fbpx

სტარტზე ჩემპიონთა ლიგაა!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უეფას საათივით აწყობილი მექანიზმი, გასული კვირის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ხვალიდან კვლავ საკლუბო ფეხბურთზე გადაერთვება და გულშემატკივარიც ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩებს იხილავს. 

ამ დროს მთელი საფეხბურთო სამყარო დაზვერვის რეჟიმში გადადის მწვრთნელებითა და მოთამაშეებით დაწყებული, ჟურნალისტებით, საბუკმეიკერო კანტორებითა თუ რიგითი გულშემატკივრებით დამთავრებული. 

სწორედ ახლა ქვეყნდება წინასწარი ფსონები ამა თუ იმ გუნდის ჯგუფიდან გასვლა-არგასვლასა თუ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მომავალ გამარჯვებულებთან დაკავშირებით.

ეს ფსონები ტურნირის მანძილზე განუწყვეტლივ შეიცვლება და კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ თუნდაც ევროპის ლიგის მომავალი გამარჯვებული სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე იწყებდეს.

გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ტრადიციულად ე.წ. სიკვდილის ჯგუფებია, რომელთა სიმცირეც ჯგუფურ ტურნირს ერთგვარად აკნინებს ხოლმე და ასეთი ტენდენცია შარშანდელთან შედარებით, სამწუხაროდ, წლეულს უფრო შესამჩნევია. 

ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონში ორი გამოკვეთილი „სიკვდილის ჯგუფი იყო“, რომლებშიც თითო მერვედფინალისტის ვინაობა ბოლო ტურამდე არ ყოფილა გარკვეული.

გულშემატკივარს კარგად ახსოვს, თუ როგორ ჩატოვა ვითომ უმოტივაციო „პსვ-მ“ ჯგუფში მილანის „ინტერი“, გაუკვალა რა გზა მომდევნო ეტაპზე ტურნირის მომავალ ფინალისტ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“.

 

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელები შეწუხებულები ტოვებენ მინდორს ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ

 

სიკვდილის ჯგუფში იყო ტურნირის გამარჯვებული „ლივერპულიც“, რომელმაც  „ნაპოლის“ წინააღმდეგობა ერთით მეტი გატანილი გოლის წყალობით დასძლია, ისე რომ ჯგუფში სამივე გასვლითი მატჩი წააგო. 

„ლივერპული“ და „ნაპოლი“ წლეულსაც ერთად მოხვდნენ ჯგუფში, მაგრამ მათთან ერთად აღარ იქნებიან არც „პარი სენ ჟერმენი“, არც „ცრვენა ზვეზდა“, რომელიც ასევე კარგა ხანს ინარჩუნებდა ჯგუფიდან გასვლის შანსს.

„პარი სენ ჟერმენი“ ამჯერად მადრიდის „რეალთან“ აღმოჩნდა ერთ ჯგუფში და ეს გუნდები ერთმანეთს 18 სექტემბერს პარიზში შეხვდებიან. პირველი ტურის მატჩებიდან ასევე აღსანიშნავია „ნაპოლის“ და „ლივერპულის“, „ატლეტიკოს“ და „იუვენტუსის“, დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებები. 

„სიკვდილის ჯგუფს“ ვერც წლეულს ასცდა მილანის „ინტერი“, რომლის მეტოქეც კვლავ „ბარსელონაა“, ხოლო შარშანდელი „ტოტენჰემი“ კი „ბორუსიამ“ ჩაანაცვლა. „პსვ“-ს ფუნქცია ოთხეულში პრაღის „სლავიამ“ უნდა იტვირთოს. აქედან გამომდინარე კი საინტერესოა, შეძლებს ჩეხეთის ჩემპიონი ჯგუფში შარშანდელი „პსვ“-ს მსგავსი სენსაციის მოხდენას თუ სტატისტის როლში აღმოჩნდება და ექვსივე თამაშს წააგებს. 

აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის გუნდთაგან გულშემატკივარს ორივე შემთხვევასთან ჰქონია საქმე. საგულისხმოა, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია ჩეხეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ახერხებს. 

