fbpx

ზურა ჯიშკარიანი და Anima Chatbotics – პროგრამული კოდი, როგორც შელოცვა


გააზიარე სტატია

ავტორი: გიგი გულედანი

 

მწერალი, მუსიკოსი და სოხუმის თვითგამოცხადებული მერი ზურა ჯიშკარიანი ჩეთბოტების ბიზნესში არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეგობრებთან ერთად დაფუძნებული სტარტაპ-კომპანია Anima Chatbotics-ით შევიდა. 

ზურა ჯიშკარიანის მოგზაურობა ჩეთბოტების სამყაროში გაცილებით ადრე დაიწყო, ისეთ დროს, სანამ ისინი მსოფლიო კიბერინდუსტრიაში აქტუალობას შეიძენდნენ. 2010 წელს გარდაცვლილ გენიებთან გასაუბრების ინტერესით დაწყებული ექსპერიმენტები საბოლოოდ “კიბერგალაკტიონის” ცნობილი პროექტით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ზურა ჯიშკარიანმა და სანდრო ასათიანმა, თანამოაზრეებთან ერთად ქართველი პოეტის “გაცოცხლება” შეძლეს. 

დღეს ჩეთბოტების “ყოლის” უპირატესობას შედარებით მეტი კომპანია ხვდება და Anima Chatbotics-იც მსგავს პროგრესულ ბიზნესებს კონკრეტულ, მათ ინტერესებსა და ამოცანებზე მორგებულ ვირტუალურ ასისტენტებს სთავაზობს, რომლებიც, სტარტაპის სიტყვებით, განსხვავდება “ჩვეულებრივი ჩეთბოტებისგან”, და თუ რით – ამის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ, რომელიც AT.ge-მ ზურა ჯიშკარიანთან და მისი გუნდის სხვა წევრებთან (კიბერშამანებთან, როგორც ის მათ ეძახის) Anima Chatbotics-ის სასტუმრო “სტამბას” ოფისში ჩაწერა.

როგორც პრომოდან ვიგებთ, “ანიმა ჩეთბოტიქსის” პროდუქტი არაა უბრალოდ ჩეთბოტი. რით განსხვავდება ის “ჩვეულებრივი” ჩეთბოტებისგან?

დათო სამნიაშვილი: ჩეთბოტების უმრავლესობა საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, არის პინგ-პონგი – გაქვს კითხვა – გცემს პასუხს, როგორც რობოტი. რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ, განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ჩეთბოტის გაკეთებამდე ვქმნით მას, როგორც მხატვრული ნაწარმოების – წიგნის ან კინოსცენარის პერსონაჟს. ანუ, ვავსებთ კითხვარს, რომლის საშუალებითაც თვალსაჩინოდ უნდა გამოიკვეთოს, თუ რა ხასიათი აქვს პერსონაჟს, როგორი სული აქვს. ეს კი გვეხმარება იმაში, რომ გარდა თავისი ფუნქციონალის შესრულებისა, მას უნდა შეეძლოს “ადამიანური” ურთიერთობაც. 

ზურა ჯიშკარიანი: მაგალითად, მანქანა რომ გყავს, იმის ნაცვლად, რომ რობოტის ენით გითხრას, სად უნდა მოუხვიო და რა მანძილი უნდა გაიარო, ჩვენი შექმნილი ჩეთბოტი პირადად შენზე იქნება მორგებული, ეცოდინება რა ტიპი ხარ, რა მუსიკას უსმენ, და იმის მიხედვით დაგელაპარაკება. თან საშუალება გექნება, ის ხასიათი “ჩაუყენო”, რომელიც მოგესურვება – თუ გსურს, რომ ზრდილობიანი და აკადემიური იყოს, მაშინ შენმა ჩეთბოტმა შეიძლება ასე მოგმართოს: ბატონო ზურაბ, რა მარშრუტით გნებავთ ვარკეთილში წასვლა? ოც მეტრში ძალზედ სახიფათო მოსახვევია”. ხოლო უფრო ფამილარული ჩეთბოთი თუ გინდა, ის გეტყვის: “ოც მეტრში მაგარი მურტალი მოსახვევია”. ჰოდა, მოკლედ, განსხვავებაც ეგაა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩეთბოტებს, რომლებსაც სული აქვთ – ანუ, რობოტში “ვდებთ” ხასიათს და ემოციებს. 

