fbpx

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან


გააზიარე სტატია


I have enough jewelry, said no one ever.

ამბობენ, სამკაულს აქვს ძალა, რომ თავი უნიკალურად გაგრძნობინოსო, იმასაც ამბობენ, ქალს იქამდე არ იცნობ, სანამ მის სამკაულს არ ნახავო.


კოკო შანელის აზრით კი, ქალს ყველაზე მეტად აქსესუარები გამოარჩევს. თუ ამ გამოთქმებს ეთანხმებით და აქსესუარები თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოგონასთვის მარგალიტის საყურე, გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც საინტერესო ხელნაკეთ სამკაულს ამზადებენ.

 

Khoshtrik

Dots, www.buyers.ge
ფასი: 80 – 600 ლარი

ჩვენ შესახებ: მე ვარ თამარ ხოშტარია. რაც თავი მახსოვს, აკვიატებულად სულ რაღაცას ვაკეთებდი. პროფესიად თავიდან ჟურნალისტობა ავირჩიე, მაგრამ ძალიან ცუდად გამომდიოდა – საშინლად… გრაფიკულ დიზაინზეც ვმუშაობდი, პროცესი ძალიან მომწონდა, მაგრამ არ მომწონდნენ დამკვეთები, მათგან მხოლოდ იშვიათმა გამონაკლისმა თუ იცოდა, რა უნდოდა დიზაინერისგან… დიდი დრო დამჭირდა გამეგო, რის კეთება მინდოდა…

ყველაფერი ერთმა ყელსაბამმა გადაწყვიტა, რომელიც მშრალ ხიდზე ნაპოვნი ორი ანგელოზისგან ჩემთვის გავაკეთე… დიდ ყურადღებას იქცევდა, განსაკუთრებით მოგზაურობისას… სიამოვნებას მგვრიდა ჩემი შექმნილი სამკაულის მიმართ ინტერესი და სულ ვატარებდი, სანამ ერთხელ ნიუ-იორკში ერთი მაღაზიის მეპატრონემ არ მითხრა, ასლები გააკეთე, გამომიგზავნე და გავყიდიო.

არადა, იმავე მაღაზიაში ვივიენ ვესტვუდის ნამუშევრებიც იყიდებოდა… ასე დაიწყო… აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ გარემომ შენზე უკეთესად იცის, ვინ ხარ და რა უნდა აკეთო… ადამიანები პირდაპირ გეუბნებიან, კარგად გამოგდის და საქმეს მიხედეო…

ინსპირაცია: რაც შეეხება ინსპირაციას, არ ვიცი, რა და საიდან… ყველაფერი ერთად იხარშება და საბოლოოდ ობიექტის სახით ვლინდება ჯერ მუყაოში, მერე ვერცხლში ან თითბერში, ანდა სპილენძში… სულ ორ ფორმაზე ვმუშაობ: წრესა და ოთხკუთხედზე… მუშაობის პროცესი  ამ ორი ფორმის გადააზრებას, განახლებასა და გამოსავლის ძიებაში მიმდინარეობს…   ერთგვარი თავსატეხია, თუ როგორ მოვარგო ადამიანის სხეულს სამკაული ისე, რომ ამ სხეულის გაგრძელება იყოს.

კლიენტების ფავორიტები: ჩემი კლიენტების შესახებ ცოტა რამ ვიცი. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ვიღაც, შენს შექმნილს ატარებს, ეს უკვე კოლაბორაციაა –  “სხეული სხეულზე”…

მამაკაცები / უნისექსი: მაქვს სამკაულები, რომლებიც მამაკაცებსაც შეუძლიათ ატარონ. ცალკე მამაკაცების სამკაულზე არ ვმუშაობ.

 

Silhouette Jewelry


Dots, Matériel, Chardenone Conceptstore, www.moreislove.com, www.farfetch.com, www.modaoperendi.com
ფასი: 170 ლარიდან

ჩვენ შესახებ: მე ვარ თამთა ლაზიშვილი. პროფესიით დიზაინერი არ ვარ  და არც არასოდეს მიმუშავია ამ მიმართულებით, თუმცა  ორი წლის წინ, სწორედ ამ დროს, მე და ჩემმა  მეგობრებმა – თეკო ურუშაძემ და ნათია ლაღიძემ  გადავწყვიტეთ შეგვექმნა მოდის სფეროსთან დაკავშირებული პროდუქტი.

