fbpx

ქალები ქალების წინააღმდეგ


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინია კაკაბაძე

 

ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია Front Line Defenders-ის მიწვევით დუბლინში გახლდით კონფერენციაზე, რომელსაც 120-ზე მეტი უფლებადამცველი ესწრებოდა. ცხადია, ერთ-ერთი მთავარი თემა ქალთა დისკრიმინაცია, მათი ჩაგვრა, ქალზე ძალადობა იყო. 

ვუსმენდი ქალებს, რომელნიც საკუთარი ჩაგვრის, გაუპატიურების, ცემის შემთხვევებს ყვებოდნენ და ვფიქრობდი, როგორც სიყვარულის ენა, ასევე ზიზღის ენაც უნივერსალურია.

უნივერსალურია ეპითეტები, რომლითაც მსხვერპლ ქალებს ამკობენ და მეთოდებიც, რომელსაც თავისი უფლებებისთვის მებრძოლ ქალებს უპირისპირებენ.

 

„შენი მოტყვნა ვის რად უნდა, შე მახინჯო“, „ეს მოუტყვნელი ქალები დააოკეთ კაცებო“, “ეგ ბოზია ისედაც”  და ა.შ. და ა.შ.

ამ ზიზღის ენას ქალების წინააღმდეგ, ზუსტად ამ სიტყვებით იყენებენ აზიის ქვეყნებშიც, აფრიკის სახელმწიფოებშიც, ლათინურ ამერიკაშიც… ყველგან, სადაც პატრიარქალური კულტურა მძვინვარებს და ქალებს ჯერ ისევ უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. 

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, აქ მსგავსება იმდენად დიდია, რომ ეჭვი გიჩნდება,  ჯერ ისევ დიდი ოჯახის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის წევრი ხარ.  

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უფლებადამცველ და ჩაგრულ ქალებს აერთიანებთ მთელ მსოფლიოში, საზოგადოების ფსევდო მორალისტური წნეხი და ქალთა არასოლიდარულობაა. 

საქართველოში ეს მანკიერი თვისება ყველა კრიტიკულ მომენტში და მათ შორის ამ ბოლო დღეებშიც ყველაზე მეტადაა თვალშისაცემი. კითხულობ ქალების უხამს, დაუნდობელ რეპლიკებს მსხვერპლ ქალზე და ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი? 

სიმონა დე ბოვუარი თავისი წიგნის, „სხვა სქესის“ შესავალს ამ სიტყვებით იწყებს: „დიდხანს ვყოყმანობდი, ვიდრე გადავწყვეტდი დამეწერა წიგნი ქალებზე. ეს თემა იწვევს გაღიზიანებას და განსაკუთრებით თავად ქალებში“. 

მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, შევიწროებულ და მსხვერპლ ქალებზე, რატომ იწვევს ეს გაღიზიანებას თავად ქალებში?

პირველი და ძალიან ზოგადი ახსნა ცხადია ასეთია: ჩვენ ყველანი – კაცებიც და ქალებიც – გავიზარდეთ პატრიარქალურ კულტურაში, რომელმაც გვასწავლა, რომ ქალი არის მეორე, სუსტი სქესი, ის არის რეპროდუქციის საშუალება, ის უნდა იყოს კაცის მორჩილი და მის უფლებებს განსაზღვრავს კაცი – ჯერ მამა და შემდეგ ქმარი, ძმა, ვაჟიშვილი და ა.შ. 

გარდა ამისა, რატომ არ ვართ ქალები სოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ, მაშინ როდესაც ქალი ხმამაღლა საუბრობს მის შელახულ ღირსებასა თუ უფლებებზე? თუ რატომ ვერ ჩამოვყალიბდით ქალები იმ ერთიან ჯგუფად, რომელიც ერთმანეთის მიმართ სოლიდარული იქნება და გაბედულად ვიტყვით – ჩვენ, ანუ ქალები. ამის შესახებ სიმონა დე ბოვუარი ამბობს: „თუკი ამერიკაში შავკანიანებმა მოახერხეს გაერთიანება საკუთარი უფლებებისთვის და თუკი ებრაელებმა მოახერხეს გაერთიანება, რატომ ვერ მოახერხეს ქალებმა? პირველი მიზეზი არის ის, რომ, მაგალითისათვის ორივე ამ ჯგუფს აქვს დამოუკიდებელი ისტორია, მათი ჩაგვრა და დევნა დაიწყო ისტორიის კონკრეტულ მომენტში, მას აქვს დასაწყისი და ზოგ შემთხვევაში დასასრულიც, რაც არ გვაქვს ქალებს. 

პატრიარქალურ კულტურას არ აქვს საწყისი თარიღი, ის ყოველთვის იყო. ამიტომ, ჩვენ, ქალებს არ გვაქვს თანასწორობისა და თავისუფლების ისტორია, ასე ვთქვათ, ბიოგრაფია. ამ ჯგუფებს კი აქვთ საერთო ისტორია, მათ აქვთ საერთო რელიგია, ტრადიცია, კულტურა… და როგორც უკვე ვთქვი, მათი ჩაგვრა დაიწყო ისტორიის კონკრეტულ პერიოდში. ჩვენი, ქალების, ისტორია კი კაცების მორჩილებაა“.  

