როგორ ამოვიცნოთ დისლექსია
დისლექსია არის სწავლის უნარ-ჩვევების დარღვევის სახეობა, რომელსაც გააჩნია ნევროლოგიური ბუნება. ის ხასიათდება წერის (დისგრაფია), კითხვის (დისლექსია) და ანგარიშის (დისკალკულია) უნარის დარღვევით. ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს ჩამოთვლილი დარღვევებიდან მხოლოდ ერთი, ორი ან სამივე ერთდროულად. დღეს ეს სამივე სახეობა დისლექსიის სახელწოდებით ერთიანდება, თუმცა თითოეულს, როგორც აღვნიშნეთ,, აბსოლუტურად სხვადასხვა ფუნქციური დარღვევები ახასიათებს.
დისლექსია არ არის დაავადება. იგი გულისხმობს განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს და დასწავლის განსხვავებულ კანონზომიერებას. დისლექსია არც დაბალი ინტელექტის შედეგია. იგი არც ქცევით, არც მოტივაციურ ან სოციალურ პრობლემას არ წარმოადგენს.
სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, სკოლის ასაკის ბავშვების 5-8% აქვთ კითხვისა და წერის პრობლემები. დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში დისლექსია არ აღიქმება რთულ პრობლემად. სკოლებში ასეთი ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, სახელმძღვანელოების აუდიოვერსიები და სპეციალური ცენტრები.
ცივილიზებულ ქვეყნებში დისლექტიკების უმრავლესობა უმაღლეს განათლებას იღებს და მათთვის სპეციალური საგამოცდო სისტემაა შექმნილი.
დისლექსია საქართველოშიც არის გავრცელებული. თუმცა, საზოგადოებამ ნაკლებად იცის ამ სიმპტომის შესახებ და სამწუხაროდ, დისლექტიკ ბავშვთა უმრავლესობა უნარშეზღუდულად მიიჩნევა.
ისინი სკოლებში ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებიან, მასწავლებლები მათ „სიზარმაცეს“ აბრალებენ, ოჯახში კი ხშირად აიძულებენ იმ დავალებების შესრულებას, რომელიც მათ ძალებს არამცთუ აღემატება, შეუძლებელიც კია.
პრობლემა საკმაოდ მწვავეა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დისლექსიის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური სერვისები/პროგრამები. ამ ბავშვებზე მორგებული ინდივიდუალური სასკოლო პროგრამები, საგამოცდო სისტემები და რაც მთავარია, პრობლემის აქტუალიზაციას ხელს უშლის ინფორმაციის ნაკლებობა. შედეგად, მშობელმა ან მასწავლებელმა შეიძლება არც კი იცოდეს ბავშვის დისლექსიის სიმპტომების შესახებ და ის უბრალოდ უნარშეზღუდულად მიიჩნიოს.
საბოლოო ჯამში, ბავშვის თვითშეფასება ეცემა და ის იჯერებს, რომ მისი შესაძლებლობები გამოუსწორებლად შეზღუდულია. წარუმატებლობა კითხვის დაუფლებაში ხელს უწყობს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა თავდაუჯერებლობა, გადამეტებული მორიდებულობა, უმიზეზო ეჭვიანობა, ან პირიქით – აგრესიულობა, ბრაზიანობა, ნეგატივიზმი. ზოგ შემთხვევაში ამ სახის აფექტური რეაქციები შეიძლება შევაფასოთ, როგორც დისლექსიის შედეგი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ და ამოვიცნოთ დისლექტიკი ბავშვი და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მას, რაც, პირველ რიგში, სასწავლო პროცესისადმი დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობს.
იქამდე, სანამ საქართველოში გაჩნდება სპეციალური დისლექსიის ცენტრები, ვიდრე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური საგამოცდო სისტემები შემუშავდება და ამ ბავშვებზე მორგებული სასწავლო პროგრამები შეიქმნება – მთავარია ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ დისლექტიკი ბავშვი და შევწყვიტოთ მასზე ძალადობა.
დისლექსია ვლინდება კითხვის პროცესის დაუფლების შენელებაში, აგრეთვე წაკითხვის ნელ ტემპში. დისლექსიის უფრო მნიშვნელოვან გამოვლენად ითვლება კითხვის დროს სპეციფიკური შეცდომების მდგრადი, მუდმივი გამეორება.
დისლექსიის დროს აღინიშნება შემდეგი ხასიათის სპეციფიკური შეცდომები და გამოვლენები:
- სიტყვის სტრუქტურის ბგერით და დამარცვლით დამახინჯება, კითხვის დროს ფონემატიკურად მსგავსი ბგერებისა და გრაფიკულად მიმსგავსებული ასოების შეცვლა, გადაადგილება ან არევა;
- ზედმეტი ბგერების წარმოთქმა;
- სიტყვის მხოლოდ ცალ-ცალკე ასოებით წაკითხვა და აგრეთვე განცალკევებულ ბგერებად წარმოთქმა;
- ძირითად სირთულეს წარმოადგენს ბგერების მარცვლებად და მერე სიტყვებად შეერთება და გარდაქმნა;
- წაკითხულის აღქმის დარღვევა ვლინდება როგორც ცალკეული სიტყვის, ასევე წინადადებისა და მთელი ტექსტის დონეზე;
დისგრაფია:
- წერის დროს ასოების სწორ ხაზზე განლაგების დარღვევა;
- ხშირად არაპროპორციულად დიდი ან პატარაა ასოების წერა;
- წერის დროს ასოების გამოტოვება;
- სიტყვებს შორის მანძილის დარღვევა;
- ასოების სარკისებრი აღქმა და წერა;
- სიტყვაში ასოების ადგილების შეცვლა;
დისკალკულია
ელემენტარული არითმეტიკული მოქმედების ვერ შესრულება
ციფრების რთულად დამახსოვრება
სასკოლო ასაკის საწყის ეტაპებზე შეცდომებს უშვებს ყველა ბავშვი, ამიტომ 7 წლის ჩათვლით ეს სიმპტომები არ უნდა მივიჩნიოთ დისლექსიის ნიშნებად. მაგრამ თუ გარკვეული დროის განმავლობაში ბავშვი ვერ თავისუფლდება ამ შეცდომებისგან და ის სასწავლო უნარ-ჩვევებით თვალშისაცემად ჩამორჩება თავის თანატოლებს, ჯობს მივმართოთ ნეიროფსიქოლოგს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლების კომუნიკაცია. ბავშვის უნარ-ჩვევების დარღვევის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია გამოიძახოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი, რომელიც ბავშვის უნარებს შეაფასებს და, საჭიროების შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლებთან ერთად, მისთვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს.