fbpx

კორონავირუსი – სეირის ანატომია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ჯაბა ზარქუა

 

სეირის მოყვარული სამომხმარებლო საზოგადოებისთვის ახალი პროდუქტი გამოჩნდა ბაზარზე – კორონავირუსი, რომელიც სამყაროს აღსასრულს უქადის. 

მას შემდეგ, რაც გავრცელდა პირველი ცნობები ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შესახებ, ყურადღებით ვადევნებ თვალს ამ თემის მედია-გაშუქებას მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში. მსოფლიოს თავისი გასჭირვებია და ჩვენ ჩვენსაზე ვთქვათ ამჯერად. 

ცხადია, როდესაც საქმე გვაქვს ახალ ვირუსულ ეპიდემიასთან, რომლის არც სამკურნალო მედიკამენტი არსებობს და არც ვაქცინა და რომელიც სწრაფად ვრცელდება საზოგადოებაში, ეს ინფორმაცია გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს უნდა იწვევდეს ადამიანში.

სიკვდილის შიში, უმწეობის შეგრძნება – ეს ორი გრძნობაა დომინანტი. აღნიშნული ემოციები პირდაპირპროპორციულია პრობლემასთან დაშორების მანძილისა – შიში და უმწეობის შეგრძნება ვუჰანის პროვინციაში და მის მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტად უნდა ჰქონდეთ გამოხატული, ვიდრე ამ ტერიტორიიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით. აქ ყველაფერი ახსნადია და ლოგიკური, თუმცა უცნაური რამ ახლა იწყება. 

ქართული მედია (ცხადია, სოციალური მედია იგულისხმება აქ, ალბათ ყველაზე მეტადაც კი) კორონავირუსის შესახებ ისე რეაგირებს, ისეთ შიშს, ნიჰილიზმსა და უმწეობის განცდას თესავს ადამიანებში, რომ ერთი წუთით შეიძლება რუკასაც კი ჩახედო იმაში დასარწმუნებლად, ემანდ რამდენიმე ათასი კილომეტრით აღმოსავლეთით ხომ არ გადაადგილებულა ჩვენი ქვეყანაო. ამ ემოციებს არაფერი აქვს საერთო გულწრფელ ჭმუნვასთან. ისინი თვალსაჩინო მაგალითია სამომხმარებლო საზოგადოების სეირის მოთხოვნილებისა. 

სამომხმარებლო საზოგადოება, მით უმეტეს, როცა განათლების ზოგადი ხარისხი დაბალია (სამწუხაროდ, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს, ეს ჩემი პირადი შეფასება არ გახლავთ, მოცემულობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ), ითხოვს თავშესაქცევს.

მედია კი ყოველდღიურად კვებავს ამ თავშესაქცევით. სწორედ ესაა ყვითელი მედიის არსებობის ერთადერთი მიზეზი. სწორედ ამიტომ ჩნდება და ელვის სისწრაფით ვრცელდება ათასი მავნებლური ჭორი და ტყუილი ხალხში. დააკვირდით, რა მარტივია ნეგატიური სკანდალური ინფორმაციის გავრცელება თანამედროვე დროში, თავად სცადეთ თუ გინდათ – ვინმე ლანძღეთ საჯაროდ, თქვით, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან გამოღწეულმა ვირუსმა თქვენი მეზობელი მოკლა, თქვით, რომ C ვირუსზე მკურნალობის შემდეგ თქვენს ბიძაშვილს მეორე თავი ამოუვიდა, თქვით, რომ გამოცხადება გქონდათ გუშინ, სადაც ამა წლის პირველ ოქტომბერს ქვეყნის აღსასრული გამცნოთ აპოკალიფსის მხედარმა და მერე დააკვირდით როგორ განვითარდება მოვლენები – არ გაგიკვირდეთ, თუ ტელევიზიებიც გამოგეხმაურებიან და თქვენი ცნობადობა ელვის სისწრაფით გაიზრდება. 

რა საოცრებები არ წავიკითხე და მოვისმინე კორონავირუსის შესახებ, ვისაც კი ოდესმე მედიცინასთან გავლით ჩაუვლია თუ ერთხელ მაინც მოუკრავს ყური სიტყვებისთვის „ვირუსი“, „ეპიდემია“, ყველა თავისი ხმამაღალი რეკომენდაციების გავრცელებითაა დაკავებული.

მიზეზი ხომ გახსოვთ? მედია-ბაზარზე ახალი, ცხელი თემაა – კორონავირუსი, რომლის შესახებაც სასეირო ცნობებს ითხოვს მომხმარებელი ადამიანი! არიქა! დროზე დავუკმაყოფილოთ ეს ვნება! ვინც მეტად დაზაფრავს – ბონუსები შევახვედროთ! სულაც არ გამიკვირდება, რომ რაიმე ანტი-ჩინურ კამპანიასაც დაუდოს საფუძველი მსგავსმა ისტერიკამ, მეტიც – ლოგიკურადაც ჩავთვლი მსგავს გაგრძელებას. საერთოდაც, რაში გვჭირდება ეს ჩინელები, კაცმა რომ თქვას, ჰა? 

