fbpx

სუიციდი ციფრებში


გააზიარე სტატია

ავტორი: თეა სხიერელი

მსოფლიოში ყოველწლიურად 800 000, ანუ ყოველ 40 წამში  ერთი ადამიანი  ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ძალიან თვალსაჩინო შემთხვევები აღირიცხება, თვითმკვლელთა რეალური რიცხვი 2-4-ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს და 1 600 000-დან  3 200 000-მდე მერყეობს,  20 მილიონ ადამიანს კი თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობა აქვს.

2018 წლის  სუიციდის გლობალური ინდექსით, პირველ ხუთეულში შემავალი ქვეყნებია  შრილანკა (35.3 სუიციდი 100 000 მოსახლეზე), სამხრეთ კორეა (28.3 სუიციდი 100 000 მოსახლეზე) და ლიეტუვა (32.7 სუიციდი 100 000 მოსახლეზე). თვითმკვლელობების მაღალი სიხშირეა ბელარუსში, პოლონეთსა  და ლატვიაშიყველა მათგანში აღრიცხულია   სუიციდის 22 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სუიციდის მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნებს  3 ჯგუფად ყოფს:

  • მაღალი და ძალიან მაღალი მაჩვენებელი (20 ადამიანზე მეტი 100 000 მცხოვრებზე);
  • საშუალო მაჩვენებელი (10-20 ადამიანი 100 ათას მცხოვრებზე);
  • დაბალი მაჩვენებელი (10 ადამიანამდე 100 000 მცხოვრებზე). ამ ჯგუფში შედის გერმანია,  შვეიცარია,  დიდი ბრიტანეთი,  ისრაელი, იტალია, საბერძნეთი, სომხეთი,  საქართველო, ყირგიზეთი, უზბეკეთი.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ერთადერთი დასავლეთ ევროპული ქვეყანა თვითმკვლელობების მაღალი რიცხვით ბელგიაა, რომელიც მეთხუთმეტე ადგილს იკავებს, სუიციდის 20.5  შემთხვევით 100 000 მოსახლეზე. თუმცა,   უნდა აღინიშნოს, რომ ბელგია ერთერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელშიც გამორჩეულად ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს ევთანაზიასთან დაკავშირებით.  შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მსგავს სტატისტიკას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბუტანში, რომელიც სახელგანთქმულია ბედნიერების მაჩვენებლითინდექსით, რომლითაც კოლექტიურ ბედნიერებასა და კეთილდღეობას ზომავენ, შეუსაბამოდ ხშირი სუიციდის შემთხვევებია  – 11.7 თვითმკვლელობა 100 000 მოსახლეზე. საქართველო 6.7 შემთხვევით ყოველ 100 000 მოსახლეზე 177 ქვეყანას შორის საერთო  რეიტინგში  112- ადგილზეა.

 

  • ყოველწლიურად 800 000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, მათ შორის – 300 000 ჩინელი, 260 000 ინდოელი, 40 000 ამერიკელი, 30 000 რუსი, 30 000 იაპონელი, 10 000 უკრაინელი.
  • თვითმკვლელობა მეორე, ყველაზე გავრცელებული გარდაცვალების მიზეზია 15–29 წლის ახალგაზრდებში ევროპასა და სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში.
  • თვითმკვლელობათა 79 % ღარიბ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება.


ალბათ პარადოქსია, მაგრამ მსოფლიოს ისეთი ქვეყნები, სადაც ყველაზე არახელსაყრელი პირობებია, შედარებით მცირე თვითმკვლელობებით გამოირჩევიან:  ავღანეთში 5.5 სუიციდი 100 000 მოსახლეზე, ერაყში 3 და სირიაში მხოლოდ   2.7. ამ ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები არ მოიცავს სუიციდის გამომწვევ მიზეზებს: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ან მომაკვდინებელი დაავადებები (რაც სუიციდის პირველადი მიზეზებია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში), ასევე, თვითმკვლელობის შემთხვევები, რომლებიც ამ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებს უკავშირდება.

მსოფლიოში სუიციდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კარიბის ზღვის კუნძულებზეაბაჰამიზე, იამაიკაზე, გრენადაზე, ბარბადოსზე, ანტიგუასა და ბარბუდაზე. თითოეულ ამ ქვეყანაში თვითმკვლელობების რაოდენობა თითქმის 0- უტოლდება, გრენადასა და ბარბადოსში – შესაბამისად 0.5-ს და 0.4-ს   100 000 მოსახლეზე.

ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის WHO შეფასებით, განვითარებულ ქვეყნებში თვალსაჩინო კავშირია თვითმკვლელობებსა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის (დეპრესია და ალკოჰოლით გამოწვეული გართულებები).  თვითმკვლელობის ბევრი შემთხვევა კრიზისის მომენტში იმპულსურად ხდება, როდესაც ადამიანი  კარგავს უნარს, გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სტრესულ სიტუაციას, ფინანსურ პრობლემებს, ქრონიკულ ტკივილს, ავადმყოფობას, ახლობელ ადამიანთან განშორებას.

სუიციდალური ქცევა მნიშვნელოვანწილად  ასოცირდება კონფლიქტებთან, სტიქიურ უბედურებებთან, იზოლაციის გრძნობასთან, დანაკარგთან.  თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები.


თვითმკვლელობის მაჩვენებელი მაღალია მოწყვლად ჯგუფებში, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან, ლტოლვილებსა და მიგრანტებში, ასევე პატიმრებში. LGBTI პირებში, WHO შეფასებით, ყველაზე დიდი რისკია ადრე არსებული თვითმკვლელობის მცდელობა.

თვითმკვლელობის ფორმებს შორის  ყველაზე გავრცელებულია პესტიციდებით თავის მოწამვლა (საერთო შემთხვევათა 20%, გავრცელებულია ღარიბ ქვეყნებში, სოფლად მცხოვრებთა შორის), ჩამოხრჩობა და ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილი.

სიკვდილით დასრულებული თვითმკვლელობის შემთხვევები  მამაკაცებში 4-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში, 65-85 ასაკობრივ ჯგუფში ეს შეფარდება 6-9-მდე იზრდება.

მსოფლიოში ყოველი ხუთი სუიციდის მსხვერპლი ქალიდან 2 ინდოელია, რაც  ქვეყანაში  პატრიარქალურ კულტურას  და  რეგრესულ სოციალურ ნორმებს უკავშირდება, რომელიც ადრეულ ქორწინებას და ოჯახურ ძალადობას აქეზებს.

სუიციდის ფენომენი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ეხება ყველა ეროვნების, კულტურის, რელიგიის, გენდერისა და კლასის წარმომადგენელს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყნები თვითმკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით  ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.