26 სეტემბერი დილიდან
ეროვნულ გალერეაში იტალიური ფერწერისა და გრაფიკის ნამუშევრები გამოიფინება
27 სექტემბრიდან დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ XVI-XVIII საუკუნეების იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე გაეცნონ. ეროვნულ გალერეაში ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა პროგრამა Vivere ALL’italiana-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც გამართული ექსპოზიციები საქართველოში 150 ათასზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა. ნამუშევრების ნახვა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 20 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად რეჟისორი ბუბა ხოტივარი აირჩიეს
ბუბა ხოტივარმა არჩევნებში აკადემიის წევრების 106 ხმა მიიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა – 63. ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად 4 წლის ვადით აირჩიეს. კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 სექტემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ თანამდებობა დატოვა.
იურიული პარკის ახალ ფილმში ძველი სამსახიობო გუნდი ბრუნდება
სწორედ სემ ნილი, ლორა დერნი და ჯეფ გოლდბლუმი თამაშობდნენ ერთად 1993 წელს გადაღებულ სტივენ სპილბერგის ფილმში. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი ეს მათი ერთად გამოჩენის პირველი შემთხვევაა. იურიული სამყაროს ახალი ნაწილი 2021 წელს გამოვა.
წყარო: https://www.bbc.com/
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა დატოვა
ამის შესახებ განცხადება თავად ტენორმა გაავრცელა. მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში აგვისტოს დასაწყისში დაადანაშაულეს. 9 ქალი ამტკიცებდა, რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა.
წყარო: https://www.bbc.com/
აშშ-ში ქართული ჩაი “მანნა” 2020 წლიდან გაიყიდება
ინფორმაციას ამის შესახებ BM.GE ავრცელებს. ამ ეტაპზე ჩაი “მანნა” ნიუ-იორკის რამდენიმე რესტორანსა და მაღაზიაში სატესტო შემოწმებას გადის. თავდაპირველად ჩაის ერთი შეფუთვა ნიუ-იორკის ბაზარზე 2-დან 3-დოლარამდე ეღირება.
წყარო: https://bm.ge/