მაგნუმია. ყავა ასევე დადებითად მოქმედებს სისხლში შაქრის მარეგულირებელი ინსულინის გამოყოფაზეც.
  • ცხიმების წვა – შემთხვევითი არ არის, რომ უამრავი წონაში კლების დანამატი შეიცავს კოფეინს. კოფეინი სტიმულაციას უკეთებს ნერვულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჰორმონ ეპინეფრინის გამოყოფას. ეს ჰორმონი კი ცხიმების წვას ააქტიურებს.  კოფეინი ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმსაც, რაც წონის კლებას უწყობს ხელს. თუმცა ცხიმების დასაწვავად მხოლოდ ყავის მიღება არ არის საკმარისი. სასურველი შედეგის მისაღწევად ჯანსაღი კვება და მოძრაობაც აუცილებელია. 
  • ღვიძლის დაავადებები – დღეში 2 ჭიქა გარკვეული წესით მომზადებული ყავა (drip coffee) აუმჯობესებს  სიმსივნით, ფიბროზით და ცეროზით გამოწვეულ ღვიძლის დაზიანებას. ის ასევე 44%-ით ამცირებს ამ დაავადებების წარმოქმნის რისკს.   ყავაში არსებული კოფეინი ბლოკავს ღვიძლის სიმსივნის, ფიბროზისა და ცეროზის წარმომშობ პროცესებს. ყავა ასევე ამცირებს ღვიძლის ფერმენტებს, რომელთა დიდი რაოდენობით გამოყოფა იწვევს პრობლემებს. 
  • ხანგრძლივი სიცოცხლე – ზოგიერთი კვლევის თანახმად, ყავის მოყვარულებს შორის ნაკლები სუიციდის და დეპრესიის შემთხვევები აღინიშნება. ისინი ასევე გამოირჩევიან სიცოცხლის ხანგრძლივობით. ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ძლევამოსილი მტერი ტოქსინებია. ტოქსინები ქმნიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ადრეული დაბერების  და დაავადებების წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოიაზრება. მათი განეიტრალება კი ანტიოქსიდანტებით არის შესაძლებელი. ყავაში ასეთი 1000-ზე მეტი ანტიოქსიდანტია, მათ შორის: კაფესტოლი, ტრიგონელინი, ქლოროგენის მჟავა, მელანოიდინი და კოფეინი. 

ყავის საზიანო თვისებები

მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, ყავა შესაძლებელია საზიანო იყოს ბევრი ჩვენგანისთვის. თუ ყავის დალევის შემდეგ გიჩქარდებათ გული, გეწყებათ თავის ტკივილები, მოუსვენრობა, იმატებს წნევა ან შფოთვები, სასურველია მისი დალევისგან  თავი შეიკავოთ. 

