fbpx

ერთხელ „მეამაში“ – ის, რაც მწვანე ბალახის ქვეშ და ბეტონის კედლების მიღმა ხდება


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი

ფოტო: გიორგი მამასახლისი

არქიტექტორი: გიორგი ხმალაძე


 

რამდენჯერ ჩაგივლიათ „მეამას“ წინ, კახეთის გზატკეცილზე და დაინტერესებულხართ, რა ხდებოდა იმ იდუმალ, სიმწვანეში ჩაფლულ შენობაში? მე – ბევრჯერ. ისიც ყველას გვსმენია, რომ ეს მულტიფუნქციური ადგილი მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა. ინტერესს გვიორმაგებს საქართველოში შექმნილი უნიკალური არომატების ყავის  კაფსულები, ინოვაციები, რომელსაც ამავე კომპანიაში ქმნიან, თანამედროვე მიდგომები, რომელიც მეამასთან ურთიერთობის ყოველ ჯერზე იგრძნობა, ასევე „მეამას“ გამორჩეული დიზაინის ფერადი სივრცე, რომელიც „სითი მოლში“ გაიხსნა და თავი ერთი ნახვით შეგვაყვარა. ის არცერთ სხვა მაღაზიას არ ჰგავს, ისევე როგორც „მეამას“ ყავის ქარხანა, სადაც პირველ ვირტუალურ მოგზაურობას სწორედ ჩვენს ციფრულ სივრცეში მოგიწყობთ…

როცა „მეამას“ კარი იღება, გგონია, რომ მომავლის პორტალი გაიხსნა და გამოგონილ სამყაროში აღმოჩნდი. არადა, ყველაფერი ნამდვილია – დაკიდული სართულებიც, ოფისის შუაგულში ამოსული მცენარეებიც, მაღალტექნოლოგიური დანადგარებიც, თეთრი ღრუბლებიც და ლითონის მერცხლები, რომლებიც უზარმაზარი ოფისის სხვადასხვა კუთხეში გხვდებიან და გიყვებიან ამბავს იმ ადამიანებზე, ვინც ამ შენობის იდეა რეალობად გადააქციეს და მათზეც ვინც ყოველდღიურად  ქმნიან ყავის ახალ ერას საქართველოში.

ამ ადამიანებს მოგვიანებით, ისევ ჩვენთან გაგაცნობთ, მანამდე კი ექსკურსია იმ ადგილიდან დავიწყოთ, სადაც „მეამას“ ჯადოსნური კაფსულები მზადდება.  ქარხნის ეს ნაწილი მთლიანად ეთმობა ევროპულ დანადგარებით შექმნილ საწარმოს, რომელიც, როგორც ვნახე, მთლიანად კომპიუტერული სისტემით იმართება და ქმნის ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს.  ეს იმას ნიშნავს, რომ ყავის მოხალვის, განაწილების, დაფქვის, შერევისა და შეფუთვის პროცესში ადამიანი მხოლოდ დამკვირვებლის როლს ასრულებს, რეცეპტი კი ყოველ ჯერზე ზუსტად ერთნაირად მეორდება.

პროცესი შემდეგნაირია: ჯერ ხარისხდება 18 ქვეყნიდან ჩამოტანილი ყავის მარცვალი, რომელიც 15 განსხვავებულ რეცეპტს ქმნის. ამის შემდეგ, მწვანე მარცვლები სპეციალურ დანადგარზე გადადიან, სადაც სხვადასხვა დონეზე იხალებიან, შესაბამისი უნიკალური რეცეპტის მიხედვით ნაწილდებიან, იფქვებიან და ფერად-ფერად კაფსულებში თავსდებიან. მთელ ამ ფუსფუსს კომპიუტერული სისტემა მართავს, რომელიც ყოველ ჯერზე ერთნაირი სიზუსტით ახარისხებს ამერიკული ფორმატის 9 და ევროპული ფორმატის 6 სახეობას. როგორც ამიხსნეს, ყავა კაფსულაში იმიტომ თავსდება, რომ გემოვნური თვისებები არ დაკარგოს და სრულად შეინარჩუნოს ის არომატი და გემო, რომლითაც ახლად დაფქვილი მარცვლები ყოველ ჯერზე ყავის ნამდვილ გემოს გვაცნობს. თითოეულ კაფსულაში ხშირად 5-ზე მეტი ქვეყნის, სხვადასხვა სახეობის ყავა თავსდება, რაც მის უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს.

