fbpx

საფეხბურთო სპექტაკლი მფრინავ ჰოლანდიელთა შესრულებით


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დიდებულია ფეხბურთი, ხოლო მისი დინამიკა კი იმდენად მზარდი, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ იდუმალ კავშირზე მწვანე მინდორზე მიმდინარე სპექტაკლის მონაწილეებსა და მაყურებლებს შორის, მით უმეტეს, როდესაც საქმე გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებების ისტორიულ დაპირისპირებას ეხება.

ამ გუნდების წარმოდგენილი ფეხბურთი კი ყოველთვის სპექტაკლია და მაყურებელიც მოუთმენლად ელის უშეღავათო ბრძოლას, ლამაზი გოლებისა თუ საგოლე სიტუაციების ფეიერვერკს და იმ ყველაფერს, რითაც მდიდარია ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო არსენალი.

ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ გასულ პარასკევს ისტორიული დაპირისპირების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი ვიხილეთ უსაზღვრო სათამაშო ფანტაზიითა და ულამაზესი გოლებით.

ასეთი სირთულის მატჩებისთვის დამახასიათებელი მსაჯების შეცდომებითა, თუ დრამატული შემთხვევითობებით. საბოლოოდ კი მაინც ლოგიკამ იმარჯვა, რადგან ჰოლანდია დღეს უფრო ძლიერია თავის დაუძინებელ მტერთან შედარებით.

ფეხბურთის გულშემატკივართა  გასახარად, ამ გუნდების დაპირისპირება ბოლო ხანს მომრავლებულია, რადგან ერთა ლიგაზეც გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ და აქედან გამომდინარე 2018-2019 წლებში ისინი უკვე 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 

თუკი ერთა ლიგაზე ჰოლანდიელებმა პირველ მატჩში შინ 3-0 იმარჯვეს, ხოლო გასვლაზე სასწაულებრივ ამოქაჩეს ორბურთიანი სხვაობა და ფრეს დასჯერდნენ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ გასვლით შეხვედრაში გერმანელებმა მოიგეს, მაგრამ შინაურ არენად რატომღაც ჰამბურგის სტადიონი არჩიეს, რომელზედაც ვან ბასტენის, გულიტის და რაიკაარდის ნაკრების წინააღმდეგ მარცხი იწვნიეს ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში. 

იმ მატჩში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ჰოლანდიელთა ამჟამინდელმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმაც ისახელა თავი, ნარინჯისფერთა გამარჯვების გოლი კი შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ვან ბასტენმა გაიტანა.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორ დასრულდებოდა გერმანიის რომელიმე სხვა სტადიონზე ეს შეხვედრა, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნდესნაკრების მესვეურებმა ამ თვალსაზრისითაც გამოცადეს თავიანთი გუნდი;

თუმცა, მათთვის სამწუხაროდ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და 60 000-იან ფოლკპარკშტადიონზე გერმანელებისთვის ჰოლანდიელებთან წაგების სამწუხარო ტრადიცია გაგრძელდა.

ნარინჯისფერთა 1988 წლის ტრიუმფის შემდეგ, გერმანელებმა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განუმეორებელ სკანდალურ მერვედფინალურ მატჩში სწრაფადვე შური იძიეს თავიანთ მეტოქეზე, დაამარცხეს რა იგი ანგარიშით 2-1 და საბოლოოდ კაიზერ ფრანცის ხელმძღვანელობით იზეიმეს კიდეც მსოფლიო ჩემპიონობა.

პარასკევის მატჩში კი ჯოშუა კიმიხის მიერ საკუთარი ნახევრიდან გაკეთებულ ფილიგრანულ გადაცემას ლუკას კლოსტერმანის გოლი რომ მოჰყოლოდა, ამ შეტევის სულისჩამდგმელი კიდევ ყველას კარგა ხანს დაამახსოვრებოდა, მაგრამ ჰოლანდიელთა მეკარე სილესენმა გადაარჩინა საკუთარი კარი გოლისგან და უკვე დამატებაზე გნაბრიმ მოახერხა ანგარიშის გახსნა. 

