fbpx

რვეული #7 – 70-იანების Blaxploitation კინო და რვა რჩეული ფილმი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

მას შემდეგ, რაც ედი მერფიმ 2019 წლის ფილმში „დოლემაიტია ჩემი სახელი“ ლეგენდარული MC-ს, რუდი რეი მურის როლი განასახიერა, კინოს ბევრ მოყვარულს გაუღვივდა ინტერესი იმ ჟანრის მიმართ, რომელსაც Blaxploitation-ის სახელით ვიცნობთ.

ფაქტობრივად ჰოლივუდის დაბადებიდანვე ჩნდება ე.წ. ექსპლუატაციური კინო, რომლის ფარგლებშიც ძირითადად ბ-კატეგორიის ფილმებს იღებდნენ. ასეთი ფილმების შექმნის მოტივი საზოგადოებისთვის ტრენდული თემებით სპეკულაციის გზით  დიდი შემოსავლის მიღება იყო. მწარმოებლები წინასწარ იკავებდნენ კონკრეტულ ნიშას და აუდიტორიას ითვისებდნენ ფილმებით დიასახლისებსა და ბაიკერებზე, რევანშსა და სექსზე, კუნგ-ფუსა და ნარკოტიკებზე… დროთა განმავლობაში ექსპლუატაციურმა კინომ რამდენიმე ქვეჟანრი შეითავსა, რომლებიც, ერთი მხრივ, კონკრეტული თემიდან მომდინარეობდნენ (მაგ., Spaghetti Western, Sexploitation, Naziploitation), მეორე მხრივ კი, ეთნიკურ განსხვავებულობას ეფუძნებოდნენ (Redsploitation, Blaxploitation)

მიუხედავად ათობით ქვეჟანრისა, “ბლექსფლოითეიშენის” მსგავსად, მასობრივი  და შემაზანზარებელი – როგორც კინოპროცესებისთვის, ასევე სოციო-კულტურული გარემოსთვის – არცერთი სხვა კინომიმართულება არ გამხდარა. ეს ქვეჟანრი აფრიკულ-ამერიკულ ეთნიკურ განსხვავებულობას წარმოაჩენს და ექსპლუატაციური კინოს ტრენდებს ამერიკელი შავკანიანების ცხოვრებასთან აერთიანებს. აქ ბევრგან გადააწყდებით მაფიასა და სექსს, ცუდ ბიჭებს უფრო ცუდი სისტემის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი ცხოვრების რომანტიზებას (ხშირად სოციალური ნიადაგის წარმოჩენის გარეშე). Blaxploitation-ში ალოგიკურად ბრუტალურია ძალადობრივი სცენები, მოშლილია ზღვარი ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. კინოს მკვლევრები გამოყოფენ პერსონაჟის მთავარ სახეს, რომელმაც ახალი ტრენდი დაამკვიდრა კორპორაციების მიერ წარმოებულ ზანგურ კინოში: „პირადი სექს-მანქანა დიდი შავი სირით, რომელსაც ყველა ქალის დაკერვა შეუძლია“. თუმცა ეს მხოლოდ ფასადია, რომელზეც აფროამერიკელი მოსახლეობის ეგზოტიზაციას და კატეგორიზაციას ვხედავთ. ამ ექსპლუატაციური მიდგომით Blaxploitation-ფილმების აბსოლუტური უმეტესობა ტრეშ-კინოს იარლიყისთვის იწირება. 

და მაინც, შეუმდგარი ხარისხის მიუხედავად, რატომ გამოდგა Blaxploitation ასეთი მნიშვნელოვანი? ამის საკვლევად რამდენიმე დეკადით ადრეულ პერიოდში უნდა გადავინაცვლოთ.