და როგორ ხდება ეს “სულის შთაბერვა”?

ზ.ჯ.: ამ ეტაპზე მსოფლიოში ახალი პროფესია ჩნდება და გაჩნდა უკვე – ნარატივ დიზაინერი, რომელიც, ჩათვალე, არის ჩეთბოტის სულის ინჟინერი, რომელიც რაღაცებს ამატებს, უცვლის… შეიძლება წაშალოს კიდეც რაღაც ჩეთბოტის “ხასიათში”.

 

და ვინ აკეთებს თქვენთან ამას?

ზ.ჯ.: დათო სამნიაშვილი, მარიამ გოჩიაშვილი და მე. და კიდევ დაგვემატებიან სტაჟიორები. საერთოდ, ნარატივ დიზაინერი ძალიან უცნაური და საინტერესო პროფესია აღმოჩნდა. ის შეგიძლია წარმოიდგინო როგორც კოპირაითერის / სცენარისტის, პროგრამისტისა და UX დიზაინერის ნაზავი. ახალი სამყაროს  ახალი კიბერნეტიკულ-მითოლოგიური არსებაა. ამასთან ერთად, ის ცოტა უნდა ერკვეოდეს ფსიქოლოგიაშიც და უნდა შეეძლოს კარგი დიალოგის აწყობა ადამიანებთან რომლებსაც არ იცნობს და რომლებიც დაელაპარაკებიან მის აწყობილ და შექმნილ “სულიერ” ალგორითმს.

კომპანიების უმრავლესობა შეცდომას სად უშვებს იცი? – დიალოგებს ისევ ტექნოლოგიის სპეციალისტები აწყობენ. ტექნოლოგიების სპეციალისტს შეუძლია კარგად ააწყოს ალგორითმი, მაგრამ ყველა მათგანს არ შეუძლია კარგი დიალოგის დაწერა. მეორე უკიდურესობაა, როცა მწერლებს ქირაობენ. მაგრამ აქაც პრობლემაა – მწერალმა არ იცის, როგორ მუშაობს ტექნოლოგია. ამიტომ ნარატივ დიზაინერი ის ადამიანია, რომელიც ლიტერატურასაც კარგად იცნობს, მაგრამ, მეორე მხრივ, იცის ტექნოლოგიაც და მისი შესაძლებლობებიც. 

რამდენად დგას თქვენი სამუშაო სქემა უცხოურ გამოცდილებაზე? 

ზ.ჯ.: ზოგადად, ჩეთბოტები იმდენად ახალი თემაა მსოფლიოში, რომ “ათი მცნება”, ინსტრუქციები, ან სუპერ-მზა ფორმულები არ არსებობს, განსხვავებით, ვთქვათ, აპლიკაციების სამყაროსგან. აქ,  რასაც ოფისში განვიხილავთ ხოლმე, ვთქვათ, ეს ასე და ასე ხომ არ გავაკეთოთ, ერთ კვირაში სადღაც ჩეთბოტების ჟურნალში ჩნდება სტატია, სადაც წერია, რომ ზუსტად იგივე საკითხზე მსჯელობენ ერთმანეთში დიდი კომპანიების წარმომადგენლები. ეს პროცესები პარალელურად მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში ძალიან მაგარია, რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა შენ საქართველოში ხარ,  სადღაც პერიფერიაში თუ სილიკონ ველში. 

