fbpx

2023 წლის საუკეთესო ქართული სიმღერები ერმონიას დასაკრავი სიიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

ბოლო დროს, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რა ხდება თანამედროვე ქართულ მუსიკაში. თამამად ვპასუხობ, რომ იგი პროგრესს განიცდის. არ ვიცი რა ხდება ე.წ. ქართულ „ესტრადაზე“ და მართალი გითხრათ, აბსოლუტურად არანაირი ინტერესი არ მაქვს ვიცოდე. ქალაქურ სიმღერაში კი უმეტესად ისევ ღნავილში, ყვირილში და ხმის კანკალში ეჯიბრებიან ერთმანეთს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი საკონცერტო სივრცე ჩნდება საინტერესო მუსიკისთვის, რაც ცალკე სტატიის თემაა. ქართველმა დამოუკიდებელმა არტისტებმა კი მუსიკის ძალიან ბევრი (უფრო მეტი, ვიდრე შარშან) ჟანრი მოიცვეს, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ვინმემ შეიძლება იკითხოს, თუ ასე კარგი მუსიკოსები გვყავს, რატომ არ ჩანან მასობრივ მედია-საშუალებებში? პასუხად შემიძლია ვუთხრა, რომ ჩანან, თუნდაც საზოგადოებრივ არხზე გადაცემა „აკუსტიკაში“, ასევე რამდენიმე ძალიან საინტერესო ონლაინ-პლატფორმაზე, რომელთა შორის ჩვენი გამოცემაცაა.

ახლა შევეცდები ჩემთვის გამორჩეული 2023 წელს გამოსული ქართველ შემსრულებელთა 15 სიმღერა ჩამოვთვალო. მსგავსი წლის შემაჯამებელი სტატიები at.ge-ზე გამოვაქვეყნე 2021 და 2022 წლებშიც. 

ისევე როგორც გასულ წლებში, სიმღერების თანმიმდევრობასა და ნუმერაციას ყურადღებას ნუ მიაქცევთ!

 

  • ალექსანდრე ხარანაული – ჩემო მრავალშემცდარო

ალექსანდრე იგივე ალილო ხარანაული ნამდვილი აღმოჩენაა თავისი სადებიუტო ბრწყინვალე ალბომით „დილით ამომავალო მზეო“. დიდი ხანია ქართულ სცენაზე ველოდი ისეთ მუსიკოსს, რომელიც ზედმიწევნით კარგად დააკავშირებდა ქართულ ფოლკლორსა და ქართულ ფოლკს დასავლურ ფოლკ-როკს, თანაც ისე, რომ აქაურ ავთენტურობას შეინარჩუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კარგი ფოლკ-შემსრულებელი გვყავს, ხარანაული ამ ნამუშევრით უკვე გამორჩეულია და ნამდვილად ახალი სიტყვაა. ბევრი შესანიშნავი სიმღერაა ამ ალბომში. ამჯერად მინდა გამოვარჩიო ალილოს მიერ მამის, ბესიკ ხარანაულის ლექსზე დაწერილი სევდიანი სიმღერა „ჩემო მრავალშემცდარო“.

 

  • თამო ნასიძე – Voice III


თამო ნასიძეს ვიცნობ CES Records-ის ორმაგი კომპილაციური ალბომიდან Sleepers, Poets, Scientist (Volume 2), სადაც მისი ნაწარმოებები ძალიან მომეწონა და ერთ-ერთი შარშანდელ საუკეთესო სიმღერებშიც შევიტანე. წელს მუსიკოსმა გამოსცა ალბომი The Voices Of Priestesses, ანუ „ქურუმი ქალების ხმები“, რომელიც ექსპერიმენტული საგუნდო ნაწარმოებია. შემიძლია ვთქვა, რომ ესაა მეტად შთამბეჭდავი ნამუშევარი, რომელსაც თუ სმენით გაჰყვებით, არქაულ დროსა და ადამიანის გონებაშიც გამოგზაურებთ. ესაა თანამედროვე კლასიკური მუსიკა. ამ ნაწარმოებს ეწოდება Voice III. მასში შეიძლება კახური „ოროველაც“ კი ამოიცნოთ. 