ზანგი რეჟისორების კინო 70-იან წლებამდე შეუმჩნეველი იყო დიდ ამერიკულ კინოსამყაროში. მართალია, რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა Lincoln Motion Picture Company, რომელიც შავკანიან რეჟისორებს გზას უკვალავდა, მაგრამ მან ათი წელიც კი ვერ იარსება. ამიტომაც ერთადერთი პერსონა, ვისზეც შეიძლება ადრეული ზანგური კინოისტორია იდგეს, რეჟისორი და პროდიუსერი ოსკარ მიშოა (1884-1951). მან 40-ზე მეტი ფილმი გადაიღო, დააარსა Micheaux Film and Book Company of Sioux City ჩიკაგოში და თავისი სახელოვნებო და მენეჯერული საქმიანობით სხვებსაც გაუკვალა გზა. 

კონკრეტული გეგმა თუ მიზანი აფროამერიკულ კინოში 1960-იანი წლებიდან იძენს კონტურებს; მარტინ ლუთერ-კინგის და მალკოლმ იქსის ბრძოლა შავკანიან მოსახლეობაში თანასწორობის იმედს აჩენს. ეს პროცესი ახალისებს დამოუკიდებელი ზანგური კინოს წარმოებას და 60-იანი წლების ბოლოს ნიადაგი უკვე შემზადებულია, რომ აფროამერიკული საზოგადოება კინოეკრანებზე მეტად იყოს წარმოდგენილი. თუმცა ამ ნიადაგს, უმეტესწილად, კომპანიები ითვისებენ, თეთრი მენეჯერებით სათავეში. ისინი ახალ წესებს ადგენენ, თუ როგორი უნდა იყოს ზანგური კინო: მთავარი პერსონაჟი ფილმის ბოლოს აუცილებლად უნდა გაერიდოს კრიმინალურ გარემოს, გეტოში დაბადებული ბავშვი ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რომ კოლეჯში სწავლა მოახერხოს და ა.შ. როგორც Blaxploitation-ის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური რეჟისორი, მელვინ ვან პიბლსი იხსენებს: „ჰოლივუდს უნდოდა, რომ სულ ჯამბაზებად ვეჩვენებინეთ. მაგრამ ამერიკა არ იყო სიცილის ხასიათზე, განსაკუთრებით – შავი ამერიკა. დრო იცვლებოდა. ეს შავმა პანტერებმაც იცოდნენ. სტუდენტებმაც იცოდნენ. ჰოლივუდი კი თავს იყრუებდა“.

შეზღუდვების მიუხედავად, 1970-იანების დასაწყისში ჩნდებიან რეჟისორები, რომლებიც მართალია, კორპორაციულ წესებს მისდევენ, მაგრამ ახერხებენ კინოში შექმნან ნატურალისტური, რეალური გარემო და ფაქტობრივად დოკუმენტური სიზუსტით აღწერონ სივრცეები, სადაც ზანგი ამერიკელები ცხოვრობენ. ამის პარალელურად ფეხს გამოყოფს დამოუკიდებელი კინოც, რომელიც საკუთარი მწირი სახსრებით ცდილობს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას. სივრცის ასეთი გამრავალფეროვნება ბლექსპლუატაციურ კინოში ქმნის სამყაროს, რომელიც არ არის ეგზოტიკური და ყალბი, ის გეტოში გაზრდილი ამერიკელებისთვის ნაცნობი და თანაც შეულამაზებელია, ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც – ნამდვილია. ერთ-ერთ წინა რვეულშიც დავწერე, რომ ტრეშ-კინო კინოს ყველაზე დაუწმენდავი ფორმაა და რომ მასში წარმოდგენილი რეალობა ყველაზე ხშირად სოციალურ კინოსთან იკვეთება. იგივე ხდება Blaxploitation-შიც და მიუხედავად მისი გადაჭარბებული ვულგარულობისა, ის ქმნის სივრცეს, სადაც კულტურულ განსხვავებულობაზე თვალს კი აღარ ხუჭავენ, არამედ მასზე ღიად საუბრობენ. შედეგად, ეს სივრცე ხდება ერთგვარი თავშესაფარი ზანგი მაყურებლისთვის და კინოთეატრები მათთვისაც ეწერება შეკრების ადგილებს შორის – ჯაზ- ფანკ- დისკოკლუბების გვერდით. 

