fbpx

ჩვენ ასე ერთად არასოდეს ვყოფილვართ – ნინო ჯიბლაძის დღიური თვითიზოლაციიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო ჯიბლაძე

 

ალბათ 20 მარტი იყო, როცა სახლებში ჩავიკეტეთ. ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის შეგრძნება, როცა საკუთარ თავს ვუთხარი: “აწი სახლში უნდა იყო”. სწრაფად მივიღე გონებაში ეს გადაწყვეტილება, ჩემი სახლისგან ერთი პატარა სამყარო შევიქმენი და ჩავუჯექი.

მართალი გითხრათ, სახლიც აქ აღმოვაჩინე, რადგან არასოდეს მქონია ამდენი დრო – ნელ-ნელა ყველა კუთხეს თავის დანიშნულება გამოვუნახე და თითქოს რაღაცებმა თავის ადგილზე დაიწყო დალაგება. 

თავიდან თითქოს კარგად მივდიოდი. ერთ თაროზე დავაწყვე საკითხავი წიგნები, ფილმების და სერიალების სია გავაწიკწიკე, მუსიკის მოსმენაც დავიწყე, საჭმელებს ვაკეთებდი, ლამაზად ვიცვამდი და იოგასაც ვვარჯიშობდი დიდი ენთუზიაზმით. მაგრამ ეს იყო ერთი კვირა, ან ორი.

მერე პანდემიამ აღმასვლა დაიწყო – ჩემმა სულიერმა მდგომარეობამ კი დაღმასვლა. 

მივყარე წიგნებიც, იოგაც, მუსიკის გაგონებაც არ შემეძლო, ვერც ვერავის ვაგულიანებდი და თვითონაც ძლივს მივლასლასებდი დილიდან საღამომდე. ვიჯექი ტელევიზორთან ან ინტერნეტთან და ტორნადოსავით წამოსულ ზღვა ნეგატიურ ინფორმაციას დილის ჰაერივით ვისრუტავდი. უბრალოდ, ჰაერი იყო მძიმე და ტოქსიკური, ცხვირში სიმწარე რო შეგდის და გგონია, სიცოცხლის დღეები გაკლდება, აი ეგეთი. 

 

ჩემთვის ადამიანია, პირველ რიგში, ძვირფასი – ჯერ ისინი, ვინც ვირუსმა შეიწირა და შემდეგ ის ადამიანები, ვისაც ხელიდან გამოსტაცეს საყვარელი ოჯახის წევრები.

ამ მოცემულობამ, რომელიც ყოველდღიურად იზრდებოდა, სასოწარკვეთაში ჩამაგდო და უბრალოდ, ყველაფრის ძალა გამომაცალა. ჯერ 40 000-ზე ავიდა ეს რიცხვი, მერე გაიზარდა, გაიზარდა და 278 000 ადამიანს დღეს ვეღარ ხედავენ საკუთარი ოჯახის წევრები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემში დეპრესიისმაგვარი სევდა და მოწყენილობა. ჩავრჩი სახლში, არც  ბევრი არაფერი შემიქმნია, არც საკუთარი თავი განმივითარებია – რადგან ვფიქრობდი ყველაზე ცუდ მოვლენაზე, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს და რომლისაც ალბათ ყველას გვეშინია – სიკვდილზე. 

ამ დროს კი ჩვენს დაუკითხავად და ჩვენგან დამოუკიდებლად იქმნებოდა პარალელური სამყაროს მსგავსი, ასევე ტორნადოს ენერგიით დამუხტული სამყარო, რომელიც ყოველღიურად მაიძულებდა დამეჯერებინა, რომ პანდემია ტყუილად არ არის მოსული ჩვენამდე – ამ ვირუსს რაღაც აქვს სათქმელი, როგორც “შავ მასწავლებელს”, რომელიც ყველა ქარტეხილში გაგატარებს, სანამ გვირაბის ბოლოს სინათლეს არ დაინახავ. 

