fbpx

პროექტი “ისმინე” – საყურეები ქველმოქმედებისთვის


გააზიარე სტატია

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

“ისმინე” საქველმოქმედო პროექტია, რომლის მიზანია დაეხმაროს ჰოსპის “ფერისცვალების” პაციენტებს, რათა ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას და მომავალ თაობას.

ჰოსპისი “ფერისცვალება”  საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების პალიატიურ ზრუნვას და სულიერ თანადგომას, ბინაზე და ჰოსპისში.

ჰოსპისი “ფერისცვალება” აერთიანებს მოწყალების ცენტრს,  მოწყალების დების სასწავლო ცენტრს და შინმოვლის სამსახურს. 

 

პროექტ “ისმინეს” ავტორი ანა ბედინეიშვილია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ანამ ჰოსპისის  დასახმარებლად საქველმოქმედო პროექტი ismine.co გააკეთა. პროექტზე მუშაობისას ის თბილისში შეხვდა რვა ასაკოვან ადამიანს და ჩაიწერა მათი ისტორიები. ანას დიდი ხანია  სურდა, ქველმოქმედება ეკეთებინა, ამიტომ სურვილი და საყვარელი ჰობი – კერამიკული საყურეების შექმნა – ერთი საქველმოქმედო მიზნისთვის გააერთიანა და ასე გაჩნდა “ისმინე”.  

კერამიკული საყურეები “ისმინეს” გმირების სახელებს ატარებს: ქართლოსი, ლამარა, მარიკა, ლეილა და ქეთო, გოგონა, მარინა , იური, იზა და ჯემალი. ისინი ანას პროექტის მთავარი გმირები  და ჰოსპის “ფერისცვალების” პაციენტები არიან. მათ ცხოვრებისეულ ისტორიას ეძღვნება ანას მიერ შექმნილი თითოეული საყურე. მათი ნაამბობი მხიარული, ბედნიერი და ზოგჯერ კი სევდიანი ეპიზოდებისგან შედგება. ანა ამ პროექტის საშუალებით ცდილობს, საზოგადოების მზერა მიმართოს ასაკოვანი ადამიანებისკენ, რომელთაც დახმარება,  ყურადღება და ყველაზე მეტად კი მოსმენა სჭირდებათ.

 

ანა,  მოგვიყევით თქვენზე. ნიუ-იორკში რას საქმიანობთ?

მე ვარ  სტრატეგიის დირექტორი ერთ-ერთ  საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც ბრენდის და პროდუქტის ინოვაციაზე მუშაობს  ნიუ-იორკში. ამჟამად ვმუშაობ სასტუმროების ქსელისთვის, რომელიც ქმნის ახალი სასტუმროს ბრენდს და აპირებს მათ გახსნას  შეერთებული შტატების მასშტაბით 2022 წლისთვის.        

 

კერამიკული საყურეების შექმნა  როდის დაიწყეთ და რატომ გადაწყვიტეთ ეს საქმიანობა  საქველმოქმედო მიზნებისთვის დაგეკავშირებინათ?

სულ რამდენიმე წელია, რაც  კერამიკული საყურეების გაკეთება დავიწყე და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს.  მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ჩემი ნამუშევრები გამეყიდა. ნამდვილად არ მინდოდა საყვარელი ჰობი  სამუშაოდ გადამექცია, მაგრამ რადგან კარგა ხანია მსურდა რაიმე ქველმოქმედება მეკეთებინა, ერთ დღეს აზრად მომივიდა ჩემი გაკეთებული საყურეები გამეყიდა და მიღებული მოგება შემეწირა ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრებისთვის”, რომელსაც ჩემი ხელფასის 9%-ს რეგულარულად ვურიცხავ და რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი ჰოსპისი “ფერისცვალებაა”.  ასე დაიბადა “ისმინე”, ჩემი პირველი საქველმოქმედო პროექტი.

ყოველი ჩემი საყურე ეძღვნება ხნიერი პაციენტის ამბავს. ასე რომ, ამ საყურეების ყიდვისას თქვენ, ერთი მხრივ, ეხმარებით ამ პაციენტს (მის ფიზიკურ და ემოციურ მკურნალობას, რომელსაც უზრუნველყოფენ საოცარი მოწყალების დები ჰოსპის “ფერისცვალებაში” ) და, მეორე მხრივ, ზეიმობთ მათი ცხოვრების ამბავს (ჩვენ ვებგვერდზე განთავსებულს). და როდესაც  ამ საყურეს ატარებთ, თქვენ სიმბოლურად აცხადებთ, რომ გახსნილი გაქვთ გული და გონება იმ გასაოცარი ადამიანების ამბების მოსასმენად, რომელთა ხმა ჩვეულებრივ არ ისმის.

