fbpx

მოსაზრება: რატომ მეშინია გრეტა ტუნბერგის


გააზიარე სტატია


ტექსტი და ილუსტრაცია: თუთა ჩხეიძე

 

რატომ მეშინია გრეტა ტუნბერგის?

ტრევორ ნოას[1] შოუში სტუმრად მყოფმა გრეტა ტუნბერგმა კითხვაზე განსხვავდება თუ არა კლიმატის ცვლილებისადმი დამოკიდებულება შვედეთსა და ამერიკაში, უპასუხა, რომ მის ქვეყანაში კლიმატის ცვლილება ფაქტია, ხოლო ამერიკაში რწმენის საკითხი. ანუ საკითხი, რომლის ნამდვილობაში ადამიანების ერთ ნაწილს ეჭვი ეპარება, მეორე კი დარწმუნებულია.

რასაც გრეტა  აღწერს, ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების მახასიათებელია. რეალობა, რეალობის რეპრეზენტაციით არის ჩანაცვლებული, ხოლო სიმართლე – სიცრუის გრძელი ჯაჭვის მხოლოდ ერთ-ერთი რგოლია.

რატომ მეშინია გრეტას გამო? რატომ არ მავსებს იმედით კორპორაციების წინააღმდეგ 16 წლის გოგოს ჯანყი, რომელმაც 1 წელიწადში 4 მილიონი ადამიანის ორგანიზება შეძლო?

იმიტომ, რომ გრეტა მედიამ, სოციალურმა ქსელებმა შექმნა, როგორც სიმბოლო ახალგაზრდა ადამიანების ახლებური ბრძოლის და იმედის.  მიუხედავად იმისა, თუ რამდენი სიკეთე მოუტანა შვედმა აქტივისტმა საზოგადოებას, კლიმატის ცვლილების მოსალონდელ საფრთხეებზე ხილვადობის გაზრდით  და არა მხოლოდ,  მედიამ  თამაშის იმ წესებს დაუქვემდებარა გრეტა, რასაც სპექტაკლის კვლავწარმოება ჰქვია. რადგან სპექტაკლს ჰყავს მაყურებელი, ანუ მომხმარებელი. თანამედროვე კაპიტალისტური სისტემა და საზოგადოება კი წარმოებაზე მეტად სწორედ მოხმარებაზე დგას.

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ინტერნეტი, სოციალური ქსელები და გაჯეტები ჯერ კიდევ არ არსებობდა, გი დებორი წერდა სანახაობაზე დამოკიდებული სამომხმარებლო საზოგადოების შესახებ.[2] საზოგადოებაზე, სადაც ინფორმაციის უწყვეტი ტრანსლირება ყოველთვის ბრუნდება  რამდენიმე ტრივიალურ საკითხთან,  რომელიც უდიდეს მიღწევად საღდება, ხოლო ის, რაც  მნიშვნელოვანია, იშვიათად ექცევა ყურადღების ცენტრში. და როცა მნიშვნელოვანი ამბავი სპექტაკლის ყურადღებას მაინც იპყრობს, ის მას თავის მსგავსად გარდაქმნის, სპქტაკლად აქცევს. ანუ, ყველა რადიკალური პროტესტი, ხავერდოვანი რევოლუცია თუ ლოკალური ჯანყი, მედიისთვის ისევ და ისევ  პროდუქტია ადამიანებზე გასაყიდად.

ასეც მოხდა გრეტას შემთხვევაში. ჩვენს თვალწინ შოკისმომგვრელ სპექტაკლად გადაიქცა ამბები ტუნბერგის შესახებ, რომელიც უწყვეტად შემოვიდა  ყოფიერების სხვადასხვა  მედიუმიდან.

