fbpx

რა დაემართა ნიკ ქეივს? – ახალი ალბომის შესახებ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl

 

არ ვიცი, თქვენ რას ელოდით, ძვირფასო მსმენელებო, და მეტადრე ნიკ ქეივის თაყვანისმცემლებო, მე ბევრს არაფერს ველოდი. სხვა მუსიკა მიყვარს და სულ სხვა სამოთხეებია ხოლმე ჩემს ყურებში. ისე, სამოთხის ერთგვარი ირონიული ქავერით კი დაანონსდა მისი ორმაგი ალბომის გამოსვლა. ჰოდა, დევიდ ბოუის შემდეგ, რომელმაც სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი შავი ვარსკვლავი მოგვაჭედა შუბლში სასთუმლიდან, ბევრის მოლოდინი არ მქონდა. თუმცა სიკვდილის, ღმერთისა და გასხივოსნების სურნელი მაინც დაჰკრავდა ამ ყველაფერს და იმაზე ადრე მოვუსმინე, ვიდრე ამას სხვა დროს გავაკეთებდი.

მძიმე დღეები მქონდა სამსახურში და სახლში გვიან დაბრუნებულმა ცოტა წავიჩხუბე, დავიცალე და დავწექი. სოცქსელების ძილისწინა ჩამოსქროლვა არც მიფიქრია, წითურს ვკითხე, , რაო ქეივმა მეთქი,  და მოუსმინეო. 

Play. ტელეფონის ეკრანზე წინადადებები ისე მშვიდად ცვლიდა ერთმანეთს, შევრჩი. ნიკ ქეივის ხმით მესმოდა, რომ ალბომის პირველი ნაწილი არიან შვილები, მეორე ნაწილი კი მათი მშობლები. პირველი “spinning song” მალევე შემოვიდა – Once there was a song, the song yearned to be sung და… მეთქი, მოდი აქა ☺. 

მოხუცი რომ ჩამოგიჯდება, ცეცხლს თვალს უშტერებს, ამბის მოყოლას იწყებს და ცოტა ცრემლი სდის, აი ეგ იყო.  როგორც წესი, როცა რამეს ვუსმენ, ტექსტი მეათე ჯერზე, ან კიდევ უფრო მოგვიანებით მესმის ხოლმე. აქ კი… ვკითხულობდი – როგორც წიგნს და ვუსმენდი – როგორც სიმფონიას. დიახ, თითქოს არც მელოდიაა და არც სიტყვები. ერთობლიობაა, რომელიც არც არაფერს გიყვება, აი საერთოდ არაფერს. თავისას ფიქრობს და ლოგიკურად მიყავრხარ იმასთან, რომ ყველა დავიხოცებით. მანამდე კი ვიღაცებს არ გაგვიმართლებს და ისინი დაგვეხოცებიან, ვინც ასე ძალიან გვიყვარს. 

ისეთი ჟღერადობაა, რომ სრულად იშლები შიგნით. ჰო, მაგას 15 წლის შვილი გადაუვარდა კლდიდან და გამახსენდა წლის ყველა სოცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით მკვდარი ბავშვი, რომლებიც ცოცხლები არასდროს მინახავს. არც ნიკანო, არც ლენო, არც სოფი, არც სხვა… და უცებ დაიწყო ქეივმაც ეს – and I love you, I love you, და ავტირდი, ვით მეფე ელვისი. გასუქებული, მაგრამ მაინც როკ’ენ’როლის ჟელეშავთმაგადაგლესილი გვირგვინოსანი. 

აი ძაან ამებნა თავგზა. მზისკენ მცურავი ბავშვები სპირალს მიჰყვებოდნენ ზევით, სადღაც ბექებში კი ჰორიზონტს გაკრული მტირალი ქალები, რომელთა ხმები ეკლესიის ხატები იყვნენ, უმოძრაოდ ამოძრავებდნენ ტუჩებს:  ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნ-იესო, მოგკლეს უბრალოდ ბრალითა, ქვეყანა შეაყ-იესო, მზე დააბნელეს მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვ-იესო.

