fbpx

დედა და ქართული მხატვრული ლიტერატურა


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

მსოფლიო ლიტერატურაში დედის მხატვრული სახე ძალიან მრავალფეროვანია. ზოგჯერ პერსონაჟებში გაცოცხლებული დედები მოსიყვარულეებად გვევლინებიან, ზოგჯერ კი უბრალოდ ძლიერი და მტკიცე ხასიათის მქონეებად… ცხადია, დედის თემა მკითხველში მუდამ განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს, რადგან მკითხველის განწყობა და სენტიმენტი არასდროსაა ისეთი ინდივიდუალური და მრავალმხრივი, როგორც ამ დროს. სწორედ ამიტომ მსოფლიო და ქართული ლიტერატურა დედის ფენომენს მხოლოდ პერსონაჟად კი არა, მარადიული ღირებულებების გამომხატველ სახედ იაზრებს.

სტატიაში ქართული ლიტერატურიდან რამდენიმე პერსონაჟი შევარჩიეთ… ეს, რასაკვირველია, უნივერსალური სულაც არაა და მკითხველს ბევრი სხვა შეიძლება გაახსენდეს, მაგრამ ერთი კი არის, რომ ვერანაირი ანალიზის თუ უბრალო გახსენების ჟამს, ვერსად ვერ წავუვიდოდით სხვადასხვა დროში სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახულ დედებს, რომელთაგან ზოგს შვილები მიატოვებენ, ზოგიც ომში დაკარგავს მათ, მაგრამ ისინი ჩვენს გონებაში მაინც რჩებიან სიმტკიცისა და გაუტეხლობის სიმბოლოებად.

3  მარტის გამო, ჩვენც ამ თემას მივუბრუნდით და ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი დედები შეგახსენეთ…

 

 

  • შუშანიკი 

 

V საუკუნის ჰაგიოგრაფიული თხზულება წმინდა შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შესახებ გვიამბობს. ჩვენთვის კარგად ცნობილია, თუ რამდენად რთული გზა გაიარა დედოფალმა ღვთაებრივი იდეის დასაცავად. ამ გზაზე იყო ბევრი უბედურება და ფათერაკი, მაგრამ განსაკუთრებით თანამედროვე მკითხველს, შუშანიკის, როგორც დედის, მხატვრული სახის წარმოჩენა დააინტერესებს. ანა კორძაია-სამადაშვილმა ეს პასაჟი პოსტ-მოდერნიზმშიც გააცოცხლა და „შუშანიკის შვილები“ დაწერა. როდესაც ვარსქენმა „უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“, დედოფალმა ღმერთს შვილების დაცვა სთხოვა, რითაც ავტორი მიანიშნებს, რომ ერთ-ერთი პირველი ინსტინქტი, რომელიც შუშანიკში გაღვივდა, დედობრივი მზრუნველობა იყო. 

შუშანიკს, როგორც დედას, ნაწარმოების ბოლოსკენაც ვხვდებით. მას აცნობეს: „შვილნი იგი შენნი მოაქცინა მოგობასა“. ის გასაკვირი არაა, რომ დედოფალს ძალიან მძაფრი რეაქცია ექნებოდა შვილების გამაზდეანებასთან მიმართებით, მაგრამ, საინტერესოა, როგორ იმარჯვებს მასში ღვთაებრივი სიმშვიდე. თავიდან დედოფალი უცბად ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს, მაგრამ მალევე ამბობს: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს“.  შუშანიკის, როგორც წამებული ქალისა და მშობლის, მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ადრე თუ მუდამ მოდიოდნენ შვილები მის სანახავად, ქრისტიანობის უარყოფამ ისინი დედას სულ ჩამოაშორა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუშანიკის, როგორც ღმერთის იდეისადმე შეწირული წმინდანის შესახებ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტორი მხოლოდ რელიგიურ საფუძველზე არ ქმნის ამ მოთხრობას. აქ არის ოჯახის, ღალატის, ეჭვიანობისა და სხვა უამრავი ყოფითი განცდის ჩვენებაც… ასეთია დედობრივი ინსტინქტიც, რომელიც ქართული ლიტერატურისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეხუთე საუკუნის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაშიც კი გვხვდება.

