fbpx

სანდრო ანთაძის პერსონალური გამოფენა “ყველაფერი იცვლება – ნაწილი I”


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა გაბელაია

 

1 აპრილს კაფე-გალერიში სანდრო ანთაძის პერსონალური გამოფენა – “ყველაფერი იცვლება – ნაწილი I”  გაიხსნება. 

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეს გამოფენა მხატვრის ერთგვარ დაბრუნებას ჰგავს სახელოვნებო სივრცეში. გამოფენის სათაურს მიბმული “ნაწილი I” ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს გამოფენა მხატვარსა და დამთვალიერებელს შორის ახალი და საინტერესო ურთიერთობის  მხოლოდ დასაწყისია. 

გამოფენაზე წარმოდგენილი სერიის ნამუშევრები იმ ნივთებზეა, რომლებიც არც ისე შორეულ წარსულში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილს შეადგენდა და რომლებიც მოგონებებითა და შეგრძნებებით დღემდე ამ პერიოდთანაა გადაჯაჭვული.

საბჭოთა პერიოდში ყველაფერი ერთნაირი იყო: ტელეფონები, რომლებიც სულ რამდენიმე სახეობის გამოდიოდა და ყველა ოჯახს მსგავსი ჰქონდა, ტელევიზორები, თითქმის ყველა ელექტრონული მოწყობილობა, ავეჯი, სტანდარტული ტანსაცმელი, სტანდარტული სახლები, სტანდარტული ტრანსპორტი – აზროვნებაც კი სტანდარტული იყო. ხანდახან ამ ყველაფერზე დაფიქრებისას ცოტა ჟრუანტელი მივლის – დაუჯერებელია, თუ რა გაუგებარ უცნაურობაში ვიცხოვრეთ, თითქოს ვიღაცის მიერ მოგონილი არაბუნებრივი ექსპერიმენტის მონაწილეები ვიყავით”.

ეს წარსული უკვე ჩვენთვისაც ისეთივე რთულად წარმოსადგენი გახდა, როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც არასოდეს უცხოვრია მასში. თუმცა, ნივთებს  თავიანთი მახსოვრობა აქვთ. ვისაც მათთან ერთად უცხოვრია, აუცილებლად გაახსენდება მათი თვისებები და ბევრი ისტორიაც, თუ ვისთან რეკავდნენ ამ ტელეფონებით, რას უყურებდნენ ამ ტელევიზორებით, რას უსმენდნენ ფირსაკრავზე და რომელ საათზე აყენებდნენ მაღვიძარას, სკოლაში ან მუსიკალურ სასწავლებელში რომ არ დაჰგვიანებოდათ.

ეს ნივთებიც უკვე შეიცვალა და თითქმის გაქრა, აღარავის აქვს. ყველაფერი იცვლება… ჩვენც ვიცვლებით, მაგრამ ცხოვრება ისევ ისე მიედინება, როგორც ადრე. დღევანდელი ნივთებიც  შეიცვლება, სულ რამდენიმე წლის შემდეგ ჩაჰბარდება ისტორიას. ყველაფერი იცვლება, მაგრამ კვალს – მოგონებას და ემოციას, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება გაგვყვეს – ყველაფერი ტოვებს.

ნახეთ გამოფენა და მოგვიყევით თქვენი განცდილი ემოციებისა და გაცოცხლებული ისტორიების შესახებ.

საგამოფენო სივრცესთან ერთად  ღია იქნება სახელოსნოც (ზედა სართულზე), სადაც ამ სერიის გარდა დამთვალიერებელი სხვა ნამუშევრების ნახვასაც შეძლებს. 

 

At.ge-ს ინტერვიუ სანდრო ანთაძესთან შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ


რეკომენდებული სტატიები
დაბრუნება „გაღიმებულ ძროხასთან“ - ინტერვიუ სანდრო ანთაძესთან

დაბრუნება „გაღიმებულ ძროხასთან“ - ინტერვიუ სანდრო ანთაძესთან

დაბრუნება „გაღიმებულ ძროხასთან“ - ინტერვიუ სანდრო ანთაძესთან
სანდროს, იგივე გოდორას,  ბევრი იცნობს როგორც კლუბ „კაფე გალერის“ დამფუძნებელს და მფლობელს. თუმცა მან „გალერიმდე“ ძალიან საინტერესო გზა გაიარა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.