fbpx

ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლები თბილისში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

თუ ინგლისური ენის შესწავლა გსურთ, ამისთვის სპეციალური პროფილის საგანმანათლებლო ცენტრში  მისვლა გონივრული გადაწყვეტილებაა.

სხვადასხვა  მიმართულებით  შედგენილი პროგრამები დაგეხმარებათ  ინგლისური ენა შეისწავლოთ, გაიუმჯობესოთ  ცოდნა ან კონკრეტული სასერთიფიკატო გამოცდისათვის მოემზადოთ.

გაგაცნობთ თბილისში მოქმედ  ინგლისური ენის შემსწავლელ რამდენიმე სკოლას, რომლებიც  უკვე არაერთი წელია სანდო რეპუტაციით სარგებლობენ.

UK Bridge

UK Bridge თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო ცენტრია, რომელიც უკვე 10 წელია საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული.

UK Bridge-ის სასწავლო პროგრამები რამდენიმე ეტაპად იყოფა. ესენია: ზოგადი ინგლისური 16 წლამდე ბავშვებისთვის, ზოგადი ინგლისური ზრდასრულთათვის, IELT-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი და Cambridge ESOL Exam Preparation პროგრამა.

გარდა ამისა, UK Bridge უკვე 10 წელია ქართველ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ გამგზავრებასა და განათლების მიღებაში ეხმარება. ამ წლების განმავლობაში, სასწავლო ცენტრი არაერთ წარმატებულ სტუდენტს დაეხმარა საოცნებო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში განათლების მიღებაში, რაც მათი პარტნიორების დიდი ქსელის დამსახურებაა.

UK Bridge ხშირად ატარებს შიდა კონკურსებსაც, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა ბენეფიტებს იღებენ. 2018 წელს ერთ-ერთი გამარჯვებული დიდ ბრიტანეთში ენის კურსებზე უფასოდაც გაემგზავრა.

 

ბრიტანეთის საბჭო/ British Council Georgia

ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიმართულება  ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებია.

სასწავლო  პროგრამები ორ ძირითად  მიმართულებად იყოფა: ინგლისური ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე  ინგლისური ზრდასრულთათვის. ბრიტანული საბჭო სხვადასხვა კომპანიებს კორპორაციული შეთავაზების ფარგლებში, პროფესიული ინგლისურის კურსებსაც სთავაზობს, ეს მიმართულება კონკრეტული კომპანიის საჭიროებებისა და საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით იგეგმება.

ყოველი  სასწავლო კურსი სხვადასხვა ეტაპისგან შედგება, ეტაპები  კი რამდენიმე მოდულისგან. თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 30 სასწავლო საათია, რომლის ღირებულება საშუალოდ 460 ლარია.

ბრიტანულ  საბჭოს თბილისში ორი  სასწავლო ცენტრი აქვს –  რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერში და საბურთალოზე, ირინე სხირტლაძის ქუჩის 2 ნომერში.

 

British Centre / ბრიტანული ცენტრი                                                                                                                   

“ბრიტანული ცენტრი” ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) ექსკლუზიურ წარმომადგენელია საქართველოში. ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლების  დიდ ქსელს – 11 ფილიალს აერთიანებს.

სასწავლო   კურსები მოიცავს   4 ძირითად მიმართულებას: ქალანის  მეთოდი, ქოლინსის მეთოდი, ინგლისური ბავშვებისთვის და ინგლისური ბიზსესისთვის.

 კურსზე – ინგლისური ბავშვებისთვის  კემბრიჯის უნივერსიტეტის მეთოდით ასწავლიან.  კურსი მოიცავს ასაკის შესაბამის სხვადასხვა ინტერდისციპლინურ თემატიკას –  მათემატიკის, ლოგიკის, მეცნიერების, ისტორიის, ლიტერატურის და სხვა საგნების ინგლისურ ენაზე სწავლებას. რაც შეეხება გადასახადს, სწავლის საფასური თვეში 160 ლარია. 

 ქალანის მეთოდი წარმოადგენს ენის სწავლების პირდაპირ მეთოდს, რაც უცხო ენის შესწავლას დაახლოებით მშობლიური ენის მსგავს საწყისებზე გულისხმობს.  სწავლების ეს მეთოდი მსმენელისათვის სწრაფად, თარგმანის გარეშე აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული კურსი საფეხურების მიხედვით 2 ნაწილად იყოფა. სწავლის საფასური თვეში 155 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. სწავლის ღირებულების განსხვავება დამოკიდებულია საფეხურებსა და დღის მონაკვეთში გაკვეთილების განრიგზე.

