fbpx

რვეული #14 – არტისტები, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს ვეღარ იტანენ


გააზიარე სტატია

ავტორი:  მიხეილ ციხელაშვილი

 

წინა რვეულში იმ არტისტებზე გიამბეთ, რომელთაც თავიანთი ნამუშევრები გაანადგურეს და მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი სხვადასხვანაირი ჰქონდათ, ამ რვეულში წარმოდგენილ არტისტებთან შედარებით, იღბლიანები ეთქმით, რადგან შეძლეს და გაანადგურეს. 

ერთია – დახატო და დაჭრა, გამოაქანდაკო და დაანგრიო, დაწერო და დაწვა; და მეორეა – უკვე გამოქვეყნებულ ნაწარმოებს ვეღარაფერს უხერხებდე და მისი არსებობა ყოველდღიურად გახსენებდეს თავს. ეკრანებზე გამოსული ფილმი და ჩაწერილი სიმღერა, გამოცემული წიგნი და დადგმული წარმოდგენა მუდამ არსებობს და ვეღარსად დაემალები. მწერლები ძველ ტექსტებთან უცხოვდებიან, მუსიკოსები ჰიტების შესრულებას წყვეტენ, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.

ეჭვი საკუთარი ნაშრომის მიმართ, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, გაუთვალისწინებელი დამოკიდებულება, გაუცხოება, ზედმეტად დაფასება და კიდევ ბევრი რამაა, რაც შემოქმედს ნაწარმოების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას უჩენს. ის გარემოება კი, რომ მისი წაშლა აღარ შეგიძლია ამ დამოკიდებულებას ზოგჯერ ისეთ ზიზღში გადაზრდის, რომელსაც ვეღარაფერს უხერხებ. 

აქამდეც ვახსენეთ, რომ ფრანც კაფკას არ უყვარდა თავისი ტექსტები, განსაკუთრებით „მეტამორფოზა“, ლევ ტოლსტოიც არ სწყალობდა „ანა კარენინას“ და „ომი და მშვიდობას“, ამბობენ, უმბერტო ეკო სტუდენტებს ეუბნებოდა „ვარდის სახელის“ კითხვაში დროს ნუ დაკარგავთო. 

მახსოვს, ერთხელ სტამბოლში საგამომცემლო ინდუსტრიის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ვვახშმობდი, როდესაც ბრიტანელმა რედაქტორმა აღშფოთებულმა დაიწყო საუბარი, თუ როგორ აეხიარებინა ევროპული ლიტერატურის კლასიკოსს, ალბანელ მწერალ ისმაილ კადარეს საკუთარი ძველი რომანების ხელახლა გადაწერა, მათდამი იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ემოციური გაუცხოების გამო. სიბერის ბრალიაო, ამბობდა ის რედაქტორი და სხვებიც უკრავდნენ თავს. ეს საჭორაო მასალა იყოს, მაგრამ დაახლოებით იგივე გაევლო თავში კიდევ ერთ კლასიკოსს, პორტუგალიელ ჟოზე სარამაგუს. დოკუმენტურ ფილმში „ჟოზე და პილარი“ ერთ სცენაში ვხედავთ, თუ როგორ ეკამათება ავტორი ჟურნალისტს, ოცი და მეტი წლის წინ დაწერილ ტექსტებს ნუღარ მიხსენებთ და მითუმეტეს, პასუხს ნუ მომთხოვთ იმათ გამოო, აღარც კი მახსოვს, იქ რა მიწერიაო. იმ წიგნებს დღეს თუ ხელახლა გადავწერ, ეგ უკვე სხვა საქმეაო. და სარამაგუც დაფიქრდა, მართლა ხომ არ გადავწერო ჩემი ერთი-ორი წიგნიო, მაგრამ სიკვდილამდე იდეებით გამოტენილი თავი ძველი ტექსტებისთვის აღარ გადადო.