მთავარი მიზნის გარდა – საზოგადოების ყურადღება მიგემართათ ასაკოვანი ადამიანებისაკენ, კიდევ რის თქმა  გსურდათ ამ პროექტით?

ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის მოსმენა არის ყველაზე მარტივი და ამავე დროს ყველაზე ძლიერი საშუალება ჭრილობების და ტკივილების დასაამებლად. “ისმინეს” საყურეები მიეძღვნა იმ ამბებს, რომლებიც ეკუთვნის ქართული საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებულ და მოწყვლად ჯგუფს – მოხუც ქართველებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. 

ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ძლიერი ცენზურის და რეპრესიული მთავრობის ხელში. ახლა, მოხუცებულობაში, ისინი ხშირად გარიყულნი, საზოგადოების ჩრდილში არიან. მრავალ მათგანს ცოცხალი აღარ ჰყავთ ოჯახის წევრები, მეგობრები, რომლებიც მათზე იზრუნებდნენ ყოველდღიურად. 

ჩვენ გვინდა,  ხალხმა შეიტყოს, რომ ყოველ მოხუცს აქვს გასაოცარი ცხოვრებისეული ისტორია. მათ აქვთ სასაცილო ამბები, ძნელად დასაჯერებელი ისტორიები, სიყვარულით და მეგობრობით გამთბარი ამბები და ნამდვილად კარგი რჩევები სხვა თაობებისთვის. მათი მოსმენა კარგია მათთვისაც და მსმენელებისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე უარესი რა შეიძლება რომ მოხდეს? თუნდაც რომ არ დაეთანხმო სხვას, განსხვავებული აზრის და თვალსაზრისის მიღებას ხომ მაინც გამოცდი. 

რამდენად გაამართლა თქვენმა  მიზანმა და სურვილმა ასაკოვანი ადამიანების ნაამბობი მიგეტანათ საზოგადოებამდე? 

ჩვენი მიზანი იყო შეგვეგროვებინა 3000$  ამ ადამიანებისთვის. ვინაიდან საყურეს მაღალი ფასი ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ ბევრი ადამიანი ვერ შეიძენდა მათ და ბედნიერი ვიქნებოდი, 3000$ რომ შეგროვილიყო. მაგრამ, ჩვენ შევაგროვეთ 8500$ საყურეების გაყიდვით და აგრეთვე გულუხვი შეწირულობებით ჩემი ოჯახისა და მეგობრებისგან. 

შეგროვებული 8500$ დაფარავს დიალიზით მკურნალობის, ინსულინის, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ხარჯებს, გადაუხდის ხელფასებს საოცრად ერთგულ ახალგაზრდებს, რომლებიც ექთნებად მუშაობენ ამ პროგრამით და რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტთა ფიზიკურ და ემოციურ მხარდაჭერას და ასევე დაფარავს  ჰოსპის “ფერისცვალების” შენახვის ხარჯებს, სადაც პაციენტები ღირსეულად ასრულებენ ცხოვრებას. მე ამაში ვხედავ წარმატებას. 

გარდა შეგროვებული თანხისა,   ასევე ვამაყობ, რომ გავაზიარე 8 არაჩვეულებრივი პაციენტის  ისტორია. მათ თავიანთ სახლებში მომითხრეს მათივე ცხოვრებისეული ამბები  და მე მინდოდა, რომ ეს ისტორიები გამეცნო არა მარტო საქართველოში მცხოვრებთათვის, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. ჩვენს ვებგვერდს გაეცნენ ადამიანები შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინდოეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, უკრაინაში. 

ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი და იმედი, რომ ამ მოხუცების მონათხრობი მისწვდომოდა მსოფლიოს.

 

სამომავლოდ თუ აპირებთ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტის გაკეთებას?

ჯერჯერობით არა მგონია. ამ პროექტს მოვანდომე დაძაბული 6 თვე, ჩემი სტრესული სამუშაოს პარალელურად, რადგან ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პირადული იყო. მინდოდა, მიმეღწია იმისათვის, რითაც ვიამაყებდი. თუ ახალ პროექტს დავიწყებ, ეს იქნება კონცეფციის ევოლუცია ან რაიმე აბსოლუტურად განსხვავებული რამ. 

ჯერ ზუსტად არ ვიცი,  რას ვიზამ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ისეთ პროექტებს მოვკიდებ ხელს, რომლებიც ქართველ ხალხს გამოადგება და თანდათანობით წვლილს შეიტანს საქართველოს წარმატებაში.

ნახე უფრო მეტი და გაიგე პროექტის შესახებ :https://ismine.co


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.