საინტერესო პროფილითა და კონცეფციით გამორჩეული თბილისური მაღაზიები და დაწესებულებები
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
თბილისში თითქმის ყოველდღიურად ჩნდება ახალი სივრცე, რომელიც თავისი კონცეფციითა და მისიით განსაკუთრებულია. ასეთი სივრცეები პროდუქტის გარდა იდეას ყიდიან და სწორედ ამით არიან გამორჩეულები ბაზარზე არსებული სხვა მაღაზიებისგან, გალერეებისა თუ სასწავლო ცენტრებისგან.
დღეს წარმოგიდგენთ თბილისში არსებულ მაღაზიებს, სადაც ორიგინალურ ნივთებთან ერთად საინტერესო მომსახურების მიღებაც შეგიძლიათ. ეს სივრცეები მაღაზიის, იდეოლოგიის, გალერეებისა თუ შემეცნებითი დაწესებულებების საინტერესო ნაზავია.
Zero Effect
ნული ნარჩენი არის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გარდაქმნას ისე, რომ ნარჩენის რაოდენობა უკიდურეს მინიმუმამდე შემცირდეს.
“ზერო ეფექტი” კი ნული ნარჩენის კონცეფციის პირველი სივრცეა საქართველოში, სადაც მაღაზიასთან ერთად ვეგანური და ვეგეტარიანული კაფე ფუნქციონირებს. ამ მაღაზიის მიზანია საქართველოში მცხოვრებლებს მისცეს შესაძლებლობა პლასტმასის ნივთები ბუნებრივი ალტერნატივით ჩაანაცვლონ.
მაგალითად, მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალჯერადი გამოყენების საწრუპი, ბამბუკის კბილის ჯაგრისი, ბამბუკისვე პორტატიული დანა-ჩანგლის ნაკრები, უჟანგავი მეტალის საპარსი, მყარი შამპუნი შეფუთვის გარეშე და სხვა.
“ზერო ეფექტში” წარმოდგენილი ნივთები თითქმის 100%-ით ეკომეგობრულია და არ ტოვებს ნარჩენს ბუნებაში.
Ceramic Studio 1300 Jibu/Taso
“კერამიკ სტუდია 1300” მაღაზია, სახელოსნო და კონცეპტ-გალერეაა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ კერამიკის ხელნაკეთი ჭურჭელი, სახლის აქსესუარები, არტ ნივთები და სხვა.
მაღაზია მასპინძლობს როგორც გამოფენებს, ასევე მასტერკლასებსა და ვორკშოპებს. ასევე, სტუდიის დამფუძნებლებს პერიოდულად აჰყავთ ჯგუფები, რომლებსაც ასწავლიან კერამიკის ძირითად პრინციპებს.
მფრინავი მღებავი
“მფრინავი მღებავი” მაღაზია-სახელოსნოა, სადაც წარმოდგენილია როგორც თანამედროვე დიზაინერების და არტისტების მიერ შექმნილი პროდუქცია, ასევე საბჭოთა ვინტაჟური ტანსაცმელი.
მაღაზია-სახელოსნო სამ მიმართულებას აერთიანებს – “მფრინავი მღებავის” ჯგუფის დიზაინით და შინაარსით შექმნილი კონცეპტუალური ტანსაცმელი და აქსესუარები, საბჭოთა ვინტაჟი “ნინო” და დიზაინერების პროდუქცია.
როგორც ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, “მფრინავი მღებავი” პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც არტისტები საზოგადოებას მოდის და ხელოვნების ენით აწვდიან სოციალურ, პოლიტიკურ, კრიტიკულ თუ რომანტიკულ მესიჯებს.”
Laboratory 25
“ლაბორტორია 25” ყველასთვისაა ცნობილი, ვისაც ერთხელ მაინც გადაუღია ფოტო ფირიანი აპარატით.
ესაა ადგილი, რომელიც პროფესიონალ თუ მოყვარულ ფოტოგრაფებს სთავაზობს ნებისმიერი ფირის ხელით გამჟღავნებას, ფოტოს ბეჭდვას და მაღალი რეზოლუციით დასკანერებას.
ასევე, ლაბორატორიაში არის ვიწრო თუ ფართო ფორმატის ფირების დიდი არჩევანი.
წიბახა
“წიბახა” სამაგიდო თამაშების კლუბი და მაღაზიაა, რომელიც თავის სივრცეში აერთიანებს როგორც ბარს, ასევე სამზარეულოს.
კლუბში სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანია: წარმოდგენილია როგორც კლასიკური სამაგიდო, ასევე სტრატეგიული, ე.წ. როლური თამაშები – განვითარებაზე, ბლეფზე, ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული, მისტიკური და ზღაპრული, ე.წ. party games და ა.შ.
გარდა კლუბში თამაშისა, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თამაში შეიძინოთ კიდეც.
Vodkast audio
Vodkast რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, ესენია – მაღაზია, ლეიბლი, პოდკასტი და შოუქეისები.
საქართველოში პირველ ფირფიტების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი და მეორადი ფირფიტები, ფირსაკრავები, ნემსები თუ უამრავი იშვიათი დეტალი.
ფუნდუკი
“ფუნდუკი” მომხმარებლებს ეკომეგობრულ ავეჯს, სუვენირებს და საოჯახო ნივთებს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ მარტივი დიზაინის თაროები, მაგიდები თუ სკამები, რომლებიც იოლად იშლება და მათი ერთი სივრციდან მეორეში გადატანა მოსახერხებელია.
Black Dog Shop
Black Dog Shop გრაფიკული დიზაინის სააგენტოს, Black Dog Stuido-ს მიერ შექმნილი პროექტია, რომლის სულისჩამდგმელი ქართველი გრაფიკული დიზაინერი მანანა არაბულია.
სტუდიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია წიგნების, ლოგოს, ფონტების დიზაინზე, მათი გამოყენებით საინტერესო პრინტ-მასალების შექმნაზე და კულტურულ პროექტებზე.
ხოლო მაღაზია გთავაზობთ იშვიათ და უნიკალურ წიგნებს და ალბომებს ქართული კულტურის, ფოტოგრაფიის და ხელოვნების შესახებ. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩანთები და მაისურები, რომლებიც სტუდიის პროექტის – SPECIAL CHARACTERS-ის ფარგლებშია შექმნილი და გამოყენებულია სტუდიის კოლექციაში არსებული უნიკალური ქართული შრიფტები. ასევე, აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და შეიძინოთ საინტერესო ხელნაკეთი ფოტოწიგნები, საბჭოთა ვინტაჟური პლაკატების ორიგინალები და ასლები სტუდიის კოლექციიდან, საავტორო ღია ბარათები და სტიკერები, ხელნაკეთი ბლოკნოტები და უკვე ცნობილი ან დამწყები მხატვრების ნამუშევრები.
Margo Skate Shop
Margo Skate Shop სკეიტების პირველი მაღაზიაა თბილისში. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სხვადასხვა სტილის დაფები, ასევე აქსესუარები – ბორბლები და სხვა საჭირო დეტალები. ამავე სივრცეში საშუალება გეძლევათ აღმოაჩინოთ და შეიძინოთ სხვადასხვა დიზაინერების ჰუდები, კეპები, შარვლები და სხვა ნივთები.