ამ პარალელურ რეალობას ქმნიდნენ ჩვეულებრივი და ცოტა არაჩვეულებრივი ადამიანები. და ყოველდღიურად ჩემი რწმენა იზრდებოდა და მეც თითქოს გამოვდიოდი ნისლით გატენილი ოთახიდან. მადლობის გადახდაზე რომ ვფიქრობ, ერთ-ერთი მადლობა სოციალურ ქსელებს ეკუთვნის ჩემგან, რადგან ზუსტად სოციალურ ქსელებში ვნახე ის ყველაფერი, რაზეც ახლა ვწერ. 

 

ვუყურებ სოციალურ ქსელებში ადამიანების ქცევას და რას არ ვხედავ, თითქოს დოკუმენტურ ფილმს ჰგავს, რომელიც მუდმივად ლაივის რეჟიმში გადის – რა სიგიჟეა, რაებს აკეთებს ეს ხალხი, არანაირ რეალობას არ ჰგავს…

Quarantined Italians sing from their windows during #coronavirus outbreak

SOUND ON: Italians across the country sing in solidarity from their balconies during the mandatory nationwide lockdown due to the #coronavirus outbreak. https://cbsn.ws/2vk9EXX

Gepostet von CBS This Morning am Freitag, 13. März 2020

აგერ იტალიაში, სადაც დღეში ათასი  კვდება – ადამიანები აივნებზე გამოფენილან, ერთმანეთს ჭიქებს აწვდიან, მღერიან, ცეკვავენ, ჩოგბურთს თამაშობენ, დაბადების დღეებს ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე ულოცავენ, აივნებზე თოკები გაუბამთ და ერთმანეთს ტკბილეულს და საჩუქრებს უგზავნიან. 

Salerno

Secondo giro.Forza Campania, Forza Italia!Direttamente da Salerno,dai balconi.. l'inno di Mameli..❤️

Gepostet von Meteo Campania am Donnerstag, 12. März 2020

ვუყურებ უამრავ ადამიანს, რომლებიც ლაივში ერთვებიან, დგამენ პერფორმანსებს ან ერთი თუ ორი მსახიობის სპექტაკლს. ადამიანები ხატავენ და ჩვენთვის თავიანთი ნახატების გამოფენას აწყობენ, წერენ მუსიკას ან სულაც ძველად დაწერილს უკრავენ ჩვენთვის. ცეკვავენ, იღებენ ამ ცეკვის ვიდეოებს და ასე გვართობენ. ზოგი გვავარჯიშებს – იოგის თუ სხვა ნებისმიერი ვიდეოების ჩაწერით, მოგვიწოდებს ცხვირი არ ჩამოვუშვათ და სუნთქვის პროცედურებით გვეხმარება. 

მერილ სტრიპი და სკოჩი

ლეგენდარული მერილ სტრიპი და სკოჩი პირადაპირ ბოთლიდან🥃 🎼 💛 #oklegends

Gepostet von OK! Magazine Georgia am Montag, 27. April 2020

 

მალე გამოჩნდა მიწაზე დახატული დისტანცირების გვირილები და ადამიანები, რომლებიც ამ გვირილებზე დგებოდნენ, ცაში იყურებოდნენ და ლოცულობდნენ.

დავინახე ბავშვები, რომლებმაც სახლში თავიდან აღმოაჩინეს და-ძმები და მხოლოდ ერთმანეთთან თამაში თითქოს ახლიდან ისწავლეს.

ზოგი რეცეპტებს გვთავაზობდა – სახლში ყოფნისას რომ ამ არაჩვეულებრივი ხელობით შეგვექცია თავი  – რასაც კულინარია ჰქვია. ზოგი მებაღეობას გვასწავლიდა – გავავსეთ აივნები ლამაზი ყვავილებით და ბოსტანიც კი გავაშენეთ. ზოგმა საგანმანათლებლო გაკვეთილებიც ჩაგვიწერა – ისტორიას და გეოგრაფიას გაეცანით, სანამ სახლში სხედხართო. 