 

  • ნინო დავაძე – Love Song

ნინო დავაძემ წელს სადებიუტო ალბომი გამოუშვა. ესაა ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკა, რომელიც აერთიანებს ემბიენტს, ავანგარდს, ინდასტრიალს და შიგადაშიგ ფსიქოდელიასაც. ალბომის მოსმენისას რამდენიმე ქალი მუსიკოსი გამახსენდა – მაგალითად, ლორი ანდერსონი, ბიორკი და სიუ სიუ, ოღონდ სტრუქტურულად და არა მელოდიებით. უკარგესი ნამუშევარია, მე ვიტყოდი მიმზიდველიც კი იმ მსმენელთათვის, რომელსაც აზრიანი, ამბების მთხრობელი მუსიკა მოსწონს. მრავალფეროვანია რიტმული სეგმენტიც. სიმღერაში Love Song, ჩემის აზრით, შესანიშნავადაა გადმოცემული ქალის ემოციები. 

 

  • „პარაზიტი“ – პოლიქრონიონ

ჯგუფი „პარაზიტის“ გამოჩენა ჩემთვის სიურპრიზი იყო. ჯგუფს ამ სიმღერაში შესანიშნავად აქვს ერთმანეთთან დაკავშირებული 1990-იანი წლების ალტერნატიული როკის, გრანჟის და 2000-იანების დასაწყისის ნიუ მეტალის ტრადიციები. ამ სიმღერის შთაგონება კი ჯგუფმა მიიღო ჯგუფ „აუტსაიდერის“ სიმღერიდან „მოსაფსამად“, რომლის შესავალშიც ისმის ბაჯუს („აუტსაიდერის“ დრამერის) ნამღერი „პოლიქრონიონი“. თუმცა ეს მხოლოდ ლუპია და მეტი არაფერი. სიმღერა კი მეტად ორიგინალური და ძალიან კარგი გამოვიდა. ჯგუფის წევრები არიან: ბექა მინაძე, სანდრო კიკნაძე და ლუკა ბოკუჩავა. 

 

  • მელქო – კოცნას

მელქოს, იგივე დავით მანჩხაშვილის სინგლი „კოცნას“ აგვისტოში გამოვიდა და ჩემის აზრით, თვის საუკეთესო რელიზი იყო. ესაა უზადოდ არანჟირებული პოპ-სიმღერა, რომელიც სრულდება ქართულ და შიგადაშიგ ფრანგულ ენებზე. სიმღერას გამოსვლისთანავე ჰქონდა პრეტენზია, რომ ჰიტი გამხდარიყო და ასეც მოხდა, მას რამდენიმე ათეული ათასი ნახვა აქვს „იუთუბის“ არხზე. ამ სიმღერის მიხედვით გადაღევული ვიდეო, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა, ძალიან კარგია. მისი ავტორია მინდია არაბული, ხოლო რინგზე მელქოსთან მოსპარინგე გახლავთ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი სანდრო თავართქილაძე.

 

  • სანდრო თავართქილაძე – ქობულეთის ღამის სიზმარი

სანდრო თავართქილაძემ წელს ორი ალბომი გამოუშვა „უხილავი, ფარული სული“ და „ტროპიკული წვიმა“. მათში ალბათ პირველად საქართველოში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც დააგენერირა კაცი და ქალი რადიოწამყვანების ხმები. ისინი გამოგონილ ამბებს ჰყვებიან, როგორც ეს გადაცემებში ხდება ხოლმე. მუსიკალური ფონი თითქოს მეორეხარისხოვანია, თუმცა ეს ასე არაა. ეს განწყობა 1960-იანი წლების სერფ-როკიდან და ფსიქოდელიიდან მოდის, სადაც წამყვანი ინსტრუმენტი გიტარაა. ალბომები მოსასმენია. ამ სიისთვის კი მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწარმოები ავარჩიე.

 

  • ეკო & ვინდა ფოლიო – ქვემოდან ზემოთ

ამ მეტად ჰარმონიულმა დუეტმა ერეკლე დეისაძემ და თემო ეზუგბაიამ 4 წლიანი უალბომო პაუზის შემდეგ ახალი ნამუშევარი „თავშეკავება“ გამოსცეს. ბიჭები არ ღალატობენ საკუთარ სტილს და ეს ალბომიც შუგეიზნარევ პოსტ-პანკშია გადაწყვეტილი. თუმცა ეს არაა 1980-იანი წლების ჟღერადობა, იგი აბსოლუტურად ახალია და ძალიან დიდი გემოვნებითაა გაკეთებული. ამ ალბომში არის სინაზეც, რომანტიკაც, სიმკვეთრეც და აგრესიაც… პოსტ-პანკი კი დუეტისთვის უბრალოდ საშუალებაა, რომ სათქმელი მსმენელამდე შესაბამისი განწყობით მიიტანოს. „თავშეკავებიდან“ ავარჩიე ძალიან კარგი სიმღერა „ქვემოდან ზემოთ“.