და მაინც, რა არის „მეამაში“ განსაკუთრებული? – დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც სახელს მალე მსოფლიოშიც გაითქვამს. როცა ბლენდების უნიკალურობაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის – მიუხედავად იმისა, რომ 18 ქვეყნის მარცვალი გამოიყენება, „მეამას“ თითოეული გემო ქართულია. იმას ვგულისხმობ, რომ ამ ყავის შემქმნელებმა ჯერ ქართველი მომხმარებელი შეისწავლეს, შემდეგ კი თითოეული კაფსულა ადგილობრივთა გემოვნებას მოარგეს. სწორედ ამიტომ, თხუთმეტივე რეცეპტი კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებად ითვლება და სხვაგან არსად მეორდება. გარდა ამისა, „მეამა“ ევროპაში ერთადერთია, რომელიც ორივე ფორმატის კაფსულას ერთ სივრცეში აწარმოებს!

საუბარია სივრცეზე, რომელმაც გასულ წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში გაიმარჯვა, წელს კი ყველაზე პრესტიჟული Architizer A+ Awards-ის სამი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. მათ შორის მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცის ჯილდოც მიიღო. თავიდან გამიკვირდა, მაგრამ ახლა, როცა „მეამას“ სამუშაო სივრცე მეც „დავაგემოვნე“, ყველაფერი დღესავით ნათელია: ეს მართლა ის ადგილია, სადაც სიამოვნებით მუშაობენ. 200-მდე თანამშრომელი შენობაში ისეა განაწილებული, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს პირადი სივრცე და სიმყუდროვე, რომელსაც ყველა დეტალი უზრუნველყოფს. „მეამას“ გუნდში, ძირითადად, ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანები არიან, რომლებიც ინოვაციურ იდეებს ფრთებს ასხამენ და დიდი ხნის მივიწყებულ, მაგრამ წინსვლისთვის აუცილებელ პროფესიებს ახალ სულს ჰბერავენ.

ფანჯრები უზარმაზარია და მხოლოდ მცირეოდენი ფანტაზია სჭირდება იმის წარმოდგენას, რამხელა სიამოვნებაა ამ ფანჯრებს მიღმა საქანელაზე ჯდომა, ცხელი ყავის დაგემოვნება და იმის გააზრება, რომ თითოეული ყლუპი შენი მონაწილეობითაა შექმნილი. როცა გარეთ საღამოვდება და ლამაზი შუქ-ჩრდილები უფერულდება, „მეამას“ ოფისში „ფუმფულა“ ღრუბლებისა და თბილად განათებული ჭაღების დრო დგება, ჩუმ ფუსფუსში ინოვაციური დროფერიდან კაფსულის ჩამოვარდნის და აპარატიდან  ყავის ჩამოსხმის ყრუ ხმაური ისმის. ერთი მომენტი ისიც კი გგონია, რომ მალე, როცა ყველა შინ წავა, „ღამე მუზეუმში“ დაიწყება და ერთ ადგილას გაყინული დეკორატიული მერცხლები,  ცხენები და მაიმუნები შენ თვალწინ გაცოცხლდებიან, შენობაში ნამდვილ დღესასწაულს მოაწყობენ და გამთენიისას ისევ თავის ადგილს დაუბრუნდებიან, რომ მეორე დღეს მოსული სტუმრები ძველებურად გააოცონ.

კომფორტს ქმნის ადაპტირებული გარემოც. აქ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ყველა დეტალში ითვალისწინებენ, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, ასე სანატრელი და იშვიათია. აღარაფერს ვამბობ დაკიდულ სართულებზე, რომლებიც მიწას კი არა, „ცას“ ეყრდნობიან და აღმა ფრენისათვის წარმოუდგენელ სივრცეს ქმნიან.

რატომღაც მგონია, რომ თქვენც, ჩემსავით, ამ ექსკურსიის შემდეგ „მეამას“ სულ სხვანაირი სიამოვნებით დააგემოვნებთ, რადგან გეცოდინებათ, რომ ყავის თითოეული ყლუპი ასე ფრთხილად, სათუთად, ყურადღებით, სუფთად და, რაც მთავარია, გულით მზადდება. მე რომ შემეძლოს, ყველა კაფსულას მივაწერდი იმას, რაც საკუთარი თვალით ვნახე: „მეამა“ შექმნილია სიყვარულით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.