ბასკიას ნახატი Sotheby-ზე რეკორდულ $110.5 მილიონად გაიყიდა
ავტორი: კოლინ დუაიერი
ხუთშაბათს ჟან მიშელ ბასკია “დიდზე დიდი არტისტების პანთეონს” შეუერთდა, როცა მისი გვიანდელი პერიოდის, 1982 წლის ნახატი – Untitled – აუქციონზე რეკორდულ, 110.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ისტორიულად ყველაზე დიდ თანხაა, რაც აუქციონზე გადაუხდიათ აშშ-ში შექმნილი ხელოვნების ნიმუშისთვის.
ეს ცივი შეფასება ნახატის გაყიდვის შემდეგ Sotheby Europe-ის თავმჯდომარეს, ოლივერ ბარკერს ეკუთვნის და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი აღტაცებული უნდა ყოფილიყო ამით ნახატის მყიდველი.
“მიხარია განვაცხადო, რომ ეს წუთია შედევრი მოვიგე”, – დაწერა იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ თავის ინსტაგრამზე, სადაც თავი გასცა, როგორც მყიდველმა. “როდესაც ეს ნახატი პირველად ვნახე, გამიკვირდა, რომ ხელოვნების მიმართ უკიდეგანო აღფრთოვანებითა და თაყვანისცემით ვივსებოდი. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო.”
გასცდა რა ყველანაირ მოლოდინს, ნახატის გასაყიდმა ფასმა სოტბის აუქციონის 10-წუთიანი ვაჭრობის დასასრულს გაოცებული წამოძახილები გამოიწვია. რეალურად, პრესის ინფორმაციით, ამ ნახატმა დაახლოებით გააორმაგა ბასკიას ნამუშევრისთვის ადრე გადახდილი რეკორდული თანხა, რომელიც ასევე მაეზავამ იყიდა.
41 წლის ტექნოლოგიური მაგნატი, როკ მუსიკოსი და მოდის ანტრეპრენერი, CNN-ის სიტყვებით, ორივე ნახატის გვერდიგვერდ გამოფენას აპირებს მუზეუმში, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ ჩიბაში აშენდება.
“მაგრამ მანამდე მინდა, რომ ეს ნამუშევარი – რომელიც 30 წლის განმავლობაში საჯაროდ არ გამოუტანიათ – ინსტიტუციებსა და გამოფენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვათხოვო ხოლმე,” – ამბობს მაეზავა. “იმედი მაქვს, რომ ის სხვებსაც იმდენივე სიხარულს მიანიჭებს, როგორც მე, და 21 წლის ბასკიას ეს შედევრი მომავალი თაობების შთაგონების წყარო გახდება.”
ბასკია ხუთშაბათს გაყიდული ნამუშევრის შექმნიდან რამდენიმე წელში, 1988 წელს, 27 წლის ასაკში ჰეროინის დოზის გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა. პუერტორიკოელი დედისა და ჰაიტელი ამერიკელი მამის შვილმა ხატვა ნიუ-იორკში სტრიტ-არტით დაიწყო და სიკვდილის შემდეგ მითიურ ფიგურადაც იქცა. ბასკიას შემოქმედებამ გავლენა მოახდინა არტისტების მთელ თაობებზე თავისი ინტუიციური და პოლიტიკურად დამუხტული ხელოვნებით.
ხუთშაბათის აუქციონზე, ARTNews-ის ინფორმაციით, Untitled-მა მოხსნა ამერიკული რეკორდი, რომელიც აქამდე ბასკიას მეგობარს, ენდი უორჰოლს ეკუთვნოდა და მსოფლიოში აუქციონზე გაყიდული ხელოვნების ნიმუშებიდან მე-6 ნამუშევრად იქცა.
აქ კი შეგიძლია კარგად ნახოთ – ბასკიას Untitled:
ორიგინალი: https://www.npr.org/