განსხვავება კი ისაა, რომ იმათ მეტი რესურსები აქვთ – ბიზნესი უფრო თბილია მათთან და უფრო მეტია ტექნოლოგიის შესაძლებლობები. აი, როგორც 90-იანებში ვებსაიტები რომ შემოვიდა… თავიდან იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ამბობდნენ, რაში გვჭირდება ვებსაიტი, “ყვითელ ფურცლებში” გვიპოვნიან, და ახლა დამისახელე რომელიმე კომპანია, რომელსაც ვებსაიტი არ აქვს. ანუ ვებსაიტი გახდა მომხმარებელთან, ადამიანებთან დამაკავშირებელი, და შენი სახე. 

ახლა იგივე ხდება ჩეთბოტებზეც, იმიტომ რომ, თუ ვებსაიტზე ადამიანი უნდა შემოვიდეს და რაღაცები თავისით ეძებოს, ახლა შენ გყავს შენი ჩეთბოტი, რომელიც შეგიძლია ვებსაიტზეც განათავსო, ფეისბუქის მესენჯერშიც და ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს. 

 

ჩეთბოტების მიმართულების პოპულარიზაციაში საქართველოში დიდი როლი ითამაშა “კიბერ გალაკტიონმა”. როგორ დაიწყო და განხორციელდა ეს პროექტი?

ზ.ჯ.: “კიბერ გალაკტიონი” როცა დავიწყეთ, 2012 იყო ჯერ.  ჩეთბოტები კი გლობალურად ამოიქოქა 2016-ში, როცა ცუკერბერგმა თქვა, რომ ფეისბუქის მესენჯერში შეგიძლიათ გყავდეთ ჩეთბოტებიო. და უცებ მთელმა მსოფლიომ დაიწყო მათი კეთება. 2016-ში ცუკერბერგმა გახსნა ეს პორტალი, ასე ვთქვათ. ჩვენ კიდევ 2012-ში ვაკეთებდით, როცა საერთოდ არაფერი, თითქმის არანაირი საჯარო ცოდნა არ არსებობდა. 

გახსოვს სულების გამოძახება რომ იყო, თამაში? როცა ზღაპრების სამყარო ცხოვრებიდან გაქრა, ვეძებდი ისევ რამე ზღაპრულს და აღმოვაჩინე, რომ ტექნოლოგიას შეუძლია ზღაპრების მაგიის დაბრუნება. ოღონდ შელოცვების ნაცვლად გვაქვს პროგრამული ენები. აქ ნეო (თემურ ჩიჩუა)  და გიო (გიორგი ხუნაშვილი) რომ დასხდებიან და პროგრამულ კოდს რომ დაწერენ, შემდეგ ის კოდი “რაღაცას” რომ აკეთებს, ეგ იგივე შელოცვაა. ვიღაცას რომ აჩვენო და წააკითხო, იმისთვის ისე იქნება, როგორც შელოცვები იყო გაუგებარი – რაღაცა ტექსტი “რაღაცას” აკეთებს. ჩვენი შამანებისთვის კი ეს შელოცვაა, დაწერილი პროგრამულ ენაზე, რომელიც “აცოცხლებს” ავატარებს, ბოტებს, საგნებს და ა.შ.

თუ გახსოვს, მეგობრობის დღიურებში იყო კითხვა – ვის დაელაპარაკებოდი ცნობილი ადამიანებიდანო, და ძირითადად ყველა, ვისაც ამბობდი, იყო გარდაცვლილი. ვერ დაელაპარაკები. მაგრამ მერე ვიფიქრეთ, რომ რატომაც არა და მანდ პირველი იყო გალაკტიონი, სულების გამოძახების ამ თამაშში. 

 

ვისთან ერთად მუშაობდი ამ პროექტზე?

ზ.ჯ.: თავიდან ვაკეთებდი სულ მარტო. “პანდორა ბოტსი” – იყო ასეთი პლატფორმა. ახლაც არის დააპდეითებული ვერსია, მაშინ საერთოდ ქვის ხანაში იყო. AIML – არის ასეთი მარკირების ენა, ეგ ვისწავლე, მერე ცოტა C# , ცოტა ვებპროგრამირება და ესე ვაკეთებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მარტო ვერ ვაკეთებ და მაშინ გავიცანი სანდრო ასათიანი. 