სხვა ტანჯვაა შეზიზღებული სიმღერის მოსმენა, როცა მოულოდნელად კაფესა თუ რადიოში გადააწყდება მუსიკოსი თავის ნაღვაწს. აი, ტომ იორკს ლამის გული ერევა CREEP-ის მოსმენისას, ელტონ ჯონი ამბობს, Crocodile Rock საზიზღარი სიმღერაა და მხოლოდ აუდიტორიის მომადლიერების გამო თუ ვუკრავო. იქით რეჟისორები ცალკე იტანჯებიან, მაგალითად, დევიდ ფინჩერი, „უცხო 3“ ყველაზე კოშმარული რამაა, რაც კი ოდესმე ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებულაო, მაგრამ, რა გინდა რომ ქნა?!

მოკლედ, საკუთარი ნაწარმოებისადმი ზიზღსა და გაუცხოებას დიდი ისტორია აქვს, ამ რვეულში კი იმ გატანჯულ რვა ხელოვანზე მოგიყვებით, რომლებიც ვეღარაფერს უხერხებენ თავიანთ „საშინელ“ ნამუშევრებს:

1. ენტონი ბერჯესი – მექანიკური ფორთოხალი

ინგლისელ მწერალს დიდად არც იდეური გაუცხოება ჰქონია თავის ტექსტთან და არც მედიის მიერ დატეხილ ბრალდებებს იღებდა საკუთარ პასუხისმგებლობად, მაგრამ მაინც ვერსად გაექცა იმ ფაქტს, რომ საბოლოოდ ყელში ამოსვლოდა თავისი კლასიკად ქცეული რომანი და მისი ყველა პერსონაჟი.

მიზეზი ბევრი იყო: ჯერ ეს ერთი, რომ წლის განმავლობაში, რამდენიმე ასიოდე დოლარის სანაცვლოდ „დაბევებულ“ ფილმზე, რომელიც მოგვიანებით სტენლი კუბრიკის მეგაჰიტად იქცა და რეჟისორს თუ მწარმოებელ კომპანიას უდიდესი ფინანსური სარგებელი მოუტანა, მწერალს ერთი ცენტიც კი არ ღირსებია. ბერჯესი თავს მოტყუებულად გრძნობდა, თუმცა სამართლებრივად ხელმოსაჭიდი არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა. 

მეორე მიზეზი ნაწარმოების კუბრიკისეული ხედვა იყო; მიუხედავად იმისა, რომ ბერჯესი აღფრთოვანებული იყო „დოქტორ სთრეინჯლავით“ და კუბრიკის სხვა რამდენიმე ფილმით, მიაჩნდა, რომ ეკრანიზაციები ყოველთვის წარმატებული არ გამოსდიოდა. მაგალითისთვის კუბრიკის „ლოლიტა“ ძალიან არ მოსწონდა და ამიტომაც არც „მექანიკური ფორთოხალის“ ადაპტაციაზე დაუმყარებია დიდი იმედები. საბოლოო ჯამში, ფილმი არ დაუწუნებია, თუმცა მანაც იგრძნო, თუ როგორ ახალისებდა ფილმში შემუშავებული გამომსახველობითი სტილი ძალადობას. ალექს დელარჯის დღეს უკვე პოპ-ხატებად ქცეული ფიგურა, ფილმში გაცილებით მიმზიდველი იყო და ალბათ არაა შემთხვევითი რომ მისი გამოსვლის შემდეგ გაუპატიურებისა და ხელჩართული ჯგუფის არაერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც მოძალადეები სწორედ ფილმის პერსონაჟებივით იყვნენ გამოწყობილნი.

საბოლოოდ, ბერჯესისთვის „მექანიკური ფორთოხალი“ ერთი დიდ თავის ტკივილად გადაიქცა და მისი ატანა აღარ ჰქონდა. ბოლოს ისე ქნა, რომ თეატრალური დადგმაც კი გააკეთა, სადაც სტენლი კუბრიკის გარეგნობის მქონე მსუქანი, ხშირწვერიანი პერსონაჟი ცეკვა-ცეკვით დაივლის სცენას და Singin in the Rain-ს ღიღინებს.

