ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
ზამთრის ევროპაში მოგზაურობა საშუალებას გაძლევთ ორმაგად შეიგრძნოთ ქალაქების ხიბლი, რადგან წელიწადის ამ დროს ისინი ტურისტული ნაკადებით ნაკლებადაა გადატვირთული.
ზამთარში თქვენ გარანტირებული გაქვთ ღირსშესანიშნაობების უპრობლემოდ დათვალიერება, გემრიელი სეზონური კერძები და, რაც მთავარია, ადგილობრივი ატმოსფეროს სრულფასოვანი შეგრძნებები.
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
1. ბრიუგე – ბელგია
ბრიუგე დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის მყუდრო დედაქალაქია, რომელიც, განსაკუთრებით ზამთრის განმავლობაში,ზღაპრის ილუსტრაციებს მოგაგონებთ. ბრიუგეს ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.
ქალაქის შუასაუკუნოვან ცენტრამდე მისვლა სანაოსნო არხების საშუალებითაც არის შესაძლებელი. განსაკუთრებულ განწყობას ბრიუგე სწორედ ზამთრის პერიოდში შეგიქმნით, რადგან წლის ამ სეზონზე ქუჩები სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებითაა დატვირთული.
თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ზარების რეკვით აწყობილი მელოდიები, დაათვალიეროთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ბაზრობა, ისეირნოთ ეტლებით, გასინჯოთ ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შოკოლადი, ტრიუფელები და გემრიელი ღვინო.
გაგიმართლებთ, თუკი ბრიუგეში თქვენს მოგზაურობას თოვლიც დაემთხვევა, რადგან თოვლში ეს ქალაქი კიდევ უფრო მეტად ემსგავსება ზღაპარს.
2. პრაღა – ჩეხეთის რესპუბლიკა
ზამთრის ევროპულ სამოგზაურო რეკომენდაციებში პრაღას მტკიცე ადგილი აქვს დამკვიდრებული და საამისოდ უამრავი ლეგიტიმური მიზეზი არსებობს: ლამპიონებით განათებული ქუჩები, ძველი ქალაქის მაგიური, გოთიკური არქიტექტურა და კულტურული დანიშნულების ადგილები.
დეკემბრის დასაწისიდან კი პრაღის მთავარ მოედანზე ტრადიციულ ღია ბაზრობებსაც წააწყდებით, რომლებიც სავსეა ძველებური ხის სათამაშოებით, სამკაულებით და უამრავი სასაჩუქრე ნივთით. მრავლად შეხვდებით ტრადიციული კერძებითა და ტკბილეულით სავსე დახლებს, რომლებზეც ჩეხურ ფუნთუშეულს და ორცხობილებს, გემრიელად მომზადებულ ხორცსა და სპეციფიკურად მსუყე საკვებს, განსაკუთრებული რეცეპტით დამზადებულ ცხელ შოკოლადსა და ევროპაში საუკეთესო გლინტვეინს გასინჯავთ.
3. აბისკოს ეროვნული პარკი – შვედეთი
აბისკოს ეროვნული პარკი ევროპის შორეულ ჩრდილოეთში მდებარეობს, მაგრამ ამ ადგილამდე თქვენ კომფორტული მატარებლით შეგიძლიათ მოხვდეთ. აბისკოს ეროვნული პარკი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ცივი ზამთარი არ აშინებს.
დეკემბერსა და იანვარში შვედეთის ამ მხარეს მზე საერთოდ არ ანათებს, თუმცა ეს ამ ადგილს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის, რადგან აქ სწორედ ამ დროსაა შესაძლებელი მაგიური ჩრდილოეთის ციალის (Aurora Borealis-ის) ნახვა.