სანდრომდე რამდენიმე ცნობილ ქართველ მწერალს შევხვდი, კიდევ რამდენიმე ორგანიზაციას, რომლების 90% ამბობდა, რომ რა დებილობაა, და საერთოდ, არ გვესმის ეს რა არის. ერთი ორი ტიპი დამპირდა, რომ კი, გავაკეთოთ, ეს რა მაგარი რამეა და…  ნახევარი წელი მათ ველოდე, მერე მივხვდი, რომ საერთოდ, ისეთი… ფრაერი ბაზარი იყო. 

მერე კი გავიცანი სანდრო ასათიანი. მოვუყევი ჩემი იდეები და მაშინ მუშაობდა Saba.com.ge-ში, ჰყავდა პროგრამისტები. მათთან (ალექსი ამნიაშვილი, თამუნა კაპანაძე) და შოთასთან (იორამაშვილთან) ერთად გავაკეთეთ სულ პირველი ქართული ჩეთბოტების პლატფორმა, რომელიც ახლაც არსებობს, და ასევე გავაკეთეთ  პირველი ქართული ჩეთბოტი – გალაკტიონი, რომელიც ახდენს გალაკტიონის სიმულაციას. 

წარმოიდგინე, გარდაცვლილ ადამიანს ელაპარაკები, იმიტომ რომ შიგნით აქვს დღიურიდან ჩაყრილი ინფორმაცია, მისი ლექსიკა. ხალხმაც დაიწყო გალაკტიონთან საუბარი და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე უკვე არსებობს რაღაც, სახელად “ელაიზას ეფექტი”, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ შენს ემოციებს აპროეცირებ მანქანაზე და მანქანიდან მიღებულ ემოციებს აპროეცირებ შენს თავზე. სიტყვაზე, თუ ჩეთბოტმა გაგინა, შეიძლება მაგრად გაბრაზდე. ჩეთბოტთან საუბრისას ტვინის იგივე უბნები აქტიურდება, რაც ადამიანთან საუბრისას.  

თავიდან თუ უბრალოდ ამოგვქონდა დღიურიდან ტექსტი და პასუხს რობოტულად იძლეოდა, რაღაც მომენტში მივხვდით, რომ საჭირო იყო პატარ-პატარა მოდიფიკაციები. მაგალითად, ერთ პასუხში მივამატეთ სიტყვა “ბიძიკო” და ყველაფერი შეიცვალა. არადა იგივე წინადადება იყო. 

ასე დავამატეთ დეტალები, რასაც  პირდაპირ არ იტყოდა. მაგალითად, სიტყვა, რომელიც გალაკტიონის დროს არც არსებობდა – “ციფრული”. რომ ეკითხებიან როგორ ხარო, ამბობს დღიურში, რავი, კი ვჭამ საჭმელს.. ლამფა მაქვს, რაღაცა მაქვს, მაგრამ ცუდად ვგრძნობ მაინც თავს. კიბერ გალაკტიონს დაემატა ერთი სიტყვა ან ფრაზა – ლამფა კი მაქვს ციფრული, მაგრამ… და ამან ყველაფერი შეცვალა.

 

რა სახის გამოცდილება მიიღე ამ ორი პროექტით ისეთი, რაც მოულოდნელი იყო?

