fbpx

რომელი ნომრით ითამაშებდნენ ფეხბურთს ბორხესი, კამიუ, ჰესე და სხვა დიდი მწერლები


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

როგორც ამბობენ, ფეხბურთი უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე ეს ჩვენ ვიცით – სადღაც, შორეულ ჩინეთში, მთებში, ორ გუნდად გაყოფილი ბერები აგორავებდნენ მრგვალ კონსტრუქციას და ერთმანეთს ეპაექრებოდნენ. 

ის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ ვიცით და გვიყვარს, მეცხრამეტე საუკუნეში აღმოცენდა, თავისი წესები და კანონები შემოიღო და  ინდუსტრიაში ჩაეშვა, ხოლო მეოცე საუკუნეში მან საბოლოოდ გაშალა ფრთები, დაიხვეწა და ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, მეტიც, ჩამოყალიბდა – როგორც  ცხოვრება.

“თუკი რამ ზნეობა გამაჩნია, საფეხბურთო მოედანზე ვისწავლე”, – ამბობდა ალბერ კამიუ, რომელიც ახალგაზრდობაში თამაშობდა კიდეც ფეხბურთს, და ცხოვრების ბოლომდე  სპორტის ამ სახეობის ერთგული დარჩა – გულშემატკივრობდა და წერილებსაც წერდა  ფეხბურთზე. კამიუსთვის ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე სპორტის სახეობა. მისთვის ფეხბურთი ცხოვრებაა, ფილოსოფიის საგანი, რომელიც არ არის მხოლოდ ტრუისტული გაგების მატარებელი – 22 ფეხბურთელის დევნა ბურთზე და კარებში გოლის გატანა.

კამიუს და  სხვა, ფეხბურთით შეპყრობილი შემოქმედების  ლეგიტიმაციით, ამ სტატიაში შევქმნი მეოცე საუკუნის მწერლებით დაკომპლექტებულ საფეხბურთო გუნდს, და მათ პოზიციებს მათივე შემოქმედების მიხედვით დავალაგებ.

 

#1.  მეკარე – ალბერ კამიუ

ალჟირის რასინგ უნივერსიტეტის კარს დარაჯობდა, აქვს გარკვეული გამოცდილება, ფეხბურთიც სიგიჟემდე უყვარს, გარდა ამისა, მოქნილი მოძრაობებით და მოქმედებით გამოირჩევა, სიმაღლის გამო გამოსვლაზე დიდად ნორმალურად ვერ თამაშობს,  მაგრამ ხაზზე საუკეთესოა, 100%-იანი მომენტის სრულად რეალიზება შეუძლია, თანაც პენალტების მოგერიება გამოსდის კარგად – მეტოქეს ისე უყურებს, როგორც მონსტრი  და მის კონცენტრაციას მთლიანად “ჭამს”.

#2.  მარჯვენა მცველი – ბორხესი

მარჯვენა ფეხს ისე ხმარობს, როგორც ფლეიტას, გასაოცრად მარტივად შესწევს ძალა აუაროს გვერდი მეტოქეს, და ის უცნაური ქმედებებით დააბნიოს. ხანდახან ორია, და ყველგანაა – შეტევაშიც და დაცვაშიც. მარჯვენა მხარესაც კარგად დარაჯობს და მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. ახალგაზრდობის წლებში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, შემდეგ საკუთარი თავი მარჯვნივ იპოვა, თუმცა არც მარცხნივ უჭირს თამაში. ერთი სიტყვით, გამოსადეგი მოთამაშეა.

#3.  ცენტრალური მცველი – თომას მანი

დაცვა ზოგადად პროზაული საკითხია, შესაბამისად, ვინ დადგება დაცვის ცენტრში თუ არა თომას მანი, მწერალი, რომელსაც არასდროს დაუწერია ლექსი, რის გამოც მას თავისი დროის ლიტერატურულ სივრცეში მწერლად არ თვლიდნენ და უბრალოდ, ინტელექტუალად მოიხსენიებდნენ. ეს კიდევ ერთი “სქილი” – კარგ ცენტრალურ მცველს აუცილებლად სჭირდება ინტელექტი, თომას მანი კი, თავისი დინჯი და ძლიერი აზროვნებით,  ნებისმიერი ფორვარდისთვის საფრთხის შემცვლელი ფიგურაა, ბურთის ჭია, რომელიც ყველა მდგომარეობიდან ცდილობს ბურთს გაჰკრას ფეხი და მოედნიდან მოაშოროს. ასევე მისი ინტელექტი გუნდს სწრაფი კონტრშეტევის საშუალებას აძლევს. გასაჭირში მისი საყრდენად აწევაც შესაძლებელია.