ფანკი ცალკე სასაუბრო თემაა, როცა ამ ქვეჟანრზე ვსაუბრობთ. ეს მუსიკა ხომ ფაქტობრივად “ბლექსფლოითეიშენ მიუზიქიდან” აღმოცენდა! ხშირად გადავეყრებით ფილმებს, რომლებიც მხატვრულად არაფრად ვარგა, მაგრამ მაყურებელს საუნდტრეკებით იზიდავს. ამის რამდენიმე მაგალითზე მოგვიანებით. 

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ბლექსპლუატაციური კინო ჟანრულად მრავალფეროვანი ვერ გამოდგა. ამის მიზეზი გამოცდილების, ნიჭისა თუ ფინანსების ნაკლებობაც იყო. მაგალითად, 1975 წლის ფილმში – Coonskin ცოცხალ კადრებს რიგ სცენებში ანიმაცია ანაცვლებს. ეს ალბათ ყველაზე წარმატებული მცდელობაა, რომ Blaxploitation-დან გადაჭარბებული ბრუტალიზმი გამქრალიყო. მაგრამ ფილმი მაინც ჩავარდა იმის გამო, რომ ის ზედმეტად ბევრი კომენტარის გაკეთებას ცდილობდა, მაშინ როცა რეჟისორი თითქოს არ იყო მზად არაფერზე სალაპარაკოდ. კიდევ ერთი ჰიტი აღმოჩნდა – „ბამბა ჩამოდის ჰარლემში“, ერთი საშუალო დონის ექშენ-ფილმი, რომელიც უმარტივესი მეტაფორებით ახერხებს აუდიტორიის ათვისებას. ეს სურათი დღეს Blaxploitation-კინოს კლასიკად განიხილება. 

ზანგურმა კინომ ზუსტად იგივე გზა გაიარა ამერიკაში, რაც რიგითმა აფროამერიკელმა. 70-იანების Blaxploitation კი მისი გარდატეხის ასაკი გამოდგა. კონტროვერსიულობის მიუხედავად, მან მოახერხა აფროამერიკული რეალობის დაუწმენდავად წარმოჩება და შექმნა სასაუბრო სივრცე. მისი დაბალი მხატვრული დონე არ გამოდგა ბარიერი მომდევნო პერიოდის რეჟისორებისთვის (სპაიკ ლი, მაიკლ შულცი, ჩარლზ არნეტი და სხვ.), რომლებმაც 80-იანებში უკვე სრულიად განსხვავებული ზანგური კინო დააშენეს მასზე.  Blaxploitation კინო ბევრისთვის გამოცდილებაც გამოდგა, რომ წლების შემდეგ ტელევიზიისა და კინობაზრის მოთხოვნებს დახვედროდნენ. 

დღეს Blaxploitation კინოისტორიის საკმაოდ დაფასებული მიმართულებაა ამერიკაში. ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან – ბარი ჯერკინსი, ქუენტინ ტარანტინო, სტივ მაკქუინი, ჯორდან პილი და სხვა, ღიად საუბრობენ ბლექსპლუატაციური კინოს გავლენაზე საკუთარ შემოქმედებაში.

დღევანდელ რვეულში 1970-იან წლებში გამოსულ ბლექსპლუატაციური კინოს რვა ფილმზე გესაუბრებით.

 

 

სუპერ ფლაი / Super Fly (1972)

აფროამერიკელი მაყურებლისთვის ეს საკულტო ფილმი ჰარლემში მცხოვრებ კოკაინის ახალგაზრდა დილერზე, მეტსახელად „მღვდელზე“ მოგვითხრობს, ის ახერხებს დიდძალი ქონებაც ჰქონდეს, ქალაქში პატივისცემაც შეინარჩუნოს და, ამავდროულად, კოჭი არ გაუგოროს არც პოლიციას და არც მომწოდებლებს. თუმცა ასეთი ცხოვრება დიდხანს არ გრძელდება და მღვდელიც უკანასკნელ ძალებს იკრებს, რომ რამენაირად მოახერხოს ნარკომაფიიდან ცოცხლად გაიპაროს და საყვარელ ქალთან ერთად თავი ევროპას შეაფაროს.