 

შედეგად, მაყურებლის ყურადღება სწრაფად გადავიდა კლიმატის ცვლილებიდან ფოქს ნიუსზე, სადაც ერთ-ერთმა სტუმარმა 16 წლის გრეტას, „მენტალურად ავადმყოფი შვედი ბავშვი უწოდა“.  გადაცემის ეს მონაკვეთი მალევე გავრცელდა სხვა მედიებში, უაშინგტონ პოსტმა და ნიუ იორკ ტაიმსმა დაწერა თუ როგორ ესხმიან თავს გრეტას, დეილი მეილმა კი „წამყვანი ფსიქოლოგის“ ციტატა გამოაქვეყნა, სადაც ის გრეტას ჯანმრთელობაზე დარდობს, სექსისტურ თავდასხმებზე სტატია Vice-მა დაწერა.  გრეტას ნაწნავებზე ტვიტი კი, სადაც მას ნაცისტს ადარებენ, ასევე სწრაფად გავრცელდა სხვა პლატფორმებით. ქართულ კონტექსტში და ლოკალურ ინტერნეტ ბაბლებში ნაცისტი ჩანაცვლდა სიტყვით კომუნისტი, კლიმატის ცვლილების ადვოკატირება  კი ადამიანების თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველი ტოტალიტარული იდეოლოგიის ნიღბად გასაღდა.

არადა არქტიკა დნება, გრენლანდიის ყინულის მასა ყოველწლიურად იკლებს,  ზღვის დონე იწევს, ეკომიგრანტების რაოდენობამ კი სამი ათეული წლის შემდეგ, შესაძლებელია მილიარდს მიაღწიოს.

და ისიც კი, ვინც საფრთხეს იაზრებს, ვინც სისტემის წინააღმდეგ იბრძვის იმიჯების უწყვეტ წრეშია გამოკეტილი, სადაც ყოველი ახალი წრე, ახალი დაბრკოლებით იწყება, მას უწევს დაამტკიცოს, რომ გრეტას ვარცხნილობაზე საუბარი უადგილოა, გრეტას თავდასხმა გენდერული ნიშნით – მიზოგინიაა, სამართლიანად შეშფოთდეს, როცა გრეტას ფოტოს ნაცისტური იმიჯის გვერდით ნახავს.

და შედეგად, ჩვენ ისევ ვსაუბრობთ გრეტას სქესზე ხმაზე, გრეტას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გრეტას ემოციურობის სიმძაფრეზე, კონსპირაციის თეორიებზე, ბავშვების ბინძური მიზნებისთვის გამოყენებაზე, რუსეთის ფულით ნაკვებ წინააღმდეგობაზე და ასევე,  სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდაზე ატმოსფეროში და ხანდახან მის თანმდევ საფრთხეებზეც.

არ მინდა ტრუმან ბურბანკად ვაქციოთ გრეტა, ჩვენ კი შოუს სევდიანი მაყურებლის როლში დავრჩეთ, არ მინდა, რადგან „ის, ვინც ელოდება, თუ რას ნახავს შემდეგ, ვერასოდეს იმოქმედებს თავად“.

 

[1] The Daily Show-ს წამყვანი.

[2] The Society of the Spectacle, Guy Debord, 1967


რეკომენდებული სტატიები
მოსაზრება: ”ვის ეშინია გრეტა თუნბერგის” — ანა ძიაპშიპა

მოსაზრება: ”ვის ეშინია გრეტა თუნბერგის” — ანა ძიაპშიპა

მოსაზრება: ”ვის ეშინია გრეტა თუნბერგის” — ანა ძიაპშიპა
“გრეტა თუნბერგს ჩვენი გამოფხიზლება უნდა და ამას ყველა მეცნიერზე და ორგანიზაციაზე მეტად მიაღწია, რადგან რამდენიმე დღეა მხოლოდ მასზე და მისი გავლით, კლიმატის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ.”
დასამახსოვრებელი საპროტესტო აქციები
Play Video

დასამახსოვრებელი საპროტესტო აქციები

დასამახსოვრებელი საპროტესტო აქციები
გადავწყვიტეთ გავიხსენოთ უახლესი ისტორიიდან შთამბეჭდავი აქციები, რომლებიც ორიგინალური იყო თავისი ფორმით თუ შინაარსით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.