ამ მომნუსხველი ბუნებრივი მოვლენის წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა, როგორც წესი, ის შუა ზამთარში, ღამით, ბნელ და უღრუბლო ცაზე ჩნდება. ჩრდილოეთის ციალზე დაკვირვების გარდა, აბისკოს პარკში შეგიძლიათ წახვიდეთ სათხილამუროდ, მოინახულოთ ცნობილი ყინულის სასახლე კირუნაში; კირუნა შვედეთის ჩრდილოეთით, ლაპლანდიის პროვინციაში მდებარეობს. ასევე შეგიძლიათ ისეირნოთ მარხილში შებმულ ჰასკებთან ერთად ან ითევზაოთ გაყინულ ტბაში.
4. ლონდონი – დიდი ბრიტანეთი
ცივი ზამთრის მიუხედავად, ლონდონი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რადიკალურად იცვლება და ქალაქში საახალწლო განწყობა ჭარბობს. დეკემბერ-იანვარში ტემპერატურა 7 გრადუსს აღწევს, თუ თბილად გაცვიათ, შეგიძლიათ ისეირნოთ და ქალაქი დაათვალიეროთ. ამ პერიოდში ლონდონის შენობები ულამაზესი დეკორაციითა და განათებებითაა მორთული.
სომერსეტ ჰაუსისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმის ეზოებში საციგურაო მოედნებია მოწყობილი. სომერსეტ ჰაუსის საციგურაო მოედანზე შეგიძლიათ მუსიკალურ საღამოებზე დასწრებაც. იქვე, მახლობლად, „ტომის სამზარეულოში“ გემრიელი კერძებისა და სასმელის გასინჯვაც შეგიძლიათ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ზამთრის ლონდონში Harold’s-ია – უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ახალი წლისთვის თვალისმომჭრელი გაფორმებებით სავსე ვიტრინებსა და რა თქმა უნდა, ყველა სახეობის პროდუქციას გთავაზობთ.
5. ბუდაპეშტი – უნგრეთი
წელიწადის ნებისმიერ დროს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოგზაურობა კარგი იდეაა, რადგან აქ საშუალო ბიუჯეტითაც კი შეძლებთ მრავალფეროვანი არდადეგები მოიწყოთ.
ზამთარში ქალაქში უამრავი საინტერესო ღონისძიება იმართება. ბუდაპეშტში თქვენ 200-მდე მუზეუმის დათვალიერება შეგიძლიათ, რაც დღის პირველი ნახევრის ტრადიციული ტურისტული გართობის ნაირსახეობაა. ისტორიულ უბნებში ფეხით სიარულის შემდეგ, შეგიძლიათ გასინჯოთ სასარგებლო, ჯანსაღი საკვები, ამის შესაძლებლობას ეს ქალაქი ნამდვილად იძლევა.
ბუდაპეშტი ასევე ცნობილია მინერალური და თერმული წყლებით. ქალაქში არის რამდენიმე აბანო, რომლებშიც დღის განმავლობაში – დასვენება, ხოლო საღამოს – გართობაა შესაძლებელი. აბანო (Széchenyi Bath) 1913 წელს აგებულ ნეო-ბაროკის სტილის შენობაშია განთავსებული. ეს ევროპის ყველაზე დიდი სამედიცინო სპა დაწესებულებაა, რომელიც 3 აუზს აერთიანებს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ გაყინული ტბა ქალაქის ცენტრალურ პარკში და სუფთა ჰაერზე ციგურებით სრიალითაც იჯეროთ გული.
6. ვენა – ავსტრია
ყველაზე მასშტაბური ზამთრის ბაზრობების ნახვას ზამთრის ვენაში შეძლებთ, სადაც ქუჩებში სეირნობისას პერფორმანსებისა და ცოცხალი მუსიკის ფონზე შეიგრძნობთ დაშაქრული ხილის, ცხელი პუნშისა და შემწვარი წაბლის არომატს. და ეს ყველაფერი ცოცხალი მუსიკისა და წარმოდგენების თანხლებით.