გერმანია-ჰოლანდიის მატჩის ანგარიში გნაბრიმ გახსნა

ეს გოლი მასპინძლებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მან აღმოფხვრა ჰოლანდიელთა სადებიუტო დაწოლა და მატჩის სადავეები გერმანელებმა იგდეს ხელთ. მოჩვენებითმა სიმშვიდემ კი შესვენებაზე გუნდები 1-0-ზე გაიყვანა ბუნდესნაკრების  სასარგებლოდ, ისე რომ, მანუელ ნოიერს თამაშში ჩართვა მხოლოდ ერთხელ მოუხდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა გულშემატკივართა მხარდაჭერით რამდენიმეჯერ უაღრესად სახიფათოდ შეუტიეს მეტოქეს და ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა მალე უკვე ნოიერს მოუწია სასწაული სირთულის ბურთის მოგერიება, რასაც მოჰყვა კიდეც დრამატული კულმინაცია, რომელიც დაახლოებით 55-ე წუთიდან მატჩის ბოლომდე გაგრძელდა.

ამ დაახლოებით 35-წუთიან პერიოდში ჰოლანდიის ნაკრებმა რეაქტიული – მფრინავი ფეხბურთი შესთავაზა გერმანელებს, რამაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონის თითოეული სათამაშო რგოლის რღვევა გამოიწვია.

იოაჰიმ ლიოვის გუნდს ვერც ცვლილებებმა და ვერც შემთხვევითი თერთმეტმეტრიანით გატანილმა გოლმა უშველა.

ენდშპილის წარმმართველად ჯორჯინიო ვიინალდუმი იქცა, რომელმაც ჯერ მარცხენა ფლანგზე გარღვევის შემდეგ შესანიშნავი გადაცემით ნოიერთან პირისპირ გაიყვანა ნაკრების ახალბედა ფორვარდი დონიელ მალენი, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი უკვე თავად იმარჯვა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ გადაინაცვლა, აღმოჩნდა რა მეკარის პირისპირ დასარტყმელ პოზიციაში და დამარხა კიდეც მასპინძელთა ბოლო იმედი მატჩის გადარჩენისა. 

აღსანიშნავია, რომ 20 წლის მალენმა გერმანიის ნაკრებთან სადებიუტო სანაკრებო შეხვედრაში მეორე ტაიმში გამოსვლიდან 20 წუთში გაიტანა თავისი სადებიუტო სანაკრებო გოლი.

ამგვარად, ჰოლანდიის ნაკრებმა ბურთების სხვაობით უპირატესობას მიაღწია ჯგუფის კიდევ ერთ უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაში, რაც მას საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პოტენციურად პირველი ადგილის დაკავების შანსს მატებს. 

ჰოლანდიელთა საპირისპიროდ თავის ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვების შანსი მკვეთრად გაიუარესა დანიის ნაკრებმა და ეს მით უფრო სასიხარულოა, რომ ეს საქართველოს ნაკრების დამსახურებაა. 

თუმცა, ასე თუ განაგრძო ჩვენმა გუნდმა, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვლადიმერ ვაისის ბიჭებმა ირლანდიის ან შვეიცარიის ნაკრებიც გაამწარონ და ყველაფერი თავდაყირა დააყენონ ჯგუფში. 

უბრალოდ დასანანია, რომ გუნდმა ასე გვიან გამოიღვიძა და ტურნირზე პირველად ჩაატარა პირველზე უკეთესი მეორე ტაიმი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თითოეულმა ფეხბურთელმა თავდაუზოგავად იბრძოლა, მაგრამ ალბათ განსაკუთრებით გამოსარჩევია მეორე ტაიმში ვაკო ყაზაიშვილისა და ოთარ კიტეიშვილის თამაში. 

თუკი ყაზაიშვილმა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გაახსენა, რომ ქართული ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა ინდივიდუალურ ოსტატობას ეყრდნობა, კიტეიშვილი მინდვრის ყოველ წერტილში ასწრებდა მისვლას და თანაბრად ეხმარებოდა როგორც დაცვით ხაზს, ისე შეტევას.