  • შფოთვები – ყავაში შემავალი კოფეინი ააქტიურებს ნერვულ სისტემას და იწვევს სისხლში ეპინეფრინის გამოყოფას. ეპინეფრინი გაქცევისა და გადარჩენის ჰორმონია, ამიტომაც ის გვაძლევს ენერგიას, მაგრამ დიდი რაოდენობით მისი არსებობა ზოგიერთ ადამიანში იწვევს გულის აჩქარებას, წნევის მატებას, შფოთვებს, გულის რევის შეგრძნებას და მოუსვენრობას. თუ ყავის შემდეგ ასეთი სიმპტომები გაქვთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ორგანიზმი მგრძნობიარეა კოფეინის მიმართ და სასურველია შეამციროთ ან შეწყვიტოთ მისი მიღება. 
  • ინსომნია – მართალია, ყავა დღის განმავლობაში იწვევს სიფხიზლეს, მაგრამ მან შესაძლებელია ხელი შეგიშალოთ ჩაძინებაში. კვლევების თანახმად, დღის 3-4 საათის შემდეგ ყავის მიღება საგრძნობლად აუარესებს ძილის ხარისხს. კოფეინი ააქტიურებს ნერვულ სისტემას, რაც ხელს უშლის ორგანიზმის რელაქსაციას. კოფეინი სისხლში 6-8 საათის განმავლობაში რჩება. სამწუხაროდ, უკოფეინო ყავაც შეიცავს მცირეოდენ კოფეინს. თუ გაწუხებთ უძილობა, აუცილებლად სცადეთ ყავის დოზის შემცირება ან საერთოდ რაციონიდან ამოღება
  • დამოკიდებულება – კვლევების თანახმად, კოფეინი კოკაინის და ამფეტამინის მსგავსად  ტვინში ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას. ჩვენს ტვინში არსებობს ადენოზინის რეცეპტორები, რომლის გააქტიურებაც იწვევს რელაქსაციას. კოფეინის მოლეკულები ბლოკავენ ადენოზინის რეცეპტორებს, რის შედეგადაც რელაქსაციის მაგივრად ორგანიზმში მატულობს  ენერგია და სიფხიზლე. ამ რეცეპტორების დაბლოკვა ასევე იწვევს დოფამინის გამოყოფასაც. დოფამინი კი სიამოვნების ჰორმონია. დროთა განმავლობაში დოფამინის გამოსაყოფად უფრო და უფრო მეტი კოფეინია საჭირო. მისი მიუღებლობის შემთხვევაში კი ადამიანს უვითარდება თავის ტკივილები, დაღლილობა, უხასიათობა და დისკომფორტი. 
  • მაღალი წნევა – ვინაიდან ყავა სტიმულატორია, იგი მოქმედებს წნევაზეც. კვლევების თანახმად, დღეში დაახლობით  4 ან მეტი ჭიქა ყავა მოკლე დროით იწვევს წნევის მატებას. ასეთი შედეგები აღინიშნა არა ყავის რეგულარულ მომხმარებელთა, არამედ იმ ადამიანთა შორისაც, რომლებიც ყავას ხანდახან მიირთმევენ. თუ გაწუხებთ გულსისხლძარღვთა  დაავადებები, მოერიდეთ კოფეინის გადამეტებას. როგორც ჩანს, უკოფეინო ყავა არ მოქმედებს წნევაზე. 
  • გასტროენტეროლოგიური პრობლემები  – თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მოერიდეთ ყავას, რადგან მისი მიღება აუარესებს სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ ყავა ეხმარება ელიმინაციაში, გადამეტებული ყავის მიღებამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს დიარეაც. 

იმისთვის, რომ  ვისარგებლოთ ყავის სასიკეთო თვისებებით, სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • აარჩიეთ საღი, ორგანული ყავის მარცვლები, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი სურნელით. უარი თქვით ყოველგვარი სახის რაფინირებულ, უარომატო, სწრაფი მომზადების (Instant coffee) და წინასწარ დაფქულ ყავაზე. სწრაფი მომზადების ყავა ჩვეულებრივ ყავაზე 100%-ით მეტ აკრილამიდს შეიცავს. აკრილამიდი თეთრი, უსუნო კრისტალური ნივთიერებაა. იგი გამოიყენება პლასტმასის დასამზადებლად და ფეკალური წყლების გასაწმენდად. აკრილამიდი წარმოადგენს კარცინოგენულ ნივთიერებას და ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკსს. 
  • ყავის მარცვლები დაფქვით მომზადების წინ და არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ. ასეთ დროს ნარჩუნდება ანტიოქსიდანტები.
  • მოერიდეთ ყავის დალევას მშიერ კუჭზე, განსაკუთრებით დილას. ის გამოიწვევს ორგანიზმის გაუწყლოვანებას და მჟავიანობის მომატებას. თუ მიირთმევთ ყავას საკვების და სათანადო ჰიდრაციის შემდეგ, ის ხელს შეუწყობს საკვების მონელებას და  შეგმატებთ ენერგიასაც. ყველაზე კარგი დრო ყავის დასალევად არის გვიანი დილა და ადრეული შუადღე (11-15 საათი).
  • მაქსიმალური ჯანსაღი ეფექტისათვის მიირთვით ყავა უშაქროდ. მოერიდეთ სინთეტიკურ დამატკბობლებსა და რაფინირებულ რძის ნაღებს. დღიურად შეგიძლიათ მიირთვათ 4 ჭიქა (1 ჭიქა 100 გრ) ყავა. 

რეკომენდებული სტატიები
3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3 სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ
ზამთრის ტონიკების დამზადება ადვილია - სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მიირთვით ტონიკი სისტემატურად. შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები
5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ
ინდუსტრიული წესებით დამზადებული ზოგიერთი საკვები ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რას უნდა ვერიდოთ ყველაზე მეტად და რა უნდა ვიცოდეთ ამ საკვების წარმომავლობის და ზეგავლენის შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.