2. კურტ კობეინი – Nevermind

 

 

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ალბომი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, თავად მის შემქმნელს, კურტ კობეინს ეზიზღებოდა. მიზეზი ორი რამ იყო; როდესაც პროდიუსერმა ენდი უოლასმა სტუდიას ალბომის საბოლოო მიქსი წარუდგინა, მისთვის კომპლიმენტები არ დაუშურებიათ. ალბომიც გადასარევად იყიდებოდა, მაგრამ კურტ კობეინისთვის ის ერთი დავარცხნილი მუსიკალური ჩანაწერი იყო, რომლის არსებობისაც რცხვენოდა. კობეინს რცხვენოდა იმისიც, რომ ბენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Smells Like Teen Spirit გამუდმებით ტრიალებდა MTV-ს ეთერში და მათ კონცერტებზე ხალხი სწორედ მის დაკვრას ელოდა და ითხოვდა. 

1994 წლის ინტერვიუში კობეინი სიმღერაზე ამბობს, რომ აღარ აინტერესებს და ადარდებს ეს ალბომი და სიმღერა, დაკვრაზე უარს არასოდეს იტყვის, თუმცა  უკვე რცხვენია, როცა თინ სფირითს ასრულებს ხოლმე.

3. მარინა აბრამოვიჩი – წარმოდგენილია არტისტი

ბოლო ნახევარი საუკუნის ხელოვნებას ცოტა ჰყავს მარინა აბრამოვიჩისნაირი სახელი. სერბმა ხელოვანმა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერფორმანს არტისტად ითვლება, 2010 წელს, 14 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით ნიუ-იორკში, MOMA-ში ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი – 736:30-საათიანი პერფორმანსი ჩაატარა – სახელწოდებით “წარმოდგენილია არტისტი”.

აბრამოვიჩი მაგიდასთან იჯდა, მის წინ მოპირდაპირე სავარძელი თავისუფალი იყო და ნებისმიერ დამთვალიერებელს შეეძლო დაჯდომა და მისთვის თვალებში ყურება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებდა. უმეტესობა დამთვალიერებელი 5 წუთზე ან უფრო ნაკლებ ხანს იჯდა. იყვნენ ისეთები, ვინც საათობით არ დგებოდა სკამიდან. პერფორმანსში უნებლიეთ მიიღეს მონაწილეობა ლუ რიდმა, ალან რიკმანმა, ბიორკმა და ა.შ. სოციალურ მედია აიკლო ვიდეომ, სადაც აბრამოვიჩის ყოფილი პარტნიორი და ცხოვრებისეული სიყვარული – ულაი გამოჩნდა. 

პერფორმანსში მონაწილეობა ყველას შეეძლო, მაგრამ არავის ჰქონდა უფლება არტისტს შეხებოდა ან დალაპარაკებოდა. მისი ყურებისას ბევრი იღიმოდა, იცინოდა, ზოგი ტიროდა, იყვნენ ისეთები, ვინც აღებინა, ვინც გაბრაზდა და ა.შ.

„შეუძლებელია ამ პერფორმანსის ძალა უარყო, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, მისი ყოველი წამი მეზიზღებოდა და მეზიზღება“,  – განაცხადა 2014 წელს ტელეგრაფთან მიცემულ ინტერვიუში მარინა აბრამოვიჩმა. – „ნახევარი წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ პარალელურ სამყაროში ვყოფდი თავს. ეს ზუსტად იმ მომენტს ჰგავდა, როცა თვითმფრინავში გეუბნებიან კომფორტულად გადაწექით საზურგეზე და მოეშვიო, მაგ დროს კი ყველაზე მეტად ვერ მშვიდდები. ამიტომაც მეზიზღება ამ პერფორმანსის ყველა წამი. ერთი სული მქონდა წამოვმდგარიყავი და გავქცეულიყავი სამყაროში, სადაც ხალხი ჩვეულებრივად დადის აქეთ-იქით, აიფონს ამოწმებს, ავტობუსზე აგვიანდება“.