ვენა საუკუნოვანი მუსიკალური ისტორიით გამოირჩევა, ამიტომ თვალი ადევნეთ კონცერტებს, ვენის ფილარმონიის ორკესტრს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია საშემსრულებლო ხელოვნებით.
ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ აგრეთვე ვენის ცნობილ მუზეუმებს ეწვივნონ. მაგალითად, ლეოპოლდის მუზეუმს, რომელშიც 5 000-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი, მათ შორის – გუსტავ კლიმტის, ოსკარ კოკოშკას და ეგონ შილეს ყველაზე დიდი კოლექცია ან ხელოვნების ისტორიის მუზეუმს – მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების შედევრების შთამბეჭდავი კოლექციებით.
7. ბლედი – სლოვენია
ბლედის ტბა ნამდვილი ზამთრის სასწაულია, ბლედი კი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ალპური კურორტია ევროპაში, სადაც დაუვიწყარი ზამთრის გატარება შეგიძლიათ. ქალაქი ასევე ცნობილია თერმული წყლებითა და აბანოებით.
ბლედის შუასაუკუნოვანი სასახლე ტბის შუა ნაწილში მდებარეობს. ის ულამაზესი ალპური მთებითაა გარშემორტყმული. ბლედში გადააწყდებით ზღაპრულ პეიზაჟებს, რომლებიც ტბაზე ნავებით სეირნობისას თქვენ თვალწინ გადაიშლება. აქ, ბლედის ეკლესიის ზარების მოსმენისას უკიდეგანო სიმყუდროვის განცდა დაგეუფლებათ.
8. იუნგფრაუს რეგიონი – შვეიცარია
არსად არ არის ზამთარი ისეთი აქტიური, როგორც შვეიცარიაში. სამთო- სათხილამურო სპორტი აქ ყველაზე მეტადაა განვითარებული. შვეიცარია ზამთრის დასვენების მექაა, სადაც იდეალურ სათხილამურო კურორტებთან ერთად, თვალწარმტაც პეიზაჟებს, დათოვლილ ალპებს და ბურუსით დაფარულ გაყინულ მდინარეებს იხილავთ. თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც სპორტული, აქტიური დასვენება უყვარს და ფინანსებიც ხელს გიწყობთ, ზამთარში აუცილებლად ესტუმრეთ შვეიცარიას.
9. რომი – იტალია
რომი წელიწადის ნებისმიერ დროს გამორჩეულად მომხიბვლელია. თუმცა, რომის ზამთარში მონახულება შესაძლებლობას გაძლევთ სრულიად თავისუფლად შეიგრძნოთ იტალიური კულტურის მრავალფეროვნება, რადგან ზამთარში ქალაქის ქუჩები და საზოგადო თავშეყრის ადგილები შედარებით თავისუფალია.
თუ რომში ამ პერიოდში ჩახვალთ, ყურადღება მიაქციეთ ქუჩის მომღერლებს, რომლებიც მთებიდან ქალაქში ჩამოდიან და საახალწლო ზღაპრების მუსიკალურ ვერსიებს ასრულებენ. ასევე, არ გამოგრჩეთ და გასინჯეთ ცხელი შოკოლადი, რომელიც სპეციალურ კრემთან ერთად უნდა მიირთვათ Caffé Sant’Eustachio-ში, ან სხვა ცხელი შოკოლადის მყუდრო კაფეში.
10. შამონი – საფრანგეთი
შამონი საფრანგეთის, იტალიის და შვეიცარიის კვეთაზე, მონბლანის მთის ძირში მდებარე საკურორტო ქალაქია, რომელიც ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1924 წელს შამონი ოლიმპიურ თამაშებსაც მასპინძლობდა, ხოლო დღეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად ითვლება.
შამონი იდეალურია სამთო-სათხილამურო სპორტის მიმდევრებისთვის, მისი სათხილამურო ზონა ორ – მაღალ და დაბალ სასრიალო არეალებად იყოფა.