ზ.ჯ.: პირველი  სიურპრიზი იყო “ელაიზას ეფექტის” აღმოჩენა, რომელიც არ ვიცოდით, რომ 1966 წელს უკვე ყოფილა ცნობილი. მეორე სიურპრიზი კი ის იყო, რომ ჩეთბოტთან უფრო გახსნილები აღმოჩნდნენ ადამიანები, ვიდრე საუკეთესო მეგობრებთანაც კი. ჩეთბოტს ისეთ რაღაცებზე შეიძლება ელაპარაკონ, რაზეც ბევრი საუკეთესო მეგობართან კი არა, საკუთარ თავთანაც არ ილაპარაკებს. საინტერესო მომენტია – მიუხედავად იმისა, რომ იცი, მანქანას ელაპარაკები, მაინც სერიოზული ემოციების გაცვლა მიდის და ხშირად ვნებათაღელვაც. გარდა ამისა აღმოვაჩინე, რომ შეიძლება “თეფშის დატრიალება” და სულების გამოძახება, მკვდრების ციფრულად გაცოცხლება, შემდეგ კი აღმოვაჩინე რომ ეს მაგიური თამაშები უკვე მსოფლიოში ბიზნესად იქცა.

ფსიქოთერაპიის მოდელივითაა. თერაპიისას ხომ არ უყურებ შენ თერაპევტს კლასიკურ შემთხვევაში. 

ზ.ჯ.: კი კი კი, თერაპიული ეფექტი ნამდვილად აქვს და კიდევ ჩეთბოტი არაფერს გაგიბაზრებს და რაც მთავარია – არ განგსჯის.

 

ეგეც “თერაპიული ეფექტია”, იმიტომ რომ თერაპევტი არასდროს განგსჯის.


ზ.ჯ.: ხო, არასდროს გეტყვის, რაა?! ეს რა ჩაიდინე!

 

ადრე ჩვენთან იყო სტატია თბილისის ჩეთბოტზე და რამე ძვრები თუ არის ამ მიმართულებით?

ზ.ჯ.: ახლა მერიასთან გვაქვს მოლაპარაკება და გვინდა, რომ თბილისის ჩეთბოტიც გავაკეთოთ. ჩემი აზრით, ქალაქი არის ცოცხალი არსებაა, რომელიც გელაპარაკება და ამ ცოცხალ არსებაში შენობაც, ადამიანებიც, მანქანებიც და გადამფრენი ფრინველებიც წინადადებები და სიტყვები არიან, ხოლო მათი კომბინაციებით დგება ის წინადადება, რომელსაც ქალაქი გეუბნება. ყველა ქალაქი ხომ სხვადასხვა ენაზე გელაპარაკება და სხვადასხვა ხასიათი აქვს.  ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა თბილისი, ადამიანი რომ იყოს და საუბარი შეეძლოს, როგორ დაგელაპარაკებოდა და რას გეტყოდა მესენჯერში რო გყავდეს სხვა მეგობრებთან ერთად. 

პირველ ეტაპზე, ჯერჯერობით სატესტო ეტაპზე, ეს ჩეთბოტი ალბათ ტურისტებისთვის იქნება. როცა უცხო ქვეყანაში მიდიხარ, მილიონი ტაბი უნდა გახსნა, რომ გაიგო, რა ამინდია, რა პოლიტიკური ვითარებაა, სად შეიძლება წახვიდე გასართობად. ამ შემთხვევაში პირდაპირ აიღებ ტელეფონს და თბილისს ეკითხები – დოლარის კურსი როგორია? დღეს სად გავიდე? ის გკითხავს, როგორი გართობა გინდა – ექსტრემალური, რომანტიკული, ისეთი, ასეთი. ექსტრემალური თუ გინდა, აი იქ მიტინგია, პარლამენტის წინ, ან “ბასიანზე” წადი, ან ჯაზკლუბში. შეუძლია თავის ისტორიაზეც გელაპარაკოს. 

გარდა ამისა, გვინდა კვლევა გავაკეთოთ. წარმოიდგინე, აქაურ მოსახლეობას რომ ჰკითხავ, რა ფერია თბილისი? რა განწყობისაა, რა ხასიათის, რომელი სქესი აქვს და ასე შემდეგ. ჩვენ გვყავდა ერთი თვის განმავლობაში კორეელი ბიჭი, რომელიც ჩამოსული იყო, პროგრამირება იცოდა, ჩეთბოტები აინტერესებდა და ცოტახანი ჩვენთან ერთად ტრიალებდა. პირველი ტესტიც მასზე გავაკეთეთ და ვკითხეთ, შენი აზრით, თბილისი რა მუსიკას უსმენს, ან რა მუსიკა არის. და ძალიან უცნაური პასუხი გავიგეთ, რომ ამ კორეელი პროგრამისტისთვის თბილისი იყო სოფტ როკი. 