სიმონა დე ბოვუარი ასევე საუბრობს სოციალურ კლასებს შორის სხვაობაზე და ამბობს, რომ მაშინ როდესაც დაიწყო პროლეტარული მოძრაობა, ბურჟუაზიული კლასის წარმომადგენელი ქალი არასდროს იყო სოლიდარული მუშათა კლასის ქალების მიმართ. იმ პერიოდშიც, სოლიდარობას განსაზღვრავდა სოციალური მდგომარეობა და არა სქესი, ან თავად პრობლემა. 

ბოვუარი იგივეს ამბობს ნებისმიერ ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფზე, სადაც სოლიდარობა გამოწვეული იყო ამ თემის საერთო ისტორიიდან გამომდინარე. 

ქალთა სოლიდარობის ისტორია კი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ეს სოლიდარობაც ტრადიციულ ხელოვნებასა თუ ლიტერატურაშიც არ ასახულა იმ ოდენობით, რაც  ჩვენი ცნობიერების ფორმირებაზე უდიდეს გავლენას მოახდენდა.  

მაგალითად, რამდენი ლიტერატურული ნაწარმოები ვიცით კაცების მეგობრობაზე, თანამებრძოლობაზე, ერთგულებაზე და არის თუ არა მსგავსი რამ ქალებზე? 

იგივე შეიძლება ითქვას კინოზე. მიუხედავად იმისა, რომ კინო მეოცე საუკუნის ხელოვნებაა და ფემინიზმის აღზევებაც ამ საუკუნეს უკავშირდება, მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოდან ჩნდება ფილმები ქალთა სოლიდარობაზე, ე.წ. სისთერჰუდზე (მაგ., „ტელმა და ლუიზა“). უმეტეს შემთხვევაში ფილმი, სადაც ორი მთავარი გმირი ქალია, ეს, როგორც წესი, სასიყვარულო სამკუთხედს ასახავს, სადაც ქალები ერთმანეთს მამაკაცისთვის ებრძვიან, კლავენ, წამლავენ თუ სხვა. ანუ ისინი ერთმანეთის მეტოქეები არიან. 

გავიხსენებ კიდევ ერთ ფილმს, რომელში მოცემული რეალობაც ძალიან ჰგავს ჩვენსას – ჯონათან კაპლანის ფილმი „ბრალდებულები“, რომელსაც სასწავლო პროგარამაშიც ჩავრთავდი.  

ფილმში, რომელიც 1988 წელს არის გადაღებული, მთავარ როლს ჯუდი ფოსტერი ასრულებს. ჯუდი ფოსტერის გმირი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, მას ნასვამ მდგომარეობაში ჯგუფურად გააუპატიურებენ. 

ფოსტერის გმირის, სარა ტობიასის ადვოკატი ასევე ქალია. სწორედ ეს ხაზი, მსხვერპლისა და მისი უფლებების დამცველის ურთიერთობის დინამიკა ყველაზე კარგად აჩენს ჩვენი, ქალების ისტორიის შექმნის მცდელობას. როგორ გადაიქცევა თითქოს უსქესო ადვოკატი ქალი ქალად, რომელიც არა მხოლოდ საქმის მოგებისთვის, არამედ მსხვერპლის ღირსების დასაცავად და მოძალადეების დასასჯელად იბრძვის. 

ფილმის სიუჟეტი 80-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და ძალიან ჰგავს დღევანდელ საქართველოს სულ მცირედი განსხვავებით. 

ფილმში „ბრალდებულები“ მსხვერპლი ქალის მიმართ ერთნაირად არასოლიდარული და მტრული გარემოა, განურჩევლად სქესისა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა თავად მოახდინა მისი გაუპატიურების პროვოცირება – ასეთია საზოგადოების ვერდიქტი. 

დასასრულისკენ ისევ დასაწყისს დავუბრუნდები და ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ფემინიზმს უკვე აქვს ისტორია, კამპანია me too არის ის კონკრეტული ისტორიული თარიღი, როდესაც ქალებმა თქვეს – ჩვენ, როდესაც ჩვენ, ქალები  ჩამოვყალიბდით ჯგუფად, რომელსაც აქვს სოლიდარობის უნარი. 

კი, ეს ჩვენც, საქართველოს ქალებსაც შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ცოტანი ვართ, ჩვენს შორისაც არის აზრთა სხვადასხვაობა, ჯერ ვერ შევთანხმდით ბრძოლის საერთო წესებზე, მაგრამ  შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ ყველა იმ გაბედულ ქალს, რომელიც ამ არასოლიდარულ საზოგადოებაში გაბედავს და საჯაროდ ილაპარაკებს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.

თათია სამხარაძემ, ეკა მესხიძემ, თამთა თოდაძემ გაიარეს და ან ჯერ ისევ გადიან იმ უმძიმეს გზას, რომელიც ჯუდი ფოსტერის გმირმა გაიარა ფილმში „ბრალდებულები“. რადგან ასეთი გაბედული ქალები გაჩნდნენ, ეს იმის გარანტიაა, რომ მათი დამცველებიც გამრავლდებიან და სულ მალე კიდევ უფრო გაბედულად ვიტყვით – ჩვენ, ქალები


რეკომენდებული სტატიები
რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?

რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?

რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?
კაცების უმრავლესობა, რომელიც ქალზე ძალადობს, სექსუალური დევიანტისა და სოციოპათის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მოძალადეები, როგორც წესი, ნორმატიული ადამიანები არიან. მაშ რაშია საქმე?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.