II დღე თბილისის იბეროამერიკულ ფესტივალზე
ავტორი: მათე წიკლაური
თბილისში მიმდინარე იბერო-ამერიკული ლიტერატურული ფესტივალი მეორე დღესაც მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდა. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა მწერლებს, მთარგმნელებსა და ლიტერატურის მოყვარულებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა, გაიმართა საუბრები თანამედროვე რომანსა და მოთხრობაზე.
დღის პირველი ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო. მონაწილეებმა თანამედროვე რომანის, კონტექსტისა და ტრანსფორმაციის თემებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ იცვლება ლიტერატურა და რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე რომანი სამყაროში.
რომანის, ტრადიციის, კონტექსტისა და ტრანსფორმაციის მიღმა გამართულ დისკუსიას უძღვებოდა ცნობილი მწერალი, მკვლევარი და მთარგმნელი ვალერი მაილსი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ხორხე ედუარდო ბენავიდესი, ხუან კარლოს მენდეს გედესი, თამთა მელაშვილი და ლაშა ბუღაძე.
მეორე ნაწილიც პანელური დისკუსიით გაიხსნა. მოთხრობის პოეტიკა და მის გარშემო არსებული 21-ე საუკუნის გამოწვევები დამსწრე საზოგადოებას ბელა წიფურიამ, რუსუდან რუხაძემ, ნიკოლას მელინიმ და ხუან კარლოს მენდეს გედესიმ ძალიან საინტერესოდ გააცნეს.
12 მაისს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ხუან კარლოს მენდეს გედესის ნაწარმოების, „შავი ქვიშის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია იყო. თანამედროვე ვენესუელელი მწერლის გამორჩეული ტექსტი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. პრეზენტაციამ მკითხველთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურის მიმართ არსებული ინტერესიც კიდევ ერთხელ გააღვივა.
ფესტივალის პროგრამა დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს აერთიანებდა – ლიტერატურულ დისკუსიებს, აუდიტორიასთან საჯარო და ინტერაქციულ საუბრებს. სწორედ ეს მრავალფეროვნება გახდა მიზეზი იმ ატმოსფეროს ჩამოყალიბებისა, რომელმაც ფესტივალის მეორე დღეც ძალიან ცოცხალი და დინამიკური გახადა.
თბილისში მიმდინარე ფესტივალი ამ დღეებში საერთაშორისო კულტურული დიალოგის მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. სხვადასხვა ქვეყნის ავტორების, მთარგმნელებისა და მკითხველების შეხვედრები, თანამედროვე ლიტერატურის გაცნობასთან ერთად, კულტურების დაახლოებასაც ემსახურება.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ შესანიშნავ ავტორებს, გადაეღოთ მათთან სამახსოვრო ფოტოები და მიეღოთ ავტოგრაფი საყვარელი მწერლებისაგან.
იბერო-ამერიკული ლიტერატურული ფესტივალი 15 მაისამდე გაგრძელდება და სტუმრებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს.
მესამე დღეს კი ფესტივალი სასტუმრო რუმსში გადაინაცვლებს და ქართველ მკითხველს 13 მაისის 11:00 საათიდან დაელოდება.
თბილისის იბერო-ამერიკული ფესტივალის მესამე და მომდევნო დღეების პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ფეისბუქგვერდსა და ჩვენს სტატიაში.




