Homo Freq – ელექტროაკუსტიკური ოპერა და პლატფორმა ახალი ექსპერიმენტებისთვის
- როდის იყავით ბოლოს ოპერაში?
- გიფიქრიათ მულტიმედია არტისტებისა და საოპერო მომღერლების კოლაბორაციაზე?
- ნახავდით თანამედროვე ქორეოგრაფების წარმოდგენებს ტრადიციულ, კლასიკურ სცენებზე? ან საოპერო მომღერლებს – ანდერგრაუნდ კლუბში, ბნელ სცენაზე, სინთეზატორისა და ვიზუალური ხმაურის ფონზე?
- ფიქრობთ, რომ არტისტებისთვის ექსპერიმენტების სივრცეები არის, მაგრამ არასაკმარისია და მეტიც შეიძლება?
- გაინტერესებთ პროცესები, სადაც განსხვავებული იდეები და პერსპექტივები ერთმანეთს ხვდება, კვეთს და ქმედებად იქცევა?
ამ კითხვებს სვამს და, გარკვეულწილად, პასუხებსაც გვთავაზობს ახალი არტისტული ინიციატივა და ექსპერიმენტული იდეების განსახორციელებელი პლატფორმა Homo Freq.
“დღეს ქვეყანაში თანამედროვე საოპერო ხელოვნებისათვის არ არსებობს ისეთი ალტერნატიული სივრცე ან პლატფორმა, რომელიც განსხვავებული იდეებისა და პერსპექტივების გადაკვეთის წერტილად შეიძლება იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული საოპერო სცენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურულ ცხოვრებაში, მისი ტრადიციულ ფორმატებზე ორიენტირება, გარკვეულწილად, ზღუდავს საოპერო ხელოვნებაში ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტების განვითარებასა და განხორციელებას. მსგავსი სივრცის ან პლატფორმის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს თანამედროვე ხელოვნების არტისტების კოლაბორაციას და მათი შემოქმედების სრულფასოვან რეალიზებას”. – ფიქრობენ ამ ინიციატივის ავტორები და წარმოადგენენ პროექტს, რომელიც ელექტროაკუსტიკურ ოპერას, რომელსაც აქვს ამბიცია საოპერო ხელოვნებაში დაამკვიდროს და განავითაროს ახალი ტენდენციები, ეძებოს ახალი ფორმები ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების შერწყმით და გაზარდოს საზოგადოების ინტერესი თანამედროვე ხელოვნების მიმართ.
ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: კომპოზიტორებს, ელექტრონული მუსიკის შემქმნელებს, ვოკალისტებს, ინსტრუმენტალისტებს, მულტიმედია არტისტებსა და თანამედროვე ქორეოგრაფებს.
წარმოდგენები, რომლებსაც ეს ახალი პლატფორმა გვთავაზობს, ამ ეტაპზე თბილისში, Left Bank-ისა და მუტანტ რადიოს სივრცეში იმართება, ამ ივენთების სერიაში ყველა პერფორმანსი არის მცდელობა გადაიწეროს ოპერის ტრადიციული ისტორიები და შეიქმნას სათავგადასავლო, განსხვავებულად სასიამოვნო გამოცდილება, ინტიმური და მკვეთრი ისტორიების თხრობით. ეს წარმოდგენები ისეთი გამოცდილებაა, რომელიც უნდა მიიღო, რომლის დროსაც ჩნდება ფიქრი ადამიანად ყოფნის თანამდევ ბარიერებზე – იქნება ეს ფიზიკური, სოციალური თუ მენტალური – არტისტული თავგადასავალი ამ ბარიერების მოსინჯვის და საზღვრების გადაწევის მცდელობებია ხმის, მოძრაობის, ტექნოლოგიური ექსპერიმენტების საშუალებით.
Homo Freq-ის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი არაკონვენციური მედიუმების გაერთიანებას მოიცავს. ისინი აცნობიერებენ, რომ არტისტული გამოხატვა უსაზღვროა და რომ სხვადასხვა მედიუმების სინთეზს საოცარი შედეგის მოტანა შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ Homo Freq-ის შემოქმედებითი გუნდი მუდმივად ფართოვდება, პროექტის ძირითადი ბირთვი ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
- თიკო ღოღობერიძე – მუსიკოსი და კომპოზიტორი (პროექტის იდეის ავტორი)
- ნაზი ჭავჭავაძე – მულტი ინსტრუმენტალისტი
- ლიზა კერესელიძე – სოპრანო
- მანანიკო კობახიძე – მულტიმედია არტისტი
- ნათია ჩიკვაიძე – ქორეოგრაფი
ყოველი პერფორმანსი შინაარსით, ფორმით და შემადგენლობით უნიკალურია. ყოველ ჯერზე იცვლება თემატიკა: ერთი წარმოდგენა ბაროკოს ოპერის სემპლინგს შეიძლება მიეძღვნას, მეორე კი – სრულ მუსიკალურ იმპროვიზაციას. ფორმატიც დინამიკურია: ხან მუსიკალური და ხმოვანი ექსპერიმენტები დომინირებს, ხან ვიზუალური და თეატრალური ელემენტები. ხშირად ახალი არტისტებიც უერთდებიან სცენაზე წარმოდგენას, რაც მას სრულიად განუმეორებელ ხასიათს სძენს. შესაბამისად, Homo Freq-ის ყოველ საღამოზე მაყურებელს გარანტირებულად სრულიად ახალი და მოულოდნელი გამოცდილება ელოდება.
384 total views, 1 views today