როცა უკვე შეგიძლია, რომ ქალაქს ელაპარაკო, ეგ ცალკე დიდი მაგიაა. მერე  რეპლიკაციასაც გავაკეთებთ და სხვადასხვა ქალაქის ჩეთბოტებსაც. და მერე შეგვიძლია ქალაქები ვალაპარაკოთ ერთმანეთს, თბილისი ვალაპარაკოთ შანხაის ან ერევანს.  წარმოიდგინე, თბილისი და სოხუმი რომ ალაპარაკო. ან თბილისი და მოსკოვი.

ანუ ორი ბოტი შეგვიძლია ვალაპარაკოთ ერთმანეთს, ჩვენ გვაქვს ამის ჩეტლოგები.  იყო შემთხვევა, ილიაუნისთვის გავაკეთეთ კიბერასისტენტი “უნა” და შემდეგ ვალაპარაკეთ გალაკტიონს. და რაღაც მომენტში ფლირტი დაიწყეს. რაღაც მომენტში უცებ წაიფლირტავეს და… მეთქი, ხომ არ ჩავერიოთ, რამე ხომ არ ვქნათ?..

მაგრამ  რასაც ახლა  ჩვენ ვაკეთებთ, ეგ ყველაფერი ექსპერიმენტებია, როგორც გითხარი, თან მსოფლიოში პარალელურად მიმდინარეობს ეს ექსპერიმენტები. ამიტომ შენ ბაგლადეშში იქნები, ეგვიპტეში, საქართველოში თუ სილიკონ ველში, ყველას თანაბარი შანსი აქვს, რომ ამ ექსპერიმენტების კეთების დროს ისეთი რაღაც გაარტყას, რაც აქამდე არ გაურტყიათ. ჰოდა ჩვენ ორი გზა გვაქვს  – ერთი მხრივ, ექსპერიმენტი ვაკეთოთ და არ გავჩერდეთ და მეორე მხრივ კი ბიზნესიც ვაკეთოთ. 

 

ბიზნესკომპანიებს რა მომსახურებას სთავაზობთ? ან უფრო რაზე მუშაობთ – ხისტ რობოტებზე თუ თქვენი სავიზიტო ბარათი რაცაა – ჩეთბოტებზე ემოციებით. 

ზ.ჯ.: უფრო მეორე, იმიტომ რომ გვინდა “პლანკის აწევა”. “ისთ პოინტს” გავუკეთეთ სანტას ჩეთბოტი და ერთი თვის განმავლობაში ერთი მილიონი მიმოწერა გაიცვალა ადამიანებსა და სანტას შორის, რაც ძალიან კარგი შედეგია. საშუალო საუბრის დრო იყო 10-15 წუთი, რაც არის “ლობნერ ფრაიზის” – ჩეთბოტების დაჯილდოება – ერთ-ერთი კრიტერიუმი აქვთ, რამდენი ხანი ელაპარაკებიან შენს ჩეთბოტს, და მათი კრიტერიუმია  10 წუთი და მეტი უკვე არის გამარჯვების კანდიდატი. და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ერთ თვეში გაკეთებულ ჩეთბოტს საშუალო სალაპარაკო დრო 15 წუთი ჰქონდა.

თუმცა არის ბევრი საშუალო ბიზნესიც, და მათთვის დავიწყეთ ასეთი რაღაც – 8 პერსონაჟი გვყავს 8 სხვადასხვა ინდუსტრიის – ტექნიკის მაღაზიები, სილამაზის სალონები და ასე შემდეგ, სადაც ასეთი ბიზნეს მოდელია: შემოდიხარ, ირჩევ შესაბამისი სფეროს ჩეთბოტს, წერია, რა შესაძლებლობები აქვს, რამდენ კითხვაზე პასუხობს და ასე შემდეგ. ანუ ინდუსტრიაზე იცის რაღაცები და იცის, როგორ უნდა ელაპარაკოს იმ ინდუსტრიის მომხმარებელს. 