 ჯემალ ტაბიძისა და კასპერ დოლბერგის ორთაბრძოლა

ცუდია, როდესაც 0-0 გამარჯვებად მიგვაჩნია, მაგრამ როდესაც სიტუაციას ცივ გონებაზე ვაფასებთ, ალბათ უნდა დავკმაყოფილდეთ ასეთი შედეგით და დიდი სიფხიზლე გამოვიჩინოთ, რადგან ერთა ლიგაზე ჩვენ პოტენციურ მეტოქეებსაც არ სძინავთ და ჩვენგან განსხვავებით გამარჯვებებსაც ზეიმობენ.

A ჯგუფში კოსოვოს ნაკრები ორი მოგებითა და ორი ფრით, ინგლისის შემდეგ მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია ამ ახლად აღმოცენებული ნაკრების დიდი სათამაშო ნებისყოფა, რადგან როგორც ბულგარეთის, ისე ჩეხეთის ნაკრებებთან კოსოვომ თამაში მოატრიალა და ისე გაიმარჯვა. 

კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელები ინგლისის ლიგის ჩემპიონატს, ასევე ბელგიის, შვეიცარიის, ნორვეგიის, შვედეთის, მეორე ბუნდესლიგის და სხვა საკმაოდ მაღალი დონის პირველობებს განასახიერებენ და ბუნებრივია, რომ ჩვენთვის უდიდეს ინტერესს იწვევს კარსმომდგარი შეხვედრა ინგლისისა და კოსოვოს ნაკრებებს შორის.

კოსოვოს ნაკრები ჩეხეთთან გამარჯვებას ზეიმობს

ერთალიგის ნახევარფინალში ჩვენმა მეტოქემ ბელარუსის ნაკრებმა ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ მოახერხა გასვლაზე აშკარა აუტსაიდერ ესტონეთის დამარცხება, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია კი მაინცდამაინც ვერ ბრწყინავს და ჩვენ მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ერთა ლიგის გათამაშებიდან გეგმავს.

კარგია დანიასთან ფრედ ნათამაშევი მატჩი, მაგრამ ზემოთ ხსენებული კოსოვოს ნაკრების გარდა, ჩვენი კატეგორიის გუნდებიდან აღსანიშნავია სომხეთის ნაკრების ასპარეზობაც, რომელმაც გასვლაზე საბერძნეთის და შინ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებების დამარცხება შეძლო.

ამგვარად, აუცილებელია, რომ საქართველოს ნაკრებმა ახლავე მიზნად დაისახოს შინ 12 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრების დამარცხება. ამ მოგებას ჩვენი გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ბოლო მოეღება ირლანდიის ნაკრებთან წაგებების სამარცხვინო სერიას, ეს მართლაც რომ უდიდესი რეპეტიცია იქნება როგორც შვეიცარიის ნაკრებთან შესაძლო სენსაციის მოხდენისთვის, ისე ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის, რომელამდეც სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

 


რეკომენდებული სტატიები
ევროპული სეზონის გარიჟრაჟზე - ანუ „ლივერპულიდან“„ლივერპულამდე“!

ევროპული სეზონის გარიჟრაჟზე - ანუ „ლივერპულიდან“„ლივერპულამდე“!

ევროპული სეზონის გარიჟრაჟზე - ანუ „ლივერპულიდან“„ლივერპულამდე“!
იურგენ კლოპის ბიჭებმა 14 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩში უკვე ლონდონის „ჩელსის“ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს და გამარჯვებით გახსნეს ევროპული ფეხბურთის 2019/2020 წლების სეზონი
ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან

ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან

ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან
„ბრაზილიაში ფეხბურთი ყველგანაა: პროფესიონალურ მოედნებზე, სოფლებში, რიოს ფაველებში, იპანემის პლაჟებზე. თამაშობენ ყველაფრით - გაცვეთილი ბურთებით, დამრგვალებული წინდებით, ხილით, ბუშტებით... ყველაფრით, რაც კი დაგორავს. თამაშობენ დილიდან გვიან ღამემდე“.  კარლოს კარვალიო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.