საქართველო ხომ, როგორც ქვეყანა, მსოფლიო მოდის რუკაზე, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა მის მიმართ ინტერესი ამ კუთხით ძალიან სწრაფად იზრდება. ამ ფაქტორმა და ასევე ჩვენმა  სურვილმა, რომ ერთად რაღაც ახალი და საინტერესო გვეკეთებინა, გვაფიქრებინა, რომ დრო იყო საერთო საქმე წამოგვეწყო. ასე გაჩნდა Silhouette Jewelry.

ინსპირაცია: ჩვენი სამკაულები მზადდება ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ლითონისა და მინანქრისგან. შთაგონება კოლექციების მიხედვით იცვლება, მაგალითად, ერთ-ერთი კოლექციის ინსპირაცია  აფრიკული მოტივები იყო, ამ კონტინენტის იდუმალებით მოცული და ჯადოსნური ბუნება.

შემდეგი კოლექციის ინსპირაციას მარადიული თემა – ქალის და მამაკაცის ურთიერთობა დაედო საფუძვლად. გაზაფხული/ზაფხულის 2018 წლის კოლექციას კი მეოცნებე ჰქვია. კოლექცია ეძღვნება მეოცნებე ქალბატონებს, რომლებიც  მუდამ სიყვარულსა და სილამაზეზე ოცნებობენ. კოლექციაში გამოყენებულია ყვავილები, გულები და ასევე გვირგვინები, როგორც საკუთარი ოცნებების სამფლობელოს მბრძანებლის ატრიბუტი.

კლიენტების ფავორიტები: ჩვენს კოლექციებში შეხვდებით როგორც საყურეებს, ასევე ბროშებს, ბეჭდებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს, თუმცა ეგრეთ წოდებული ბესტსელერები მაინც საყურეებია.

მამაკაცები / უნისექსი: მამაკაცებისთვის სამკაულს ამ ეტაპზე არ ვამზადებთ და პრინციპში უნისექსის ტიპის სამკაულიც ნაკლებად არის წარმოდგენილი ჩვენს კოლექციებში.

 

Sakkura Jewelry


www.buyers.ge, Dotswww.instagram.com/sakkura_ll

ჩვენ შესახებ: მე ვარ სალომე ქორიძე. ბავშობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს სამკაულთან, არა ერთი ნივთი მაქვს ჩემი ჩანახატებით გაკეთებული, რომელსაც დღემდე ვატარებ. ყოველთვის მსიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ სამკაული პირადად ჩემთვის იყო შექმნილი.

გადაწყვეტილება  კი სამკაული საქმიანობად მექცია, ძალიან სპონტანური იყო. შეიძლება ითქვას, ახლაც კი ვერ აღვიქვამ ამას, როგორც მთავარ საქმიანობას. ამ ეტაპზე ეს უფრო ჰგავს გასეირნებას ნაცნობ ქუჩებში, შორეულ მოგზაურობაში ჯერ არ წავსულვარ.

ჩემთვის ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც შემიძლია საკუთარი თავი გამოვხატო.

ინსპირაცია: რა თქმა უნდა, ინსპირაცია შეიძლება ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო დეტალიდანაც კი აიღო, მთავარია, როგორ შეძლებ მის კონკრეტულ ფორმებში გადატანას, ისე რომ ნივთი შენი გახდეს. ჩემთვის საინტერესოა სამკაულის ფორმა, მისი სილუეტი, როგორ თამაშობს და იცვლება იმის მიხედვით, თუ ვის უკეთია ის.  

კოლექციები ჯერ არ მაქვს, თუმცა სამკაულებს, რაც აქამდე გამიკეთებია, კოსმოსის თემა აერთიანებს.