ამ პერიოდში თათია ფილიევამ, ნიჭიერმა და სიკეთით სავსე  რეჟისორმა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. სანამ მე სიკვდილი მაშინებდა და სიკვდილზე ვფიქრობდი, სანამ ყოველ ღამე ვტიროდი იმის გამო, რომ ვერ ვნახულობდი მშობლებს – თათიამ გადაიღო ფილმი, რომლის სათაურმაც ყველაფერი მითხრა. “Separated together” – ამ ორმა სიტყვამ თითქოს ჩემი ყველა შიში და იზოლაციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იმ დილას შეარყია, როცა თათიას ფილმს ვუყურე და მივხვდი, რომ იქამდე, სანამ არსებობს ადამიანი და სანამ არსებობს სიცოცხლე – არსებობს იმედიც, რომელსაც სიცოცხლის სიყვარული ჰქვია. 

შეიძლება ჩვენ ვართ ცალ-ცალკე, რადგან პანდემიამ განგვაცალკევა – მაგრამ ასევე, ჩვენ ასე ერთად არასოდეს ვყოფილვართ. არაცერთ სხვა დროს ყველა ადამიანი არ ჩავარდნილა ერთსა და იმავე მდგომარეობაში. მხოლოდ ახლა, 2020 წელს, თითქმის მთელი მსოფლიო იჯდა საკუთარ სახლში და იქიდან უმღერდა, ცეკვავდა, უკითხავდა, უყვებოდა, უხატავდა, ესიყვარულებოდა და ანუგეშებდა ერთმანეთს. 

 

ჩემს დაბადების დღეს მოწყენილი და სევდიანი შევხვდი. მრცხვენოდა კიდეც, რა დროს დაბადების დღე  იყო ახლა – როცა ამდენი ხალხი იღუპება-მეთქი.

მაგრამ ეს  იმდენად განსაკუთრებული აღმოჩნდა, შეიძლება აღარასოდეს მქონდეს ასეთი სიყვარულით და სითბოთი სავსე დაბადების დღე. 

წარმოსახვაში სულ ის ხალხი მახსენდებოდა, იტალია-ესპანეთში აივნებზე რომ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ერთმანეთს ყველს და ღვინოს რომ უზიარებდნენ ტაშტებით და თოკებით. აი ამ თოკებით და უხილავი ძაფებით მოვიდა ჩემამდე ათასობით მოლოცვა, ერთი პატარა ტელეფონიდან – სადაც უზღვავი რაოდენობა დაგროვდა იმ სიტყვებისა, რომელმაც მომცა ძალა თავიდან დამეჯერებინა, რომ ეს პანდემიის პერიოდი არაფრის დასასრული არ არის და მართლაც საჭირო ყოფილა, რომ სწორედ პანდემიის და ყველაზე მკაცრი კარანტინის  პირობებში დავბადებულიყავი კიდევ ერთხელ ამ ქვეყანაზე. 

ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენ მართალია ვართ ცალ-ცალკე, სახლებში გამოკეტილი – მაგრამ თან ვართ ერთად და ვართ ერთმანეთისთვის, რომ არა პატარა უსიამოვნებები, რომლის გახსენებაც არ ღირს – ადამიანებმა საოცრება შეძლეს. შეძლეს ის, რაც არავის წარმოგვედგინა – მაშინ როცა სიკვდილი ასე ახლოს იყო ჩვენთან, არავინ დაუხარა მას თავი და ასე სიცილით, სიმღერით, ცეკვით, ბუშტებით, ვარჯიშით, მზარეულობით, ვიდეოებით, ჭურჭლის ხმაურით, წიგნებით, სერიალებით, აივნებზე წიგნების შეყრითა და თოკით ჩაქაფულების და პასკების მიწოდებით პანდემიის წინააღმდეგ გაერთიანდა ჩვენი ხალხი და მერე მთელი მსოფლიოც. 

