fbpx

რამდენად ნორმალურია “ნორმალურობა”?


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინო დარასელი

 


ჩემს ბავშვობაში  ყველა ჯანმრთელი იყო. კი, იყო რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ მათი “გაჭირვების” შესახებ ყველამ ვიცოდით – დიახ, მე  ასე მეგონა. და არა მარტო მე. 

არაჯანმრთელებს ჩვენთან მალავდნენ.

სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველი საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, უკან დაბრუნებული, გაოცებული ვყვებოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგია, ქუჩაში ძალიან ბევრი ხეიბრები და “დებილები” დადიან მეთქი.

ჩემს გარშემო განსხვავებული ასეთი მხოლოდ ერთი ვიცოდი. დაუნის სინდრომის მქონე მხოლოდ ერთი ჩემი ძალიან ახლობელი ოჯახის წევრი მეგონა. ისიც იმიტომ, რომ ეს ბავშვი მის დასთან ერთად ყველგან ჩვეულებრივად დაჰყავდათ.

ძალიან ბევრი წლის მერე, როდესაც ქვეყნის გარდაქმნასთან ერთად ჩვენი ტვინებიც გარდაიქმნა, მეტი სწორი ინფორმაცია მიიღო, ღირებულებები შეგვეცვალა, მივხვდი, რომ ის ოჯახი უბრალოდ თავიდანვე სწორად აზროვნებდა – ისე იქცეოდა, როგორც ყველა ნორმალური საზოგადოების წევრს შეეფერება და უსაყვარლეს ადამიანს, რომელსაც მათგან მხოლოდ ერთი ქრომოსომა განასხვავებდა, სხვებისგან არაფრით გამოარჩევდა.

უმეტესობა კი ასეთ მზის ბავშვებს მალავდა. უფრო დიდ ბოროტებასაც გეტყვით, როგორც “უვარგისს”, სამშობიაროში ტოვებდნენ და სპეციალურ სახლებშიც აბარებდნენ. რა ცუდი წასაკითხია, არა? მაგრამ რეალობა ასეთი საშინელი იყო.

საბედნიეროდ, დღეს მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვები და უფროსებიც საზოგადოებაში ჩვეულებრივად არიან ინტეგრირებულები. მაგრამ დაახლოებით იგივე – მალვის პრინციპი – გრძელდება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების  მიმართ. დღესაც კი ბევრს ჰგონია, რომ ფსიქიატრთან თუ ფსიქოლოგთან მისვლა სირცხვილია, უხერხულია იმის აღიარება, რომ მენტალური პრობლემა გაქვს. 

რა შორს მივდივარ, ერთი წლის წინ ძლივს დავითანხმე საკუთარი თავი ფსიქოლოგთან ვიზიტზე. მანამდე არასდროს მქონია მარტივი ნევროზიც კი, მაგრამ ჩემი ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე, ერთ დილასაც გავიღვიძე და ისეთი აპათია მქონდა, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ გავიღვიძე. ჰოდა, პირდაპირ ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმართულება ავიღე.

იქ მისული კი შევიპარესავით და გარეთ, მოსაცდელში, ნაცნობი რომ დავინახე, თვალი ავარიდე დანაშაულზე წასწრებულივით. ვინატრე, არავისთან ჩავეშვი. ცოტა ხანში სხვა პაციენტებიც რომ მომრავლდნენ, მახსოვს, როგორ უხერხულად ვიცინოდი,  გვერდზე მოტორიკა დარღვეული, ხილული ფსიქიკური პრობლემების მქონე რომ მომიჯდა. 

ჩემს მეგობარს ჩავუჩურჩულე – ნეტა გამაგებინა, ჩვენ აქ რა გვინდა მეთქი, ანუ ჩემ გვერდზე მჯდომთან შედარებით თავი ძალიან ჯანმრთელად ჩავთვალე. არადა ცოტა ხანში კაბინეტში შესულს, ფსიქიატრის ძალიან მარტივ კითხვაზე ისეთი ისტერიკა ამიტყდა, ის გარეთ მჯდომი ფიქრობდა ალბათ ჩემზე, მე ამასთან ერთად რა მინდაო?!

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ პატარა ბავშვივით ამიხსნა ბატონმა ვიტალიმ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი – ყელი როდესაც გტკივა, ხომ ახმარ თუნდაც სოდიანი წყლის სავლებს? ჰოდა ნერვებიც იგივეა. აგტკივდა? მიახმარე ექიმი და წამალი, თორემ როგორც მკურნალობის გარეშე ჩვეულებრივი დისკომფორტი ყელში ანგინად გადაიქცევა, ასევე შესაძლოა სუსტი ნევროზი “ტვინის ანთებაში” გადაიყვანო და პირიქით.

ძალიან მალევე, სულ რაღაც 3 კვირაში, სრულად გამიქრა აპათია და მეტიც, ცოტა არაადეკვატური სიხარულის ტალღების მოზღვავებაც კი ვიგრძენი. მას მერე ბევრად ძლიერი ვარ, ოდნავი აღელვება და პირდაპირ ჩემს საყვარელ მეგობარ ფსიქოლოგებს ვეხმიანები. პრობლემა  მალევე გვარდება და მე ისევ ძალიან მიყვარს სიცოცხლე.

მენტალურ პრობლემას ზუსტად ისეთივე მკურნალობა სჭირდება, როგორც ფიზიკურს. ისევე, როგორც გტკივა თავი, კუჭი, ყელი, შეიძლება აგტკივდეს ნერვები. მთავარია, დროზე მკურნალობის დაწყება და სწორი დიაგნოზი.

10 ოქტომბერი – ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას მიეძღვნა. საქართველოს მონაცემები საშინელია – 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მათგან დიდი წილი მოზარდებზე მოდის. ამიტომ, პირველ რიგში, მშობლებს არ უნდა შეეშინდეთ და შერცხვეთ იმის თუნდაც საკუთარ თავთან აღიარება, რომ შვილს პრობლემა აქვს. თვალის დახუჭვამ შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს ნებისმიერი.

კი, რთულია აღიარება, რომ მთლად კარგად არ ხარ, მაგრამ, მგონი, უფრო რთულია გავიხსენოთ, ვის ვთვლით ნორმალურად. და თან დავფიქრდეთ, დღეს, ირგვლივ ამდენი პრობლემისა და საინფორმაციო ნაკადის ფონზე, რამდენად ნორმალურია, იყო სრულიად “ნორმალური?”

 


რეკომენდებული სტატიები
რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?

რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?

რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?
კაცების უმრავლესობა, რომელიც ქალზე ძალადობს, სექსუალური დევიანტისა და სოციოპათის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მოძალადეები, როგორც წესი, ნორმატიული ადამიანები არიან. მაშ რაშია საქმე?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.