კლიენტების ფავორიტები: მახარებს და ალბათ რაღაც ეიფორიას მგვრის იმის  გაცნობიერება, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ და უჩნდებათ სურვილი თავის ხასიათს და სტილს sakkura-ს სამკაულით გაუსვან ხაზი.

მამაკაცები / უნისექსი: sakkura-ს სამკაული ჩემი აღქმით უნისექსია, სწორედ ეს მომწონს მასში.

 

KETEVAN SAQARELI


www.buyers.ge, Dots,
ფასი: 120 – 350 ლარი

ჩვენ შესახებ: მე ვარ ქეთევან საქარელი, დიზაინერი და ამავე სახელწოდების სამკაულის ბრენდის დამფუძნებელი. 14 წლის წინ ვისწავლე ტიხრულ მინანქარზე მუშაობა და მას მერე ვთანამშრომლობდი გალერეებთან, ვმონაწილეობდი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში, სადაც არაერთხელ მთავარი პრიზი მაქვს აღებული სამკაულის ორიგინალურ დიზაინში და შესრულების ტექნიკაში.

ორი წლის წინ, როცა გადავწყვიტე უფრო ფართო ასპარეზზე გამოსვლა და სამკაულების მასობრივად წარმოება, შევქმნები ბრენდი KETEVAN SAQARELI. მინანქრის ნამუშევრების ადგილი ყოველთვის იყო გალერეები, რადგან სამხატვრო სფეროს ეკუთვნოდა.

ტექნოლოგიური სირთულეები განსაზღვრავდა მის ექსკლუზიურობას. მე ვიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო სირთულეების დაძლევის შემთხვევაში ამ პროდუქტის საავტორო სამარკო ნიშნის ქვეშ მოქცევა და გადატანა ბუტიკურ ან კონცეპტუალურ მაღაზიებში.

ასევე საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის პოზიციონირება, როგორც ავთენტური ტექნოლოგიის და თანამედროვე ტრენდების საპასუხო სინთეზი, მით უმეტეს, როცა ნიში სრულიად თავისუფალი იყო.

ინსპირაცია: ძირითადად ვერცხლს ვიყენებ. ვმუშაობ მინანქრის ტექნოლოგიით. უკვე შევქმენი  რამდენიმე კოლექცია,  თითოეულ მათგანს აქვს შთაგონების წყარო.

პირველი კოლექცია, რომელიც ორი წლის წინ გავაკეთე და რითაც ცნობილი გახდა ეს ბრენდი, ჰქვია HOUNDSTOOTH (ქართულად ითარგმნება, როგორც “ძაღლის კბილი”).

ინსპირაცია იყო 80-იანების იმიჯი – გეომეტრიული ფორმები და მოდის სფეროში  დიდი ისტორიის მქონე პატერნი ჰაუნდთუზი, რომლის სახელიც საქართველოში ასე არ იყო ცნობილი, თუმცა კლასიკად აქაც აღიარეს თავის დროზე. ამ პატერნის ისტორიას და სახელების ვარიაციებს მოგიყვებით  და გაგახსენებთ, რაზეა საუბარი.

ორი წლის წინ ეს კოლექცია იყო კარგად დავიწყებული ძველის გახსენება, პირადად მე ასე გამოვეხმაურე ჩემს ბავშვობას, რაც სხვებისთვისაც ნოსტალგიური და საინტერესო აღმოჩნდა. ახლა მოდის ტენდენციები დაეწია ამ კოლექციას, ირგვლივ სულ ამ პატერნს ვხედავ, მიხარია, რომ ინტუიცია/ინსპირაციამ მიბიძგა და ცოტათი დავასწარი აგორებულ ტალღას. 2018 ძაღლის წელია და ეს ძაღლის კბილი კიდევ იქნება მოდაში.

კლიენტების ფავორიტები: გამიჭირდება გიპასუხოთ. როგორც გითხარით, რამდენიმე კოლექცია მაქვს და ეს კოლექციები ერთი კონცეფციის ქვეშ ერთიანდება, ხელწერა ერთია. ასე რომ, ვისაც მოსწონს ეს ბრენდი, ვინც იზიარებს მის ფასეულობებს და დამოკიდებულებებს, ყველანაირი სამკაული შეიძლება მოეწონოს.

