ჩინეთის საზიარო ველოსიპედების მასობრივი სასაფლაოები
ჩინელმა ფოტოგრაფმა ვუ გუონმა ჩინეთის გარშემო იმოგზაურა და დრონით გამაოგნებელი კადრები გადაიღო, რომელზეც ცნობილი „ველოსიპედების სასაფლაოებია“ აღბეჭდილი. ამ პრობლემის მიზეზი საჭიროზე მეტი ველოსიპედი და არასაკმარისი მომხმარებელია.
ვუ გუონმა თავისი დრონი ჩინეთში, 15 სხვადასხვა ადგილას ააფრინა, რათა ცისარტყელას ფერების მქონე სასაფლაოები გადაეღო, სადაც კომპანიების Ofo, Bluegogo, Gobee და Mobike საზიარო ველოსიპედები სიცოცხლის უკანასკნელ მომენტებს ატარებენ.
ქვემოთ მოცემული ვიდეო No Place to Place, რომელსაც თან Blade Runner 2049-ის საუნდტრეკის მსგავსი მუსიკა ახლავს, ათასობით დამტვრეულ, დაზიანებულ და მიტოვებულ ველოსიპედს ასახავს.
ის ჩინურ ვიდეო პლატფორმა QQ-ზე 44 მილიონჯერ ნახეს.
ვიდეოს ავტორმა South China Morning Post-ს უთხრა, რომ მისი აზრით, „საზიარო ველოსიპედები სასარგებლოა, თუმცა ეს სასაფლაოები მორალური პრობლემის არსებობას ცხადყოფს. ჩვენ ველოსიპედებს უბრალოდ ნაგავში ვყრით! ეს არ შეიძლება სწორი იყოს.“
საზიარო ველოსიპედების იდეა უკანასკნელ თვეებში არამდგრადი ბიზნეს მოდელით ოპერირების გამო მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. პეკინში დაფუძნებულმა Ofo-მ ახლახან აშშ-ში დასაქმებული თანამშრომლების უმეტესობა გაათავისუფლა, და ეს მას შემდეგ, რაც კომპანიამ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 866 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.
Crunchbase-ის მიხედვით, Ofo-მ სამ წელიწადზე ნაკლებ დროში რისკიანი კაპიტალდაბანდების სახით 2 მილიარდ დოლარზე მეტი მიიზიდა.
2017 წელს საზიარო ველოსიპედების კონკურენტმა კომპანიებმა, ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად და კონკურენციაში გასამარჯვებლად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმაზე მეტი ველოსიპედი შეიყვანეს, ვიდრე იქ მათი ადგილი იყო. როდესაც აშშ-ს ქალაქებში დაინახეს, რომ ყველა კუთხე-კუნჭულში უეცრად დიდი რაოდენობით ველოსიპედი გაჩნდა, მათ ამ კომპანიებისთვის სასწრაფოდ რეგულაციები შემოიღეს.
ამის პასუხად, Ofo-მ აშშ-ს ბევრ ქალაქში, მათ შორის – ატლანტაში, ოსტინში, შარლოტში, სიეტლსა და ვაშინგტონში ოპერირება შეწყვიტა. კომპანია ანალოგიურად მოიქცა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.
ივლისში მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში Ofo-ს ტექსასის მენეჯერმა ევრეთ ვეილერმა აღნიშნა, რომ კომპანიის ბაზრებიდან გასვლა სწორედ რეგულაციური ბარიერების შედეგი იყო: „ჩვენ განვაგრძობთ მსოფლიოს გარშემო ადამიანების საზიარო ველოსიპედებით მომარაგებას, შესაბამისად ვაფასებთ ბაზრებს, რომლებიც ახალ, მწვანე ტრანსპორტს დაბრკოლებებს უქმნიან და პრიორიტეტს იმ ქალაქებს ვანიჭებთ, რომლებიც ალტერნატიულ ტრანსპორტს ხელს უწყობენ და ნებას გვრთავენ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მოვემსახუროთ.“
ეს განცხადება ერთგვარი შენიღბული ბრალდებაა, რომ ზოგიერთი ქალაქი გარემოს დაცვაზე არ ზრუნავს. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ამ კუთხით თავად საზიარო ველოსიპედების კომპანიებს აქვთ სამუშაო.
ავტორი: ტრეისი ლინდემანი
ორიგინალი: https://motherboard.vice.com