SEPARATE.TOGETHER. – თათია ფილიევას მოკლემეტრაჟიანი ფილმი იზოლირებული ადამიანების შესახებ

 

რამდენი მაგალითი ვნახეთ ჰუმანურობის და სიყვარულის – როცა მეპურემ  პურები დაარიგა, როცა მეხორცემ ხორცი გასცა.

როცა მარტო არ დავტოვეთ მოხუცები, ცხოველები და გაჭირვებულები. როცა ყველამ ვიყიდეთ ტიტები… და კიდევ ბევრი სხვა ყვავილი.

იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემშიც შეიცვალა რაღაც, რაღაც ძალიან დიდი და აუცილებელი. შეიცვალა ის, რომ თითქოს კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რომ მხოლოდ ჩემი თვალით დანახული სამყარო არ არსებობს და სამყარო ზუსტად იმდენნაირია – რამდენიც ადამიანი.

შეიცვალა ის, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება არსებობდეს, სიკვდილი კი არ არის,  არამედ არის შიში, ზიზღი, შური, რადიკალური აზროვნება და სიხისტე,  რომელიც საკუთარ თავში ჩვენვე უნდა დავამარცხოთ. 

 

შეიცვალა ის, რომ გუშინ, როცა დარსოს დღიური წავიკითხე  ვარდისფერ სათვალეზე, დავფიქრდი კიდევ ერთხელ. ერთ დღეს ჩემმა უახლოესმა ადამიანმა მითხრა: “ნინჩო, შენზე “ვიღაც პეტრე” ამბობსო, უფ, მაგას ხო სულ ვარდისფერი სათვალე უკეთია და ასე უყურებს ამ ცხოვრებასო. გადაეცი, მოიხსნას და დაინახავს უკეთ, რაც ხდებაო”. 

ჰოდა, არ დავუჯერე და არ მოვიხსენი ეს ვარდისფერი სათვალე. რადგან ვარდისფერი სათვალე ყველაზე სათუთი და საყვარელი პირობითი რამ არის, რასაც მეც აგერ უკვე 45 წელია ვატარებ, საიდანაც ვუყურებ ცხოვრებას და ის ჩემთვის ახლაც და მომავალშიც მხოლოდ ასეთი ვარდისფერი მინდა იყოს… 

 

ამ ვარდისფერი სათვალით დავინახე, რომ სადაც არსებობს ადამიანი, არსებობს მისი ნიჭი და არსებობს ძალა, რომელსაც სიცოცხლის სიყვარული ჰქვია.

ადამიანი აგერ უკვე ათასობით წელია არსებობს. ასევე არსებობდა და იარსებებს ვირუსები, ეპიდემიებიც და პანდემიებიც, რომლებიც ადამიანის დამარცხებას ვერასდროს შეძლებენ. 

სულ მალე ნიჭიერი და ჭკვიანი მეცნიერების გაერთიანებული მცდელობა დაამარცხებს ამ პანდემიასაც, რომლის სახელის გაგონებაზე შიში აღარ მეუფლება, როგორც ჰარი პოტერი ხმამაღლა ამბობდა “ვოლდემორის” სახელს, რომელსაც არასოდეს დაუხარა თავი,  ისე ხმამაღლა მინდა ვთქვა და დავწერო:

COVID 19 – ყვეელაზე ვერაგი და ბოროტი ვირუსია, რომელმაც 280 000 სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ვერ დაგვამარცხა ჩვენ და მალე, ყველა სხვა ეპიდემიასთან ერთად, ისიც წარსულს ჩაჰბარდება, რადგან ისევ ადამიანები მოუღებენ კორონავირუსს ბოლოს და ამ გამარჯვებას მთელი მსოფლიო ერთად აღვნიშნავთ გარეთ – ამ ერთ დღეს COVID 19-ზე გამარჯვების დღეს დავარქმევთ და ეს დღე გახდება სიმბოლო გამარჯვებისა, ადამიანის სიკვდილზე გამარჯვების დღე. მთელი ცხოვრება გვემახსოვრება – რა შეუძლია სიცოცხლის და ერთმანეთის სიყვარულს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.