 

  • Eleon – შევერევი ლანდს

„ელეონი“ მუსიკოსი ელენა ფიფია გახლავთ. წლევანდელი მისი ალბომი Ada Cosma ძალიან კარგი ნამუშევარია. მასში მუსიკოსისთვის ტრადიციული დარქვეივის გარდა ბლომადაა ფოლკი, ფსიქოდელია და პროგ-როკის ელემენტებიც. ალბომში შესულია ელენეს როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი სიმღერები. ესაა ექსპერიმენტული ძალზედ საინტერესო, ატმოსფერული ალბომი, რომელიც ძალიან კარგად წარმოაჩენს ელენე ფიფიას როგორც მუსიკალურ, ასევე საშემსრულებლო ნიჭს. ჩემი დასაკრავი სიისთვის ამოვარჩიე სიმღერა „შევერევი ლანდს“, რომელმაც ელიზაბეტ ფრეიზერიც კი გამახსენა.

 

  • ლუა – Aquarium

ლუამ, ანუ ქეთათო ნერგაძემ 2023 წელს 4 სინგლი გამოსცა, რომელთაგან ყველაზე მეტად მომეწონა მარტში გამოსული სამბილიკიანი Fuck. სწორედ მასში შედის ეს სიმღერა. ქეთათო ნამდვილად უნიკალური ავტორ-შემსრულებელია, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია დაწეროს ინგლისურენოვანი პოპ-ჰიტი, მერე ჩაწეროს ინდი-სინგლი და ფესტივალზე გამოვიდეს, როგორც ქალთა პანკ-ჯგუფის ლიდერი. რაც მთავარია, ყველაფერი ფაქტობრივად ძალიან კარგად გამოსდის. მე კი ძალიან ველოდები მის სრულფორმატიან ალბომს. „აკვარიუმი“ კი, შეიძლება ითქვას, ინდი-როკის სტილში შესრულებული ბალადაა.

 

  • ვაქო – მაია წყნეთელი

ვაქომ 2023 წელს რამდენიმე ალბომი, მინიონი და სინგლი გამოსცა, რომელთაგან განსაკუთრებით ნოემბერში გამოშვებული ქართულ და მეგრულენოვანი მინი-ალბომი „მაშულადარი (ჩონგურ როკვა)“ მომეწონა. ამ ოთხბილიკიან ნამუშევარში მარტო მეგრული სახასიათო მუსიკა კი არ იპყრობს ყურადღებას, არამედ ექსპერიმენტი ქართულ ინსტრუმენტზე, რომელსაც ჩონგური ჰქვია. ჩემი აზრით, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, რადგან ჩონგური სხვა ინსტრუმენტების გვერდით მშვენივრად ჟღერს. ზოგადად ქართველ მუსიკოსებს იშვიათად გამოსდით ქართული ინსტრუმენტების თანამედროვე მუსიკაში ინტეგრაცია, ვაქომ ეს შეძლო. 

 

  • დავით დელგმა – აი, აი, გურული არ ვარ

დავით დელგმა რამდენიმე წელია, რაც სიგნლებს უშვებს. 2023 წელი იმითაა გამორჩეული, რომ პირველი სრულფასოვანი 14-ბილიკიანი ალბომი „სამკრეხელო“ გამოსცა. დელგმას ამ ნამუშევრის პირველი ნაწილის მუსიკა ნასაზრდოვებია 1950-იანი წლების როკენროლით და 1960-იანი წლების სერფ-როკით, რა დროსაც გაგახსენდებათ ლეგენდარული The Ventures. „სამკრეხელოს“ მეორე ნაწილი კი უფრო ლიტერატურულ კითხვას ან რადიოთეატრს ჰგავს, სადაც სასიამოვნო ხმის გოგონა რობოტის ჟღერადობით ტექსტებს კითხულობს. ნამუშევარში კარგად იგრძნობა იუმორიც. „აი, აი, გურული არ ვარ“ ამის მაგალითია. ძალიან კარგია!