პლზენის „ვიქტორიამ“ შარშან საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და „რომას” და „ცსკას“ დამარცხებაც შეძლო. ექვსივე თამაში კი მხოლოდ საბერძნეთის „აეკმა“ წააგო, რომლის მეტოქეებიც „აიაქსი“, „ბაიერნი“ და „ბენფიკა“ იყვნენ. 

ზაგრების „დინამო“ მეორედაა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ხორვატიის ჩემპიონმა სამი წლის წინ ექვსივე თამაში წააგო. ამჟამად კი იგი ამ არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლისთვის იზრუნებს და წარმატების მიღწევას „მანჩესტერ სიტის“, „შახტარისა“ და ტურნირის დებიუტანტ ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩებში ეცდება.

როგორც  უნდა გვაინტერესებდეს „მეორე ეშელონის“ გუნდები, ტურნირის მთავარი მონაწილეები მაინც „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ არიან და გულშემატკივრის მოლოდინიც უპირველეს ყოვლისა მათ ასპარეზობას უკავშირდება.

მსოფლიო ჩემპიონატებისგან განსხვავებით, სადაც სულაც არაა გასაკვირი, რომ რომელიმე წამყვანმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლიოს, ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ამბები იშვიათია და დროებითი დაძაბულობების მიუხედავად, ფავორიტები მაინც ახერხებენ ხოლმე მერვედფინალში გასვლას.

სწორედ ამის მაგალითია „მანჩესტერ სიტის“ შარშანდელი შინაური მარცხი „ლიონთან“ შეხვედრაში. ამის შემდეგ, როგორც ვიცით, პეპ გვარდიოლას გუნდს პრობლემა მეოთხედფინალამდე აღარ შექმნია. მაგრამ როგორ იქნება წლეულს? 

რატომღაც 2019/2020 წლების ტურნირის მოგების უმთავრეს ფავორიტად ბუკმეიკერები სწორედ რომ „მანჩესტერ სიტის“ ასახელებენ. რატომ? – იმიტომ რომ ინგლისის პრემიერლიგა, საყოველთაო აღიარებით, ამჟამად ევროპის ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატია, პეპ გვარდიოლასთვის უკვე „მეორეხარისხოვანია“ ინგლისის ჩემპიონობა თუ თასების მოპოვება და რაც მთავარია, „დროა, გვარდიოლამ ლიგა მოიგოს“. 

ამ თეორიის მომხრეებს ზურგს უმაგრებს „მანჩესტერ სიტის“ უღიმღამო დებიუტი პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში, რის გვირგვინადაც შაბათს განცდილი მარცხი იქცა „ნორვიჩთან“.

 

„ნორვიჩის“ ფეხბურთელები გამარჯვებას თვით „მანჩესტერ სიტისთან“ ზეიმობენ

 

მოყვანილ არგუმენტებს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ალბათ ნაკლებად სარწმუნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვარდიოლა უკვე ისედაც დიდი ხანია ვეღარ იგებს ჩემპიონთა ლიგას და თანაც „მანჩესტერ სიტის“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის არანაირი ტრადიცია არ გააჩნია. 

„მანჩესტერ სიტის“ შემდეგ ფავორიტთა სია ასე გამოიყურება: „ბარსელონა“, „ლივერპული“, „რეალი“, „პარი სენ ჟერმენი“, „იუვენტუსი“ და „ბაიერნი“. ევროპის საუკეთესო კლუბთა შვიდეული აშკარად ობიექტურადაა შერჩეული და ალბათ მცირეა იმის ალბათობა, რომ ამ გუნდების გარდა რომელიმე სხვამ, მაგალითად, „აიაქსმა“, „ტოტენჰემმა“, „ინტერმა“, „ატლეტიკომ“ თუ „ლაიპციგმა“ ტურნირი მოიგოს; თუმცა, ამ შვიდეულის ქრონოლოგიაში ბევრი გულშემატკივარი აუცილებლად კორექტივებს შეიტანს. 

დავიწყოთ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგა წესით და რიგით განვითარებადმა კლუბმა უნდა მოიგოს, სადაც შეიძლება სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი ტრანსფერები ჩატარებული, მაგრამ სამაგიეროდ დომინირებდეს მუდმივად მზარდი ინტელექტი, თითოეული სათამაშო რგოლის დახვეწას რომ ემსახურება. 