„სუპერ ფლაი“ გამოსვლისთანავე ჰიტი გახდა, ნახევარმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა 30 მილიონ დოლარზე მეტის მოგება მიიღო. მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა რონ ო’ნილმა, ამ წარმატების პარალელურად, გაგრძელების გადაღება მოისურვა და რეჟისორის როლიც თავად მოირგო. თუმცა 1973 წელს გამოსული Super Fly T.N.T. ჩავარდა; ჩავარდა მოგვიანებით, 1990 წლის „სუპერ ფლაის დაბრუნება“ და წარმატება ვერც  2018 წლის რიმეიქმა მოიპოვა.

უცნაურია, თუ რატომ გახდა ასეთი მასობრივი ჰიტი პირველი ფილმი და მისი მეათედი წარმატებაც ვერ მოიპოვა ვერცერთმა გაგრძელებამ. ძაღლის თავი აქ საუნდტრეკებში უნდა ვეძებოთ; პირველი ფილმისთვის მუსიკა ლეგენდარულმა კერტის მეიფილდმა დაწერა. სოულისა და ფანკ-მუსიკის უკვე კლასიკად ქცეული სიმღერების მოსასმენად ხალხი კინოში წასვლაზეც არ ამბობდა უარს. ვინილის ფირფიტაზე გამოცემული საუნდტრეკების ალბომი 12 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. Super Fly დღემდე რჩება როგორც ჟანრის კლასიკურ ჩანაწერად, ასევე ერთ-ერთ პირველ კონცეპტუალურ ალბომად სოულსა და ფანკ-მუსიკაში. 

 

 

დოლემაიტი / Dolemite (1975)

არა მხოლოდ Blaxploitation-ის, არამედ, ზოგადად, 70-იანების აფროამერიკული კულტურის ლეგენდაა რუდი რეი მური – მღვდელი, მოცეკვავე, რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი, MC… სწორედ მან შექმნა უკიდურესად ვულგარული პერსონაჟი „დოლემაიტი“, რომელიც ჯერ სტენდ-აფ კომედიის ვარსკვლავად აქცია და მთელ ამერიკაში გახადა ცნობილი, შემდეგ კი მასზე ფილმებიც გადაიღო. დასაწყისში ნახსენები „დოლემაიტია ჩემი სახელი“ კარგად აღწერს იმ გარემოსა და გამოწვევებს, რომელთა გვერდითაც რუდი რეი მურს უწევდა ცხოვრება.

დოლემაიტი ლოს-ანჟელესის კლუბის ერთ-ერთი მეპატრონე და პოპულარული სექს-მანქანაა, რომელიც ციხეში გატარებული ოცი წლის შემდეგ ქალაქში ბრუნდება და შურისძიება სწყურია თავისი ჩამშვები პარტნიორის და კორუმპირებული პოლიციის წინააღმდეგ. ის ქალების კუნგ-ფუისტთა არმიას აყალიბებს, რათა სამართლიანობის სახელით იბრძოლოს.

ცხადია, საქმე ტრეშ-სურათთან გვაქვს, მაგრამ ფილმის შეულამაზებელი გარემო იმდენად გადაიკვეთა ათასობით მაყურებლის ყოველდღიურ რეალობასთან, რომ ფილმმა არნახულ წარმატებას მიაღწია და შემოსავალმა 12 მილიონს გადააჭარბა. 

რუდი რეი მურმა კიდევ არაერთი ფილმი გადაიღო, მათ შორის დოლემაიტის ორი გაგრძელება – „ადამიანი ქარიშხალი“ და „დისკოს ნათლია“.

დოლემაიტის სერიის ფილმებში მური დიდი დოზით იყენებს პერსონაჟს სთენდ-აფ კომედიისთვის. ეს მიგნება ფილმებს დოკუმენტური კინოს განწყობას სძენს და აუტანელ ეპიზოდებს დინამიკური სასცენო პასაჟებით აცოცხლებს.