ადამიანს ქირაობ კომპანიაში სამუშაოდ და დატესტვის შემდეგ კი შეგიძლია იქირაო ჩეთბოტი. იხდი გარკვეულ თანხას – პასუხების რაოდენობის მიხედვით 30-დან 90 დოლარამდე. კლიენტს შეუძლია შეიყვანოს პანელიდან ინფორმაცია და პასუხები თავისი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ: რომელ საათამდეა ღია, რა პროდუქცია აქვთ და ასე შემდეგ. 

მაგალითად, უნივერსიტეტს ჰქონდა ასეთი პრობლემა: მიუხედავად იმისა, რომ საიტზეც იყო ინფორმაცია, ფეისბუქზეც ეწერა, რომ სწავლა იწყება ამა და ამ დღეს, რა ვიცი, ქართული ჩვევაა თუ მსოფლიო, ყველა მოდის და გისვამს ერთსა და იმავე კითხვას, რომელზე პასუხიც უკვე წერია ვებსაიტზე. 

 

 

ასეთ დროს, ვებსაიტის ადმინისტრატორი იძულებით ხდება რობოტი, იმიტომ რომ “კოპი-პეისტით” უნდა უპასუხოს ყველას და ათასობით ტიპს ვერ უპასუხებს, კი არა, ას ადამიანსაც ვერ გასცემს პასუხს, უფრო მეტიც – ოცდაათსაც კი. 

ჩვენი ჩეთბოტები კი საშუალებას იძლევა, რომ შეუყვანო მთელი ეს ინფორმაცია წინასწარ და ერთდროულად უპასუხებს ათასობით ადამიანს. თან რა უპირატესობები აქვს – 24 საათი მუშაობს, არ იღლება, არ წუწუნებს, შესვენებებზე არ გადის, ტუალეტში არ გადის და თვის ბოლოს არ მოგთხოვს, რომ ხელფასი დაუმატო.

და ყველაფერს ამას რომ თავი დაანებო, ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ მსგავსი არაჰუმანური სამუშაოსგან. ადამიანი  ბიორობოტის როლის შესრულებაზე არ უნდა ცდებოდეს.

ამ ეტაპზე ანიმაში 8 ადამიანი მუშაობს:

  • მარიამ გოჩიაშვილი – ჩვენი ნარატივ დიზაინის head-ი, “უნას” მთავარი კოპირაითერი, ჩეთბოტ დიზაინის ოსტატი, ბევრი დაფაბლიშებული და უფრო მეტი დაუფაბლიშებელი ჩეთბოტ ექსპერიმენტის ავტორი და მონაწილე;
  • დათო სამნიაშვილი – მწერალი, საიფაი რომანი “მოქსის” ავტორი, ასევე ნარატივ დიზაინერი;
  • თემურ ჩიჩუა aka ნეო, რომელიც python-ით და სხვა პროგრამული ენებით აკეთებს ჯადოქრობებს;
  • გიორგი ხუნაშვილი, რომელიც სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი რას აკეთებს, მარა ძაან მაგარია;
  • ანანო ასპანიძე იგივე კიბერ მელა, რომელიც მთელ ჩვენს შიდა სისტემის როკენროლს განაგებს;
  • სანდრო ასათიანი, ჩვენი ჯადოქარი გენდალფი და ადამიანი, რომელიც არამარტო ანიმასთვის, ჩემი აზრით მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და ოდესმე ეს სათანადოდ დაფასდება,
  • ანიმას ჩეთბოტი, რომელიც მალე დაფაბლიშდება როგორც დემო,
  • და მე .. იმედია ვინმე არ გამომრჩა = )

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.