#4. ცენტრალური მცველი – ჰერმან ჰესე

გერმანული ცენტრალური დაცვა გადაწყდა. თომას მანს გვერდში დავუყენოთ მისი მეგობარი, ასევე სხარტი გონების პატრონი ჰერმან ჰესე, რომელიც ერთგვარ შემტევი მცველის პოზიციას მოირგებს, მას შეუძლია გააკეთოს გრძელი, სახიფათო პასები მეტოქის საჯარიმოში, და ასევე სტანდარტული მდგომარეობის დროს შესანიშნავად თამაშობს თავით, თუმცა მიუხედავად მისი შემტევი ფეხბურთის სიყვარულისა, ის მაინც ვარდნებშია ძლიერი.

#5. მარცხენა მცველი – ჟოზე სარამაგუ

სარამაგუ ნამდვილი მარცხენაა. მარტივად და სწრაფად გადადის შეტევაზე, მისი გუნდში ყოფნა დიდი პლუსია, რადგან მას დაცვითი და შეტევითი ფუნქციები თანაბრად აქვს გადანაწილებული. დაცვაში ნამდვილი კედელია, და ნებისმიერი დონის ვინგერი შეუძლია შეაჩეროს, შეტევაზე გადასულის  შეჩერება კი თითქმის შეუძლებელია, რადგან სწრაფია და მოქნილი, ასევე აქვს მოულოდნელი დარტყმა და შესანიშნავად აწოდებს ბურთს მეტოქის საჯარიმოში.

#6. საყრდენი ნახევარმცველი – სარტრი

სარტრი უხეშია და მოედანზე საკუთარ წესებს ადგენს – ის შეტევაზე წამოსულ ფეხბურთელს  სტანდარტული პოზიციით კი არ ხვდება, არამედ თავის წესებს სთავაზობს, რისი დამსახურებითაც ბურთი მალევე მის ფეხებში ხვდება და შეტევა იწყება; ამ დროს კი მას შეუძლია მოიფიქროს ყველაზე არაორდინალური პასი და ბურთთან მარტივი შეხებით, ეს მისი პროზაული ქმედება, ანუ დაცვითი ფეხბურთი, ფორვარდისთვის იდეალური გადაცემის შედეგად აქციოს პოეზიად – გოლად.

#7. საყრდენი ნახევარმცველი – ჰემინგუეი

ჰემინგუეი გუნდის მთავარი ბუნტისთავია, საჭირო მომენტში შეუძლია უხეშობა, ხოლო თამაშის ძირითადი დრო აისბერგივითაა, შეუმჩნევლად გადაადგილდება მოედანზე და ყოველთვის იქ არის, სადაც საჭიროა. მას ამ ბრწყინვალე ჩვევის გამო შეუძლია ფორვარდის მიერ დაშვებული შეცდომა გამოასწოროს – კარიდან ასხლეტილი ბურთი სწორ პოზიციაში მიიღოს და საქმე მეტოქის კარში ძლიერი დარტყმით დაამთავროს, ასევე აქვს ბრწყინვალე ნახტომი და სახიფათოა სტანდარტული მდგომარეობის დროს.

#8. მარცხენა ნახევარმცველი – ფრანც კაფკა

როგორც ხოჭო გაზქურაზე, ისე მიძვრება კაფკა მარცხენა ფლანგზე. საცეცებით ბურთს ფეხზე იწებებს და უკონტროლო ხდება. გუნდში ყველაზე მეტად გამოირჩევა დისციპლინით, რის გამოც შავი საქმეების შესრულება ხშირად უწევს. თავის პოზიციაზე უბადლოა, გამოირჩევა შეტევის ფლანგის შეცვლით და კარგად გამოსდის დიაგონალური პასები. ასევე მარცხენა ფლანგიდან მოსაწოდებელი ყველა სტანდარტი მის ფეხებსაა მინდობილი.