 

 

ლეგენდა ზანგ ჩარლიზე / The Legend Of Nigger Charley (1972)

„ლეგენდა ზანგ ჩარლიზე“ ჟანრის რევოლუციური სურათია: ერთი მხრივ, ის პირველი ვესტერნია Blaxploitation-ში, მეორე მხრივ კი, ეს ფილმი ფაქტობრივად ამკვიდრებს პერსონაჟთა ბრენდინგის და შემდეგ სხვა პროექტებში გამოყენების პრაქტიკას ამ ქვეჟანრში. წინა ორი ფილმის მსგავსად, ზანგი ჩარლის პერსონაჟი სულ სხვა წარმოებებისა და რეჟისორების ფილმებში გრძელდება: „ზანგი ჩარლის სული“ (1973) და „ზანგი ბოსი“ (1974).

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მემამულე მჭედელ ჩარლის გათავისუფლების ქაღალდს აძლევს, რომელსაც სახლის მეურვე, ჰიუსტონი დახევს, ბიჭს სასტიკად სცემს და ატყვევებს. ჩარლი მაინც ახერხებს თავის დახსნას, თუმცა ჰიუსტონის მოკვლა უწევს, რის შემდეგაც ორ მეგობართან ერთად მამულიდან გარბის. პარალელურად, მემამულის გარდაცვალების შემდეგ, ყველა დანარჩენი მონა, მათ შორის ჩარლის დედა და შეყვარებული, სხვა მემამულეებზე უნდა გაყიდონ. ამის გამო გაქცეული გმირს მუდმივად არ ასვენებს უკან დაბრუნების წყურვილი. 

ამ ფილმში ყველაფერია, რაც პოპულარულ ვესტერნს მოეთხოვება: უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, უამრავი სროლა და ვისკი, მამლების ჩხუბი, ახლად წამოჩიტული ქალაქები თავისი შერიფებითა და ცუდი ბიჭებით, კეთილისა და ბოროტის ბრძოლით და, რა თქმა უნდა – ჰეფიენდით. თუმცა ფილმს ეტყობა აშკარა გამოუცდელობა კინოს შექმნის არაერთი მიმართულებით; ეპიზოდები ხშირად არ ებმის ერთმანეთს, ზოგი არც სრულდება და უადგილოდ გაწყვეტილი გადადის შემდეგ სცენაზე და ა.შ.

მოულოდნელი არაა, რომ გამოსვლისთანავე „ლეგენდა ზანგ ჩარლიზე“ კლიშეებით სავსე, მხატვრული ღირებულების არმქონე ფილმად შეირაცხა. თუმცა დღემდე მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სურათად “ბლექსფლოითეიშენის” მკვლევართათვის.

 

 

სუიტ სუიტბექის შარიანი სიმღერა / Sweet Sweetback’s Baadasssss Song (1971)

ბევრი მკვლევარი Blaxploitation-ის ხანის ათვლას მელვინ ვან პიბლსის ამ ფილმიდან იწყებს. მას შემდეგ, რაც პიბლსმა დაასრულა ფილმ Watermelon Man-ის გადაღება, “კოლუმბია პიკჩერსმა” მას სამი ფილმის გადაღების კონტრაქტი შესთავაზა. პიბლსი შეპყრობილი იყო იდეით – გადაეღო „ფილმი ძმაზე, ძმებისთვის და ძმის მოყოლილი“, რაც კოლუმბიას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ამიტომაც შეთავაზებაზე უარი თქვა და პირადი, მინიმალური ბიუჯეტით, დამოუკიდებელი, მოგვიანებით X-ნიშანდასმული ფილმის გადაღება ამჯობინა. იმ დროისთვის უკვე გამოცდილ პიბლსს თითქოს მეტი მოეთხოვებოდა, ვიდრე ვულგარული სურათის გადაღება ობოლ სექს-პერფორმერზე, მაგრამ მელვინს სათქმელი ჰქონდა და მის გადასაღებად მზად იყო ყველაფერი, კარიერისა და ოჯახის ჩათვლის, სასწორზე დაედო.