ინგლისური ბიზნესისათვის ასევე ქალანის მეთოდზე დაფუძნებულ კურსს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სფეროში სპეციფიკური ტერმინების ათვისებაზეა ორიენტირებული.  სწავლის საფასური თვეში 190 ლარია.

ქოლინსის მეთოდი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ზოგადი ინგლისური ენის ცოდნის უმაღლეს საფეხურზეა  და სურს ცოდნის გაღრმავება ლექსიკური მარაგის გამდიდრების და ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების კუთხით. ამ კურსზე სწავლის გადასახადი თვეში 160 ლარს შეადგენს.

 

ბექას სკოლა • Beka’s School

“ბექას სკოლა” ინგლისური ენის სასწავლო ცენტრია, რომელიც სწავლების ინოვაციურ და ინტეაქციულ მეთოდებზეა ორიენტირებული.  მსოფლიოს წამყვანი გამოცემების სახელმძღვანელოებთან ერთად, სასწავლო პროცესში დამატებით ინტერაქციული სასწავლო მასალებია გამოყენებული, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. ბექას სკოლა  სწავლის მსურველებს 5 ძირითად მიმართულებას სთავაზობს.

 ზოგადი ინგლისურის კურსზე   სწავლის საფასური 40 დოლარიდან 70 დოლარამდე მერყეობს, რაც გაკვეთილების რაოდენობასა და გასავლელ მოდულებზეა დამოკიდებული.   

ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატის,  IELTS-ის მოსამზადებელი 3-თვიანი კურსი 24 გაკვეთილს მოიცავს.  სწავლის ღირებულება კი თვეში 100 დოლარია.

ბიზნეს-ინგლისურის  კურსზე გადასახადი გაკვეთილების მიხედვით განისაზღვრება – ეს თითოეულ გაკვეთილზე 13 დოლარს შეადგენს. კურსის სრული  ხანგრძლივობა 5 თვეა.

მათთვის, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა განსაკუთრებით  სწრაფად უნდა, ბექას სკოლა ორ სპეციალურ სასწავლო მიმართულებას სთავაზობს: ექსპრეს გრამატიკის და ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსს.  თითოეული კურსის ხანგრძლივობა 8 კვირაა, რომლის განმავლობაში გაკვეთილები კვირაში 5 დღე ტარდება. სრული პროგრამის ღირებულება 500 ლარია.

გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ დამატებით აქტივობებში: სამაგიდო თამაშები, კინოჩვენებები და დისკუსიები, მკითხველთა კლუბი, ყოველკვირეული სტუდენტური კონფერენციები, ყოველკვირეული დამატებითი სასწავლო მასალები, გასვლითი აქტივობები და სხვა.

ბექას სკოლა  ჭავჭავაძის გამზირზე, 44 ნომერში  მდებარეობს.

 

International House Tbilisi

International House Tbilisi მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილია, რომელიც  უცხოური ენების სასწავლო ცენტრების გლობალურ ქსელს წარმოადგენს. ის ინგლისური ენის  შემსწავლელი ერთ-ერთი ის სკოლაა, რომელიც სწავლის მსურველებს ყველაზე მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან კურსებს სთავაზობს.  ზოგადი კურსები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იყოფა, რაც შეეხება სპეციალურ პროგრამებს, ესენია: ბიზნეს ინგლისური და სხვადასხვა საერთაშორისო სერთიფიკატის მოსამზადებელი  კურსები. გარდა ამისა, International House Tbilisi ინდივიდუალურ გაკვეთილებს და ინტენსიურ საზაფხულო სკოლებში სწავლებასაც  გთავაზობთ.

სწავლის საფასური  კურსების მიხედვით განსხვავდება და ის  თვეში 150 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობს.

სასწავლო დაწესებულება დოლიძის ქუჩაზე, 2 ნომერში მდებარეობს.  

 


რეკომენდებული სტატიები
Miami Ad School შესაძლოა საქართველოშიც გაიხსნას

Miami Ad School შესაძლოა საქართველოშიც გაიხსნას

Miami Ad School შესაძლოა საქართველოშიც გაიხსნას
გაგახარებთ და გეტყვით, რომ Miami Ad School, სადაც ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, რეკლამა და სხვა ბევრი საინტერესო რამ ისწავლება, შესაძლოა თბილისშიც გაიხსნას.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.