კიდევ რაც მინდა აღვნიშნო, ეს ის სამკაულია, რომელიც ადამიანებს თავისთვის უნდათ, რადგან ეს სამკაულები ხშირად განაცხადია და ადამიანი ყოველთვის ეძებს  თვითგამოხატვის საშუალებას, სწორედ ამიტომ ძნელია თქვა უარი იმაზე, რაც ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს შენს იდეებს, პოზიციებს ან ესთეტიკას.

მამაკაცები / უნისექსი: ზოგიერთი სამკაული უნისექსის ტიპისაა. მთავარი იდეა და შინაარსია, რომელიც საყოველთაოა და არა მხოლოდ კაცის ან ქალის. გვაქვს სამკლავურები, რომლებიც მიღებულია როგორც მამაკაცის აქსესუარი, თუმცა ქალმაც შეიძლება ატაროს. ასევე გვაქვს სამაჯურები და ბროშები. ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი კოლექციაა პეტრე ოცხელის ინსპირაციით შექმნილი ნამუშევრები. ეს შემიძლია გამოვყო.

 

KAYO JEWELLERY

www.facebook.com/KAYO 
www.buyers.ge,
ფასი 20-120 ლარი

ჩვენ შესახებ: მე ვარ მარიამ ლორთქიფანიძე, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ და დავალება მქონდა, რომ  კონკრეტული ფუნქციონირების შენობის პროექტი დამეხაზა. ბუნებრივია,  პროექტის დახაზვისას  შეზღუდვები არსებობს. ამის გამო ის ფორმა, რომელიც ჯიუტად მინდოდა  და მომწონდა, შემისწორეს და საბოლოოდ გამოვიდა მიახლოებული,  მაგრამ არა ის, რაც მე მსურდა.

არ ვიცი, პროტესტის გამო  თუ უბრალოდ ფორმა მომწონდა, მინდოდა ეს სილუეტი ოდესმე სადმე გამომეყენებინა და ვფიქრობდი, თუ შენობა არა,  სამკაული   ხომ მაინც გამოვა მეთქი. ამ შემთხვევაში პირველი ინსპირაცია, ჩემი პროექტის ნახაზი იყო.

პირველი ნაბიჯის გადადგმა მომიწია მაშინ, როცა ჩემი მეგობრის დაბადების დღე მოდიოდა და არ ვიცოდი, რა მეჩუქებინა, გადავწყვიტე უპრეტენზიო, სადა ბეჭედი დამეხაზა და იუველირისთვის შემეკვეთა. როცა მივხვდი, რომ ამ ბეჭედმა მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე სხვა მეგობრებისთვისაც სხვადასხვა ფორმის ბეჭდები მომეფიქრებინა და მეჩუქებინა.

ძალიან მიხაროდა, როცა მეგობრები სულ ატარებდნენ ჩემს ბეჭდებს და თან სტიმულს მაძლევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ყველას მოსწონს და კარგი იქნებოდა, თუ გავყიდდი. ისევ მეგობრის საშუალებით ონლაინ მაღაზია დაინტერესდა, მაშინ მივხვდი, რომ შეიძლებოდა მეცადა.

ინსპირაცია: ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ კოლექციად შეიძლება ძველქართული ასომთავრული ანბანის სერია ჩაითვალოს. ძველქართული დამწერლობა ძალიან მომწონს, ჩემთვის თითოეულ ასოს საინტერესო გეომეტრიული ფორმა აქვს, რისი გამოყენებაც მრავალმხრივ შეიძლება.

კლიენტების ფავორიტები: ასე ვერ გამოვყოფ. ძირითადად თანაბრად მოსწონთ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართული ასომთავრული ანბანის მოდელებს.

მამაკაცები / უნისექსი: მამაკაცებისთვის იდეები და ესკიზები არის, მაგრამ ახალი კოლექციის დასამზადებლად საკმარისი რესურსების  შეგროვებას ველოდები.

ნინი დარჩია


რეკომენდებული სტატიები
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.