ახლა ალბათ გონებაში იკითხავთ, ეს ყველაფერი კი გასაგებია, მაგრამ განა კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენსო?

როგორ არა, ბატონებო და ქალბატონებო! საფრთხეს რომ წარმოადგენს, სწორედ იმიტომ დგას ფეხზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები და სწორედ ამიტომ ცდილობენ ძალიან სწრაფად ეფექტური პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას. ეს არის სწორი და ეფექტური რეაქცია, რაც სამეცნიერო წრეებს აქვთ ამ პრობლემაზე. 

ეს გზა გატესტილია და ეფექტურია – ასე მოახერხეს ებოლას ალაგმვა და კიდევ ბევრი სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების მაქსიმალურად ადრე გაკონტროლება. სწორედ მათი სწორი და დაუღალავი შრომის შედეგად ვართ ჯანმრთელები და ცოცხლებიც, დიახ! ხოლო ამ რეალურად საყურადღებო და საშიში თემის სასეირო მედია-პროდუქტად ქცევა და აეროპორტში გადაღებული სურათების ფრიალი სკანდალური ტექსტებით, რომელიც ბევრ მოწონება-გაზიარებას დაიმსახურებს, არის უეფექტო და ფარისევლური რეაქცია. 

რატომ ფარისევლური, იცით? არ ვართ ჩვენ ის საზოგადოება, რომელიც ათასობით კილომეტრის მოშორებით არსებულ ეპიდემიაზე უნდა ღელავდეს იმიტომ, რომ ვუჰანში კი არა, საქართველოში რა პრობლემებიც გვაქვს, იმას ვუყურებთ გულგრილად:

  • გრიპზე რამდენი აიცერით, ვინც ამ სტატიას კითხულობთ? თუ არა – რატომ? გგონიათ, არ კლავს? ან გავრცელებული არაა?
  • C ვირუსის მკურნალობისგან რამდენმა შეიკავეთ თავი ჭორების გამო? მე გეტყვით – 16 000-მა ადამიანმა. 
  • წითელას ეპიდემიის დროს რამდენმა დაუჯერეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს ვაქცინაციის შესახებ? აქვე იყო ეს ეპიდემია, სადმე მთვარეზე კი არა, აგერ აქ, საქართველოში. 

სადამდე გავაგრძელო, ისედაც საკმარისი არგუმენტებია იმის დასადასტურებლად, რომ თავად პრობლემა და ჯანმრთელობის საფრთხე კი არ გვანაღვლებს, არამედ სეირს ვითხოვთ.

კორონავირუსი კი დღეს კარგი სასეირო თემაა – ჩინეთი, ათასობით ინფიცირებული, ვირუსი, მუტაცია, არიან გარდაცვლილები… ძალიან სახიფათოა ეს ყველაფერი, რადგან რეალური საფრთხის სასეირო მედია-პროდუქტად გადაქცევა ყურადღებას ადუნებს, არასწორი მოქმედებებისკენ გვიბიძგებს და შიშსა და უმწეობის განცდას თესავს მაშინ, როცა ეს ემოციები წესით, არ უნდა გაჩენილიყო. 

კორონავირუსის ეპიდემია შეიძლება საქართველოში არც გავრცელდეს, მაგრამ შიში დარჩება და ისედაც დაძაბულ და პრობლემებით დახუნძლულ საზოგადოებას კიდევ უფრო დათრგუნავს, რაც მერე მათ ყოველდღიურობაზე აისახება. საქართველოში კი ორმაგად ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ დროს, რადგან ოფიციალური სტრუქტურის უმაღლესი წარმომადგენელი – ჯანდაცვის მინისტრი, ანტიმეცნიერულ რიტორიკაშია შემჩნეულივინძლო რეალური საფრთხის შემთხვევაში ეს გვითხრას ისევ: „გადავიტანთ როგორმე“… 

სანდო წყაროები კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ:

წყარო 1: NCDC

წყარო 2: CDC


რეკომენდებული სტატიები
მინისტრი მეცნიერების წინააღმდეგ

მინისტრი მეცნიერების წინააღმდეგ

მინისტრი მეცნიერების წინააღმდეგ
“ძველი ბერძნული მითოლოგია დიდად არასდროს მიტაცებდა და რომ არა ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, პანაცეა და უნივერსალური ჯანდაცვა როდის გამახსენდებოდა, ღმერთმა უწყის.” - ნახAT ჯაბა ზარქუას ახალი ბლოგი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.