#9. ცენტრალური თავდამსხმელი – სელინჯერი

მას არ უყვარს არც ბევრი ლაპარაკი და არც ბურთთან ხშირი ურთიერთობა, სტანდარტული ცხრა ნომერია – ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია შეძვრეს მეკარის მოედანზე და ჩაწოდებულ ბურთს დაუხვედროს ფეხი, ასევე გამოირჩევა კუთხის ჩაკეტვით და ზონების სრული გადაკეტვით. მისი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. გოლის აღნიშვნაც თავისებური სიდინჯით უყვარს, კუთხურ ალამთან მისული, გუნდის ლოგოს კოცნის და თავის ადგილს უბრუნდება. მას ერთი მინუსი აქვს, თამაშში იშვიათად გააქვს ერთზე მეტი გოლი, თუმცა ეს ერთი გოლი ყველაფერს უდრის.

#10. შემტევი ნახევარმცველი/გამთამაშებელი – ჯეიმს ჯოისი

ჯოისი იმ ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნება, ვისაც ბურთთან ერთად მთელი სტადიონი შეუძლია შემოიაროს – საკუთარი საჯარიმოდან წამოიღოს, გზაზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მარტივად აუაროს გვერდი, ზოგან შეჩერდეს და საკუთარი ძალების დემონსტრირება სრულად განახორციელოს, მოატყუოს უცნაური ფინტით მოწინააღმდეგე, ბოლოს მეკარე, და გოლის ნაცვლად უბრალოდ ლელო დადოს – კარში შევიდეს. ის გუნდის მთავარი კაცია, ყველაზე დიდი ავტორიტეტი, სწორედ ამიტომ აქვს მორგებული კაპიტნის სამკლავური.

#11. მარჯვენა ნახევარმცველი – ანდრეი პლატონოვი

მეტოქის მოტყუება ჯოისის შემდეგ ყველაზე უკეთ პლატონოვს გამოსდის. მას არ უყვარს დაცვაში თამაში, ის მუდმივად შეტევაზე რჩება, ბურთის მიღების დროს კი ერთი სტანდარტული მოქმედება ახასიათებს,  რომლის შესახებ მეტოქე გუნდის მცველებმა იციან, მაგრამ მის სისწრაფეს და ტექნიკას ვერაფერს უხერხებენ – პლატონოვი მარჯვნიდან ცენტრისკენ შედის, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მარტივად სცდება და მარცხენა ფეხით შორეული ცხრიანისკენ გზავნის ბურთს. დარტყმა ხშირ შემთხვევაში აუღებელია. თუმცა აქვს ერთი პრობლემა – შესანიშნავად ატარებს პირველ ტაიმს, მეორე ტაიმში კი ძირითადად დგას და ცაში იყურება, ხოლო, როცა გაბრაზებული თანაგუნდელი შენიშვნას აძლევს, ის სრული სერიოზულობით პასუხობს: “ახლა ამით საზრდოობა არ შემიძლია, მე ფიქრი მჭირდება”.

 

მწვრთნელი – გაბრიელ გარსია მარკესი

მას უბრალო ფეხბურთი მოსწონს და ასე ამბობს ხოლმე:  “წარმოიდგინეთ, რა მარტივია ყველაფერი. მინდორზე 20-ზე მეტი ბიჭი დარბის, რომლებიც ცდილობენ, რომ ბურთი კარის ხაზს იქით გადააგდონ. სულ ესაა! ბურთი ხაზს იქით უნდა გადააგდონ! აი, ამიტომ არ მესმის მათი, ვინც ამ თამაშს ართულებს და ათასგვარ ნახაზს აკეთებს”. შესაბამისად, ასეთი ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ვერავის ვანდობთ გაბრიელ გარსია მარკესის გარდა, მას შეუძლია ფეხბურთელები უბრალოდ გაამხნევოს და სხვა ყველაფერი კი თავად მოთამაშეებმა იციან.

 

1,275 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
სტარტზე ჩემპიონთა ლიგაა!

სტარტზე ჩემპიონთა ლიგაა!

სტარტზე ჩემპიონთა ლიგაა!
უეფას საათივით აწყობილი მექანიზმი, გასული კვირის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ხვალიდან კვლავ საკლუბო ფეხბურთზე გადაერთვება და გულშემატკივარიც ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩებს იხილავს. 
ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან

ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან

ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან
„ბრაზილიაში ფეხბურთი ყველგანაა: პროფესიონალურ მოედნებზე, სოფლებში, რიოს ფაველებში, იპანემის პლაჟებზე. თამაშობენ ყველაფრით - გაცვეთილი ბურთებით, დამრგვალებული წინდებით, ხილით, ბუშტებით... ყველაფრით, რაც კი დაგორავს. თამაშობენ დილიდან გვიან ღამემდე“.  კარლოს კარვალიო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.