კანადელმა მამაკაცმა იაფი დაზღვევისთვის სქესი შეიცვალა
ავტომობილის დაზღვევაზე ფულის დაზოგვის მცდელობისას კანადელმა მამაკაცმა სქესი კანონიერად “გადაიკეთა”, რითაც მან დაახლოებით 1100$ იხეირა.
CBC News-ის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც მხოლოდ “დევიდის” სახელით მოიხსენიებენ, Chevrolet Cruze-ის შეძენა სურდა, ხოლო მისი დაზღვევის გადასახადი 4 500$-ს შეადგენდა. მან მზღვეველს ჰკითხა, რამდენი დაუჯდებოდა დაზღვევა, ქალი რომ ყოფილიყო? უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში მას ყოველწლიურად 3 400$-ის, ანუ 1 100$-ით ნაკლების გადახდა მოუწევდა.
“ამ ფაქტმა ძალიან გამაბრაზა, – განუცხადა დევიდმა CBC News-ს, – გადავწყვიტე, რომ არავისთვის მიმეცა ჩემი მოტყუების უფლება.”
შედეგად, ექიმის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც “გაანდო”, რომ თავს უფრო ქალთან აიგივებდა, დევიდმა დაბადების მოწმობაში სქესი გადაიკეთა.
“საკმაოდ მარტივი პროცედურა იყო, – განაცხადა მან, – უბრალოდ მოვითხოვე საბუთი და ვუთხარი, რომ თავს ქალთან ვაიგივებდი, შედეგად მივიღე ის წერილობითი დასკვნა, რაც მჭირდებოდა.“
როდესაც დევიდმა სქესის შეცვლაზე განაცხადი შეიტანა, მას ექიმის ცნობა უნდა წარედგინა, თუმცა ეს მოთხოვნა უკვე საჭირო აღარ არის. დევიდი ამბობს, რომ მან კანონში ხვრელი იპოვა და ამით “სისტემა დაამარცხა”.
“მე ეს უფრო იაფი დაზღვევისთვის გავაკეთე,” – ამბობს დევიდი. სქესის შეცვლით მან თვეში 91$ დაზოგა. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი სადაზღვევო ინდუსტრიის წინააღმდეგ გააკეთა და არანაირად არ ისახავდა მიზნად ტრანსგენდერთა თემის შეურაცხყოფას, თუმცა მისმა საქციელმა არაერთი ადამიანი გაანაწყენა.
ადგილობრივი საკრებულოს წევრი კანადაში აცხადებს, რომ დევიდის საქციელი “ცრუმოწმეობაა” და რომ ის კანონით უნდა დაისაჯოს.
“ალბერტელმა ადამიანმა ცრუმოწმეობა აღიარა. მან უფრო იაფი დაზღვევის გამო სქესი შეიცვალა. მას თავი ჭკვიანი ჰგონია. ცრუმოწმეობა დანაშაულია, რომელიც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს კანონის ხვრელი არაა, ეს უბრალოდ დანაშაულია!”
“ჩემი აზრით, ეს ყველაფერს აუფასურებს. უკვე სადავო ხდება იმ ადამიანების მოტივაციები, რომლებიც ასეთ ცვლილებებს ითხოვენ,” – აცხადებს მერი ლიტლი, ტრანს ალიანსის საზოგადოების ყოფილი თავმჯდომარე. ვფიქრობ, მსგავსი საქციელი ხელს უწყობს იმ ადამიანებს, ვისაც ტრანსსექსუალების უფლებების შეზღუდვა სურს.”
ავტორი: კასი დილონი
წყარო: https://dailywire.com