ჰო, ბევრი იესოა ამ ქეივში. იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე ჰყოლია სადმე. დიადი, ტრადიციულად გამხდარი, ფერმკრთალი და გრანდ ოტელში, 33-ე ოთახში დაჩექინებული ☺   

 რა დაემართა ქეივს და ის, რაც არ დაემართა ბრაიან ჯონსს, ჯიმი ჰენდრიქსს, ჯენის ჯოპლინს, ჯიმ მორისონსა და კურტ კობეინს. გაიზარდა, გამრავლდა და სულ სხვაგან ეტკინა. აღარც ვით უბინაოს ყოფნა ბინაში სტანჯავს. აღარც უღირსი სატრფო და ჰეროინით გატენილი ჯიბეებიც აღარ ამძიმებს შლაქსებს. Ghosteen-ში ქეივი, ეს დიდი ბიჭი, სემი-ფალცეტით ამღერდა და ჩაუსაფრდა დაკარგული სიყვარულების აჩრდილებს, რომლებსაც ხან ესპანური ხომალდებით სდია და ხანაც ფერმკრთალი ცხენებით.

პირველი სიმღერის შემდეგ… თუ გგონიათ, რომ მეორეზე არ იტირებთ, აი ძაან ცდებით. და ასეა ყოველი შემდეგი. ყოველი შემდეგი სიმღერა არის ცნობიერება, ერთგვარი სპინინგია, რომელიც ტალღასავით განუწყვეტლივ მიდის და მოდის.

მონოტონურად იმეორებს მოძრაობებს, მაგრამ ხანდახან გამოაგდებს განსხვავებულ არითმიულ პასაჟს, და აქვეა ქეივი, აქამდე შეუმჩნეველი ხმის რეგისტრით. შესაძლოა Ghosteen უკანასკნელი ალბომია მელოდიებით. ნამდვილი, ნოტებით შექმნილი მელოდიებით. ურითმო, დასარტყამების გარეშე, ადამიანის პულსაციაზე აწყობილი, ცოტა ბრაიან ინოთი და ბევრი იესოთი. 

Ghosteen-ის მეორე ნაწილში, სადაც მშობლების ფიქრები და ატომამდე დასული ტკივილებია, ნიკ ქეივი თითქოს გვამშვიდებს ბუდისტური ამბავით, სადაც ქალი ბუდას დავალებით შვილის გასაცოცხლებლად იმ მდოგვის მარცვალს ეძებს, რომელიც ისეთი სახლიდან იქნება, სადაც არასდროს არავინ მომკვდარა. აბა მაგას ვინ შეძლებდა? ეს ბუდაც კაი ტიპია. ჰოდა, გვამშვიდებს რაა, ყველა მოვკვდებით და უბრალოდ დაველოდოთ, მე მზად ვარ და ველიო ☺. 

ამ დროს ეკრანი წითლადაა აგიზგიზებული და ციცინათელებიც, რომლებიც ასე მრავლადაა ამ ალბომში, ბუშტუკებივით სკდებიან. ყველაფერი ტრიალებს – ჩიტები, ხეები, შავი პეპლები, ხომალდები, დათვები, ცა, ვარსკვლავები და ქეივიც ძალიან მარტივად გაგებინებს, რომ კი არის I’m beside you, მაგრამ ყველაფერი ცუდად ვერ იქნება, იმიტომ რომ უკვე ცუდადაა ყველაფერი.

 Ghosteen არ არის მუსიკალური ალბომი. სიმფონიური ჟღერადობის წიგნია, რომელიც თავად გიკითხავს საკუთარ ფურცლებს. ეს ალბომი არაა სევდაზე, ადამიანის არსის და ბედისწერის გარდაუვლობაზე, ტრაგიზმსა და ლოდინზეა. ერთგვარ გამოსავალზე, რომელიც, რავი, რწმენაშია ვითომ?! ☺

 

Nick Cave: There’s nothing wrong with Loving something you can’t hold in your hand

Me: Let’s see  

 


რეკომენდებული სტატიები
მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები

მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები

მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები
როგორც ცნობილია, კარგი მუსიკის გარდა ალმბომს მისი ვიზუალური მხარეც ყიდის. დღეს გვინდა გიჩვენოთ ალბომების გარეკანები, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურმა გამოცემებმა, ამა თუ იმ მიზეზით, ყდების წარუმატებელ დიზაინად შეაფასეს
The Beatles-ის ალბომი Abbey Road დღეს 50 წლის გახდა

The Beatles-ის ალბომი Abbey Road დღეს 50 წლის გახდა

The Beatles-ის ალბომი Abbey Road დღეს 50 წლის გახდა
ჯორჯ მარტინი იხსენებს, რომ Abbey Road-ზე ჯგუფის ყველა წევრი პრაქტიკულად იდეალურად მუშაობდა - „ალბათ იმიტომ, რომ ყველა გრძნობდა, რომ ეს ბოლო ჩანაწერი იყო“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.