2003 წლის ბიოგრაფიული სურათი Baadassss! კარგად აჩვენებს იმ გარემოს, რომელშიც რეჟისორსა და შემოქმედებით გუნდს უწევდათ მუშაობა. პიბლსის როლს მისივე შვილი ასრულებს, რომელიც კლასიკად ქცეული 1971 წლის „სუიტ სუიტბექის შარიანი სიმღერის“ დასაწყისშიც თამაშობს. ეს სცენა კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დასაწყისია კინოში: დაახლოებით 3-წუთიანი გაუპატიურების სცენა, როცა 11 წლის ობოლ ბიჭზე უფროსი ქალი ძალადობს და ბიჭს ზედმეტსახელად სუიტბექს (ტკბილტრაკა) შეარქმევს. სუიტბექი დაობლების შემდეგ საროსკიპოში დასახლდება და როცა ტანს აიყრის, თავადაც სექს-მუშაკის პროფესიას ეუფლება. ერთ დღეს საროსკიპოში მკვლელობა ხდება და პოლიცია ეჭვმიტანილებად სუიტბეკს და მის მეგობარს, რევოლუციონერ მუმუს მიიჩნევს. 

მიუხედავად დაბალი მხატვრული დონისა, ფილმს თავისი ღირსებებიც აქვს, მათ შორის ის, რომ „სუიტ სუიტბექის შარიანი სიმღერა“ ერთ-ერთი პირველი ფილმია, რომელიც ნატურალისტურად წარმოგვიჩენს იმდროინდელ ზანგურ კემპ და დრეგ-კულტურას, რომელიც აფროამერიკული სოციუმის ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმაპირობებელი და ყველაზე საინტერესო გარემოა.

ბოლოს ფილმის მუსიკაზეც ვთქვათ ორი სიტყვა: პიბლსმა უსახსრობის გამო მუსიკა თავად დაწერა, მაგრამ შესასრულებლად იმდროისთვის უცნობი ბენდი Earth, Wind & Fire დაიქირავა. ამ ლეგენდარული ბენდის კარიერის სათავეებიც “ბლექსფლოითეიშენშია”.

 

 

შაფტი / Shaft (1971)

ჟანრის საწყისებთან დგას გორდონ პარკსის 1971 წლის კრიმინალური დეტექტივი Shaft, რომელიც ამერიკულ პოპ-კულტურაში ყველაზე დაფასებულ ნიმუშად რჩება “ბლექსფლოითეიშენიდან”. ამბობენ, რომ დეტექტივი ჯონ შაფტი თავიდან თეთრკანიან პერსონაჟად იყო მოაზრებული, მაგრამ Watermelon Man-ისა და „შარიანი სიმღერის“ აფეთქების გამო, Metro-Goldwyn-Mayer-ში სცენარი შავკანიან მამაკაცზე გადააკეთეს. ფილმმა დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია, რის შემდეგაც გადაიღეს ორი დამატებითი ნაწილი: Shaft’s Big Score (1972) და Shaft In Africa (1973). 21-ე საუკუნეში კი პერსონაჟს ახალი სიცოცხლე სემუელ ელ ჯეკსონმა გაუხსნა 2000 და 2019 წლის რიმეიქებში. 

თავად ორიგინალ ფილმში დეტექტივ შაფტს განგსტერები ეძებენ, მეორე მხრივ კი, მისგან ჰარლემელი პოლიციელები სხვადასხვა ინფორმაციის დატყუებას ცდილობენ. იტალიური მაფიასთან გართულებული ურთიერთობა, შეიძლება ჰარლემში რასობრივი ომის წამოწყების მიზეზი გახდეს. შაფტს დიდი სიფრთხილე მართებს, განგსტერები ჰყავს დასაპატიმრებელი, ისე რომ თავად საქმიდან ცოცხალი გამოვიდეს.

ამ სტანდარტული სიუჟეტის მქონე ფილმში არც სამსახიობო შესრულებაა უმაღლესი დონის და არც რეჟისურა, მაგრამ ფილმის პოპულარობა პერსონაჟთან ერთად განსაზღვრა აიზეკ ჰეისის შექმნილმა საუნდტრეკებმა, განსაკუთრებით კი მთავარმა მუსიკალურმა თემამ. ფანკის აწ უკვე კლასიკად შემდგარმა ჩანაწერმა, რომელიც ამ ფილმში ჟღერს, აიზეკ ჰეისი ოსკარის, ოქროს გლობუსისა და გრემის ლაურეატად აქცია. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეისი პირველი აფროამერიკელი მუსიკოსი იყო, რომელსაც ოსკარი გადაეცა.