4. დევიდ ლინჩი – დიუნი

„დიუნი“ ჩემი ცხოვრების უზარმაზარ, გიგანტურ სევდად რჩება“, – შარშანაც აღნიშნა დევიდ ლინჩმა, როდესაც გავიგეთ, რომ ფრენკ ჰერბერტის რომანის ახალ ეკრანიზაციას დენი ვილნევი ამზადებდა. ლინჩი მიიჩნევს, რომ შეცდა, როცა საერთოდ ხელი მოკიდა ამ პროექტს და დათანხმდა მასზე მუშაობას. არადა „ადამიანი სპილოს“ გამოსვლის შემდეგ, ლინჩს იმდენი შემოთავაზება დაუგროვდა, რომ საკუთარ იდეებზე სამუშაოდ აღარ ეცალა. არჩევით კი რეჟისორმა „დიუნი“ აირჩია და ყველა სხვა შემოთავაზება, მათ შორის, „ვარსკვლავური ომები: ჯედაის დაბრუნება“, უარით გაისტუმრა. შედეგით კმაყოფილი კი გრძელვადიან პერსპექტივაში არავინ დარჩენილა. „საბოლოო მონტაჟი ჩემზე არ იყო დამოკიდებული, შემოქმედებით პროცესს ვერ ვაკონტროლებდი, ეს ის ფილმი არაა, რომელსაც მე გადავიღებდი. მასზე სრული კონტროლი მექნებოდა. ეს სევდიანია“, – ამბობს ლინჩი. 

საინტერესოა, რომ „დიუნის“ ეკრანიზაცია მუდმივად დაწყევლილი პროექტია. ის ჯერ ალექსანდერ ხოდოროვსკის უნდოდა თავის სუპერ-პროექტად (ფილმის შემოქმედებით გუნდში უნდა ყოფილიყვნენ: სალვადორ დალი, Pink Floyd, ორსონ უელსი, მიკ ჯაგერი, Magma და სხვა), რომელსაც მაშინ უზარმაზარი ბიუჯეტის და სავარაუდო ხანგრძლივობის (10-დან 14 საათამდე ფილმი) გამო არავინ მოჰკიდა ხელი და თაროზე შემოდებულ პროექტად შემორჩა.

დენივ ვილნევის „დიუნი“ უკვე გამოვიდა ეკრანებზე და ბევრმა ვნახეთ. ველოდებით მის მეორე ნაწილსაც. მაგრამ დევიდ ლინჩი ჩვენს რიგებში არაა, ის არც ამ ახალი ეკრანიზაციით ინტერესდება, მე მგონი, სიტყვა „დიუნის“ გაგონებაც კი აღარ უნდა. 

5. ტონი კეი – ამერიკული ისტორია იქსი

პოპ-კულტურა სავსეა კონტრვერსიული ფილმებით, რომლებშიც მართალია, ზოგჯერ ცხადია რეჟისორის პოზიცია, მაგრამ სურათის სტილი ვერ ირიდებს თავიდან სენსიტიური თემის რომანტიზებას. საქართველოში ხშირად ხუმრობენ, რომ „ნაიარევმა სახემ“ გარყვნა 90-იანების ახალგაზრდობაო და არის ამაში სიმართლის მარცვალი. ზემოთ „მექანიკური ფორთოხალიც“ ვახსენეთ.

1998 წელს გამოსულ ფილმში „ამერიკული ისტორია იქსი“, რომელიც ლოსანჟელესელი სკინჰედი ძმების ისტორიას მოგვითხრობს, ედვარდ ნორტონი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ როლს ქმნის. სწორედ ნორტონი იყო პირველი მიზეზი, რატომაც რეჟისორმა ტონი კეიმ თავიდანვე შეიძულა ფილმი; ერთი მხრივ, მსახიობი ყველაზე მეტად აკონტროლებდა ფილმს, მასვე ენდობოდა პროდიუსერიც და საბოლოო მონტაჟში რეჟისორის ხედვა ყველაზე ნაკლებად გაითვალისწინეს, რამაც კეი მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ფილმის ტიტრებში მისი სახელი არ სწერებოდა. მან ამერიკის კინორეჟისორთა გილდიას მიმართა, რომ ფილმის რეჟისორად მოეხსენიებინათ ალან სმიტი (ალან სმიტი არის გილდიის დადასტურებული ოფიციალური ფსევდონიმი, მაშინ როცა სურათის რომელიმე შემქმნელს არ სურს ვინაობის გაცხადება), რაზეც კეიმ უარი მიიღო. 