 

  • Salio – People

ჯგუფმა „სალიომ“, რომლის მომღერალია სალომე კორკოტაშვილი, წელს ალბომი Unreleased და ხუთბილიკიანი მინიონი Mountain გამოუშვა, რომელთაგან მინი-ალბომი განსაკუთრებით მომეწონა. ეს ალბომი „სალიოსთვის“ ტრადიციულ ნეოსოულის სტილშია ჩაწერილი, რომელსაც უფრო ბრიტანული ელფერი დაჰკრავს. სალომეს შემოქმედება და სიმღერის სტილი უმაღლესი სინჯისაა. ეს ინგლისურენოვანი მუსიკა უფრო კოსმოპოლიტურია და მასში ნაკლებად იგრძნობა, რომ მომღერალი ქართველია. ნამუშევარი კი ძალიან კარგი, თბილი და მუსიკალურია. ბოლო ბილიკი People განსაკუთრებით მომეწონა.

 

  • გია ქარჩხაძე, სოფიო – Sweet September Rain

გია ქარჩხაძე ლეგენდარული ქართული ჯგუფის Soft Eject-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და სიმღერების ავტორია. სოფიო კი, რომლის სახელია სოფო კაკულია, ასევე გამოცდილი მუსიკოსია, რომელმაც პირველი ჯაზ-ჩანაწერი 2001 წელს გააკეთა. გიასა და სოფიოს კოლაბორაცია ამჯერად ბრაზილიური ჯაზის საფუძველზე, ანუ ბოსა-ნოვაზეა აგებული. გიასთვის თითქოს უცხო გარემო სულაც არ აღმოჩნდა ასეთი. მან ყველაფერს კარგად გაართვა თავი და სიმღერის არანჟირებას შესანიშნავი საგიტარო აკომპანიმენტიც მოაყოლა. ნაწარმოებს კი მაინც ეტყობა, რომ იგი სოფტების წევრის დაწერილია, რაც ასევე პლუსია.

 

  • ნიკახარ – What’s Happening? 

ნიკახარ გახლავთ ბერლინში მცხოვრები ქართველი ელექტრონული მუსიკოსი ნიკა ხარაიშვილი, რომლის მოსმენაც ქეთათო ნერგაძემ, ანუ „ლუამ“ მირჩია. წელს მუსიკოსმა ალბომი Selected Works გამოსცა. ნიკას ელექტრონული მუსიკა მეტად მიმზიდველი და ჩამთრევია, აი, თავს რომ მოგასმენინებს, ისეთი. მას შეუძლია გვამოგზაუროს მუსიკოსის იმ პლანეტაზე, რომელიც შეიძლება ჩვენს ერთგვარ პარალელურ სამყაროდ მივიჩნიოთ. ამიტომ იქ უცხო თითქოს არაფერია, თუმცა მაინც იდუმალი და ამოუცნობია. მუსიკა მოიცავს ემბიენტს, ტექნოს და idm-საც. ალბომიდან გამოვარჩიე ბილიკი სახელწოდებით What’s Happening?

 

  • ბაჩო ჯიქიძე – კაცი პადზემკიდან

ბაჩო ჯიქიძემ წელს ორი სინგლი ჩაწერა ჯგუფ „ესთეტ ბიჭებთან“ ერთად და ერთიც წლის მიწურულს ლირიკული სიმღერების კრებული ალბომი, რომელსაც ჰქვია Old Lyrical Songs. „ესთეტ ბიჭებთან“ ერთად ბაჩომ რამდენიმე მეტად ენერგიული როკ-კონცერტი გამართა. ბაჩო ქართულ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული ქართულენოვანი ავტორ-შემსრულებელია, რომლის სტილიც პირველივე ნოტებიდან შეიძლება იცნო. ბოლო ალბომში შესული მისი მელანქოლიური და რომანტიკული სიმღერები მონიკქეივო და მოლეონარკოენო ბალადებია, რომელსაც ასეთი მუსიკის მოყვარულები დიდი სიამოვნებით მოუსმენენ. 

ამ სიმღერების გარდა, 2023 წელს გამოსული კიდევ ბევრი ქართველი მუსიკოსის თუ ჯგუფის ბილიკი მომეწონა, თუმცა აქ ყველა ვერ დავატიე. ზოგი უბრალოდ მისი დიდი ხანგრძლივობის გამო აღარ შევიტანე ამ ნაკრებში. თუმცა ამ „შეცდომის“ გამოსასწორებლად „სპოტიფაიზე“ გავაკეთე 2023 წელს გამოსული ქართული მუსიკოსების ფლეილისტი, რომელსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: 

უკლებლივ ყველა ქართველ მუსიკოსს ბედნიერ შობას, ნაყოფიერ და წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებ!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.