 

  • ფატმანი

„ვეფხისტყაოსნის“ ამ უნიკალურ პერსონაჟს ბევრი ამორალურ ქალად იცნობს, ბევრისთვის ის უბრალოდ ქმრის მოღალატეა, მაგრამ, ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა ტექსტსა და ფატმანის მხატვრულ სახეს ძალიან ბანალურად აქცევს. გულანშაროს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა რუსთაველს ძლიერი და ამაყი დედის მხატვრული სახის წარმოსაჩენად არ შეუქმნია და ქართველმა მკითხველმა ძალიან კარგად იცის, თუ რა როლი აქვს მას ღვთაებრივი იდეის გამარჯვებაში, მაგრამ ერთი არცთუ უმნიშვნელო ნიუანსი შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს.

როდესაც ჭაშნაგირი სიყვარულით გართულ ფატმანსა და ავთანდილს შეუსწრებს, ის რამდენიმე მოტივით დააშანტაჟებს ქალს. ჭაშნაგირი ფატმანს ახსენებს, რომ ყველას გააგებინებს, როგორ გაიპარა ნესტანი გულანშაროდან და რატომ ჩაიშალა დაგეგმილი ქორწილი, მაგრამ მეორე წყარო შანტაჟისა შვილებით მანიპულირებაა: „თუ დარბაზს მოვა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითან“… „შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა…“ ჭაშნაგირის ამ ამორალურობის გააზრება ფატმანში განსაკუთრებულ სისასტიკეს აღძრავს. იგი ავთანდილს მოკვლასთან ერთად ჭაბუკის თითის მოტანასაც სთხოვს, რუსთაველიც განსაკუთრებულად სასტიკი ხდება იმ პერსონაჟის მიმართ, რომელიც ადამიანს შვილების სიკვდილითა და ცხოვრების გამწარებით ემუქრება და ავთანდილს უსასტიკესად აკვლევინებს. 

ფატმანზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ფატმანის, როგორც შვილების დამცველი დედის, დანახვა შეგვიძლია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, როგორია დედის ფენომენი ქართულ ლიტერატურაში.

 

 

  • ოთარაანთ ქვრივი 

 

ოთარაანთ ქვრივი 21 წლის ბიჭის დედაა. გიორგი დამოუკიდებელი, პატიოსანი, გონიერი ბიჭია, მაგრამ დედამისის დანახვისას კიდევ უფრო საუკეთესო თვისებები იღვიძებს მასში. ილია დედაშვილობაზე წერისას რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გამოყოფს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო რამდენიმე შევარჩიეთ. პირველი საზოგადოების დამოკიდებულებაა, მათ ურთიერთობას ყველა შენატრის, ისინი ერთმანეთისთვის ცხოვრობენ და მუდამ ერთმანეთს შეჰყურებენ თვალებში. საინტერესოა, რომ ოთარაანთ ქვრივი არასოდეს საუბრობდა საკუთარ გრძნობებზე შვილის მიმართ, მხოლოდ იმით ამჟღავნებდა, ხმა ეცვლებოდა ხოლმე. 

ამ ურთიერთობაში ტყუილად დატუქსვა და გაუგებრობა არ არის, მხოლოდ სენტიმენტებია, გულწრფელი და მარადიული. დედა ბავშვობიდან ამაყია გიორგის ქცევით და იმის გამო, რომ ძალიან დიდი პატივისცემა აქვს მისი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმასაც კი ერიდება ხშირად. მაგალითად, გიორგის დადარდიანების მიზეზად შიშობს, რამე საშინელება არ ჰქონდეს ჩადენილიო, მაგრამ არასოდეს აკადრებს ამის ასე პირდაპირ შეფეთებას. არ უნდა, რომ იმუშაოს მოჯამაგირედ, არჩილსაც შეხვდება, ისინიც ეტყვიან, თუ არ გინდა, არ მივიღებთ სამსახურშიო, მაგრამ დედა არ გადაახტება შვილის სიტყვასა და სურვილებს… შვილი იმდენად მნიშვნელოვანია ოთარაანთ ქვრივისათვის, რომ რეალურად გიორგის დაღუპვას ეწირება – ფუნქციას კარგავს და კვდება.

რა თქმა უნდა, ოთარაანთ ქვრივის დედაშვილობაზე ბევრი დაწერილა, მისი უამრავი პერსპექტივიდან გარჩევა შეიძლება, მაგრამ ერთი კი არის, რომ ოთარაანთ ქვრივი თავის ცხოვრებისეულ პრინციპებსა და ფასეულობებს სრულად უნერგავს გიორგის,  იმ პრინციპებს გადასცემს, რაც  ადამიანს ჭეშმარიტი ფასეულობების მქონე მოქალაქედ აყალიბებს. 