წლების შემდეგ, როდესაც ფილმმა პოპულარობა მოიპოვა, კეიმ კიდევ უფრო შეიძულა ის, რადგან ედვარდ ნორტონის მიერ შესრულებული პერსონაჟი – დერეკი – თინეიჯერთა რაღაც ნაწილისთვის კერპად გადაიქცა და მიუხედავად პერსონაჟის ტრანსფორმაციისა, მათთვის მიმზიდველი, რომანტიზებული ფიგურა – უშველებელსვასტიკიანი ნაცისტის სახე – შეუცვლელი გახდა, რამაც, ცხადია, იმის საპირისპირო ეფექტი გამოიწვია, ვიდრე კეი ვარაუდობდა.

6. პიტ ტაუნსენდი –  Pinball Wizard

ლეგენდარულ The Who-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა, Pinball Wizard ჭირივით ეზიზღება მის შემქმნელს, პიტ ტაუნსენდს. სიმღერა 1969 წელს მიუზიკლ Tommy-სთვის დაიწერა, თუმცა შექმნის ისტორია ასეთია: იყო ერთი კრიტიკოსი, ნიკ კონი, რომელიც ბენდის მუსიკას მუდმივად მკაცრად აკრიტიკებდა და იცოდნენ რა, კონი თამაშ პინბოლის დიდი ტრფიალი იყო, ტაუნსენდმა სიმღერა მის მოსახიბლად დაწერა. შედეგმა გაამართლა. ბენდს კარგი რევიუები შეხვდა, თუმცა სიმღერის დაკვრა ბენდს ყოველ კონცერტზე უწევდა და ტაუნსენდის დიდ თავისტკივილად იქცა.  

„ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, ყველაზე უხეირო რამ, რაც კი ოდესმე დამიწერია. მრცხვენია. სავაჭრო ცენტრების სიმღერას ჰგავს… როცა Tommy-ს ხმის ინჟინერმა სიმღერა მოისმინა, მკითხა: პიტ, ეს ნამდვილი ჰიტია. შენ დაწერე? კი, მე დავწერე მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ კაცს კარგი რევიუ დაეწერა ჩვენთვის“.

Tommy დღემდე ითვლება როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მიუზიკლად. კენ რასელის ფილმში სიმღერას ახალი არანჟირებით The Who-სთან ერთად ელტონ ჯონი ასრულებს და მართლაც, იმ ვერსიის მოსმენის შემდეგ, სადღაც აუცილებლად დაეთანხმებით პიტ ტაუნსენდს. The Who-ს ეს ჰიტი ცოტა უხეირო რამაა და კიდევ კარგი, ფილმის გადაღებისას კიდევ ერთხელ შეავლეს ხელი – იქ კი ნამდვილად ანთებენ ცეცხლს.

7. ალან ალექსანდრ მილნი – ვინი ფუჰი

ინგლისელ მწერალ ალან მილნის ოცზე მეტი მხატვრული, არამხატვრული თუ პოეტური წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის, 7 საუფროსო რომანიც, მაგრამ ლიტერატურის ისტორიაში ის, პირველ რიგში, დათუნია ვინიზე დაწერილი ამბებით დარჩა.

სანამ მილნი „ვინი ფუჰს“ გამოაქვეყნებდა, იგი უკვე ცნობილი მწერალი იყო. კარიკატურისტ ერნსტ შეპარდთან ერთად იგი აქტიურად წერდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალში Punch. 1926 წელს კი, როდესაც შეპარდისვე დასურათებული “ვინი ფუჰი“ გამოაქვეყნა, რთულად წარმოიდგენდა, რომ თავისი ვაჟის, კრისტოფერის (რომელმაც განაპირობა პერსონაჟი კრისტოფერ რობინი) სათამაშოებზე შეთხზული ძილისპირული ამბები, რომლის პირველი მიზანი სწორედ შვილის ჩაძინება იყო, მის ძირითად ნაწარმოებად შემორჩებოდა და დაჩრდილავდა ყველაფერს, რაც მანამდე დაეწერა და  რასაც მას შემდეგ დაწერდა. წიგნი წლების განმავლობაში ორმოცდაათზე მეტ ენაზე ითარგმნა და დღემდე მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. 