 

 

შავი ქალი, თეთრი ქალი / Black Mama White Mama

Blaxploitation-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ იმ გადამეტებულ ვულგარულობაში, რომელსაც ჟანრი ავლენს, ქალის როლი და პორტრეტი მაქსიმალურად არის დავიწროებული. ის ან იარაღით მებრძოლი სექს-ბომბია, ან სტრიპტიზიორი, ანდაც ოჯახის უცოდველი დედა. 

ამ მიმართულებაში ფეხი ვერ მოიკიდეს რეჟისორმა ქალებმა, ეს როგორც სოციალურმა და ეკონომიკურმა გარემომ, ასევე კინოკორპორაციების ბიუროკრატიამ და წესებმა განაპირობა. ერთადერთ დასამახსოვრებელ სახეს მსახიობი პემ გრიერი ქმნის. “ბლექსფლოითეიშენის” დედოფლად შერაცხული გრიერი მაყურებელთა  ფართო აუდიტორიამ 1974 წლის ფილმიდან – Foxy Brown შეიყვარა, უკვე მოგვიანებით კი ქუენტინ ტარანტინოს ასევე Blaxploitation-სურათიდან – Jackie Brown. 

მანამდე კი იყო 1973 წლის Black Mama White Mama, სადაც გრიერი ასრულებს მთავარ როლს. ფილმი ქალთა კოლონიაში ვითარდება, ერთსა და იმავე ნაკადში ხვდებიან შავკანიანი მეძავი ლი და თეთრკანიანი რევოლუციონერი კარენი. დაპირისპირებულ პატიმრებს ციხიდან გაქცევა სურთ და ბედის ირონიითა თუ დაუდევრობით, გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთზე გადაჯაჭვულები აღმოჩნდებიან.

რასობრივი განსხვავებულობა, რომელიც ამ სურათში ნათლადაა ხაზგასმული, მისი ერთ-ერთი მთავარი საკითხია და უნდა ითქვას, რომ ფილმი ახერხებს ორივე ნაპირზე აირიდოს ეგზოტიზაცია. ის რასათა შორის კომუნიკაციაზე და ქალთა როლზეც იმაზე მეტს გვესაუბრება, ვიდრე იმდროინდელი წამყვანი მედიები. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფემინისტური და რევოლუციური სულისკვეთების მატარებელია, ხშირ შემთხვევებში (უმეტესწილად – მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ხარჯზე) ის ვერ ახერხებს ისე წარმოაჩინოს ეროტიზმი, რომ გაექცეს მამაკაცურ ფანტაზიებს. ამის მიზეზი კი ისევ ისაა, რომ  Blaxploitation-ფილმებს ქალები ვერ იღებდნენ.

 

 

ბლაკულა / Blackula

ჟანრის კიდევ ერთი სენი იყო სხვადასხვა რიმეიქები, რომლებიც აფროამერიკულ ნარატივში უნდა ჩაწერილიყო და ოღონდაც ფინანსური სარგებელი ენახა, ყველანაირ სიყალბესა და ხელოვნურობაზე ხუჭავდა თვალს. ასე შეიქმნა, მაგალითად, „შავი კეისარი“, „შავი ფრანკენშტეინი/ბლეკენშტეინი“, „შავი ნათლია“, და ა.შ. მაგრამ ამ რვეულისთვის შავი დრაკულა, „ბლაკულა“ შევარჩიე.