 

 

  • სანათა და წიწოლას დედა

 

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში შვილის აღზრდას ძალიან დიდი ადგილი ეთმობა… ვაჟასთვის სიწმინდეა დედაშვილობა: „ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“… სტატიის ამ მონაკვეთში ვაჟა-ფშაველას  პერსონაჟ დედათაგან სანათასა და წიწოლას მშობლის კონტრასტული წყვილი შევარჩიეთ…

ხატობაში მხოლოდ ერთი ქალის დახვედრით გაოცებული კვირია ვერ მალავს აღშფოთებას და სანათას უსვამს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა, რომ ხატობაში კაცის საქმეს ქალი აკეთებს… სანათა კი ამბის მოყოლას იწყებს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის შვიდი გმირი შვილის გამზრდელია, რომ მას ყველა შვილი მეუღლესთან ერთად ერთ დღეს დაეხოცა… ასეთი ქალი პოემაში გაუტეხლობის, იმ საქართველოს სიმბოლოა, რომელიც მტერს თავს არასოდეს დაუხრის… სანათაა ის წერტილი სამყაროში, რომელიც ბადებს სამშობლოს ნათელ მომავალს და მაშინაც კი არ კარგავს ბრძოლის ჟინს, როცა სასტიკად უბედურდება მისი ცხოვრება.

ბახტრიონის აჯანყებიდან გამარჯვებით დაბრუნებულ ქართველებს მოღალატეც ჰყავდათ… ეს იყო წიწოლა, რომლის სახელიც ვაჟამ სპეციალურად შეარჩია, რათა მკითხველის თვალში დაემცირებინა ის… მაგრამ წიწოლას მოღალატეობრივი ბუნება კი არაა გასაკვირი იმდენად, რამდენადაც მკითხველისთვის შთამბეჭდავი უნდა იყოს, როგორ ტირის მოღალატეს მშობელი დედა… თითქოს ის უკვე მკვდარია და, ცხადია, მკვდარია მორალურადაც, მშობელი კი მხოლოდ ამ სირცხვილის თავიდან არიდებას ნატრობს. სიმბოლურად ის შენატრის სანათას, რომელსაც თითქოს სანატრელი არაფერი აქვს, მაგრამ გმირი შვილების აღმზრდელია, წიწოლას დედა კი შვილს უმეორებს:  „რად იქ არ მაჰკვდი?“… შემზარავია მოღალატის დედის რიტორიკული, ძალაგამოცლილი, ტკივილიანი შეკითხვა: „რად არ მამიხვედ, წიწოლავ, პირნათლი, სახელიანი?!“ 

პოემა „ბახტრიონში“ წარმოჩენილი დედათა ეს კონტრასტული წყვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ლიტერატურის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას დედათა მიმართ და მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი დედისათვის ღირსება, სამშობლო და პრინციპების ერთგულება…

 

 

  • უცხო მოყმისა და ვეფხვის დედები

 

უკანასკნელი კი, ვინც სტატიაში მინდა გამოვყოთ, ქართული ხალხური ბალადის გმირი მშობლები არიან. გმირები იმიტომ, რომ მათ თავიანთ თავზე გაიმარჯვეს და ემპათია იქციეს სიცოცხლის მთავარ  პრინციპად. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი სიუჟეტი, როცა შვილმკვდარი დედა იაზრებს, რომ მისმა შვილმაც ისე გაამწარა მოყმის მშობელი, როგორც თავად არის ახლა… ვერ აღწევს თავს ამ ფიქრს, არ ასვენებს ეს ფიქრი და მიდის ვეფხვის დედასთან სამძიმრის სათქმელად… განცდების გასაცვლელად, ჭირ-ვარამის გასაზიარებლად…

თითქოს ეს ბალადა აერთიანებს ყველა იმ გმირი დედის მხატვრულ სახეს, რომელთაც ქართულ ლიტერატურაში შევხვედრივართ. ეს არის ღმერთთან მიახლოების სიმბოლო, ასე უნდა აღზევდეს შენში ემპათიის, სხვისი ჭირის გაზიარების განცდა და შემთხვევითი არაა, რომ ამ სიმაღლეს ნაწარმოებში დედა აღწევს… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.