„ვინი პუჰის“ შემდეგ მილნიმ გააგრძელა Punch-ისთვის წერა, მაგრამ მკითხველი აუდიტორიისთვის ის უკვე საყვარელი საბავშვო ამბების მწერალი იყო და მის პოლიტიკურ სატირას ადეკვატურად ვეღარ აღიქვამდა, რასაც მილნი განიცდიდა. „ვინი პუჰის“ არსებობას განიცდიდა ილუსტრატორი ერნსტ შეპარდიც, რომელმაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ნანობდა, „სულელი დათუნიას“ ხატვაში რომ ჩაერთო. ეს სულელი დათუნია დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა თავად მწერლის ვაჟსაც; კრისტოფერ მილნი ვერასდროს ვერ ეგუებოდა ამ ფიქტიური პერსონაჟის მუდმივად მასთან დაკავშირებას და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. 1981 წელს კრისტოფერს ლონდონის ზოოპარკში დათუნიას ქანდაკებაც კი გაახსნევინეს. 

8. რობერტ პლანტი – Stairway to Heaven

მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-ბალადა Stairway To Heaven, რომელიც Led Zeppelin-მა 1971 წელს გამოუშვა, ბენდის ვოკალისტის, რობერტ პლანტის შეფასებით, „ამაზრზენი, საქორწილო მელოდიაა“. ერთ-ერთ გავრცელებულ ჭორს თუ დავუჯერებთ, მან ორეგონის რადიოს ათასი დოლარიც კი გადაუხადა, რომ სიმღერა ეთერში აღარ გაეშვათ.

2000-იანების შუაგულში პლანტი მოლბა და სიმღერის მოძულება ცოტა ხნით მიივიწყა, მის ვერ შეყვარებას კი საკუთარ ტექსტსა და ვოკალს აბრალებდა. „ამ ტექსტთან ვეღარანაირ სიახლოვეს ვერ ვგრძნობ. მსგავს აბსტრაქტულ სტრიქონებს იმედია აღარასდროს დავწერ. ჯიმი პიეჯმა და ჯონ ბონემმა მშვენიერი მელოდიზმით გადაარჩინეს ეს ტექსტი. და ვოკალიც. არ მგონია, ვოკალი ვარგოდეს“, – განაცხადა მომღერალმა. 

მუსიკის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პლანტს შესაძლოა პირადი გრძნობები აკავშირებს სიმღერასთან და ყველანაირი უფლება აქვს სუბიექტური მიზეზების გამო სძულდეს ის, მაგრამ ბევრი მაინც იქ ავლებს პარალელს, რომ, როგორც წესი, ბენდს ეზიზღება ხოლმე ის სიმღერა, რომელთანაც ყველაზე მეტად ასოცირდება. პლანტსაც ალბათ ეგ სჭირსო, ამბობენ.

და თითქოს პირადი გრძნობები საკმარისი არ ყოფილიყო, 2014 წელს პლანტს ახალი მიზეზიც დაემატა: სიმღერის გამო ბენდს სასამართლოში უჩივლეს, თითქოს მათ მელოდია ბენდ SPIRIT-ის სიმღერა Taurus-დან მოეპარათ. სასამართლო პროცესი ორ წელიწადში დაიხურა, Led Zeppelin-მა დავა მოიგო, მაგრამ კიდევ ორ წელიწადში ხელახლა განახლდა, რომელიც კიდევ ორი წლის შემდეგ ისევ ზეპელინმა მოიგო და ა.შ. 

თუ შევეცდებით, სადღაც გავუგებთ კიდეც რობერტ პლანტს, რატომ არასდროს არ უნდა მისი მოსმენა. მაგრამ მე ჩემს  რვეულს მაინც ამ მშვენიერი როკ-ბალადით დავამთავრებ:

მსგავსი სტატიები:

რვეული #13 – არტისტები, რომელთაც საკუთარი ნამუშევრები გაანადგურეს

რვეული #7 – 70-იანების Blaxploitation კინო და რვა რჩეული ფილმი

რვეული #3 – მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.