ამის მაგალითებია ტურნირის გამარჯვებული „ლივერპული“, ჩვენ მიერ დახასიათებული „მანჩესტერ სიტი“ და აუცილებლად „იუვენტუსი“. მისმა ამჟამინდელმა თავკაცმა მაურიციო სარიმ შარშან ხომ უკვე მოიგო ევროპის ლიგა „ჩელსისთან“ ერთად. რატომ არ უნდა ფიქრობდეს ამბიციური მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც, როდესაც შემადგებლობაში კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს? 

საინტერესოა, ვის უფრო დიდი ალბათობა აქვს ლიგის მოგების – გვარდიოლას თუ რონალდუს? ამ კუთხით მსჯელობისას, რა თქმა უნდა, ლიონელ მესიც გვახსენდება. მას გვერდს ხომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი გრიზმანი დაუმშვენებს. მაგრამ, ვიცით რამდენად საკმარისი იქნება ლიგის მოსაგებად „ბარსელონას“ შემტევი ფაზის მოსალოდნელი გაძლიერება დაცვაში ტრადიციულად უამრავი შეცდომის ფონზე? გასათვალისწინებელია ვალვერდეს ფენომენიც, რომელიც განვითარებადი მწვრთნელის ნიშანწყალსაც არ ავლენს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. 

თუმცა „ბარსელონა“ მესის გარეშე თამაშს რომ სწავლობს, ეს „ვალენსიასთან“ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში 5:2 მოგებულმა მატჩმაც ცხადყო.

შეხვედრის მეშვიდე წუთისთვის მასპინძლები 2:0-ს დებიუტანტების – ფატის და დე იონგის გოლების წყალობით იგებდნენ, მაგრამ მე-60 წუთზე შემოსულმა ლუის სუარესმა დუბლით დაამტკიცა, რომ „ძველი ბარსელონას“ ჩამოწერა ჯერ კიდევ ნაადრევია და თაობათა ცვლამ კატალონიურ კლუბში მაქსიმალური კონკურენციის ფონზე უნდა ჩაიაროს.

ამ მატჩში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ანსუ ფატია, რომელიც „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ იქცა, ვინც ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. წარმოშობით გვინეაბისაუელი ფეხბურთელი 16 წლისაა.

 

 „ვალენსიასთან“ მატჩში „ბარსელონას“ ახალგაზრდა გმირი ანსუ ფატი

 

„რეალზე“ რაღას ვიტყვით? ზიდანი „სამეფო კლუბში“ ხომ უმაღლესი ტიტულების მოპოვების მიზნით დაბრუნდა. თანაც მას დასამტკიცებელი აქვს, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის ჰეგემონი კვლავ მადრიდის „რეალია“, თუნდაც რონალდუს გარეშე! 

მაგრამ, მოდით, „რეალის“ თუ კიდევ სხვა ფავორიტების დღევანდელ მდგომარეობაზე უფრო დაწვრილებით პირველი ტურის მატჩების შემდეგ ვიმსჯელოთ, როდესაც სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბების მიერ ჩატარებული სამუშაოს ხარისხი  მეტ-ნაკლებად გამომჟღავნდება. 


რეკომენდებული სტატიები
ფეხბურთი საოცრებათა ქვეყნიდან

ფეხბურთი საოცრებათა ქვეყნიდან

ფეხბურთი საოცრებათა ქვეყნიდან
ის, რაც ფეხბურთის მოყვარულებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში იხილეს, იმდენად სასეირო აღმოჩნდა, რომ გულშემატკივრობამ უკანა პლანზე გადაიწია
საფეხბურთო სპექტაკლი მფრინავ ჰოლანდიელთა შესრულებით

საფეხბურთო სპექტაკლი მფრინავ ჰოლანდიელთა შესრულებით

საფეხბურთო სპექტაკლი მფრინავ ჰოლანდიელთა შესრულებით
გერმანია-ჰოლანდია: გასულ კვირას ისტორიული დაპირისპირების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი ვიხილეთ უსაზღვრო სათამაშო ფანტაზიითა და ულამაზესი გოლებით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.