ფილმის საწყის სცენაში აფრიკელი პრინცი მამუუალდე, რომელსაც მონობა გაუუქმებია თავის სამეფოში, ცოლთან ერთად ტრანსილვანიაში დრაკულას ეწვევა დიპლომატიური ვიზიტით. გრაფი პრინცს ვამპირად აქცევს, ბლაკულას არქმევს და კუბოში ამწყვდევს, მის ცოლს კი კლავს.  ამის შემდეგ ფილმი მშვენიერი ანიმაციური ინტროთი გრძელდება და ვინაცვლებთ თანამედროვე დროში, სადაც ვხვდებით ინტერიერის დიზაინერ წყვილს, ისინი ტრანსილვანიის სასახლიდან ძველ ნივთებს ყიდულობენ.  ასე ჩამოდის ბლაკულას კუბო ლოს-ანჯელესში და მალე ქალაქში სერიული მკვლელობების ახალი ტალღა იწყება. სანამ ქალაქში ვამპირები მრავლდებიან, მამუუალდე ქუჩაში გოგოს გაიცნობს, რომელიც თავისი ცოლის ინკარნაციად ესახება. 

ფილმში ყველაფერი არადამაჯერებელი და თან, ამავდროულად, მოსალოდნელია – სიყვარულის ისტორია, დასასრული, დეტექტივების მოქმედება; არც საუნდ-ეფექტები ვარგა და ბრძოლის სცენებიც კომიკურია. მაგრამ უილიამ მარშალის მიერ განსახიერებული ვამპირი იმდენად მოულოდნელად დასამახსოვრებელი კინოსახე აღმოჩნდა, რომ ბლაკულა (და მისი გაგრძელება Scream Blacula Scream) დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად რჩება “ბლექსფლოითეიშენის” მოყვარულთათვის.

 

 

განჯა და ჰესი / Ganja & Hess (1973)

ბოლოსთვის კრიტიკოსებისგან ყველაზე დაფასებულ ბილ განის 1973 წელს გადაღებულ ფილმზე, „განჯა და ჰესზე“ უნდა ვისაუბრო. შეძლებული ანთროპოლოგი,  დოქტორი ჰეს გრინი თავის ასისტენტთან დაპირისპირებაში დაიჭრება, მაინც ახერხებს მის მოკვლას და მისი სისხლის დალევით უკვდავებას მოიპოვებს. მის სახლში მალევე ჩამოდის ასისტენტის ცოლი, სახელად განჯა, რომელიც ქმრის გზა-კვალს ეძებს. მართალია, რაღაც დროის შემდეგ ის ქმრის გვამს აღმოაჩენს, მაგრამ განჯასა და ჰესს შორის დაწყებული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდება. ქალი თანახმაა ახალ ქორწინებაზე, ოღონდაც აუცილებელია, რომ ჰესმა ისიც ვამპირად აქციოს. 

ფილმი ძალიან პოეტურად იწყება, აშკარაა, რომ რეჟისორიც და ოპერატორიც სერიოზული ნამუშევრისთვის გვამზადებენ. ვეცნობით იმდროინდელი აფროამერიკელი საზოგადოების როგორც რელიგიურ-სპირიტუალურ ყოფას, ასევე უბრალო ცხოვრებას – მძღოლების, მოსამსახურეების, მუშების, ღარიბი პასტორების. ბილ განი ახერხებს, რომ იმ დროისთვის დამახასიათებელი რიგითი ვამპირეული-ტრეში კი არ შექმნას, არამედ შემაძრწუნებელი, სისხლით სავსე სიყვარულის ისტორია. ფილმი 1973 წელს კანის კინოფესტივალზეც აჩვენეს, International Critics’ Week-ის სექციაში, სადაც ასევე დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

 


რეკომენდებული სტატიები
რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი

რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი

რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი
გთავაზობთ კინემატოგრაფიის  ეპიზოდურ და “მეორეხარისხოვან”  რვა პერსონაჟს, რომლებსაც ამა თუ იმ ფილმში განსაკუთრებულ განწყობა შემოაქვთ
რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ

რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ

რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ
რთულია გადააწყდე მწერალს, რომელიც უარით ისტუმრებს ეკრანიზაციის მსურველებს, მაგრამ ასეთი მწერლებიც არსებობენ და მათ სახელებს ამ სტატიიდან შეიტყობთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.